Google+

სიახლეები

01.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

სულ რამდენიმე წუთში 2010 წელი დასრულდება და შევაბიჯებთ ახალ, 2011 წელში.

2010 წელი ნამდვილად იყო შემობრუნების წელიწადი ბევრი მიმართულებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი შემობრუნება ეკონომიკაში მოხდა, ჩვენ გადავლახეთ წარმოუდგენლად მძიმე კრიზისი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს მაღალი ფასები და ინფლაცია, ბევრი ადამიანი უმუშევარია,  განახლდა ეკონომიკის ზრდა, ფულის ჩადება საქართველოს ეკონომიკაში და ეს ტენდენცია 2011 წელსაც დიდი ტემპით გაგრძელდება.

სერიოზული შემობრუნება მოხდა ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკამ ქუჩიდან საპარლამენტო დარბაზსა და ტელესტუდიებში გადაინაცვლა და უფრო ცივილური გახდა. პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა ღიად დაიწყო იმის კეთება, რასაც  ადრე ფარულად აკეთებდა და ესეც ძალზე სასარგებლოა, რადგან საბოლოოდ, ხალხმა რეალობა დაინახა და რაც ამ წლების განვავლობაში ფარულად ხდებოდა, ყველაფერი გაცხადდა. ესეც ძალიან ჯანსაღი პროცესია ქართული პოლიტიკისთვის.

სერიოზული შემობრუნება მოხდა საგარეო პოლიტიკაში. თუ 2009 წელს კიდევ არსებობდა კითხვის ნიშნები, დღეს ტერმინი „ოკუპაცია" საბოლოოდ დამკვიდრდა საერთაშორისო არენაზე, რაც, რა თქმა უნდა, ისტორიული კანონზომიერებიდან გამომდინარე, საქართველოს მომავალი დეოკუპაციის და გამთლიანების მყარი საფუძველია.

ჩვენი მტრის წარმოუდგენელი მცდელობა - იზოლაციაში მოექცია საქართველო -  აბსოლუტური კრახით დამთავრდა და ჩვენ, თამამად შეიძლება ითქვას, დიდი ზემოქმედების მიუხედავად, არასდროს არ გვქონია ისეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა, როგორიც 2010 წელს გამოვლინდა. ეს პროცესი მომავალ წლებში კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და გავზარდოთ.

ძალზე მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი არჩევნები. საქართველოს ტერიტორიის არაოკუპირებულ ნაწილში ყველგან აირჩა ადგილობრივი თვითმმართველობა. არჩევნებში, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა, როგორც დემოკრატიაში წინგადადგმული ნაბიჯი, თბილისმა, არსებობის განმავლობაში, პირველად პირდაპირი წესით აირჩია მერი და ჩვენმა ხალხმა გამოხატა მხარდაჭერა ვარდების რევოლუციისა და იმ კურსისადმი, რომელიც 2003 წელს მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ აირჩია.

გასულმა  წელმა ბევრი საამაყო წუთი გვაჩუქა. ჩვენ ვუყურებდით ქართველი საოპერო მომღერლების ენით აღუწერელ წარმატებას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. მოულედნელი სასიამოვნო სიურპრიზი მივიღეთ ჩვენი ფეხბურთელებისგან თავიანთი წაუგებელი სერიით. უკვე ტრადიციულად გაგვიმართლეს იმედები ჩვენმა მორაგბეებმა, ხოლო კალათბურთელებმა ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლით. ქართველი მწერლის ზურა ლეჟავას მოთხრობა შეიტანეს ევროპის წლის საუკეთესო ნაწარმოების კრებულში. თბილისმა კი ყველა კონკურენტი ქალაქი დაამარცხა და ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობა მოიპოვა.

2010 განსაკუთრებული წელი იყო თავისი ახალი მშენებლობებით. შენება ყოველთვის დიდი სიხარულია. დიახ, საქართველომ შეძლო, რომ ოკუპაციისა და ნგრევისთვის ეპასუხა შენებითა და განვითარებით. ეს ყველა ერს არ შეუძლია, ჩვენ რომ ეს შევძელით, ჩვენი ხალხის განსაკუთრებული სულის, ეროვნული შემართებისა და უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის შედეგია. ამიტომ, ეს არ არის ერთი რომელიმე ბიზნესმენის ან ერთი რომელიმე სახელმწიფო მოხელის დამსახურება, ეს არც პრეზიდენტის დამსახურებაა. ეს არის ჩვენი ხალხის საერთო დამსახურება და ამისათვის მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

ამ შენების განსაკუთრებული მაგალითებია გომბორის ახალი გზა, რომელიც გაცილებით უფრო მობილურს გახდის ჩვენი ეკონომიკის და ხალხის ყოფის განვითარებას ამ მიმართულებით და მეგა-პროექტი ახალქალაქის ახალი საავტომობილო და რკინიგზის მაგისტრალების სახით, რომელიც თავისი არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობითაც ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მაგისტრალმა ხომ სრულიად ახალი, აქამდე არარსებული, მაგრამ ესოდენ საჭირო სიმტკიცე შესძინა ჩვენს სახელწიფოებრიობასა და ერთიანობას.

ამ შენების მაგალითია ანაკლიის ახალი საზღვაო კურორტის მშენებლობის დაწყება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით და საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურით და მესტიის აღდგენის დასაწყისი, რომელიც აქამდე იზოლირებული  იყო ეკონომიკურადაც და, უგზოობის გამო, თითქმის, ფიზიკურადაც. მესტია სულ მალე მსოფლიო დონის, ზღაპრული ტურისტული ზონა გახდება, ყველაზე თანამედროვე სასტუმროებით, უმაღლესი დონის სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურით, ახალი აეროპორტით და მრავალი ათწლეულის შემდეგ, პირველად, აღდგენილი დამაკავშირებელი გზით.

ანაკლია-მესტიის ტურისტული ზონა უნიკალური იქნება მსოფლიო მასშტაბით. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რადგან დამსვენებლებს ერთ დღეში, რამდენიმე საათის ინტერვალში შეეძლება ზაფხულის სუბტროპიკულ ქვიშიან სანაპიროზე დასვენება და მესტიის მთების მარად დათოვლილ ფერდობებზე თხილამურებით სრიალი. ეს ტურისტული ზონა მალე დამატებით მრავალმილიონიანი შემოსავლის და ათასობით ახალი სამუშაო ადგილის წყაროდ იქცევა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის.

2010 წელს დაწყებული შემობრუნება დამდეგ 2011 წელს უფრო დიდ წარმატებად უნდა ვაქციოთ. მომავალ წელს ჩვენ ეკონომიკის 6 პროცენტიან ზრდას ვვარაუდობთ, რაც ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო უკეთეს ბიზნესგარემოს, უფრო მეტ შენებას და მეტ დასაქმებულ ადამიანს. რაც მთავარია, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციის გზის გაგრძელებას, გზისა რომელიც მიგვიყვანს ცივილიზებულ, განვითარებულ სამყარომდე და გვაქცევს მის სრულფასოვან წევრებად.

მინდა, ყველას გისურვოთ წარმატება მომავალ წელს. გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და სიყვარული. მინდა გისურვოთ მშვიდობა და სამართლიანი გარემო, სადაც შეგეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და სადაც სრულად დაფასდება თქვენი ნიჭი და მონდომება. მინდა ვისურვო, რომ ისევე როგორც აქამდე, მომავალ წელსაც ერთიანი ძალისხმევით გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქვეყანაზე, გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაციისთვის, ერთიანი შემართებით დავიცვათ იგი და ერთ მუშტად შეკრულებმა გავაგრძელოთ წინსვლა გამარჯვებული საქართველოსკენ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)