Google+

სიახლეები

01.12.2010
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეუთოს სამიტზე

ბატონო თავმჯდომარე, სახელმწიფოთა და მთავრობათა პატივცემულო მეთაურებო, ქალბატონებო და ბატონებო!

უპირველესად, ნება მიბოძეთ, მადლობა მოვახსენო ჩვენს ყაზახ მასპინძლებს.

ასტანაში ექვსი წლის წინათ ვიმყოფებოდი.

ეს ქალაქი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ცვლილებების შეტანა შეუძლია ლიდერის სწორ ხედვას საკუთარ ქალაქზე, ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონზე.  ვფიქრობ, ეს დიდი პიროვნების, ნურსულთან ნაზარბაევის დამსახურებაა და მისაბაძია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

ამ სამიტზე ჩვენი საერთო ამოცანაა კონკრეტული, ერთობლივი ნაბიჯების შემუშავება და ეუთო, როგორც უსაფრთხოების ჭეშმარიტი ორგანიზაცია,  თავისუფალი გამყოფი ხაზებისგან, კონფლიქტებისგან და გავლენის სფეროებისგან, იყოს ერთობა, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და ხალხი ღირსეულად იცხოვრებს.  

ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა იმ პრინციპების გასაძლიერებლად, რომლებიც ამყარებს ეუთოს; იმ თანამშრომლობისა და სტრატეგიის გასავითარებლად, რომელიც დაგვეხმარება ე.წ. გაყინული კონფლიქტების საფრთხეების გადასალახად, რომლებიც ძირს უთხრის სტაბილურობას ჩვენს რეგიონში.

დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეგვიძლია, თუ იმ სირთულეებს დავძლევთ, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას.

35 წლის წინათ, ჰელსინკის აქტით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში. ჩამოყალიბდა პრინციპების ერთობლიობა, რომლებიც გარკვეულწილად ავალდებულებდა სახელმწიფოებს საზღვრების ხელშეუხებლობის, უთანხმოებების მშვიდობიანი გზით გადაჭრის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, სამი ათწლეულის შემდეგ, აღნიშნული პრინციპების დარღვევის ფაქტები კვლავაც ვლინდება ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიმართ.

11 წლის წინათ, ეუთოს ბოლო სამიტზე სტამბულში, ჩვენ გავხდით სხვა ფუნდამენტური პრინციპების მიღების მომსწრე. ეს პრინციპები შევიდა სამიტის დეკლარაციასა და ევროპის უსფრთხოების ქარტიაში; ეს ბევრად განსხვავებული დრო იყო.

მახსოვს პრეზიდენტმა ელცინმა პრეზიდენტ კლინტონთან ერთად საბოლოდ დაუსვა წერტილი ცივ ომს ეუთოს სივრციდან ჯარების გაყვანის, შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებით. თუმცა, ეს ვალდებულებები რომ შესრულებულიყო, ჩემი ქვეყანაში უცხო ქვეყნის ჯარი აღარ იქნებოდა.

სამწუხაროდ, დრო და განწყობა შეიცვალა. რუსეთმა არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც იკისრა სტამბულში როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მიმართ.

ფაქტობრივად, სტამბულში არსებული განწყობის საწინააღმდეგოდ, რუსეთმა მკვეთრად გაზარდა თავისი ძალების რაოდენობა, რომლებიც უკანონოდაა განლაგებული ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვების შიგნით.

დღეს 12 ათასზე მეტი მძიმედ შეიარაღებული (ტანკებით, რაკეტებით, მძიმე არტილერიით) ჯარისკაცია, საქართველოს ტერიტორიის იმ 20 პროცენტზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.   

 ეს ჰელსინკის პრინციპების, სტამბულის დეკლარაციის, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ევროპის კავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების უხეში დარღვევაა.

თუ ამ პრინციპებს "დაკარგული წერილივით" მოვეპყრობით, ჩვენი გაერთიანებაც განწირული იქნება სასიკვდილოდ, ხოლო თუ მათ შევასრულებთ, მივაღწევთ პროგრესს და ვიქნებით  ნამდვილად უსაფრთხო გაერთიანება, ისეთი, რომელიც ურთიერთთანგრძნობას, ნდობასა და საერთო ინტერესებს ეყრდნობა. ამ  ვალდებულებების პატივისცემა საჭიროა როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ისე ადამიანური თვალსაზრისით.   

დღეს ჩვენ ყველანი ვეთანხმებით იმას, რომ ადამიანური პრინციპები ყოვლისმომცველი და განუყოფელი უსაფრთხოების წინაპირობას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს პუნქტიც დაირღვა.

1994 და1996 წლებში, ეუთოს სამიტებმა ბუდაპეშტსა და ლისაბონში დაგმო ეთნიკური წმენდა საქართველოში და სამხედრო ძალებს მოუწოდა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის უსაფრთხოდ და ღირსეულად  დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.  

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონზე ნაკლებია, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების რაოდენობა 2008 წლის ეთნიკური წმენდის კამპანიის შემდეგ 500 ათასამდე გაიზარდა.

ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვევა ნახევარ მილიონ ადამიანთან მიმართებაში მათი წარმოშობის, ეროვნების, ეთნიკურობის, რწმენის, პოლიტიკური შეხედულების გამო.

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ყოველდღიურად ვლინდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამის შესახებ ეუთომ მრავალჯერ გააკეთა მოხსენება და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით.

ქალბატონებო და ბატონებო, ამ ფაქტების იგნორირება არ შეიძლება, ისინი არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და ეუთოს წინა შეთანხმებები უნდა შესრულდეს.

მე აქ მოვედი იმ იმედით, რომ უსაფრთხოების ამ გაერთიანებაში პოზიტიური ცვლილების განხორციელებას შევუწყოთ ხელი; აქ მოვედით, რათა გითხრათ, რომ ამ ტრაგიკული ფაქტების შემობრუნება და რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია.

ყოვლისმომცველი დიალოგი და არა მუდმივი კონფრონტაცია არის წინსვლის გზა.

ჩვენ დავეყრდნობით არა ბომბების, არამედ სიტყვის ძალას.

ერთი კვირის წინ, 23 ნოემბერს, დავდე პირობა ევროპის პარლამენტის წინაშე, რომ საქართველო არასოდეს არ გამოიყენებს ძალას და ლეგიტიმური მიზნის - თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის,  საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცის და გაერთიანების მხოლოდ მშვიდობიან გზას აირჩევს; იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან; იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები დაჩება ოკუპირებულ ზონებში და 80 პროცენტს არ დააბრუნებენ საკუთარ სახლებში; იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები კვლავაც გაგრძელდება...

ახალი შეტევის ან შემოჭრის შემთხვევაში საქართველო მხოლოდ თავდაცვის უფლებას იტოვებს.

საქართველოს ტერიტორია საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ რჩება. ეს პირობა დავდეთ, რადგან გვჯერა, რომ ჩვენი ლეგიტიმური და კანონიერი მიზნების მისაღწევად მშვიდობა ერთადერთი გზაა.

ახლახან ეუთოს, გაეროს და ნატოს გენერალურ მდივნებს და ევროპის კომისიის, ევროპის საბჭოს და შეერთებულ შტატების პრეზიდენტებს გავუგზავნე წერილები, რომლებშიც ფორმულირებულია საქართველოს პირობა. 

აქ იგივე სულისკვეთებით გამხნევებული ჩამოვედი და კვლავ მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელობას პოლემიკის ნაცვლად, სერიოზულ მოლაპარაკებებსა და დიალოგში ჩაერთოს.

საუმწუხაროდ, ჩვენი მრავალი მოწოდების მიუხედავად, რუსეთი არ თანხმდება ორმხრივ დიალოგს ეუთო-ს ფარგლებში. მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი ასტანის დეკლარაციის დაბრკოლებად კვლავაც რჩება.

ეს ორგანიზაცია აგებულია დიალოგსა და კონსესუსზე. 11 წლის წინათ გამართულ სამიტზე ჩვენ სერიოზულ წინააღმდეგობებს წავაწყდით, რომლებიც დალოგის საშუალებით დავძლიეთ.

დღეს ყველამ უნდა ვთქვათ, რომ დიალოგის გარეშე ჩვენს შორის არსებულ უთანხმოებას ვერასდროს ვერ დავძლევთ.

პირადად მე, ვიღებ ვალდებულებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რაც შეიძლება მალე ჩავერთო დიალოგში, რათა ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზა მოვნახოთ. 

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ყველას გვსურს შევქმნათ ახალი საერთო სივრცე, რომელიც თავისუფალი იქნება გამყოფი ხაზებისგან, გავლენის სფეროებისგან და იმ მემკვიდრეობისგან, რომელიც ისტორიულად გვერგო.

ჩვენ ყველას გვსურს გვქონდეს ჭეშმარიტი, უსაფრთხო გაერთიანება. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი, უკეთესი და მტკიცე ეუთო, ისეთი, რომელიც თავს არ აარიდებს ბრძოლას პრობლემების გადასაჭრელად და დიალოგს ორ პარტნიორსა და ყველა ლიდერს შორის ნებისმიერ დონეზე.

ეუთოს ირგვლივ ბევრს კამათობდნენ, არჩევნების მონიტორინგის დროს უტევდნენ ODHR-ს... იყო კარგი და ცუდი პერიოდები.

ჩვენ საკუთარი არგუმენტები გვქონდა მათთან, მაგრამ მე მუდამ მწამდა, რომ ეუთო მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესების მონიტორინგში.   დემოკრატიული დიალოგი ძალზე სასარგებლოა ნებისმიერი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი, განსხვავებული პოლიტიკისა და განსხვავებული გარემოს მქონე ქვეყნებისათვის.  

ჩვენი რეგიონი მართლაც რომ იცვლება. ეუთოს არც ერთი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიოს არც ერთ სერიოზული სახელმწიფო არ აღიარებდა ჩვენი რეგიონების ოკუპაციას.

თავად რეგიონი იცვლება, ქვეყანა კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდა და უფრო მეტად იმაღლებს ხმას.

დღეს ვესაუბრებოდი როზა ოტუნბაევას, რომელიც ყირგიზეთის შეცვლის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ცვლილებები მთელს რეგიონზე აისახება.

ამის გამო ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის დემოკრატიზაციის ცვლილება და უკეთესი უსაფრთხოება აღმოსავლეთ ნაწილში.

ეუთო ძალზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ეს ასე იყო 70-იან წლებში, ცივი ომის გაცილებით რთულ სიტუაციაში და ასევე რჩება დღევანდელ მსოფლიოშიც თუკი მას სწორად გამოვიყენებთ.

ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება წარსულს გავლენა მოახდინოს მომავალზე. დღეს ჩვენს ხელთ არსებული მთავარი იარაღი არის დიალოგი და კონსესუსი.

საქართველო იღებს ამ ვალდებულებას და დარწმუნებული ვარ, რომ დავეხმარებით ეუთოს მშვიდობის დამყარებაში და ჩვენს რეგიონში თანამშრომლობა გაიმარჯვებს.

დიდი მადლობა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)