Google+

სიახლეები

20.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ლისაბონში საერთაშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა

ლისაბონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ტელეკომპანიას ღია ეთერში მისცა ინტერვიუ.  პირველი ვრცელი კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს კორესპონდენტთან გააკეთა და ლისაბონში დასმულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ღია ეთერში ისაუბრა.

„ბატონო პრეზიდენტო, რუსეთთან ომის შემდეგ თქვენ თქვით, რომ ნატო-ს წევრი გახდებოდით. შეცვალა ნატო-მ ეს დაპირება?   

- არა. დღეს განიხილეს კომუნიკე და ვინაიდან ახლოს ვიყავით უკრაინასთან, მას კი უახლოეს მომავალში [ნატო-ში] შესვლის განზრახვა აღარ აქვს, არსებობდა საფრთხე, რომ, გარკვეულწილად,  [საქართველოსთან მიმართებაშიც] უკან დაიხევდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა. ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს მოვისმინე - საუბარი უფრო გაძლიერდა, რაც იმის დასტურია, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავაც გრძელდება და საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ნატო დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს აღელვების მიზეზი. რა თქმა უნდა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, აქ რომ ვმდგარიყავი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩემთან პირისპირ შეხვედრისას. დღეს ეს შეხვედრა ერთ-ერთი იყო პრეზიდენტ ობამას აქ გამართული ორი შეხვედრიდან.      

- გითხრათ მან, როდის შეიძლება გახდეთ ნატო-ს წევრი?  

- ის მტკიცე მხარდაჭერას გვიცხადებდა იმ რეფორმებში, რომლებსაც ძალიან რთულ რეგიონში დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და  ეკონომიკის მიმართულებით ვახორციელებდით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ მსოფლიოს ნომერი პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ - ეს ძალზე დიდი მიღწევაა იმის გათვალისწინებით, თუ საიდან მოვდივართ. ვფიქრობ, ამერიკამ ხელახლა დაგვიდასტურა თავისი მხარდაჭერა და ეს ძალიან კარგია.   

- რას იტყვით მოსკოვსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების დათბობის შესახებ? იცით, რომ მოსკოვს უნდა ნატო-ში შესვლა?    

- იმედია, მოსკოვის დამოკიდებულება უფრო ცივილიზებული გახდება. მე მხარს ვუჭერ „გადატვირთვის" პოლიტიკას, თუკი დაცული იქნება შეთანხმების პრინციპები. დღეს პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მტკიცედ დაიცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ იცით, რომ საქართველოს ორი ტერიტორია - ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვარშავაში, რამდენიმე დღის წინათ მიიღეს რეზოლუცია, რომ რუსების მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. ამ რეზოლუციას, ფაქტობრივად, ყველამ მისცა ხმა. ჩვენ ნახევარი მილიონი დევნილი გვყავს იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონზე ნაკლები - 4.9 მილიონია. სწორედ ესაა ჩვენი პრობლემები. მეორე მხრივ, ურთიერთობების ფორმირების, დიალოგის, დასავლეთსა და რუსეთს შორის უფრო მეტი კონტაქტის პირობებში, იმედია, რუსეთი უფრო ცივილიზებული გახდება თავისი მეზობლების მიმართ - მარტო საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან პრობლემები აქვს.  ჩვენი პრობლემები, რა თქმა უნდა, ბევრად მწვავეა, მაგრამ რუსეთს პრობლემები მთელ რიგ მეზობელ ქვეყნებთან აქვს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. „გადატვირთვის" პოლიტიკის პირობებში, იმედია, ესეც შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება.  

- აპირებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას? 

- იცით, ისინი თავს გვარიდებენ. ბევრ ქვეყანაში საჯაროდ ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები არიან და ყველა აღიარებს, რომ ეთნიკური წმენდის უკან სწორედ ისინი დგანან, ხალხს დაბრუნების საშუალებას მაინც არ აძლევენ და  კოლონიზაციას ცდილობენ. აფხაზეთში მათ, ფაქტობრივად,  19-ე საუკუნის კლასიკური კოლონიური სისტემის დანერგვა დაიწყეს, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მზად ვარ დაველაარაკო პრეზიდენტ მედვედევს ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და ნებისმიერ დონეზე. ნამდვილად, არ ვერიდები მას და მსურს დაველაპარაკო ნებისმიერ იმ საკითხზე, რაზეც მას სურს საუბარი. ჩვენ ძალიან მოქნილი და გახსნილი ვართ".        

საქართველოს პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ასევე  ტელეკომპანია CNN. პენტაგონის კორესპონდენტი კრის ლოურენსი ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავების თემას შეეხო და დაინტერესდა, იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. 

„ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავება დაგვეხმარება, თუკი რუსეთი ნაკლებად პარანოიდული იქნება, უფრო მეტად გახდება თანამშრომლობისუნარიანი და სიმტკიცის პოზიტიურ გზას დაადგება, რადგან ვფიქრობ, რომ მისმა პარანოიდულმა განწყობამ ბევრი რამ გამოიწვია. იმედია, რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 ქვეყნის პირველ პირთან ინტერვიუ Euro News-მაც გაავრცელა. ტელეკომპანიის ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია შეაფასა.

„ნატო ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში რუსეთის მონაწილელობით განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე. ამას გარდა, რეზოლუციაში გამოყენებულია ერთმნიშვნელოვანი ტერმინი „ოკუპაცია" საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შესახებ, რაც საერთაშორისო სამართლის, უდავოდ, სერიოზული დარღვევაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა Euro News-ს კორესპონდენტთან საუბრისას.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)