Google+

სიახლეები

14.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი ყვარლის ტბასთან მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას და მივესალმებით იმას, რომ მსოფლიო ბანკმა მთელი მსოფლიოდან რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ლიდერი ჩამოიყვანა საქართველოს გამოცდილების შესასწავლად.

ჩვენ ვიცით და დანარჩენმა საქართველომაც გაიგო, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად გამოაცხადა მსოფლიოში. მსოფლიოს ყველა ქვეყნას შორის  ჩატარებული გამოკითხვის შედეგად,  ეკონომიკური რეფორმების  თვალსაზრისით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ამდენი რეფორმა არც  ერთ სხვა ქვეყანას არ განუხორციელებია. ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისა და განვითარების  მხრივ,  მსოფლიოში არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღწევია იმდენად დიდი  ეკონომიკური  პროგრესისთვის, რამხელასაც საქართველომ მიაღწია. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ  პირობებში აყენებს საქართველოს.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ოპერირებს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მოსახლეობის  მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ 20 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეს არის ხალხი, რომლის ოჯახის ბიუჯეტს პურის, კარაქის,  წიწიბურას, ზოგადად, ელემეტარული საკვები პროდუქტების  ყოველი თეთრით  გაძვირება, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. ეს ადამიანები ყოველდღიურად იბრძვიან არსებობისთვის. მათთვის მინიმალური კომფორტიც ძალზე ძნელი მისაღწევია და საკუთარი შვილებისთვის ხვალინდელი დღისა და მომავლის შექმნაც.

თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო ყველას,  საქართველოში ვარდები რევოლუციამდე სიღარიბის მაჩვენებელი  50 პროცენტს აღწევდა, ახლა კი 20 პროცენტზე ნაკლებია და თან,სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ყველა ადამიანი, წინა პერიოდისგან განსხვავებით, დაზღვეულია. თითქმის ყოველი მათგანი იღებს სიღარიბის შემწეობას - სიტყვას „თითქმის" იმიტომ ვამბობ, რომ, შეიძლება, ყველა არ იყოს სწორად აღრიცხული. ადრე სიღარიბის 50 პროცენტიანი მაჩვენებლის პირობებში, ხალხი ყოველგვარი შემწეობისა და დახმარების გარეშე ცხოვრობდა.

 ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიის   20 პროცენტი ოკუპირებული აქვს ბირთვული იარაღით შეიარაღებულ ყოფილ ზესახელმწიფოს.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ყოველი მე-10  მცხოვრები დევნილია და საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც განიცადა წარმოუდგენელი ნგრევა, ინფრასტრუქტურის სრული განადგურებით; რომლის ყველაზე უფრო შემოქმედებითმა, ყველაზე უფრო ბიზნესორიენტირებულმა ნაწილმა ნგრევის ათწლეულის შემდეგ საქართველო დატოვა  და უცხოეთს მიაშურა.

თუმცა, ამის მიუხედავად, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს, საშუალოდ,  ზრდის 8-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ამ მხრივ, ორნიშნა მაჩვენებელსაც მივაღწიეთ. თუმცა წელს, პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ზრდის 6-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს და ეს იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა იბრძვის იმისთვის, რომ რაიმე სახის ზრდა მაინც ჰქონდეს.

 ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ მოიპოვებს ბუნებრივ რესურსებს, რომელსაც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო პროგრესირებს.

თქვენი სახით, საქართველო ახლა მთელი მსოფლიოს შესწავლის მაგალითი გახდა - ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის ჩვენთან. უკვე კარგად გარკვეული და დაგენილი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველო ეკონომიკური რეფორმების და წარმატების ნიმუშია ამ რეგიონში.

ქართველების  98 პროცენტი 6 წლის წინათ ამბობდა, რომ მათ შეხება ჰქონდათ კორუფციასთან. ახლა ეს არის  ნახევარ პროცენტზე ნაკლები, მაშინ, როდესაც, ზოგადად, სკეპტიკოსები ვართ და საერთოდ, ძნელად ვიჯერებდით რამე კარგს - უკეთესობისკენ ცვლილებას.

ასე რომ, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგარამ ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ ეს არის კონფერენცია, რომელიც მსოფლიო ლიდერობას, ახალი ლიდერების წარმოქმნას ეხება.

მაგალითად, ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული, დემოკრატიული სინგაპური.  სინგაპური - ეს იყო ერთი ლიდერის წარმატება. საქართველოს შემთხვევაში, ეს არ არის ცალკე აღებული ლიდერის წარმატება - საქართველო ეს არის ლიდერების თანავარსკვლავედი. საკუთარ სფეროში ყველა ძალიან მნიშვნელოვანია.

ხშირად ვსვამ შეკითხვას: რატომ არ იღებს ქრთამს პატრული, რომელიც პოლიციის შემადგენელი ნაწილია? სხვათა შორის, პატრული აისბერგის მხოლოდ წვერია, მოსახლეობას მასთან ყოველდღიურად აქვს შეხება და ამიტომ, ყველა ამბობს, რომ ის  ძალზე წარმატებულია. თუმცა მთელი სახელწიფო აპარატი ზუსტად ისევე მუშაობს,  როგორც პოლიცია. სახელწიფო აპარატთან ადამიანებს ყოველდღიური შეხება არ აქვს, მაგრამ, რეალურად, ყველა სამინისტროში, ადგილობრივი მმართველობის ყველა ორგანოში, მინიმუმ, ასეთივე კვალიკიფაციის მქონე ხალხი, ზოგან, უფრო უკეთესიც. ეს ადამიანები რეალურად შრომობენ და რეალურად ქმნიან ახალ საქართველოს.

ხშირად ვკითხულობ, მაგალითად, არ არის ჩაბმული კორუფციასა და ნეპოტიზმში, თავის კლანისა და ჯგუფის შექმნაში რომელიღაც გამგეობის თანამშრომელი ან რომელიმე სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი? იმიტომ, რომ ყველა ერთმანეთს უყრებს და ერთმანეთზე არიან დამოკიდებული, მათ აქვთ განცდა იმისა, რომ ყველა ერთად ქმნიან საერთო ქვეყანას.

ამას წინათ,  გაეროში აკრედიტებული  ელჩების დიდ დელეგაცია მივიღე ნიუ-იორკიდან. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. იყვნენ ოკეანის ქვეყნებიდან, სურინამიდან, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიდან... საქართველოში სამი დღის ყოფნის შემდეგ მთავარი კითხვა, რაც მათ გაუჩნდათ იყო ის, თუ როგორ მოვახერხეთ ყველა სახელწიფო უწყებაში ასეთი განსაკუთრებული განწყობის, კლიმატის შექმნა. ეს არ იქმნება  იმით, რომ ვიღაც ეთაყვანება ერთ ლიდერს, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე ლამაზი, ყველაზე წარმოსადეგი, ჭკვიანი და გენიალურია. აბსოლუტურად არა - ქართველები არიან ინდივიდუალისტები და ისინი თავზე არავის არ დაისვავენ. ისინი არავის არ წამოაჩენენ ღვთაებად და განსაკუთრებული თვისებების მატარებლად .

საქართველოს მრავალეთნიკური ერის ყველა წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ის არის ყველაზე კარგი. ჩვენ შევქმენით კლიმატი, რომ ჩვენ ყველანი მაგრები ვართ და ყველას გვაქვს სურვილი ახალი ქვეყნისა და წარმატების განსაკუთრებული მაგალითი შევქმნათ ამ რეგიონში.

ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მენტალიტეტის სერიოზულ ცვლასთან. მენტალიტეტის ცვლა ძალზე რთული პროცესია. ჩვენ ვიყავით უიმედობის პერიოდში და ბევრ რამეზეა დამოკიდებული მივაღწევთ თუ არა წარმატებას.

შემდგომი ეტაპზე ჩვენი განვითარების მთავარი წყარო ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა.

აი, რა ხდებოდა ტურიზმის თვალსაზრისით:

 საბჭოთა კავშირმა გვითხრა, რომ საქართველო არის ტურისტული  ქვეყანა (ამიტომაა, რომ  რუსეთი ვერაფრით ვერ გვანებებს თავს). მან განსაზღვრა და ჩამოგვითვალა ჩვენი ტურისტული ადგილები.

მაგალითად, ეს ადგილი იყო საბჭოთა მეურნეობის აბანო, სადაც ადგილობრივები ორი კვირით ადრე ეწერებოდნენ, მაგარამ მათ გარდა არავინ არ იცოდა ეს წარმოუდგენელი სილამაზის  ადგილი. აქ ერთ მხარეს ალაზნის ველია, სადაც ხარობ ვაზის ენდემური ჯიშები - მსოფლიოში სულ ხუთი ქვეყანაა, სადაც ენდემური ჯიშის ვაზია. ეს არის საფრანგეთი,  საბერძნეტი, იტალია, ესპანეთი და საქართველო; მეორე მხარეს კი „შვეიცარიაა". არადა, ეს იყო საბჭოთა პერიოდის აბანო, რადგან საბჭოთა კავშირის ტურისტულ რუკაზე  ეს ადგილი არ მოხვდა.

სამი დღის წინათ წინ დასავლეთ საქართველოში ვიყავი  და წარმოუდგენელი სილამაზე ვნახე. მთელი ხეობა დინოზავრის ძვლებითაა შედგენილი. ინდიანა ჯონსის ფილმში არ არის ისეთი სილამაზე, როგორიც იქ - კლდეები, ჩანჩქერები, ცის წარმოუდგენელი,  გამჭვირვალე ფერი, მწვანე მდინარე...  იმ რუკაზე არც ის ხეობა  იყო.  

თავად ვგრძნობ თავს ინდიანა ჯონის მგავსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს - უფრო სწორად, მე კი არა, ის მეცნიერები და ადგილობრივები, რომლებიც რაღაც ახალს აღმოაჩენენ.

ჩვენ ვცვლით ჩვენს მენტალიტეტს - ჩვენ ახალა ვართ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენის პროცესში. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ტურისტული პოტენციალი საქართველოს ყველა რეგიონს აქვს და არა მარტო იმ ორ- სამ რეგიონს, რომელიც განსაზღვრეს  პოლიტბიუროს წევრებმა, რომლებსაც იქ ჰქონდათ აგარაკები, ასევე დაუვიწყარმა სტალინმა და მისმა თანამებრძოლებმა - მოლოტოვმა,  მიქოიანმა და სხვებმა; ან მეფის რუსეთის წარმომადგენლებმა. მაგალითად, მეფის ძმამ, რომელსაც ტუბერკულოზი დაემართა, საქართველოში ჩამოვიდა და დააარსა კურორტი ბორჯომი.

სწორედ ამიტომ არის ეს მენტალიტეტის ცვლა. ხშირად ეს მენტალიტეტი ვერ ეწევა აზროვნებას. თბილისის მერი გიგი უგულავა ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა:   თბისისში ეკოლოგიური ტრანსპორტი - ჩქარი ტრამვაი იყოსო. რამდემინე  წლის წინათ, ტრამვაი, რომელიც რელსზე დარიხინებდა კატასტროფული იყო და დავანგრიეთ. მთელი ოპოზიცია აყვირდა: რაღას ანგრევდით ტრამვაის თუ ისევ შემოგვყავდათო. ძველსა და ახალ ტრამვაის საერთო მხოლოდ დასახელება აქვს, თორემ ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ურემი და აერობუს 380. „ალბათ ძველი ტრამვაის რელსები გაყიდეს და ფული ჩაიდეს ჯიბეში", - ეს იყო მათი პირელი რეაქცია ამ მოდერნისტულ წინადადებაზე.  

ჩვენი შემდეგი მთავარი ეტაპი არის განათლება.

 რა პირობებიც არ უნდა შევქმნათ ბიზნესისთვის, თუ ქართველებმა ვერ შეძლეს ინოვაცია, გამოგონება და ამ გამოგონებების დანერგვა,  ვერ გვექნება გარღვევა ეკონომკური განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა.

საქართველოში ახლა ინგლისური ენის ათი ათასი მასწავლებელი  ჩამოგვყავს. 1500-მდე ამ კვირების განმავლობაში ჩამოვა, ხოლო  3000 - მომავალ წელს. საბოლოოდ, 3-4 წელიწადში ინგლისური ენის ათი ათასი პედაგოგი. ჩვენ ვნერგავთ სწავლების მეთოდს, რომლის ფარგლებში ყველა პირველკლასელი მიიღებს კომპიუტერს.  თუმცა ამას წინათ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ 10 წლის ასაკამდე ბავშვისთვის კომპიუტერის სწავლება აიკრძალოს... მე-12 კლასელები გამოვიდნენ მოთხოვნით: „არ გვინდა გამოცდების ჩაბარება".

ჩვენ გვაქვს დემოკრატია,  შეუძლიათ ყველაფერი  გააპროტესტონ , ზოგიერთი მე-12  კლასელი  18 წლის არის  და გათხოვილია, ზოგიერთი  ცოლ-შვილიანია უკვე და მას შეუძლია საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტოს...  პრობლება არ არის, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია პროტესტი „არ ვიწავლით" და მშობლების „ინიციატივა": ნუ აწვალებთ ბავშვებს. ასეთი მშობელი არ ფიქრობს, რომ მსგავსი მიდგომით, ბავშვს საერთოდ უსპობს მომავალს. მოზარდი, რომელიც ფიქრობს, რომ უგამოცდოდ მოეწყობა უმაღლეს სასწავლებელში და ადვილად დაამთავრებს მას, შემდგომში იტყვის, რომ აქვს დიპლომი და ვერ შოულობს სამსახურს. გლობალურ ეკონომიკაში მისი კონკურეტი იქნება დიპლომიანი ადამიანი სინგაპურში, კალიფორნიაში და შანხაიში.

ამიტომ, ეს არის მენტალიტეტის ცვლილება.

ჩვენ გვყავს ქართველები, რომლებიც დღეს  „მოტოროლასთან" თანამშრომლობენ ახალი სქემის გამოგონებაში. ე.ი. ქართველებს შეუძლიათ გამოგონება.

ქართველების დიდი ჯგუფი ჟენევაში, CERN-ის [ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი] ურთულეს ექსპერიმენტზე მუშაობს. ეს უდიდესი მნიშვნელობის ექსპერიმენიტია ფიზიკის დარგში.

ამას წინათ, ერთ-ერთ  სოფელში ვიყავი, რომელიც შეჭრილია ოკუპირებული გალის რაიონში, რომლის მკვიდრი თავისივე გამოგონებულ უზუსტეს ხელსაწყოებს უშვებს  გერმანიაში.  ეს უნდა ხდებოდეს საქართველოში რადგან ქართველებს აქავს უნარი ახლის  შექმნის. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოში უნდა ხდებოდეს, რადგან ქართველებს აქვთ გამოგონებისა და ახლის შექმნის უნარი.  

გამოგონება, ინოვაცია არის შემდეგი ეტაპი თუ ჩვენ განვითარება გვსურს. ამას აუცილებლად ყველანი ერთად გავაკეთებთ.

ჩვენ გავქვს წარმოუდგენელი ბუნება, არაჩვეულებრივი კლიმატი (ნახეთ როგორ მსუბუქად ვართ ჩაცმული ნოემბრის შუა რიცხვებში), მზე, რომელიც ანათებს, მაგრამ ეს მხართეძოზე წამოწოლის და უქმად ყოფნის საფუძველი არ არის. ჩვენ უნდა შევქმნათ  ბევრად მეტი, ვიდრეს გვაქვს.

ჩვენ არ გვსურს დავემსგავსოთ  იმ ერებს, რომელიც ტროპიკებში თბება და კაცობრიობისთვის არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ. 

საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს შექმნილი კაცობრიობისათვის  თავისი მრავალათასწლიანი ისტორიის განმავლობაში.  

ბოლოს და ბოლოს, სიტყვა „მედიცინა" წარმოდგება ჩვენი დედოფალი მედეასგან;  პირველი ღვინოები შეიქმნა აქვე თქვენს უკან დაბლობზე ან ახლო-მახლო.  პირველი დიდი რაოდენობის ოქრო და ნავთობი კაცობრიობის ისტორიაში საქართველომ აწარმოა და საქართველომ ბევრი ახალი გამოგონება უნდა შექმნას ამ ეპოქაშიც.

ქართველები ქმნიდნენ უცხოეთში ძალიან ბევ რამეს: ერთ-ერთი პირველი საფრენი აპარატები ამერიკაში გააკეთა  ქართველიშვილმა,  ვიდეომაგნიტოფონი მოიგონა ქართველმა რჩეულიშვილმა საფრანგეთში, ყველაზე წარმატებული ბალისტიკური რაკეტები, რომლის რამდენიმე ასეული  ცალი ესროლეს საქართველოს  2008 წლის აგვისტოში ნადირაძემ  მოიგონა რუსეთში...

ჩვენ გვჭირდება 21-ე საუკუნის  ქართველები, რომლებიც  მოიგონებენ ბევრ კარგ რაიმეს, ვდრე ბალისტიკური რაკეტებია და მოიგონებენ საქართველოს სახელით, საქართველოში და გაუზიარებენ დანარჩენ მსოფლიოს. ამისთვის, საქართველოში, მინიმუმ, ეკონომიკა და განვითარებული საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს.

ეს არის, ძირითადად, რისი თქმაც თქვენთვის მსურდა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)