საქართველოს პრეზიდენტი დადებითად აფასებს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაწყებულ კონსულტაციებს
ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაურა. ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე დაწყებულ კონსულტაციებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია.
„მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართულ კონსულტაციებს. მიმაჩნია, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია. როგორც იქნა ერთმანეთთან ულტიმატუმების, ყვირილისა და ისტერიის გარეშე ლაპარაკი ვისწავლეთ. მოთხოვნა ან ყველაფერი ან არაფერი, თარიღების დათქმა, მუდმივად წარსულზე ორიენტირება და გარკვეული თარიღების აღნიშვნა წინ ვერ წაგვწევს. ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთ მაგიდასთან დასხდომა, ერთმანეთთან ცივილიზებულად ლაპარაკი და, უპირველესად, ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ. დეტალები არ ვიცი, დავით ბაქრაძე მუშაობს, მაგრამ, ალბათ, ძალიან ბევრ საკითხზე შეიძლება შეთანხმება, კერძოდ, იმაზე, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. იყო მოთხოვნები იმის თაობაზეც, რომ რაიონების წარმომადგენლობა გაუქმდეს და იყოს მხოლოდ პარტიული სიები, რაიონებს კი საქართველოს პარლამენტში ან ნაკლები წარმომადგენლობა ჰქონდეს ან საერთოდ არ ჰქონდეს. ღიად ვაცხადებ, რომ ამას ვერაფრით ვერ დავეთანხმები, რადგან სურთ ისევ იქ დაგვაბრუნონ, სადაც რუსთაველის გამზირის პარტიები არიან. მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რა ხდება რუსთაველზე ან რომელიმე ტელესტუდიაში. ეს არის ვირტუალური პარტიები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ სად არის, მაგალითად, სოფელი შამგონა. წარმოდგენა არ აქვთ რა პრობლემა აქვს ამ სოფელს, რა პრობლემები აქვთ აქაურ პედაგოგებს, მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს. მათ მარტო ლამაზად ლაპარაკი და ტელევიზიით ყელის მოღერება იციან და სურთ რომ ეს ხალხი საკუთარი წარმომადგენლის გარეშე დატოვონ. ნურას უკაცრავად! უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის საქართველოს თითოეული რეგიონი, თითოეული რაიონული ცენტრი, თითოეული ქალაქი და სოფელი, თითოეული უბანი და მიკრორაიონი. ამიტომ, იმის გარდა, რომ ჩვენ არ დავაკარგინებთ წარმომადგენელს, მაგალითად, შამგონის მცხოვრებლებს, ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება. პარტიებსაც მოვუწოდებ, რომ უფრო მეტად დაინტერესდნენ ხალხის პრობლემებით, გამოვიდნენ და მათ ელაპარაკონ. ვიცი, რომ შორია, ვიცი, რომ სახლში თბილად ჯდომა ან ტელესტუდიამდე მისვლა სჯობს, ვიცი ისიც, რომ ყველგან კარგი გზა ჯერ არ არის, მაგრამ ჩვენ ყველა პირობას ვქმნით, რათა ხალხს ველაპარაკოთ. უნდა ილაპარაკონ ხალხის პრობლემებზე ხალხის ენითა და სახელით, მაშინ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. ეს ჩემი უფასო რჩევაა პოლიტიკური ოპონენტებისადმი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.