Google+

სიახლეები

02.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა რთველში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში დღეს თუშიშვილების ოჯახმა უმასპინძლა მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად რთველში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი, ახლადგახსნილი გომბორის გზით, თბილისში, ვარკეთილის ყურძნის საბითუმო ბაზარში მოსავლის ჩასაბარებლად, თუშიშვილები მანქანით პირადად ჩამოიყვანა. მგზავრობის დროს სააკაშვილმა თუშიშვილებს შეკითხვები რეგიონის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დაუსვა. ყურადღება მან დასაქმებასა და განათლებაზე გაამახვილა. საუბარში პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ სიონამდე მისასვლელი გზაც მალე გაკეთდება, რაც ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ეს კი, თავისთავად, ადგილობრივთათვის შემოსავლის დამატებითი  წყარო იქნება.  პრეზიდენტმა გზა თელავიდან თბილისამდე 50 წუთში დაფარა. მგზავრობის დროს ომარ თუშიშვილმა პრეზიდენტს გომბორის გზის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კახელი გლეხისთვის ეს დიდი შეღავათია - შემოკლებული გზა ნაკლებ საწვავს მოითხოვს, რაც პროდუქციის ფასის შემცირებას შეუწყობს ხელს.

„ეს გზა იმისთვის კეთდება, რომ მშრომელმა ხალხმა ამოისუნთქოს. ადამიანი, რომელიც პროდუქტსა და დოვლათს შქმნის, ტურისტებს მიიღებს და ფულს კვლავ საქმეში ჩადებს, ისევ ქვეყანას გამართავს წელში. ამ გზაზე რესტორნები და კაფეებიც გაიხსნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნაგებობებმა გარემოს იერსახე არ დაამახინჯოს. ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მაქსიმალური გააკეთოს. ხალხს ვერ მოთხოვ, რომ მდიდრული შენობები აშენოს - აქ მარტივი კონსტრუქციის და ლამაზი ნაგებობები უნდა დაიდგას". - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ოჯახის დიასახლისსაც გაესაუბრა, რომელიც თელავის ქალთა კონსულტაციის თანამშრომელი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილმა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ამ კუთხის დემოგრაფიული მდგომარეობით დაინტერესდა.

„ ჩვენი შენობა გამგეობის ძალისხმევით გარემონტდა, პირობები გაუმჯობესდა და შობადობაც გაიზარდა", - აღნიშნა ქალბატონმა გიულიმ.

პრეზიდენტმა სკოლებში არსებული მდგომარეობაც გამოიკითხა და განათლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.   

„ყველაზე მარტივი და სწორი გზა მიაღწიო წარმატებასა და კეთილდღეობას არის სწავლა. ის, ვინც ოდნავ მაინც გაანძრევს ხელს, კარგად იცხოვრებს", - თქვა მან.  

საქართველოს პრეზიდენტი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების თემასაც შეეხო. მისი თქმით, მესტიისა და სიღნაღის აღორძინება ძალიან მოკლე დროში მოხერხდა და ეს ყველა კუთხეს უნდა შეეხოს. მთავარ მიღწევად მიხეილ სააკაშვილი იმას მიიჩნევს, რომ ეს ყველამ ერთად შეძლო.

„ბატონო პრეზიდენტო ყველამ იცის, თქვენ რა ქვეყანა ჩაიბარეთ და როგორ მიაღწია მწვერვალს საქართველომ", - აღნიშნა ბატონმა ომარმა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა იქვე დასძინა, რომ მწვერვალებამდე ჯერ კიდევ შორსაა და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

„მწვერვალზე აჯერ კიდევ ასასვლელი ვართ, მაგრამ წინ რომ მივდივართ, ეს ფაქტია. თუ ხელს არ შეგვიშლიან და ყველა ერთად იმუშავებს, დიდ წარმატებას მივაღწევთ. ორი-სამი წელი გვჭირდება რომ ეს პროცესი შეუქცევადი გავხადოთ. დავით აღმაშენებელს 34 წელი დასჭირდა, რომ თბილისი აეღო. პირველი ბრძოლები მან წააგო კიდეც, მაგრამ ბევრი აშენა, რეფორმები განახორციელა, ურჩ ფეოდალებს გაუსწორდა, ეკონომიკა განავითარა, განათლებას შეუწყო ხელი  და  მთელი ერის მოთმინების წყალობით, საწადელს მიაღწია. თბილისი რომ არ ყოფილიყო, დღეს საქართველო არ იარსებებდა. მართალია, თბილისზე ჩვენს მტრებსაც აქვს პრეტენზია, მაგრამ ჩვენს დედაქალაქს ვერ ეღირსებიან. იმასაც დავიბრუნებთ, რაც დროებით წაიღეს - ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენთან უნდა იყოს", განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.      




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)