საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა დაემთხვა ძალზე სამწუხარო ფაქტს.
გუშინ ღამით, ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დათო ცეცხლაძის კაპრალ გიორგი კოლხიტაშვილის, კაპრალ ნუგზარ კალანდაძის დაღუპვის შესახებ.
ჯარისკაცობა ძალიან საპატიო, მაგრამ, ამავდროულად, ძალზე სახიფათო პროფესიაა.
ეს არის პროფესია, რომელიც, ზოგ შემთხვევაში, დიდ თავდადებასა და თავგანწირვას მოითხოვს.
ქართველი მეომრები, ტრადიციულად, ომობდნენ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.
ჩვენი მხედართმთავრები მეთაურობდნენ, ძველი სპარსეთის, ძველი ოსმალეთის, ეგვიპტის, რუსეთის არმიებს.
ჩვენი ოფიცრების ძეგლი პოლონეთში, ვარშავის ცენტრში დგას. ისინი მარშალ პილსუტსკის ძალების ბირთვს წარმოადგენდნენ. გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს მათ გადაარჩინეს პოლონეთი და შემდეგ, ბევრი მათგანი ვარშავის აჯანყების დროს დაიღუპა.
საქართველოს დიდი ისტორია აქვს შეიარაღებული ძალების, დიდი ისტორია აქვს ბრძოლის, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლის გამოცდილება იშვიათად ჰქონია.
დღეს ჩვენი ოფიცრები, ჯარისკაცები, იბრძვიან და თავს სწირავენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხუთჯვრიანი დროში ქვეშ.
როდესაც ჯარისკაცებს ავღანეთში ვგზავნიდი, მათ ვესაუბრე. რა თქმა უნდა, ისინი რისკის სრული გაცნობიერებით მიდიოდნენ. მათ თავი ამაყად და ღირსეულად ეჭირათ, რადგან ხუთჯვრიანი დროში ქვეშ მოუწევდათ ბრძოლა, პირველ ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.
დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები წყდება საქართველოში ოკუპაციის ხაზებზე, საქართველოს ოკუპაციისა და სხვა ადგილებში, სადაც ისინი განლაგებული არიან, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს საერთაშორისო ბრძოლა და დიდ საერთაშორისო ბრძოლას საქართველოც აწარმოებს.
დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს ინტერესები საქართველოს საზღვრებით შემოგვეფარგლა, მაშინ, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ წარმოებს ასევე გლობალური პოლიტიკური ბრძოლა.
ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები და გვყავს მოკავშირეები და მეგობრები.
ის, რომ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ამ დარბაზის თავზე ფრიალებს, ის, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულ განვითარებას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი ერთად ყოფნის დიდი დამსახურებაა.
აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, ავღანეთში ჩვენი ბიჭების თავგანწირვა, ასევე იმ გლობალური საერთაშორისო ინტერესებისთვის თავგანწირვაა, რომელიც აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ჩვენს წინააღმდეგ წარმოებს საერთაშორისო ბრძოლა. ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი მეგობრები არის ის ხალხი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს გადასარჩენად, გასავითარებლად და გასაძლიერებლად.
კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული ხალხი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს - ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და ყოველთვის ეყოლება.