Google+

სიახლეები

14.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქარველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონების გუბერნატორებს, რაიონების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.

ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა  30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ეს არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მტრებისთვის პასუხის გასაცემად, საქართველოს ბედზე მოყოყმანეებისთვის თვალების ასახელად. ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გამთლიანების, გაძლიერების, კრიმინალთან ბრძოლის, განვითარების კურსს, ქართველმა ხალხმა თქვენ ნდობა გამოგიცხადათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

პრეზიდენტის თქმით, ყველა გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილია.

"ეს არის მთავარი მიღწევა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. რატომღაც პოლიტიკური სპექტრი თავისი არასწორი მსოფლმხედველობით კონცენტრირებული იყო თბილისზე. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყნის მასშტაბით ხმების 66 პროცენტი დააგროვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში წელს 1 მილიარდ 300 მილიონი ამერიკული დოლარის პროექტები განხორციელდება. აღნიშნული თანხა ძირითადად  საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგების სისტემებს, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში დაგეგმილ პროექტებს მოხმარდება.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განaცხადa, გზების მშენებლობა მთვარობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს გზების დეპარტამენტი 452 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაობს განახორციელებს. "საბოლოოდ, ავტობანი 2012 წელს შევა ექსპლუატაციაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამგებლებთან და გუბერნატორებთან დღევანდელი შეხვედრისას აფრასიძეები გაიხსენა და მესტიაში მცხოვრები "ზოგიერთი ქართველი ბანდიტი მოიკითხა" .

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ოპოზიციაში ყოფნის დროს მესტიაში საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აფრასიძეების ნებართვა სჭირდებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მათ უკვე "მოუარა".  "სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სვანეთს უკვე მეტი ტურისტი სტუმრობს. ჩვენ ვერტმფრენით მაშინ ბანდიტების კოშკი ავაფეთქეთ, თუმცა იქ დღესაც გამოხტნენ ადგილობრივი ყოჩები, ვისაც მესტია თავისი ჰგონია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ უცხოელ ინვესტორებს წილში ჩაუჯდება, მას ჭკუას ჩვენი ევროპული დონის საპატიმროებში ასწავლიან", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყნის სასარგებლოდ "ჭიათურ-მანგანუმში" საკუთარი წილი დათმო.

"ჩემმა მთავრობამ გაყიდა "ჭიათურ-მანგანუმი", რომელიც ჩემს დიდ ბაბუას, ჯიბო აბაშიძეს ეკუთვნოდა. მე ჩემს წილზე უარი ვთქვი", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში კარგი და ცუდი ბიჭები აღარ არსებობენ და კანონის წინაშე პასუხს ყველა თანაბრად აგებს.

"რუსული მთავრობის ზოგიერთი ბრიყვი მინისტრი სწორედ იმიტომ გვეძახის ანომალიურ მთავრობას, რადგან მათთვის ყაჩაღობა და ბანდიტობა ნორმალური მოვლენებია. თუმცა ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში ეს დრო დამთავრდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის  მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე "ლაყაფისტების" შენახვას აღარ აპირებს.

პრეზიდენტმა ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ კიდევ ერთხელ გაიხსენა. მისი თქმით, "ეს არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა საუბრობდეს თანამდებობის პირი".

"ეს იყო უაზრო და უშინაარსო ლაყაფი. გილაურმა ერთხელ მითხრა, იმდენად სუსტია, მთავრობის სხდომიდანაც კი გავაგდეო. როცა მთავრობის სხდომიდან აგდებ, ის სამსახურიდანაც უნდა გააგდო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, იგი ყველა დეპარტამენტში თავად მივა და შეამოწმებს, ვინ როგორ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

მიხეილ სააკაშვილმა გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე ტურისტების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად ორმაგდება და ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს.

"აჭარაში ტურისტების 70 პროცენტი ჩამოდის. თეორიულად მესტიას სამჯერ მეტი პოტენციალი აქვს. იქ მშრალი თოვლი, საოცარი ჰავა და კარგი დაქანების ფერდობებია. გარდა ამისა, არის მაღალი დონის სამზარეულო და უმაღლესი ინტელიგენცია. ახლა მთავარია, იქ ხალხი დასაქმდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. "მართალია, ყველაზე ხშირად ანაკლიასა და მესტიაზე ვსაუბრობთ, თუმცა ჩვენ სხვა რეგიონებშიც განვაგრძობთ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ყვარელთან წარმოუდგენლად ლამაზი კომპლექსი შენდება, ქუთაისში კი or მღვიმეს რეაბილიტაცია უტარდება. პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები უნიკალურია", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, ”ახლა სხვა საქართველო იქმნება, სადაც სიღარიბისა და უბედურებისთვის აღარავინ იქნება განწირული”.

დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა გამგებლებსა და გუბერნატორებს ხალხთან მუდმივი დიალოგისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის თქმით, ისინი ხალხმა აირჩია, რაც მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

"ხალხთან მუდმივი დიალოგი და მათი პრობლემებისადმი გულისხმიერება აუცილებელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში ჩვენ ხალხს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოში სიღარიბე 52-დან 22 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა.

"ამ 22 პროცენნტიდან უმეტესობა ქრონიკულ სიღარიბეში იმყოფება. ჯანდაცვის პროგრამებმა ბევრი ადამიანი გადაარჩინა, გარდა ამისა, სწორედ მათთვის ვახორციელებთ სიღარიბის დაძლევის სხვადასხვა პროგრამას. დასაქმება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება", - აღნიშნა სააკაშვილმა.  სახელმწიფო პროგრამების მიუხედავად, პრეზიდენტის განცხადებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მაინც ბევრი ოჯახი რჩება, რაც ქართულ საზოგადოებას არ ეკადრება და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)