საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ქალბატონებო და ბატონებო, მოწვეულო სტუმრებო, მედიის წარმომადგენლებო!
ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხის სახელით, ქალბატონ ჰილარი კლინტონს, მის დელეგაციასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისი - ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მივულოცო.
234 წლის წინათ ამერიკამ დიდი და ტრანსფორმაციული ექსპერიმენტი დაიწყო, რომელიც ფუნდამენტურ იდეალებსა და ფასეულობებს ეფუძნებოდა. ეს ექსპერიმენტი - მისი იდეალებითა და ფასეულობებით, დღემდე გრძელდება. მსოფლიოს ხალხებისა და ერებისათვის ეს შთაგონებისა და ძლიერების წყაროა, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალზე სასიამოვნო და ამასთან, დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს თავისუფალ საქართველოში.
ის, რომ დღეს შესაძლებლობა გვაქვს დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანაში მიგიღოთ, ამერიკელი ხალხის მიერ გამოხატული სოლიდარობის, ჩვენი ღრმა თანამშრომლობისა და პრეზიდენტ ობამას თანმიმდევრული ხელმძღვანელობის დამსახურებაა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წლების განმავლობაში, ამერიკური დახმარება გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დემოკრატიის ზრდის საქმეში, ასევე იმაში, რომ ჩვენი ექსპერიმენტი ჭეშმარმარიტად შეუქცევადი ყოფილიყო.
ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდში, მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ 2008 წელს.
პრეზიდენტ ობამას მიერ განმეორებით გაკეთებულ განცხადებებს ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად, ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტს გასულ წელს, თქვენს პირად ვალდებულებას ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დასრულების შესახებ, თუნდაც კრაკოვში რამდენიმე დღის წინ, თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას ჰქონდა და აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის რეფორმების განხორციელების პერიოდში; ასევე იმ ერთი მილიარდი დოლარისათვის, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში ასე საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
ყოველივე ეს ჩვენი ხანგრძლივი და სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული მაგალითებია, რომლებიც ქართულ-ამერიკული ღრმა და ძლიერი ურთიერთობის განსაკუთრებულობის მაჩვენებელია, რადგან ეს ურთიერთობა ჩვენს საერთო ფასეულობებსა და მისწრაფებებს ემყარება. ისევე როგორც თქვენ, მე ვიცი, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება თქვენი ხელმძღვანელობით.
მეტსაც გეტყვით, ჩვენი დღევანდელი მეგობრული და ძალზე მნიშვნელოვანი საუბარი ადასტურებს, რომ თქვენგან მიღებული მხარდაჭერა და ჩამოყალიბებული ურთიერთობა მნიშვნელოვნად ღრმავდება და ფორმირებას განიცდის.
კარგად ვიცი, რომ გაკეთებულის შესანარჩუნება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რეფორმების გაგრძელება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოდერნიზებისთვის.
ჩვენ გვსურს მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო დღეს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების მოდელია.
ოკუპაციისა და მუდმივი გარე საფრთხეების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს მკვეთრი ეკონომიკური ზრდა.
ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ინტეგრირებას დასავლურ დემოკრატიულ ოჯახში.
ჩვენ არასდროს არ ავცდებით დემოკრატიისა და სოციალური ტრანსფორმაციის გზას და ვიცით, რომ ამ გზაზე შევიძლია ამერიკის შეერთებულ შტატების დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი გვქონდეს.
ჩვენი სტრატეგიული ქარტია აერთიანებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს. ჩვენ ნიადაგი შევქმენით თანამშრომლობის გასავითარებლად ყველა სფეროში - უსაფრთხოებიდან დემოკრატიამდე, ხალხთა ურთიერთობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის.
ჩვენი ქარტია ემყარება საერთო ფასეულობებს, რომლებიც შეუქცევადს ხდის ჩვენს პარტნიორობას - მტკიცე და ძლიერ რწმენას, რომ ერებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთი გზა; რომ საკუთარი თავისუფლება არის ადამიანთა კეთილდღეობის საფუძველი.
ჩვენი პროგრესი არ შეფერხდება; აუცილებელია, რომ ჩვენ ერთობლივი ურთიერთობები გავააქტიუროთ.
ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ დღეს, როგორც არასდროს, ჩემთვის ნათელია, რომ ამ ფასეულობებმა ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში ძლიერი ხელშემწყობები და ლიდერები ჰპოვა.
აქ, საქართველოში განახლებული ძალებით განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენი ქვეყნის განვითარება არ და ვერ შეჩერდება.
მე ველოდები, რომ ის, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მალე გამოიღებს შედეგს და გააძლიერებს ჩვენს საერთო მემკვიდრეობას.
დიდი მადლობა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ასეთი თბილი მიღებისთვის.
ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, მაგრამ არ იქნება ბოლო.
მინდა საჯაროდ განვაცხადო ის, რაც მოგახსენეთ თქვენ.
საქართველოში ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას და ჩემგან იმ შეტყობინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
აშშ არ ცნობს გავლენის სფეროებს. ჩვენ ეს შეტყობინება გადავეცით ჩვენს რუს კოლეგებს მათთან შეხვედრის დროს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაიცვას 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილმა და დიმიტრი მედვედევმა.
ეს შეთანხება ითვალისწინებდა საქართველოს დეოკუპაციას, რუსული ჯარის გამოყვანას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან და მათ დაბრუნებას კონფლიქტამდელ პოზიციებზე.
ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ამერიკული საზღვაო ფლოტის მხარდამხარ იბრძვიან.
მინდა მათ მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის და სიმამაცისთვის.
ეს წვლილი მიგვანიშნებს საქართველოს დიდ სურვილზე გაწევრიანდეს ნატო-ში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას და ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ეკონომიკურად ვითარდება.
მოხარულები ვართ, რომ არჩევნების პროცესი საქართველომ ეუთოს სტანდარტების შესაბამისად ჩაატარა.
დღეს მე შევხვდი ქალ ლიდერებს, რომლებიც დემოკრატიის მშენებლობაში გვეხმარებიან.
საქართველოში ცხოვრების სტანდარტები გაიზარდა და კორუფცია შემცირდა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები; ამერიკა კი, ყველაფერს გააკეთებს მის დასახმარებლად.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს და ქართველების მხარდაჭერას, რათა თქვენი ქვეყანა უფრო თავისუფალი, უფრო დემოკრატიული და უფრო უსაფრთხო ქვეყანა გახდეს.
მოუთმენლად ველოდები საქართველოს პროგრესს.
დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ამ საფუძვლიანი და საინტერესო დისკუსიებისთვის.
შეკითხვები
"საზოგადოებრივი მაუწყებელი", ლიკა ხურციძე: "დღეს შეხვედრა გქონდათ ქართველ ქალ ლიდერებთან და აღნიშნეთ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ცხოვრობს ოკუპაციის პირობებში. თქვენ ასევე თქვით, რომ ამერიკა არასდროს არ შეეგუება საქართველოს ოკუპაციას. განიხილეთ თუ არა ეს საკითხები რუსეთის ლიდერებთან?"
ჰილარი კლინტონი: "პასუხი არის დიახ. ობამამ და მე ოკუპაციის შესახებ ვისაუბრეთ რუს კოლეგებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპაციის და დაპყრობის შესახებ რუს ლიდერებთან ხშირად ვსაუბრობთ. ამ პრობლემებზე გულწრფელად ხშირად ვსაუბრობთ.
ასევე ვმუშაობთ ჟენევის პროცესზე ეუთოსთან ერთად. რუსეთს მოვუწოდებ შეასრულოს შეთანხმება, მაგრამ რუსეთი აშენებს მუდმივმოქმედ ბაზებს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს კი ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ჩვენ გვსურს ღიად განიხილებოდეს ეს საკითხები. ჟენევის დისკუსიების დროს საუბარი იყო ძალის არგამოყენების შესახებ. რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები - მან უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. რუსეთის დელეგაციას შევახსენებდი, რომ რუსეთი არ თავისუფლდება იმ ვალდებულებების პასუხისმგებლობისგან, რომელიც მათ აღებული აქვთ.
"როიტერი" არშად მოჰამედი: "თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ გამოცოცხლდა ჟენევის დიპლომატიური პროცესი, რას გულისხმობთ ამაში? იმავე შეხვედრაზე თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო უნდა განვითარდეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად.
ამავდროულად, თქვენ ისაუბრეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ პრობლემებზე. შეიძლება ითქვას, რომ არ არის იმედი იმისა, რომ მოკლე პერიოდში მოგვარდეს ეს პრობლემა.
მაინტერესებს თქვენი აზრი ყოველივე ამასთან დაკავშირებით...
ჰილარი კლინტონი: ჩვენ გვინდა, რომ ამაზე მოხდეს რეაგირება. მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთთან ეს თემა განვიხილეთ. ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ამ რეგიონებში უნდა იყოს გამჭვირვალეობა, რათა მოიხსნას დაძაბულობა.
ჟენევას დისკუსიების დროს საუბარი იყო ძალის არგამოყენებაზე. რუსეთმა უნდა შეასრულოს ის, რასაც ხელი მოაწერა. მე რუსეთს შევახსენე, რომ გადადგმული ნაბიჯები, მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. უნდა მოხდეს იმ საკითხების წინ წამოწევა, რომლებიც მნიშვნელოვანია, მაგალითად, ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ხელმძღვანელობა...
მე არ შემიძლია წინასწარ ვთქვა როდის მოგვარდება ეს საკითხი. საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ამ ოკუპაციის მიუხედავად, მაინც წინ მიიწევს.
ტელეკომპანია "რუსთავი-2" ნათია გოგსაძე: "რუსეთის ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ საქართველო არის მათი ინტერესების სფერო. დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ყოველთვის შეეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას ნატოში.
როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამაზე ვაშინგტონს და როგორ აპირებთ შეეწინააღმდეგოთ რუსეთს ამ საკითხში?
ბოლო წლების განმავლობაში აშშ-მ დაამტკიცა, რომ ის მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს, რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი აშშ-ითვის?"
ჰილარი კლინტონი: ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, სადაც დამოუკიდებელ ქვეყნებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები - რომელ ალიანსში თუ ბლოკში გაწევრიანდნენ. დამოუკიდებელ ქვეყანას არავინ არ უნდა მიუთითებდეს რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. ჩვენ საქართველოსთან დიდი ისტორია გვაკავშირებს, ვარდების რევოლუციამ ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. თქვენ თქვენი ბედის გადაწყვეტის უფლება გაქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ფუნდამენტურ ფასეულობებს. ჩვენ ძალიან მოგვწონს ის, რაც გააკეთა საქართველომ. ჩვენ საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერი ვართ ომშიც და მშვიდობიან დროსაც.
"ვოშინგტონ პოსტი" მერი ბეტ ჩერიდანი: "საქართველოს ოფიციალური პირები სხვადასხვა შეხვედრებზე გამოთქვამენ წუხილს და ლაპარაკობენ დე-ფაქტო შეზღუდვებზე.
რა ვითარებაა ახლა იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით და ბატონო პრეზიდენტო, როდესაც ვლაპარაკობთ ამერიკასა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკაზე, ფიქრობთ, რომ საქართველოს უსაფრთხოება მძიმე სიტუაციაშია?"
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს აშშ-თან უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, ლაპარაკია ამ საკითხისადმი ეტაპობრივ მიდგომებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ყოვლისმომცველ საკმაოდ სერიოზულ პროცესზე, რომელსაც სჭირდება დროს.
რუსეთ-ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკა არის სწორედ გადადგმული ნაბიჯი. ურთიერთობა არ უნდა გაუმჯობესდეს სხვის ხარჯზე და ყველაფერი უნდა ემყარებოდეს ფასეულობებს.
ეს არის ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკა, ამიტომ უყვარს საქართველოს ამერიკა. ამერიკის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია არავის ხარჯზე არ აკეთებს დათმობებს. როდესაც ჰილარი კლინტონმა ისაუბრა ოკუპაციაზე, ის გამოეხმაურა იმ დევნილების სურვილს, რომელთაც არ შეუძლიათ სახლებში დაბრუნება.
ამერიკა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოიტანა ტერმინი "ოკუპაცია", ამ ტერმინის უკვე სხვებიც იყენებენ, მაგრამ პრეზიდენტი ობამა იყო პირველი, რომელმაც ისაუბრა ამ საკითხებზე. მან პირველად თქვა, რომ ეს იყო შეტევა და ოკუპაცია, მანამდე ლაპარაკი იყო არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.
ის განცხადებები, რომელიც ისმის აშშ-სგან მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში სულ უფრო მაღლა ადის.
გადატვირთვის პოლიტიკა გულისხმობს მოდერნიზებული და გახსნილი რუსეთის ჩამოყალიბებას. ეს არის საბოლოო მიზანი, საითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ. ამით ყველა მიიღებს სარგებელს. ჩემი პრეს-მდივანი არის ეთნიკურად ოსი, აქვე არის ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ადგილნაცვალი პირია და ამის გამო არ ცხოვრობდა საქართველოში. ეს ადამიანები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში, რადგან იქ საოკუპაციო ძალა დგას. გადატვირთვამ შემოიტანა უსაფრთხოების მინიმალური გაგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.