სიახლეები
05.07.2010
საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა
საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. თბილისის აეროპორტში ჰილარი კლინტონს დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ელჩი ამერიკაში ბათუ ქუთელია. სახელმწიფო მდივანთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ ფილიპ გორდონი, ევრაზიის ენერგოსაკითხებში სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ მორნინგსტარი და წარმომადგენელი ქალთა გლობარულ საკითხებში მელან ლერვიე.
აეროპორტიდან ჰილარი კლინტონი ეროვნული ბიბლიოთეკისკენ გაემართა, სადაც ქართველ ქალ ლიდერებთან შეხვედრა გამართა.
ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველ ლედის სანდრა რულოვსს, შეხვედრის მონაწილეებს მათი საქმიანობისთვის. როგორც კლინტონმა აღნიშნა, ძალზე მნიშვნელოვანია სანდრა რულოვსის საქმიანობა ჯანდაცვის სფეროში.
"მე ვიყავი პირველი ლედი და ვიცი, ეს როგორი სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა. ვაფასებ იმას, რასაც ჯანდაცვის სფეროში ქალთა უფლებების დაცვისთვის აკეთებთ", - მიმართა კლინტონმა საქართველოს პირველ ლედის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს დემოკრატიის შუქურა.
"ვარდების რევოლუციამდე ქვეყანა მძიმე ვითარებაში იყო. მას შემდეგ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს დიდი პრობლემების წინაშეა, მოხდა ქვეყნის ოკუპაცია. მომავალში ცვლილებები ერთიანი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კლინტონმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის თქმით, საქართველოში ქალებს სახელმწიფოს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ისტორიულად ჰქონდათ.
"მე დიდ პატივს ვცემ თამარ მეფეს, რომელიც მრავალი საუკუნის წინათ ქვეყნის მონარქი იყო. იგი ოქროს ხანაში მართავდა საქართველოს და თქვენც შეგიძლიათ დღეს, 21-ე საუკუნეში შექმნათ ოქროს ხანა აქ, საქართველოში. თქვენ მოგიწევთ ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება და მოგიწევთ დიდი ბრძოლა დემოკრატიისთვის. თქვენ ეს ქვეყნის სიყვარულმა და მომავლის რწმენამ უნდა გაგაკეთებინოთ", - განაცხადა კლინტონმა.
ჰილარი კლინტონმა მოუწოდა ლიდერ ქალებს დაუღალავად იბრძოლონ სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის ერთიანობისთვის.
"ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდზეა. ჩვენ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. შედეგები კარგია, თუმცა არის ბევრი პრობლემაც, რომელიც, ძირითადად, ადამიანური სისუსტეების ბრალია. თქვენ ამის შესაცვლელადაც უნდა იმუშაოთ და შედეგს მიაღწიოთ", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.