Google+

სიახლეები

06.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ყველას მოგილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და აჭარის გათავისუფლების დღეს!

ხშირად შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ისტორიული თარიღები, მაგრამ ეს მართლაც გათავისუფლების დღე იყო.

თქვენ იცით, რომ 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული, მოსკოვის მიერ ხელდასმულმა ასლან აბაშიძემ დაიწყო ე.წ. სამართლებრივი აქტების მიღება, რომლითაც პრაქტიკულად აჭარის ავტონომია მთლიანად გამოიყვანა ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებიდან.

ეს შეეხებოდა არა მხოლოდ ზოგადი ავტონომიის საკითხებს, (აჭარის ავტონომიას დღესაც აქვს ფინანსები, ბიუჯეტი, ადგილობრივი განათლების, კულტურის საკითხები), არამედ ფუნდამენტურ საკითხებს - შეიარაღებულ ძალებს, პოლიციის კონტროლს, ადგილობრივი უზენაესი საბჭოს კონტროლს.

მან დაირქვა ავტონომიის მეთაური, რაც საქართველოს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული.

როდესაც ინაუგურაციის დღეს აქ ჩამოვედი, თავდაპირველად ხალხი ჩემამდე არ მოუშვეს, მაგრამ ხალხმა გამოარღვია კორდონი.

მეორედ, როცა ჩამოვედი უკვე როგორც პრეზიდენტი, ჩოლოქზე შეგვხდა ადგილობრივი უკანონო ფორმირება, რომლის შემადგენლობაში 2000-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანი იყო .

მათ ჰქონდათ ბრძანება, ცეცხლი გაეხსნათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მისამართით. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა კლასიკური სეპარატიზმი.

მაშინ ჩვენ მზად ვიყავით მიგვეღო ყველანაირი ზომა, მაგრამ არ გახდა აუცილებელი.

ხალხს მოთმინების ფიალა აევსო მაშინ, როცა აბაშიძემ ხიდები ააფეთქა და აჭარის მოსახლეობას უთხრა, რომ საქართველოსთან კავშირი ჩაჭრილი იყო არა მხოლოდ ქაღალდსა და კანონის ენაზე, არამედ ფიზიკურადაც კი.

ხალხი გამოვიდა ქუჩაში და სანამ ჩვენი ძალები ჩამოვიდოდა ბათუმში, აბაშიძე მანამდე გაიქცა.

ეს დღე არასდროს არ დამავიწყდება სანამ პირში სული მიდგას.

ეს წარმოუდგენლად ლამაზი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში.

ალბათ ბევრ თქვენგანს, ვინც ამ დღის მონაწილეა, ეს არასდროს არ დაავიწყდება.

კარგად მახსოვს, რომ გვიან ღამით ჩამოვედი ბათუმში, მანამდეც მომიწევდა გული, მაგრამ ყველა მირჩევდა, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მანამდე არ ჩავსულიყავი.

კარგად მახსოვს, არა მხოლოდ ეს ღამე, არამედ დილაც. სასტუმრო "დავითში" დავიძინე და არაფერს არ მოველოდი. დილით გამაღვიძა საზოგადოების ძალიან დიდმა შეკრებამ. ხალხი გამოხატავდა თავის ბედნიერებას.

მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ წაგიკითხოთ ლექცია რა წარმატებებს მივაღწიეთ ბოლო 6 წლის განმავლობაში.

აქ მოვედი, რათა გკითხოთ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ რევოლუციის დანაპირები ნაწილობრივ მაინც შესრულდა. რაც მთავარია მინდა გკითხოთ, რა არის კიდევ აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენი ოცნებები ბოლომდე ავასრულოთ; რა არის გასაკეთებელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქ შეკრებილია საქართველოს საუკეთესო ნაწილის ნაწილი. მინდა თქვენ გკითხოთ რა უნდა გავაკეთოთ უპირველესად ბათუმში, აჭარაში, საქართველოს ამ განსაკუთრებულ რეგიონში.

შეიძლება ყველაზე მეტი საფუძველი მქონდეს ახლა აქ ვიყო და ვტრაბახობდე, რადგან თქვენ ნახეთ, რა თქვა ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტმა: მთელი მსოფლიო მოვიარე და ასეთი სასწაული არსად მინახავსო.

იგივეს ამბობს ძალიან ბევრი უცხოელი, რომელიც აქ ჩამოდის, მაგრამ მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ ჯერ-ჯერობით ძალიან ბევრ ბათუმელს უჭირს,

აღარაფერს ვამბობ ვლაპარაკობ ხულოელებზე, ქედელებზე, შუახეველებზე, ხელვაჩაურლებზე და ქობულეთელებზე.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ "სი-ენ-ენ"-ის წამყვანივით ვთქვა, ყველაფერი გადასარევად არის. მე უფრო ღრმად ვიცი არსებული ვითარება, ვიდრე ნებისმიერმა უცხოელმა და თუნდაც ადგილობრივმა ზედაპირულმა მეთვალყურემ.

მინდა თქვენ გთხოვოთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და თქვენი შენიშნვები გვითხრათ.

დღესასწაულზე შესაძლოა ჩემი მხრიდან მთლად მართებული არ იყოს ხალხის გამოყვანა, მაგრამ თქვენთან შეხვედრა ყოველთვის მიხარია. მე დღესასწაულს ამით აღვნიშნავ.

მოქალაქე: ჩვენი ბათუმი ძალზე გალამაზდა, ამით უზომოდ კმაყოფილი ვარ და ამისთვის მინდა მადლობა მოგახსენოთ. პირადად ჩემთვის პრობლემური საკითხი დასაქმებაა. თავადაც უმუშევარი ვარ და თუ ამ პრობლემას მოევლება კიდევ უფრო მადლობელი ვიქნები...

მიხეილ სააკაშვილი: ძალზე კარგად მესმის თქვენი გასაჭირი. სილამაზის აღქმა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც გული გვაქვს სილამაზითა და სიხარულით სავსე. დასაქმება მოაქვს ინვესტიციას. ბათუმში ბევრი ინვესტორი ჩამოდის და იწყებს ბიზნესს. აქ შენდება ბევრად მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო... თუმცა რაც არ უნდა მეტი გაკეთდეს, ვიდრე თქვენ იქნებით უმუშევარი, შესაძლოა თქვენი მდგომარეობა ამით უფრო დამძიმდეს. გამოსავალი არის ძალიან კონკრეტული: მეტი განვითარება, ინვესტიციები, სტაბილურობა. დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმებულია ბათუმში მშენებლობებზე. ბათუმის მოსახლეობაში უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმ პირობებშიც კი, როდესაც რამდენიმე ათასი კაცი დასაქმებულია პორტში, მშენებლობაზე, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში - მასწავლებლები, ექიმები, სახელმწიფო აპარატის მუშაკები და ა.შ. აქ მშენებლების 90 პროცენტი ქართველები არიან. უახლოესი 2 წლის განმავლობაში აქ დასაქმებულთა რაოდენობა იქნება გაზრდილი. ბათუმის დიდი პროექტი სრულდება 2012 წელს. სასტუმროების ქსელებში დასაქმებულთა რაოდენობა 10 ათას კაცს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ტურისტულ სექტორში 40 ათასამდე დასაქმებული გვეყოლება.

წელს საბჭოთა რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ და 900-მდე დამსვენებელს ველოდებით, ხოლო 2012 წლის დამლევისათვის - ორ მილიონ ტურისტს.

იმ დროისათვის აჭარის მოსახლეობასთან შედარები ეს 2 მილიონი იქნება 5-ჯერ მეტი. ე.ი. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იქნება დასაქმებული. ეს ერთი.

მეორე - არის წარმოება. ინვესტორებმა გახსნეს სერიოზული ეკონომიკური სიმძლავრეები ხელვაჩაურში, ქობულეთში, ბობოყვათში, სადაც ახლა "ნიუკასლ იუნაიტედის" ფორმები იკერება ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბისთვის. ეს მხოლოდ კიდევ დასაწყისია.

ჩვენ ჩამოვიტანეთ ახალი სათბურები, ვგეგმავთ ავტობუსების და სხვა მანქანების აწყობას. აჭარას ინდუსტრიული პოტენციალის დიდი შესაძლებლობა აქვს. აქ არის ძალიან განათლებული და ძალიან კარგი საზოგადოება, რომლის შესაძლებლობები უნდა იყოს რეალიზებული.

დასაქმების მესამე წყარო არის ინფრასტრუქტურული პროექტები. ბათუმის პორტი გაფართოვდა. ჩვენ ახლა ვაფართოებთ სარფის საბაჟოს და ვაშენებთ ახალ საბაჟოს. ვაპირებთ ძალიან სერიოზული ჩავდოთ ფული გზების გაფართოებაში. ვიწყებთ ბათუმი-თბილისის რკინიგზის მშენებლობას. დღეს აქ ჩამოსულები არიან თბილისელები და არავის უკან წასვლა არ უნდა. რკინიგზის მშენებლობას ვიწყებთ მაისში, ავტობანით თბილისიდან აქ ჩამოვლა 2012 წელს შესაძლებელი იქნება 2 საათ ნახევარში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტი მოძრაობა იქნება, ეს კი ასევე დამატებითი დასაქმებაა ხალხისთვის. თურქეთი ძალიან ჩქარა ვითარდება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ეს ადგილი ბევრად უფრო ჩქარა განვითარდება. ისევე როგორც დუბაი ვითარდება სპარსეთის ყურეში, როგორც სინგაპურია ჩინეთთან მიმართებაში. ბათუმმა სწორად უნდა გამოიყენოს თურქეთთან, რუსეთთან, უკარაინასთან ახლომდებარეობა. ყყველა ეს საკითხი სწორად უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს ქალაქი ზემოჩამოთვლილი ქალაქების მსგავსი იყოს. 30 და 40 სართულიანი სახლების რაოდენობით ჩვენ ბევრ ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ქვეყანას გავასწრებთ. მთავარი ის კი არ არის, რომ მარტო ავაშენოთ და დავაყენოთ, მთავარია, რომ მერე შედეგით მივიღოთ ხეირი. მე ვთქვი რომ ბათუმში ბინები ძალიან გაძვირდებოდა.

ტურიზმი ხომ მარტო ის არ არის, რომ ტურისტად ჩამოხვიდე და ბულვარში გაიარო, ხალხი ცხოვრობს, საკვებს ყიდულობს და ეს ხალხს ასევე ასაქმებს.

თქვენ იცით, რომ ომის შემდეგ ჩვენ კრედიტების გარკვეული ნაწილი გავისტუმრეთ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ძალიან უჭირდა. ვიცი, რომ იმ აგრესიის დროს ერთ-ერთი ადგილი, სადაც ყველაზე ძლიერად დადგა საზოგადოება, იყო აჭარა. არასდროს არ დამავიწყდება ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც თქვენ აქ გააკეთეთ. ეს იყო პირდაპირი პასუხი გაცემული მტერზე. თავის დროზე, სუსლოვის გეგმით, საქართველოს სუსტი წერტილი უნდა ყოფილიყო აფხაზეთი, სამეგრელო და აჭარა. დღეს აჭარა და სამეგრელო არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი დასაყრდენი.

მოქალაქე: დიდ მადლობას მიგახსენებთ ბათონო პრეზიდენტო იმისატვის, რომ ჩამობრძანდით და შეგვკრიბეთ. ჩვენ შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ. ამ უნივერსიტეტმა ძალზე დიდი როლი შეასრულა აჭარის რევოლუციის დროს. ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს აინტერესებს თქვენი პოზიცია იმის თაობაზე, თუ როგორ გაგრძელდება განათლების რეფორმა, რომელმაც მნიშვნელობანი ძვრები უკვე მოიტანა; ასევე როგორი იქნება შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების განვიტარების თვალსაზრისით, რათა ეს პროცესი სისტემატური გახდეს...

მიხეილ სააკაშვილი: ბათუმში არის წარმოუდგენლად მაგარი ახალგარზდობა, რაც ყველაზე მეტად მითბობს გულს. ყველაზე მეტად ბათუმელები ახერხებენ ჩემს ნახვას, რამდენჯერმე ქუჩაში გავისეირნე ველოსიპედით და ხალხმა არ შემიმჩნია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. აქ ნამდვილი ევროპაა. ბათუმის სახით პირველი ევროპული ქალაქი ჩამოყალიბდა საქართველოში. ეს სტატუსი იმას ნიშნავს, რომ ევროპულადაც უნდა ვიცხოვროთ, ევროპული განათლება მივიღოთ. აქ მართლაც არის საფუძველი, რომ აქედან წამოვიდეს ახალი სტანდარტები საქართველოსთვის. ჩვენ ახლა ვიწყებთ კომპიუტერიზაციის პროგრამას - ყველა პირველ კლასელს ჩვენ მივცემთ კომპიუტერს, ეს არ ნიშნავს რომ ისინი წიგნებს ჩაანაცვლებენ, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. კომპიუტერი არის სიღარიბიდან გამოსვლის ყველაზე სწორი გზა.

ბათუმში ვიწყებთ ინგლისურის სწავლებას პირველი კლასიდან.

ჩვენ სექტემბერში ჩამოგვყავს 570 ამერიკელი, წლის დამლევამდე კიდევ 500-ს დავამატებთ დაქართველ მასწავლებლებთან ერთად ყველა სკოლაში იქნება ამერიკელი მასწავლებელი. ბევრმა ბათუმელმა ოჯახმა გამოთქვა მათი უფასოდ მიღების სურვილი. ეს ძალიან ჭკვიანი ხალხია, რადგან სახლში ეყოლებათ უფასო ინგლისურის მასწავლებელი.

მე და ლევან ვარშალომიძე ყოველგვარი ტელე-კამერების გარეშე დავდიოდით ბათუმის ძველ ბულვარში, იქ სავარჯიშოებია, სადაც საშუალო ასაკის ქალბატონი ვარჯიშობდა. ერთი ქალი რატომღაც მელაპარაკებოდა ინგლისურად და ვკითხე, რატომ მელაპარაკებოდა ინგლისურად,მითხრა ვიცი და გელაპარაკებიო. მართლა საოცრად განათლებული ხალხია.

ბათუმში წელს პირველად ყველა ათოსანი მიირებს უფასოდ კომპიუტერს სახელმწიფოსგან. მე და ბევრმა ჩემმა სამთავრობო კოლეგამ უცხოეთში მივიღეთ განათლება, ფრანგების, ამერიკელების, ინგლისელების დაფინანსებით. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით ახალგაზრდების რაოდენობას, ვისაც სახელმწიფოს ფულით ვგზავნით სასწავლებლად უცხოეთში.

მიხარია ის, რომ თითქმის ყველა ბრუნდება უკან. თუმცა აუცილებელია, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხი გავზარდოთ.

ბათუმის უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი ტრადიციები, ჩვენ ვაპირებთ რომ მატერიალური ბაზა დავაფინანსოთ უკეთესად, რათა აქაური კუსდამთავრებული სამუშაოს ადვილად პოულობდეს, როგორც საქართველოში ისე უცხოეთში. ამისათვის მხოლოდ მონდომებაა საჭირო. თქვენ იცით რომ ახალი უმაღლესი სასწავლებლების ჩამოყალიბება ხდება.

ბათუმი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. ეს არის ყველაზე იდეალური ქალაქი საუნივერსიტეტო ქალაქისთვის. საქართველოში თუ სადმე ვისურვებდი რამდენიმე კარგი საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნას, ეს არის ქალაქი ბათუმი.

ხშირად ველაპარაკებოდი ჩვენს არქიტექტორებს. ორბელაძე, რომელიც მართლა დიდი ქართველი არქიტექტორია მეუბნება, რომ ყველაზე კარგი ინჟინრები, მშენებლები არიან ბათუმში. ბათუმელები ბულვარის მშენებლობისას დღე და ღამე იჯდნენ იქ და საქმეს აკეთებდნენ. მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლის მშენებლობისას ბევრჯერ მინახავს ბრიგადები ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ბათუმში კი, რამდენჯერ მივსულვარ მოულოდნელად და მსგავსი არაფერი არ ხდება. მე არ ვიცი ამისი ზუსტი ახსნა რა არის, მაგრამ დანარჩენმა საქართველომაც უნდა გადაიღოს ეს.

იცით, რომ ლევან ვარშალომიძესა და ცენტრალურ მთავრობას შორის გარკვეული დავა წარმოიქმნა ფუნქციების გადანაწილებაზე, როცა ადგილობრივ მმართველობას მივეცით თანხა, რომ განათლების თანხები ჰქონოდათ იგივე ფულით, რითაც დანარჩენ საქართველოში გავაკეთეთ სკოლების 30 პროცენტი, აქ გაკეთდა 80 პროცენტი. ადამიანს ხულოდან არ უნდა სჭირდებოდეს პრივატიზაციაზე ბათუმში, ან მით უმეტეს, თბილისში ჩამოსვლა.

დღევანდელი აჭარის პირობებში, როცა ფოთში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმუშავებს ყველაზე უკეთესად ჩვენს პირობებში. მთავრობას დავავალე, რომ თავისუფალი ზონის საკითხი აჭარაში და, კერძოდ, ბათუმში დავძრათ. აქ მოვა ძალიან ბევრი ინვესტიცია და ამას ათვისება სჭირდება. დღეს აჭარა და დანარჩენი საქართველო ხარაჩოებშია. ჩვენ გვინდა დრო, ყველაფერი ერთ დღეში არ კეთდება. გუშინ სწორად მითხრეს სოფელ მისაქციელის მცხოვრებმა, ჩვენ გვინდა დრო, თორემ ყველაფერი გაკეთებადიაო. იმდენი ახალი რამ შეიძლება აქ გაკეთდეს წარმოების თვალსაზრისით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩეხებთან, რომ აჭარის სანაპიროზე გაკეთდეს მონორეალი, ეს არის მაღალ ბოძებზე დამდგარი 21-ე საუკუნის მატარებელი. მსგავსი რამ მინახავს დუბაიში და ვანკუვერში, ევროპაში მსგავსი არაფერი არ არის და პირველი შეიძლება გაკეთდეს ბათუმში. ეს ნიშნავს დამატებით სავიზიტო ბარათს, რომ აქ შემდგომი ინვესტიციები მოვიზიდოთ. მე კარგად მესმის თითოეული თქვენგანის, როცა ამბობთ, რომ უმუშევრობაა.

მე კარგად მესმის თქვენი წუხილი უმუშევრობათან დაკავშირებით; მესმის, რომ დისკომფორტს ქმნის გადათხრილი ქუჩები; მაგრამ 24 საათიანი წყალი ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ინვესტიცია ჩაიდება და უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება. საბოლოოდ, ეს უნდა იყოს დუბაი, სინგაპური, მაგრამ ჩვენი განსაკუთრებული კულტურით. აქ მთავარ მოედანზე დგას მედეა. ამას წინათ ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მინდოდა ბავშვები გამომეჭირა ისტორიის ცოდნაში. ყველაფერი მითხრა ერთ-ერთმა ბავშვმა, მაგრამ ბოლოს დააყოლა: არ იყო ეგ კარგი ქალიო. ბავშვებმა კომპიუტერიც საუკეთესოდ იციან. აქ არის ძალიან განსაკუთრებული საზოგადოება.

გუშინწინ სოხულიდან ჩამოვიდა ეთნიკური აფხაზი, რომელმაც დაურეკა თავის ძმაკაცს ე.წ. მთავრობის ერთ-ერთ უფროსს და უთხრა: ვიცოდი ჭაობში ვიყავით, მაგრამ ასე ღრმად თუ ვიყავით არ მეგონაო. სად ბათუმი და სად სადაც ჩვენ ვართ ყველაო. ჩვენ ვეღარ ვამჩნევთ ამას, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გვინდა - მე მინდა ბევრად მეტი. ჩვენ ბევრი გვინდა, მაგრამ გვავიწყდება, რომ ბათუმი იყო ყველაზე ჩაბნელებული ქალაქი საქართველოში, ყველაზე განარკომანებული. ჩემი ბუნებაც ასეთია, რაც უფრო მეტი კეთდება, ათჯერ მეტი მინდა. მით უმეტეს, როდესაც დედას შვილის გამოკვების პრობლემა აქვს, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს...

დღეს პირველად ვხსნით კარგ საავადმყოფოს აჭარაში. კარგი ექიმები იყვნენ აქ, მაგრამ კარგი საავადმყოფო არ გვქონდა. აქვე ჩნდება მეორე პრობლემა - ყველას შეეძლება თუ არა იმ საავადმყოფოში მკურნალობის შესაძლებლობა. შეიძლება ხვალ ცუდად გახდე და იქ მისასვლელად ან ფული არ გქონდეს, ან პოლისი.

ყოველთვის ჩნდება ახალ-ახალი გამოწვევები და ჩვენც სათანადოდ უნდა გავუმკლავდეთ მათ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)