საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, სადაც "ქრონიკის" იმიტირებულ გამოშვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სპეციალურ რეპორტაჟში" გასული ინფორმაცია მაქსიმალურად ახლოს არის იმ რეალობასთან, რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული, თუმცა ეს ძალიან არასასიამოვნო იყო და სხვაგვარად უნდა გაკეთებულიყო. მისი თქმით, გადაცემაში უნდა ყოფილიყო ტიტრები, რომელიც მიუთითებდა, რომ ეთერში გასული ინფორმაცია მხოლოდ ინსცენირება იყო, რათა მოსახლეობას სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია რეალური არ იყო.
"ბევრი ადამიანი ნერვიულობს. ჩემი პრესსპიკერი გავგზავნე პირდაპირ ეთერში და გამოვხატე ჩემი პოზიცია. რა თქმა უნდა, გუშინდელი ფილმი არასასიამოვნო იყო. ქრონიკის" გუშინდელი მოდელირებული გამოშვება მოვლენების შესაძლო განვითარებასთან მაქსიმალურად ახლოს იყო. ეს მართლაც ძალიან არასასიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება არის ის, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს, ან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული. ჩვენთვის მართლა ცუდი ფილმის ჩვენება 2008 წლის ზაფხულში დაიწყეს. გადაწყვიტეს, ჩვენთვის ეჩვენებინათ, როგორ ინგრევა საქართველო და ეგონათ, რომ ქართველი ხალხი აღმოჩნდებოდა მორჩილი მაყურებლის როლში და მშვიდად მიიღებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ასე არ გამოვიდა და ქართველმა ხალხმა მათ ამ ფილმის ჩვენება შეაწყვეტინა."-განაცხადა მისეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, "ქრონიკის" გუშინდელ მოდელირებულ გამოშვებაში უსამართლოდ იყო მინიშნება საქართველოს შეიაღებულ ძალებზე, თითქოს მათი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას აღარ ემორჩილებოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ თემასთან თამაში არ შეიძლება. "ჩემზე რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ ჯართან სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს არის ის, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ "მთავარი რეჟისორი ისევ წერს სცენარებს" და ეს სცენარები ახლოსაა იმ ინფორმაციასთან, რაც "ქრონიკის" მოდელირებულ გამოშვებაში გავიდა. პრეზიდენტმა ისურვა, რომ ეს როდესმე რეალურად არასოდეს მოხდეს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა.
"მინდა გვესმოდეს, რომ მთავარი პრობლემა არის არა ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში და ნინო ბურჯანაძის პატივისა და ღირსების შელახვაში. საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის სისხლში ამოსვრილი ხელის ჩამომრთმეველს არ შეიძლება გააჩნდეს ღირსება და მას საქართველოში არასდროს არავინ მიაგებს პატივს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პრობლემა არის იმ მენტალიტეტში, რომელიც უშვებს, რომ სროლასა და შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პოლიტიკოსებმა ღიად ილაპარაკონ და ეს ყოველივე ტელეეთერით გავიდეს. პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკოსების ნაწილი სროლისთვის საბაბს ყველგან ეძებს - თუნდაც, სატელევიზიო რეპორტაჟში.
ქართველი პოლიტიკოსების მოსაზრება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, გაუმართლებელია, რადგან ამ ფურცელზე გამთლიანებული საქართველო არ იგულისხმება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთზე ლაპარაკს ხელისუფლება შეგნებულად თავს არიდებდა, ვიდრე ოპოზიციის ნაწილმა მოსკოვში სიარული არ დაიწყო. "პრობლემაა, რომ შენი ქვეყნის ოკუპაციას არ აღიარებ და შენი ქვეყნის მთავრობის ჩამოგდება გინდა. ეს გზა ხომ უკვე გავლილია, მეფეებზე გაბრაზებული ფეოდალები თავად მოუძღოდნენ მტრის ჯარს საქართველოში და ესენი ამბობენ, რომ სუფთა ფურცლიდან იწყებენ ურთიერთობას რუსეთთან, იმ ფურცლიდან, სადაც საქართველო არ არის მთლიანი და ეს არის ძალიან ბინძური ფურცელი",-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო გადაარჩინა ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერამ, ოპოზიცია კი ამ მხარდაჭერაზე უარს ამბობს. "ზოგჯერ საერთაშორისო საზოგადოება არაერთგვაროვანია, მაგრამ ეს არის ჩვენი შანსი. პრობლემაა იმის თქმაში, რომ ეს ხალხი სააკაშვილთან და ქვეყნის მტერთან - პუტინთან მოლაპარაკებებს აყენებს ერთ პლანში და აცხადებს, მერე რა, პუტინს როგორ არ დაველაპარაკები, სააკაშვილს ველაპარაკები და პუტინს ვერ დაველაპარაკები? ამ საშინელებათა კინოთეატრში ვეღარ შეგვყრიან. "საქართველოს მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ გაუძლო წარმოუდგენელ გამოცდას, რომელსაც ბევრი ერი ვერ გაუძლებდა, გაუძლო იმიტომ, რომ არის ძალიან გამბედავი, დაგროვილი აქვს ძალიან დიდი ისტორიული გამოცდილება და სიბრძნე, იცის სად არის სიყალბე. ჩვენ უკვე გავუგეთ გემო თავისუფლებას, შევქმენით დემოკრატიული ქვეყანა, საზოგადოება მაინც იღებს სწორ გადაწყვეტილებას.
პირველად კავკასიაში, ჩვენ შევქმენით ნამდვილი სახელმწიფო, ამას ყველაზე მეტად არ მოელოდა იმპერია, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი კოზირი.
ახლა გაგვიჩნდა ეკონომიკური წარმატების გამოცდილება, ძალიან არასრულყოფილი, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელმაც გადაიტანა ომი ამხელა ქვეყანასთან, დედამიწის მეცხრედთან, ქვეყანა, რომელმაც გადაიტანა ეკონომიკური კრიზისი, დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა, 90-იან წლებში ამის მეათედი არ მომხდარა, ყველაფერი მოიშალა, დენი გაქრა, შენობები ჩამოიშალა. ყველაფერი გაგვქონდა, ჩვენი ძირითადი ექსპორტი იყო ჯართი. სადაც ჩვენ ვაკონტროლებთ ტერიტორიას, ვაშენებთ უფრო დიდი ტემპით, ვიდრე გვიშენებია მრავალი ასწლეულის განმავლობაში,
ნამდვილად არ ვარ მომხე იმისა, რომ ჩვენი სიტუაცია ვარდისფერი შუშებით დავინახო, ერთი მეათასედი გაკეთდა იმისა, რაც საქართველოში ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ეს მე ყველაზე კარგად ვიცი, მაგრამ როცა არაფრის დანახვა გსურს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შენ თვითონა არაფრის შემქმნელი ხარ, როდესაც სხვის შრომას არ აფასებ".-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმის თქმა, რომ საქართველოს მთავრობას სურს ომი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი. სანამ ამათ არ დაიწყეს მოსკოვში სიარული, ჩვენ რუსეთზე ლაპარაკს თავს ვარიდებდით. ჩვენ მოვიგებთ მშვიდობით. სამხედრო თვალსაზრისით ეპაექრო ქვეყანას, რომელსაც საკუთარი ხალხის სიცოცხლე არაფრად უღირს, ეს არარაციონალურია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური