საქართველოს პრეზიდენტმა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის თემაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა მთავრობის წევრებისგან უკვე შესრულებული სამუშაოების თაობაზე ანგარიში მოისმინა და განსახორციელებელ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. პროექტის დაფინანსების დეტალები პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაციისათვის მილიარდი ლარი დაიხარჯება და თანხის მოსაძიებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მოლაპარაკებები დაწყებულია აზიის განვითარების ბანკთან, რომელიც წლის ბოლოს გამოგვიყოფს 500 მილიონ ამერიკულ დოლარს და ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც 100 მილიონ დოლარს მოგვცემს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, რომელიც ამ წლის დამლევს დასრულდება, 300 მილიონი ლარი დაიხარჯება და 33 რაიონული ცენტრისა და დიდი ქალაქის ძირითადი პრობლემები მოწესრიგდება. როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა გოცირიძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია საქართველოს სოფლებში ვითარების შესწავლა და არსებული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაც.
პრეზიდენტი ბორჯომის, ბაკურიანისა და საირმის საკურორტო ზონების წყალმომარაგების საკითხით დაინტერესდა. ლაშა გოცირიძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ბორჯომისა და ბაკურიანი მოსახლეობას ამ მხრივ პრობლემა მოეხსნება. რაც შეეხება საირმის საკურორტო ზონას, მისი თქმით, იქ ამჟამად კვლევა მიმდინარეობს და წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია პროექტის მეორე ეტაპზეა გათვალისწინებული. შეხვედრისას ყურადღება გაამახვილეს დაბა მესტიის წყალმომარაგებაზე, რისთვისაც 28 მილიონი ლარის ინვესტიციაა საჭირო. აქედან 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია. ასევე აღინიშნა, რომ 2011 წელს დაიწყება პირველადი სამუშაოები ზუგდიდი-ანაკლიის მიმართულებითაც. სათავე ნაგებობა ენგურის კაშხალზე იქნება და წყლის თვითდინებით გამოყვანის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება მთელი სამეგრელოს უზრუნველყოფა წყლით. ამისათვის 80 მილიოზე მეტი ლარი დაიხარჯება. ფოთის დარჩენილი ქსელის რეაბილიტაცია ერთ თვეში დაიწყება და ორ წელიწადში 24 საათიანი წყალმომარაგება თითქმის მთელ ქალაქს ექნება. ასევე აღინიშნა, რომ წყალგაყვანილობის სამუშაოები დაწყებულია წყალტუბოშიც.
შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ორი წლის წინათ საქართველოს მთავრობამ, ამ მიმართულებით, სერიოზული მუშაობა დაიწყო. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დატოვებული მემკვიდრეობა, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მხრივ, უმძიმესი იყო.
"როდესაც ვლაპარკობთ მთელ საქართველოზე, უნდა გვახსოვდეს, რომ დღესდღეობით მთელ საქართველოს ვერ ვაკონტროლებთ და ლაპარაკია მხოლოდ ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილზე.
თბილისში ჯერ კიდევ არის რაიონები, სადაც მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ნუცუბიძის პლატოები და ვაჟა ფშაველას კვარტლები, ვერა და ვაკე, ასევე შედარებით ახალი გარეუბნები ჯერ კიდევ გრაფიკის პირობებში მარაგდება წყლით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ ხალხთან, ვინც თბილისის წყლის ოპერატორია, რათა დედაქალაქს ერთხელ და სამუდამოდ მოეხსნას გრაფიკი და იყოს 24 საათიანი წყალმომარაგება.
როდესაც ვლაპარაკობთ სერიოზულ გაუმჯობესებაზე, მინდა ვაღიარო, რომ ბევრ სოფელში მოხდა წყალსადენის შეკეთება, მაგრამ დიდ ქალაქებში ცლკეული გამონაკლისების გარდა, სერიოზული წინსვლა ჯერ-ჯერობით არ გვქონია. რამდენიმე დღის წინათ ველაპარაკებოდი მეგობარს, რომელიც დედოფლისწყაროს სოფელ ჯაფარიძედან არის. ის მიყვებოდა, როგორ გამოყავდათ იქ გამავალი ძირითადი მაგისტრალიდან წყალი, რომელსაც პერიოდულად უჭრიდნენ და სოფელი ისევ უწყლოდ რჩებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ სოფელს აქვს წყალი. კახეთში ბევრ ადგილებში წყალი გავიყვანეთ, მაგრამ, ძირითადად, მაინც პრობლემაა. ფოთში ჩვენ შევასრულეთ გარკვეული სამუშაოები, მაგრამ ამან მხოლოდ ფოთის მცირე ნაწილის ყოფა გააუმჯობესა. ოზურგეთში იმაზე ნელა ვითარდება მოვლენები, ვიდრე ვვარაუდობდით. იმედია, ახლციხეში იმ ცენტრალურ ნაწილში, სადაც მილები ჩაიყარა, გაკეთდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან წყალი მთელ ახალციხეს სჭირდება. ბორჯომში ჩვენ ბევრად უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა. ბათუმშიც დაწყებულია სამუშაოები - ამ საქმეში ევროპელი პარტნიორებიც არიან ჩაბმული. ბევრგან ვერ ვაკეთებთ გზებს, რადგან მიმდინარეობს მილების შეცვლის პროცესი და ქუჩები გადათხრილია. თუმცა ვვარაუდობთ, რომ ზაფხულამდე ცენტრალურ ნაწილში მაინც შევძლებთ ამ სამუშაოების დასრულებას. ბათუმელებმა უნდა იცოდნენ ერთი რამ - 2012 წლის დამლევს, როდესაც სრულად დასრულდება სარეაბილიტაციო პროცესი, ბათუმს ექნება ყველაზე თანამედროვე წყალსადენი და კანალიზაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ბათუმს მოყვება ქობულეთი, ქობულეთს - ბორჯომი და ბაკურიანი, ამ რაიონებს - ზუგდიდი და ანაკლია და ა.შ. ძნელი წარმოსადგენია იმაზე დიდი მიღწევა და წარმატება, რომ ზუგდიდს ექნება საკუთარი წყალსადენი. ქუთაისი არის ყველაზე რთული და სწრაფად გადაჭრელი პრობლემა. რუსთავი და ქუთაისი ერთ მდგომარეობაში იყო. რუსთავში უკვე ყოველდღეა წყალი და ქალაქის უმეტეს რაიონებში 24 საათიანი წყალმომარაგებაა. იქ მართლა კარგად იმუშავა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. თუ კარგად ვიმუშავებთ, წლის დამლევამდე ქუთაისის ზოგიერთ გარეუბანში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება, თუმცა ქალაქის ცენტრში ეს პრობლემა კვლავაც მოუგვარებელი რჩება. ამიტომ, ამ საკითხის გადასაწყვეტად, წყალტუბოსთან ერთად, ქუთაისში რადიკალური ზომების მიღება და დიდი თანხის დახარჯვაა საჭირო. ასევე უნდა დავამთავროთ ფოთის სისტემის რეაბილიტაცია. ფოთში იქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მაისში ვიწყებთ დიდი აეროპორტის მშენებლობას და ყოველივე ეს ვერ განვითარდება თუ დენთან და იმ გაგაზსადენთან ერთად, რომელიც ამერიკელების ფულით მიგვყავს, ანუ სრულ გაზიფიკაციასთან ერთად, არ გვექნება მთავარი რამ - წყალი.
2013 წელს საქართველოში საერთოდ აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება თანამედროვე წყალსადენი და თანამედროვე კანალიზაცია. შავი ზღვა იმის გამო ბინძურდება, რომ კანალიზაცია ჩადის ზღვაში. 2013 წლისთვის ეს უნდა იყოს ცუდ სიზმრებში მოსაგონარი რამ. ჩვენი ბავშვები უნდა გაიზარდონ ისეთ პირობებში, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეთ, რა არის უშუქობა, უგაზობა და უწყლობა. უწყლობაზე დიდი პრობლემა, ვფიქრობ, არ არსებობს. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, აღმოვაჩინე, რომ სახელმწიფო კანცელარიაშიც კი ედუარდ შევარდნაძის დროს იყო გრაფიკი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ მთელ საქართველოში იყოს 24 საათიანი წყალმომარაგება.
სამი მილიარდი ლარი იხარჯება გზებზე, კერძო სექტორი ჰესების მშენებლობაზე ხარჯავს ამდენივეს, თუ მეტს არა და, დაახლოებით, მილიარდი დაიხარჯება წყალმომარაგების სისტემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 7 მილიარდ ლარად საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ყველა ძირითადი საყოფაცხოვრებო საკითხი იქნება მოგვარებული. ეს არის არა პროგრამა მაქსიმუმი, არამედ მინიმალური წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველო განვითარდეს და ჩვენმა მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ ამ ქვეყანაში თავი იგრძნოს კომფორტულად და საკუთარ მომავალში დარწმუნებულად.
თუ ჩვენი მთავრობისა და ჩემი პრეზიდენტობის ვადა ისტორიაში შევა როგორც საქართველოში ელქტროენერგიის, გაზის, წყლის და გზის საკითხის გადაწყვეტის ხანად, ეს უკვე იქნება დიდი ისტორიული გარღვევა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ამის გარდა კეთდება ქვეყანაში.
დღეს ვნახე სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობს ქუთაისსა და ქობულეთში. მუდმივად ვითხოვ იმის ანგარიშს, რა და როგორ ხდება ბორჯომში, თბილისში, რუსთავში, ყველა დიდ სოფელში. მინდა გითხრათ, იმის გამო, რომ არ ვიცოდით ტექნოლოგიური დეტალები, თავის დროზე, შეცდომებიც მოხდა. ამიტომ, უფრო მეტი უცხოური კომპანია უნდა დავიხმაროთ, უფრო მოწინავე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ, ისე როგორც ამას გზებთან დაკავშირებით ვაკეთებდით. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მუშაობა არ შეწყვეტილა და არც მომავალში შეწყდება. მაგალითად, დუშეთის წყალმომარაგების რეაბილიტაცია შეფერხდა რუსეთის ოკუპაციის გამო - ახალგორში სათავე ნაგებობა გავითიშეს. პრობლემას გვიქმნიან ცხინვალის რეგიონში არსებულ და სხვა სათავო ნაგებობებზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ პროგრამას ბოლომდე მივიყვანთ. კომისიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა - მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ორ თვეში ერთხელ მოვისმენ ანგარიშს. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში უწყლობა ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს ბნელ წარსულს", - განაცხადა შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური