სიახლეები
05.05.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიაში თანამემამულეთა საფლავები გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი და დელეგაციის სხვა წევრები ჰოლანდიაში გუშინ შუადღისას ჩავიდნენ. კუნძულ ტექსელზე მათ ჯერ აჟანყების მუზეუმი დაათვალიერეს, შემდეგ კი საძმო სასაფლაოზე მივიდნენ. მიხეილ სააკაშვილმა გვირგვინით შეამკო იმ ქართველი გმირების საფლავები, რომლებმაც ჰოლანდიელ პარტიზანებთან ერთად თავისუფლებისათვის ბრძოლას შესწირეს თავი.
1945 წელს ფაშისტების წინააღმდეგ აჯანყებისას 600 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. გადარჩენილმა ქართველმა მეომრებმა გუშინ თანამებრძოლთა საფლავებზე ქართული მიწა ჩაიტანეს. საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მათი სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ისტორიაში ძალზე ტრაგიკული ფურცელია. "800 ქართველი აჯანყდა და უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ 2400 გერმანელი ფაშისტი გაანადგურეს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ ბრძოლამ მათ სამარადისო ხსოვნა დაუმკვიდრა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დღეს დაბრუნდება.
საპრეზიდენტო შტაბის მედია-ცენტრი