სიახლეები
06.10.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფესტივალ ”ჩვენებურების” მონაწილეებს შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გამართულ ფესტივალ " ჩვენებურების" მონაწილეებს შეხვდა. მისასალმებელ სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც დღესდღეობით საზღვრებს გარეთ იმყოფება. მან აღნიშნა, რომ ორმაგი მოქალაქეობის დაწესების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სწორედ უცხოეთში წასული ქართველების დასაბრუნებლად მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნა, რომ ქვეყანის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. "ჩვენ უძველესი ერი ვართ, მაგრამ თანამედროვე ტიპის სახელმწიფო არასოდეს გვქონია. ეხლა კი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სწორედ ასეთი სახელმწიფო შევქმნათ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
"საქართველო მსოფლიოში არამარტო სილამაზით, არამედ თავისი საინტერესო კულტურითაც, ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა " - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა - "საამაყოა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური