Google+

სიახლეები

10.10.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტიქიის რაიონებში გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა სტიქიის ადგილებში გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაცია დასრულდა. მისი თქმით, რეზერვისტები და საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი ყაზარმული რეჟიმიდან მუშაობას ჩვეულ რიტმში განაგრძობენ. საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაზარალებული მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა დაავალა და აღნიშნა, რომ სამეგრელოსა და გურიის მცხოვრებლებმა პროდუქტები უკვე მიიღეს.

"სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად უნდა გავაკონტროლოთ, რომ ყველა ოჯახი, რომელიც ზამთარში საკუთარი პროდუქტების იმედად იყო, ფქვილით, ზეთით, კარაქითა და კვების სხვა პროდუქტებით უზრუნველყოფილი იყოს. არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს მშიერი მხოლოდ იმის გამო, რომ მათი მოსავალი დაიტბორა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ეს უნდა განაწილდეს." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი იმ გზების აღდგენის საკითხსაც შეეხო, რომლებიც მეწყერის შედეგად დაინგრა და რის გამოც მთელი რიგი სოფლები გარე სამყაროს მოწყდა. "მომდევნო სამ დღეში დამეწყრილი გზები უნდა გაიწმინდოს, რათა ამ სოფლების მოსახლეობას რაიონულ ცენტრებთან დაკავშირების საშუალება ჰქონდეს. ორი-სამი კვირის განმავლობაში ყველა ძირითადი ხიდი უნდა აღვადგინოთ, ხოლო მეორეხარისხოვანი ხიდების აღსადგენად, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა და ამ სამუშაოს შესრულება საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაავალა.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ 55 ოჯახის მდგომარეობაზე გაამახვილა, რომელიც სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩა. "ამ გარემოების გამო, არც ერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ არ უნდა აღმოჩნდეს. ზოგს ნაკვეთი უნდა მივცეთ და სახლის მშენებლობაში უნდა დავეხმაროთ, ხოლო ნაწილს ბინები შევუძინოთ" - განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წყალდიდობის შედეგად შექმნილი მთავარი პრობლემა სიღარიბეა. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მიხეილ სააკაშვილი პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების ამუშავებას მიიჩნევს. მისი თქმით, საამისოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეიმუშავებული უნდა ჰქონდეს საშუალო და გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც ციტრუსების, ჩაის, თხილის გადამუშავებასა და ბზარზე გატანას ითვალისწინებს. "მსოფლიო ბანკთან ერთად, მომავალ წელს 50 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისათვის, რომ დასრულდეს ქაქუთი-ჩოხატაურის გზის მშენებლობა, რომელიც გურიას ჩაქვი-ბათუმის გვირაბთან დააკავშირებს. ასევე უნდა დასრულდეს ურეკი-ოზურგეთის გზის მშენებლობაც, რადგან ეს მეორე გასასვლელია ბაზარზე. ამას გარდა, ნაპიგრსამაგრი სამუშაოებისათვის (სამტრედიასა და ოზურგეთში ჯებირების მშენებლობისთვის) მომავალ წელს 2 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ, საერთო ჯამში, რეგონისთვის 40-50 მილიონი ლარი დაიხარჯება. თუმცა, როგორც მან განაცხადა, ეს მხოლოდ ნაწილია, იმისა, რაც გურიაში უნდა გაკეთდეს.

მიხეილ სააკაშვილმა იმაზეც ილაპარაკა, რომ აუცილებელია საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის სტრუქტურის გადახედვა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი უნდა გაიზარდოს, უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული უფლებამოსილება, გაიზარდოს რესურსები და ამ საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული მჯელობაა საჭირო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რაჭასა და ლენტეხში მომხდარი წყალდიდობების დროს გამოცდილება შევიძინეთ, თუმცა კიდევ უფრო მეტი ორგანიზებულობა და მომზადება გვმართებს. "ერთი რამ სრულიად ნათელია - ამ წყალდიდობის მოკლევადიანი შედეგები უახლოეს დღეებში უნდა იყოს ლიკვიდირებული, ხოლო რეგიონის გრძელვადიანი განვითარების საკითხი ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია. სიღარიბე და გაუსაძლისი ვითარების აღმოსაფხვრელად, რის გამოც, ყოველივე ამასთან დაკავშირებით ხალხი ძალზე მწვავედ რეაგირებს, სერიოზული პროგრამა უნდა შევიმუშავოთ. ვფიქრობ, სხვა მხრივ, ჩვენი მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს, რადგან მათ ნახეს, რომ ხელისუფლებამ ისინი არ მიატოვა - მოსახლეობას თანამდგომი, ხოლო ქვეყანას რეალური პატრონი ჰყავს. საქართველოში მოვიდა ქმედითი ხელისუფლება, რომელსაც შეზღუდული ფინანსური რესურსების მიუხედავად, ოპერატიული რეაგირების მოხდენა შეუძლია. სტიქიის ზონაში გუშინ ვიყავი, ჩემი დანაპირები კი უკვე შესრულებულია. მიხარია, რომ ეს ყველაზე სკეპტიკურმა მცხოვრებლებმაც აღიარეს", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)