Google+

სიახლეები

04.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუშინ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვილნიუსში ჩავიდა, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც "აღმოსავლეთ ევროპაში კონსოლიდირებული დემოკრატიის პრობლემებს და პერსპექტივებს" უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო სერიოზულად ფიქრობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის თაობაზე. მისი თქმით, ლიტვის მაგალითი ადასტურებს, რომ საქართველო გადარჩენას დსთ-ს გარეშეც შეძლებს.

"ჩვენთვის ყველაზე სერიოზული კითხვაა ღირს თუ არა საერთოდ ამ ორგანიზაციაში დარჩენა, რომელსაც ჩვენთვის სარგებელი თითქმის არ მოაქვს. ჩვენ გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ. ჩვენ გავიაზრებთ ყველა დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას... დსთ-ს ფორუმები სულ უფრო უმნიშვნელო ხდება. ძალიან ცოტაა მასზე განსახილველი საკითხების რაოდენობა და ამ ორგანიზაციაში თავმჯდომარე ქვეყანა უცვლელია. ამიტომ ჩვენ ვერ ვახერხებთ საკუთარი პოზიციების დაცვას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, დსთ-ის ბევრ ქვეყანასთან საქართველომ ბევრი ხელშეკრულება დადო თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლაზე, თუმცა რუსეთთან, რომელიც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა, მოქმედებს ყველაზე მკაცრი სავიზო რეჟიმი, იმაზე მკაცრიც კი, ვიდრე ეს ევროკავშირის ქვეყნებშია.

"თავისუფლების ტალღას, რომელიც თბილისიდან დაიწყო, საფრთხე ემუქრება. ვიღაც ჩუმად არის, ვიღაც ამ საფრთხეს ხელს უწყობს. თუკი პოლიტიკური ძალები მოსკოვში ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს დაანგრევენ, ყველას საერთო საფრთხე შეგვექმნება. ევროპისთვის ეს გამოსაფხიზლებელი გამოწვევაა. ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ დსთ-ს მომავალზე, რადგან ის დახურული ორგანიზაცია გახდა. საქართველო ცდილობს გაერკვეს, თუ რა მიმართულებით უნდა ითანამშრომლოს მასთან. უნდა გვჯეროდეს, თავისუფლებასა და დემოკრატიას ბრძოლის გარეშე ვერ მოვიპოვებთ. ჩვენ საერთო დემოკრატიულ წესრიგს ვქმნით - ზოგი ნატო-ში შევიდა, ზოგიც - ევროკავშირში. ჩვენთვის, შესაძლოა, ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. სირთულეების მიუხედავად, საქართველო ევროპული ღირებულებებისკენ მიილტვის", - განაცხადა გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე, კონფერენციაზე სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გამოვიდა. გამოსვლისას მან საქართველოსა და უკრაინის შესახებაც ილაპარაკა და განაცხადა, რომ რევოლუციურ მთავრობებს შეერთებული შტატები მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩვენ კვლავ გმირების ეპოქაში ვცხოვრობთ. თავისუფლებისკენ ლტოლვა შეუზღუდავია. სწორედ ამის მაგალითია გზა თბილისის თავისუფლების მოედნიდან კიევამდე, როდესაც პატრიოტებმა ხმა ამოიღეს საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. მათ უდიდესი ვალდებულებები იკისრეს და მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურეს.

ფერადი რევოლუციების მონაწილეები ჩვენი ისტორიის გმირები არიან, მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები: "ჩვენ ყველაფერი ნულიდან - უხელფასობის, უმუშევრობისა და უშუქობის პირობებში დავიწყეთ". ასეთ ვითარებაში ზოგი ქვეყანა არსებობას წყვეტს. დემოკრატიული განვითარება ისტორიული პროცესია და სწორედ ამან შეცვალა სამყარო უკეთესობისკენ. რაც სამართლიანია ვილნიუსში, ის სამართლიანია თბილისში, კიევში, მოსკოვში და მინსკშიც კი. ბელორუსი ხალხი იმსახურებს იმას, რომ ეხლა ჩვენს გვერდით იყოს. ევროპამ და ამერიკამ ვალდებულება იკისრა, რომ ამ ხალხს დაეხმაროს, თუმცა როდის და როგორ მოხდება ეს, მხოლოდ ბელორუსი ხალხის გადასაწყვეტია.

დემოკრატიას ახალი მტერი ჰყავს. ეს რელიგიური ექსტრემიზმი და ბირთვული იარაღია. მეგობრების დახმარებით, რომელთა შორის საქართველო და უკრაინა იყო, ერაყში დიქტატურა დავამარცხეთ. მიმაჩნია, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი ძალა თავისუფლების სიყვარულია და ამას წინ ვერაფერი დაუდგება", - განაცხადა დიკ ჩეინიმ.

ვილნიუსში უკვე დასრულდა საქართველოს პრეზიდენტისა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და დიკ ჩეინიმ პრესისთვის მცირე კომენტარიც გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)