საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვა თბილისის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიაზე
ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ თბილისის დეკლარაციას და, ასევე, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის ახალი რკინიგზის მშენებლობის პროექტს.
ჩვენს რეგიონში ჩვენ რამდენიმე პროექტი გვქონდა - საკმაოდ დიდი პროექტი იყო ნავთობსადენის, მაგრამ ეს არის პირველი გრანდიოზული პროექტი, რომელსაც ჩვენი სამი ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, უბრალო ადამიანებთან ექნება შეხება.
ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ გადატრიალებას ახდენს, რადგან ეს არის არა, მხოლოდ ჩვენი სამი ქვეყნის სტრატეგიული დამაკავშირებელი ხაზი, არამედ ცენტრალური აზიის, ჩინეთის და ევროპის რეგიონების ჩრდილოეთთან დამაკავშირებელიც.
პრაქტიკულად, ამ პროექტით აბრეშუმის გზის ახალი, თანამედროვე ვერსიის ჩამოყალიბება ხდება.
ეს არის პროექტი, რომელშიც ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია იდება, მაგრამ, პერსპექტივაში, ჩვენი ქვეყნებისთვის და ამ გზაში მონაწილე ბიზნესსუბიექტებისთვის ათობით და ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალს მოიტანს.
ეს არის პროექტი, რომელიც თითოეული ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით, ყველა შემთხვევაში, წარმატების სერიოზული გარანტიაა.
ამ პროექტის თანახმად ყველა ქვეყანა მოგებული იქნება.
თუკი აქამდე, რუსეთის რკინიგზის გადაკეტვის გამო, საქართველო ფაქტობრივად, ჩაკეტილ სივრცეში მოექცა, 2010 წლისთვის საქართველოს რკინიგზა ამ ჩიხიდან ევროპის რკინიგზის შემადგენელ ნაწილად გადაიქცევა.
ქართული ტვირთი, ისევე როგორც ცენტრალური აზიიდან და ევროპიდან წამოსული ტვირთი, გაივლის ამ გზას და, რა თქმა უნდა, ამ გზით მგზავრები ისარგებლებენ.
რეგიონის გეოგრაფია მთლიანად შეიცვალა.
ადრე ქართულ-თურქული საზღვარი მთელ მსოფლიოში ყველაზე არაგამჭვირვალე იყო.
მუდმივად მახსენდება ჩემი თურქი მეგობრის ნათქვამი: "ჩემთვის საქართველო იყო პროჟექტორი, რომელსაც საბჭოთა მესაზღვრეები ბათუმის სანაპიროდან ჩვენ, საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებლებს, დღეში რამდენჯერმე გვანათებდნენ. საქართველოს შესახებ მეტი არაფერი ვიცოდით. ანუ ვიცოდით მხოლოდ ის, რომ საქართველოში იდგა ერთი დიდი პროჟექტორი, რომელიც გვაბრმავებდა და არაფრის დანახვის საშუალებას არ გვაძლევდა".
დღს საქართველო-თურქეთის საზღვარი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე საზღვარი მსოფლიოში - ეს მეგობრობის საზღვარია.
მინდა ვთქვა, რომ ეს საზღვარი წელს მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებმა საქართველოსთან სავიზო ნორმები გაამკაცრეს, თურქეთმა საქართველოსთან უვიზო მგზავრობა შემოიღო და ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლად სიარულის საშუალება მისცეს.
უახლოეს თვეებში ბათუმის საერთშორისო აეროპორტი გაიხსნება, რომელიც თურქულ-ქართული - ერთობლივი გამოყენების აეროპორტი იქნება.
ჩვენ სრულიად ახალ რეალობაში გადავდივართ.
ალბათ წელს ბათუმ-სტამბულის შემაერთებელი დიდი ავტობანიც გაიხსნება, რომელსაც თურქეთის მხარე აშენებს და საქართველოს საზღვრამდე მოვა.
ავტობანს ჩვენც ვაშენებთ დასავლეთისკენ, სოხუმისკენ და ბათუმისკენ და ისიც აუცილებლად შეუერთდება სტამბულის ავტობანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მგზავრი, რომელიც მანქანაში თბილისში ჩაჯდება, ღამით უკვე სტამბულში იქნება.
ეს არის გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული გადატრიალება.
ასევე ჩავჯდებით მატარებელში თბილისში, ბორჯომში, თელავში და სტამბულის გავლით, მოსკოვის ქვეშ გაკეთებული გვირაბით, მატარებლის გამოუცვლელად პარიზსა და ბერლინში ჩავალთ.
აი, ეს არის გეო-პოლიტიკური და გეოგრაფიული გადატრიალება.
აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შედეგად, იმ მართლაც ძალზე გამბედავი გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ მიიღო, საქართველო წელს ალტერნატიული გაზით მარაგდება, რომლის წილიც ჩვენი გაზის ბალანსში სულ უფრო იზრდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყანა იშვიათი გამონაკლისი ხდება, რომელსაც გაზის ალტერნატიული, საიმედო, უფრო იაფი და ხელმისაწვდომი წყარო აქვს.
მინდა გავიხსენო, რომ როდესაც შარშან იანვარში, ჩემთვის სრულიად გაურკვეველი და გაუცხადებელი მიზეზების გამო, საქართველოს გაზი და ელექტროენერგია გაუთიშეს, აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება და რეკორდულად ცივი ზამთრის ყველაზე ცუდ დღეებში საკუთარი მოსახლეობის დიდი ნაწილი გათიშა და გაზი საქართველოს ძმურად გაუყო, რათა ჩვენი ქვეყანა არ გაყინულიყო.
ეს ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რადგან სწორედ მსგავს დროს ხდება ქვეყნებს შორის მეგობრობის გამოცდა.
მინდა ისიც ვთქვა, რომ წელს აზერბაიჯანს გაზი მხოლოდ იმ გადაწყვეტილების გამო გაუძვირეს, რომ მან საქართველოსთვის გაზის მიყიდვა გადაწყვიტა.
სიმართლე ვთქვათ, რატომ გაუძვირეს აზერბაიჯანს გაზი?
აზერბაიჯანს პრობლემები არ ჰქონდა, მაგრამ რეგიონში არის სამი ქვეყანა, მათ შორის პირველად ბუნებრივი გაზი საქართველოსთვის გააძვირეს და 232 დოლარი გახადეს, შემდეგ კი აზერბაიჯანს გაუძვირეს, რადგან მან საქართველოსთვის გაზის მიწოდება გადაწყვიტა.
ეს ქვეყანა სწორედ ამისათვის დაისაჯა.
იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანს გაზი გაუძვირეს, ის უფრო ძვირ პროდუქტზე მაზუთზე გადავიდა, მაგრამ ამ ზემოქმედებას გაუძლო, რათა საქართველოსთვის გაზის მიწოდება არ შეეწყვიტა და ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი საწვავი მოეწოდებინა.
ქართულ საზოგადოებას ეს არასდროს არ უნდა დაავიწყდეს, რადგან ასე იცდებიან მეგობრები და ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცება ასე ხდება.
მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი მეგობრობის, ძმობის და პარტნიორობის ახალი დასაწყისი.
მინდა ასევე ვთქვა, რომ თურქეთიდან საქართველოში დღეს ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება და ერთ-ერთი ასეთი ობიექტის გასახსნელად პირდაპირ აქედან წავალთ.
ჩვენ მართლაც დიდი ცვლილებების მომსწრე ვართ.
ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინდა რომელიმე ქვეყანა ამ პროცესების მიღმა დარჩეს.
ჩვენს ინტერესს წარმოადგენს, რომ ყველა მეზობელთან თასწორუფლებიანი, მეგობრული, გამჭვირვალე ურთიერთობა გვქონდეს.
ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის არც ერთი ქვეყანა არ იყოს იზოლირებული, არც ერთი ქვეყანა არ დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, თანასწორუფლებიანი, ახლო, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვინდა ჩვენს მეზობელ სომხეთთან.
ჩვენ გვინდა განვითრება, რადგან თუ არა ერთმანეთთან მეგობრული, ხელჩაჭიდებული განვითარება, ამიერკავკასიის ქვეყნებს ალტერნატივა არა აქვს და ეს დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს სრულიად ნათლად აქვს გაცნობიერებული.
ჩვენ გვაქვს რთული წარსული, რადგან ყველანი დიდი იმპერიის ნამსხვრევებს წარმოვადგენთ, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო აწმყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ნათელი მომავალი.
ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და დღეს აქ სამი ქვეყნის უფლებამოსილი პირები ამ მომავალს ვაწერთ ხელს.
მინდა ეს დღე სამივე ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას მივულოცო.
ჩვენ ამ დოკუმენტს მოვაწერთ ხელს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გრანდიოზული მშენებლობა წელსვე დაიწყოს, რათა უმოკლეს ვადაში დასრულდეს.
თუ დავფიქრდებით თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, რეალურად, ექვსი თვის წინათ დაიწყო და ექვს თვეში ასეთი გრანდიოზული შენობა აშენდა.
ასე რომ, ჩვენ რკინიგზასაც ავაშენებთ, ახალ ტერმინალებსაც და სხვა მრავალს.
ჩვენ ახალ ინვესტიციებს მივიღებთ და ავითვისებთ კიდეც და რაც მთვარია, ჩვენს ხალხებს შორის ძმობასა და მეგობრობას განვამტკიცებთ.
მსურს დიდი მადლობა მოვახსენო თურქეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის.
გმადლობთ!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური