Google+

სიახლეები

04.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულს ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვემო ქართლს, კერძოდ, მარნეულს ეწვია, სადაც ახალი საკონსერვო ქარხანა პრეზიდენტის პროექტის "100 აგრარული საწარმოს" ფარგლებში გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილმა საწარმოს მიერ გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები დააგემოვნა და მცირე კომენტარი გააკეთა. მან მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც საქართველოს პარლამენტში განსახილველი სამთავრობო პროგრამა კრიტიკულად შეაფასა და მას სადღეგრძელო უწოდა.

"ამას წინათ, პარლამენტში განსახილველად მთავრობის ახალი პროგრამა შევიდა. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, როგორც ჩანს საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მაშინვე სადღეგრძელო გაიხსენა. ძალზე სამწუხაროა, რომ პოლიტიკური განხილვები ამ დონეზე მიმდინარეობს. თუ ასი სოფლის მეურნეობის საწარმო, ორასი სოფლის გზა, ასი ახალი თანამედროვე ტიპის საავადმყოფო, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ჰოლანდიისა და გერმანიის მსგავსი სკოლები, სოციალური სფეროს დამატებითი გარანტიების შექმნა მხოლოდ სადღეგრძელოდ ეჩვენებათ, მაშინ ვისურვებ, რომ თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას ისე აუხდეს ეს სადღეგრძელო, როგორც ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები. ჩვენ კი ის გადაჭარბებით შევასრულეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. არის ხალხი, რომლის ფუნქცია ლაზღანდარობაა და არის ხალხი, რომლის ფუნქცია მსგავსი საწარმოების გახსნაა. ეს ქარხანა კი არც ფანტაზიაა და არც სადღეგრძელო. შესაძლოა ვინმესთვის ის სადღეგრძელოც იყოს, მაგრამ ამ საწარმოში მომუშავე ხალხისთვის ეს არის საკუთარი თავის, ოჯახებისა და ქვეყნის გამოკვების საშუალება, რადგან ამ სექტორს ანვითარებს, მათი შვილებისთვის განათლების მიცემის საშუალება, რადგან ისინი აქ შემოსავალს იღებენ და საკუთარი მომავლის გარანტირების შესაძლებლობა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარნეულის საკონსერვო ქარხანა ამიერკავკასიაში უკვე ყველაზე დიდი სიმძლავრის მქონე გადამამუშავებელი საწარმოა, რომლის წარმადობა დღეღამეში 500-600 ტონა ნედლეულს შეადგენს, ხოლო სეზონზე 20-30 ათას ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს. მის ასამუშავებლად ქართველმა და შვეიცარიელმა ბიზნესმენებმა 5 მილიონ-დოლარიანი ინვესტიცია განახორციელეს. ქარხანაში ჯერ-ჯერობით 120 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საწარმოს მესვეურები ინვესტიციის გაორმაგებასა და მომუშავე პერსონალის გაზრდას გეგმავენ. ამას გარდა, გათვალისწინებულია მაღალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უცხოური გამოცდილების საფუძველზე. ასევე შეიქმნება ნედლეულის მძლავრი ბაზის შექმნა. შემუშავებულია გლეხების დახმარების პროგრამაც, რომელსაც უკვე ახორციელებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)