Google+

სიახლეები

07.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების თაობაზე აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმუხურის პატრიოტთა ბანაკში სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს მოუწოდა დევნილების აფხაზეთში, მშობლიურ სახლებში დასაბრუნებლად აქტიურად იმოქმედონ და ძალისხმევა არ დაიშურონ.

"ვითხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლონ, გაერომ და სხვა სტრუქტურებმა ანგარიში წარმოგვიდგინონ იმის თაობაზე, თუ რა გააკეთეს მათ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უგუნური, არაადამიანური, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის შედეგების აღმოსაფხვრელად. უნდა შესრულდეს ყველა ის საერთაშორისო რეზოლუცია, რომელიც შეეხება დევნილთა დაბრუნებას არა მხოლოდ გალში[...] არამედ გაგრაში, ბიჭვინთაში, ოჩამჩირეში, სოხუმში. ყველამ ერთად უნდა ავიმაღლოთ ხმა იმის წინააღმდეგ, რაც ლახავს კაცობრიობის სინდისს, ადამიანურობის პრინციპებს და შევძლოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან და მრავალეთნიკურ ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დევნილების დაბრუნების საქმეში პროგრესის არ შეინიშნება. მისი თქმით, აფხაზეთში ეთნიკურ წმენდას კრიმინალური ხასიათი ჰქონდა. "წარმოიდგინეთ, რომ ბანდიტებმა გამოგყარეს საკუთარი სახლებიდან, თქვენი ქონება დაისაკუთრეს და დღეს თქვენს სახლებში სხედან. პოლიცია კი გვირჩევს, რომ ბანდიტები არ გავაღიზიანოთ და საცა არა სჯობს გავეცალოთ. ჩვენ აღარ გავეცლებით, ბანდიტები თავად გაგვეცალონ და დააბრუნონ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

აფხაზეთში ქონების უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განმარტა: "ამ დღეებში ატყდა აჟიოტაჟი - ყიდიან ქონებას, რომელიც დაისაკუთრეს ერთ-ერთი ყველაზე ამორალური, დღემდე მივიწყებული ეთნიკური წმენდის გზით და აფხაზეთიდან 500 ათასი ადამიანის გამოყრის შედეგად. ამ 500 ათასი კაციდან სამასი ათასი ქართველია, დანაჩენი კი ებრაელი, უკარინელი, რუსი, აფხაზი, პონტოელი ბერძენი... ეს ქონება ამ ადამიანებს ეკუთვნის და მისი დამცველი ქართული სახელმწიფოა".

სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "ჩვენი ამოცანაა საქართველოს გაერთიანება, მშვიდობა და თითოეული მოქალაქის განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. ნგრევა არაფერში გვჭირდება".

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვს მიაღწევს. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა რეგიონისა და ქალაქის აღორძინებას. მისი თქმით, შენდება სიღნაღი და ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი, შაორის წყალსაცავზე გაშენდება ტურისტული კომპლექსი... თუმცა, "რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს ზუგდიდი და ქუთაისი, საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალაქი არის სხვა და მას ჰქვია სოხუმი. ჩვენ სოხუმი ზუსტად ასევე უნდა ავაშენოთ", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"დღეს ჩვენი ხალხი, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოება, რომელიც შედგება ოსებისაგან, სომხებისაგან, აზერბაიჯანელებისაგან და ასევე სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებისაგან, მიხვდა, რომ სიძლიერე ჩვენს ერთიანობაშია. დღეს უმთავრესია ხელდაკაპიწებული შრომა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მეათე ხარისხოვანია", - აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილმა პატრიოტული ბანაკების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ აქ ახალგაზრდებს განვითარებისა და დასვენების ყველა პირობა აქვთ.

"ეს არის ბანაკი, სადაც ასწავლიან მეგობრობას, თანამოქალაქეების სიყვარულს. აქ უბრალოდ ვსწავლობთ იმას, რომ ვართ დიდი ერთობის ნაწილი. აქ ხალხი ადამიანური ურთიერთობისათვის მოდის. თქვენ ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები ხართ და არავითარი კავშირი არ გაქვთ საბჭოთა პიონერებთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს წარმატება და გამარჯვება უსურვა და დაპირდა, რომ მომავალი წლისთვის ბანაკები გაორმაგდება - ახლგაზრდა პარტიოტთა რაოდენობა 50 ათასს მიაღწევს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)