სიახლეები
12.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი ფინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს ფინეთში. პაასიკივის საზოგადოების მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელსაც ფინეთის რესპუბლიკის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, ფინეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსი, ექსპერტ-პოლიტოლოგები და პოლიტიკური გამოცემების ჟურნალისტები ესწრებოდნენ, საქართთველოს პრეზიდენტი სიტყვით წარსდგა. გამოსვლის ძირითადი თემები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს, ასევე კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას შეეხებოდა.
„საქართველო ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა. თბილისს არ სურს წინააღმდეგობა და კონფრონტაციული ურთიერთობა მოსკოვთან. ჩვენ გვსურს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა და დაცვა...
ბედნიერი ვარ, რომ დღეს ფინეთში ვიმყოფები. ქუჩაში ვნახე ადამიანები, რომლებიც ქართული დროშებით გვესალმებოდნენ, ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გარდა იმისა, რომ გულთბილად დაგვხვდნენ, ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. ფინელ ხალხს კარგად ესმის, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და ცდილობს გვერდში ამოგვიდგეს" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი სპეციალური მედლით დააჯილდოვეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური