Google+

სიახლეები

14.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

„უნივერსიტეტის კიბეებზე ამოსვლისას მივხვდი, რომ ძალიან მომნატრებია ეს გარემო, თქვენთან, სტუდენტებთან ურთიერთობა, რადგან ადამიანმა, რომელსაც თუნდაც ერთხელ ჩაუტარებია ლექცია, იცის, თუ რაოდენ დიდი სითბოს მომცემია ეს ურთიერთობა და ამასთან, რამდენად საპასუხისმგებლოა იგი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელა.

"7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ მიღებული მტკივნეული გადაწყვეტილებით ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საშიშროება ავირიდეთ", - აღნიშნა მან.

ნინო ბურჯანაძემ განათლების, სასამართლო სისტემისა და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მტკივნეული რეფორმების გატარების გარეშე იმ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც სახელმწიფო 2003 წლამდე იმყოფებოდა, შეუძლებელი იქნებოდა.

შეხვედრაზე საუბარი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო.

ნინო ბურჯანაძემ იმ ბერკეტებზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით წარმართვისთვის იყენებს. მან სტუდენტებს საკუთარი ინიციატივა გააცნო არჩევნების მონიტორინგისთვის მეგობარი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციების მოწვევის თაობაზე. "პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, რის შემდეგაც არავის აქვს უფლება ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანოს, არავის აქვს უფლება საქართველოს წინსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნინო ბურჯანაძემ იმ სოციალურ პროექტებზე იმსჯელა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მათ განხორციელებას.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სტუდენტებს ხელისუფლების გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი ("ლეჩკომბინატი"), რომელიც სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო ბაზას წარმოადგენს ამოღებული იქნება საპრივატიზაციო ნუსხიდან.

"წარმოუდგენელია კვალიფიციური ექიმი შესაბამისი პრაქტიკული განათლების გარეშე", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელისა და სტუდენტების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს დაეთმო.

"ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა უახლოეს მომავალში მოვაგვაროთ. თქვენმა თაობამ კი უნდა იზრუნოს, რომ საბოლოოდ აღდგეს ის ხიდი, რომელიც სამწუხაროდ ჩატეხილია, რათა აფხაზი და ოსი მოსახლეობის ქართველ მოსახლეობასთან სრული რეინტეგრაცია მოხდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)