Google+

სიახლეები

14.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

„ჩემი და ჩემი კოლეგების მოვალეობაა, რომ თქვენ ყველა შესაძლებლობა გქონდეთ იმისთვის, რომ თქვენი ინტელექტი, შესაძლებლობა და ენერგია მაქსიმალურად იყოს კონცენტრირებული ღირსეული მომავალი თაობების აღზრდაზე", - მიმართა ნინო ბურჯანაძემ დამსწრე საზოგადოებას.

შეხვედრაზე საქართველოში დღეისთვის არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. პროფესორ-მასწავლებლებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს თავიანთი ხედვა გააცნეს ქვეყნის შემდგომ განვითარებასთან და სხვადასხვა სფეროში, მრავალი მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განათლების სფეროში გატარებული რეფორმებისა და მათი შედეგების შესახებ ისაუბრეს.

„მიხარია, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და მათ შორის, თქვენს უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები თანდათან გვარდება. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პერიოდული ლიტერატურა გამოიწერონ, ეწვიონ შესაბამისად აღჭურვილ ბიბლიოთეკას და არ მოწყდნენ მეცნიერების განვითარების პროცესს", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ილია ჭავჭავაძის სახლმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მეცნიერების განვითარებისთვის თავად სახელმწიფოს თანმიმდევრული განვითარების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე და ქვეყნიდან ინტელექტის გადინების შეჩერების აუცილებლობაზე. პროფესორ-მასწავლებელთა აზრით, საარსებო მინიმუმი ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანმა შეძლოს სწავლის პროცესის ბოლომდე მიყვანა და აღნიშნული პროცესის წარმატებით დაგვირგვინება. მათი აზრით, დოქტორანტურა უნდა გახდეს სახელმწიფოს ერთგვარი პრიორიტეტული ინსტიტუცია, რაზეც დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ხვალინდელი დღე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საჭიროა ნიჭიერი ახალგაზრდების შენარჩუნება და ჩვენს ქვეყანაში მათი განვითარებისათვის საჭირო ბაზის შექმნა.

„ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ჩვენ ყოველთვის გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან კარგი თაობები გავზარდოთ, მაგრამ ტექნიკური მეცნიერებების მთელ რიგ მიმართულებებში, თუ არ მოხდა კულტივირება იმისა, რაც დღემდე გვაქვს მოპოვებული, თუ არ შევინარჩუნეთ ჩვენი მიღწევები და არ ვუპასუხეთ შესაბამის მოთხოვნებს, განვითარების პროცესი ძალიან ძნელი იქნება", - აღნიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააჟღერეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტთან, ან სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტთან სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი პრობლემების იდენტიფიკაციას მოახდენს. საზოგადოებრივი ცხოვრების გრძელვადიან დაგეგმვაში ამგვარი საკონსულტაციო მექანიზმის ეფექტურობაზე საუბრისას, წარმატებულ მაგალითად მოიყვანეს ნინო ბურჯანაძის ინიციატივით შექმნილი ბიზნესის საპარლამენტო საბჭო, რომელიც წარმატებულ ანალიტიკურ და წინმსწრებ საქმიანობას ეწეოდა ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც განიხილეს, იმსჯელეს 5 იანვარს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე. ისაუბრეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ აღებულ კურსზე, ასევე კონფლიქტების მოკლე დროში მშვიდობიანი გზით გადაჭრის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილეს საქართველოში მასმედიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები პროფესორ-მასწავლებლებთან მომავალშიც გაგრძელდება, მოხდება ერთმანეთის აზრებისა და შეხედულებების გაზიარება, რაც კონკრეტულ, ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად, ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენს მიერ გაწეული შრომა დაფასებული იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)