სიახლეები
07.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაჭრილები მოინახულა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა, სადაც ქართული სამშვიდობო ბატალიონის დაჭრილი სამხედროები მოინახულა.
"მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი კონტაქტი გვაქვს რუსეთის ფედერაციის დიპლომატებთან, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად გრძელდება თავდასხმა ქართველ პოლიციელებზე, ქართული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოსახლეობით დასახლებულ სოფლებზე. დარწმუნებული ვარ, კონფრონტაციის გაღრმავება არ შეესაბამება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და, მით უმეტეს, არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. ის, რაც ხდება, მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგია - ამ პატარა რეგიონში, სადაც 30 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, მუდმივი სამხედრო რიტორიკა და ისტერიული მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ბოლო დღეებში რუსეთის ტელევიზიით ნამდვილ სამხედრო პროპაგანდას აწარმოებენ. ამიტომ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხალხს, ვინც ყოველივე ამას წლების განმავლობაში აღვივებს. არც ჩვენ და, იმედი მაქვს, არც რუსეთს არა გვაქვს კონფრონტაციის გაგრძელებისა და პრობლემების გამრავლების ინტერესი. რუსეთს მოვუწოდებ უკან გაიხმოს ყველა ოფიციალური პირი, რომელიც საკუთარ თავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობას უწოდებს. 30 ათასზე ნაკლებ ადამიანს არ სჭირდება რამდენიმე ოფიციალური პირი მოსკოვიდან, რომლებიც პირდაპირ მართავენ ამ ტერიტორიას. მოვუწოდებ მათ, ჯერ შეაჩერონ ყოველგვარი ძალადობა, ხოლო შემდეგ დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს, მისცენ ადამიანებს თავისუფლად განვითარების, თავისუფალი ცხოვრებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება. ამის შემდეგ უნდა მოვახდინოთ რეგიონის დემილიტარიზაცია და მშვიდობიანად გადავწყვიტოთ საკითხი. ეს სიგიჟე ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ. ყველას მოვუწოდებ კონფრონტაციის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ. ჩემს წარმომადგენელს მოლაპარაკების პროცესში, სახელმწიფო მინისტრს ინტერგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს დავავალე დაუყოვნებლივ ჩავიდეს და შეხვდეს რუსეთის ოფიციალურ პირებს როგორც თბილისში, ისე აქ, შეტაკებების ადგილზე. ჩვენ უნდა ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შეწყდეს მსგავსი ინციდენტები, ძალადობა, მუქარა მოსახლეობის მიმართ, პრობლემების შექმნა უბრალო ადამიანებისა და ადგილობრივი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურ თავშეკავებას გამოვიჩენთ, მაგრამ არავის არ ურჩევთ რაიმე სახის პროვოკაციების გაგრძელებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური