სიახლეები
10.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიღნაღში იმყოფებოდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიღნაღს ესტუმრა, სადაც სასტუმრო "ქროუვის" გახსნას დაესწრო. პრეზიდენტმა ქალაქის აღდგენის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, კერძოდ, ქალაქის გალავანი, რომელიც უკვე შეკეთებულია, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც რესტავრაციის შემდეგ ძველი იერსახე დაუბრუნდა. სიღნაღის რეაბილიტაცია 4 აგვისტოს დაიწყო და ომის დროსაც არ შეჩერებულა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ სიღნაღელ ქალბატონს ციური ჯამაკაშვილის ოჯახსაც ესტუმრა, რომელმაც ქვეყნის პირველ პირს საჩუქრად საკუთარი ხელით მოქსოვილი წინდები გადასცა.
"ომის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შეეშინდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია და ტურიზმი მთელ მსოფლიოში ჩავარდა, ფული აქ მაინც ჩაიდო. რა თქმა უნდა, ამ კრიზისიდან მსოფლიოც გამოვა და ჩვენც და საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოვა. თუმცა ყოველივე ეს, უწინარესად, ქართველებისთვის კეთდება. მთავარი ის არის, რომ აღმშენებლობა სიღნაღში გრძელდება და ამ ქალაქის განვითარებისთვის მომავალ წელსაც ჩავდებთ ფულს. ასევე ფულს ჩავდებთ ქუთაისის აღორძინებისთვის. საქართველოს ისეთი ინფარსტრუქტურა ექნება, ჩვენი ქვეყანა იმდენად ლამაზი და საოცარი იქნება, რომ მსოფლიო მასშტაბით ამ რანგის ქვეყნების ჩამოთვლა თითებზე შეგვეძლება. ადრე აქ ფარდული იყო, დღეს კი საუკეთესო სასტუმრო დგას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ახლადგახსნილ სასტუმროში მომსახურე პერსონალიდან თითქმის ყველა ადგილობრივია და იქ სულ 35 ადამიანია დასაქმებული.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური