Google+

სიახლეები

05.12.2009
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სასტუმროს „შერატონი“ დასრულებული ნაწილი გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სასტუმროს „შერატონი" დასრულებული ნაწილი გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა სასტუმროს სიმბოლური საჩუქარი - "ბოროტების დაბრმავებული თვალი" გადასცა.

"ბათუმის თეთრი სასწაული, სასტუმრო "შერატონი" ბათუმის სითეთრეს ყველაზე მეტად უხდება. როცა ჩვენ ბათუმი ჩავიბარეთ, თეთრის გარდა ყველაფერი იყო - ჩამონგრეული და განადგურებული. ეს შენობა კი, განასახიერებს აღმშენებლობის, სილამზის და სითეთრის სიმბოლოს. ეს არის ყველაზე ლამაზი სასტუმრო მთელს შავი ზღვისპირეთსა და ევროპაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბათუმში "შერატონი" პირველი მერცხალია, უახლოეს ხანში კი, ხელი მოეწერება ბათუმის "ჰაიატის", "ჰილტონის", "რიქსოსის" მშენებლობის დაწყებას. სრულდება "ბათუმი რედისონის" მშენებლობაც.

ამას გარდა, საუბარია "ბათუმი ბულგარის" 7-ვარსკვლავიანი, ექსკლუზიური სასტუმროს მშენებლობაზე და სხვა ბრენდების შემოყვანეზე, მაგალითად, ისეთზე, როგორიც არის "ინტერკონტინენტალი" და სხვა. ამ პატარა ქალაქში ცოტა ხანში ყველა მთავარი ბრენდი იქნება. აქ იქნება მსოფლიო დონის იმაზე მეტი სასტუმრო, ვიდრე მთელს ცენტრალურ და აღმოსვალეთ ევროპაში, მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა ხარისხით შენდება ახალი სასტუმროები. "რაც მე მინახავს, ეს შენობები ყველას აღემატება ხარისხითა და გემოვნებით, რადგან სიყვარულით შენდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახალი სასტუმროები სამუშაო ადგილებს და ინვესტიციებს ნიშნავს, რადგან ქვეყანაში ასეთი ბრენდების შემოსვლას ინვესტიციების შემოსვლა ახლავს თან.

რაც შეეხება პრეზიდენტის სიმბოლურ საჩუქარს - "ბოროტების დაბრმავებულ თვალს" - ის ძველ პროჟექტორს წარმოადგენს, რომელიც, პრეზიდენტის განცხადებით, ასლან აბაშიძის აჭარაში თვალთვალისა და "თვალის დაბრმავების" საშუალება იყო.

„რკინის ფარდის იქით მოსახლეობის მცირე ნაწილი დარჩა, რომელიც ერთიან საქართველოში მალე დაბრუნდება.

ბათუმში ცხოვრობდა გველეშაპი, რომელიც ადამიანებს თავისუფალი ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. ჩვენ ჩავჭერით გველეშაპის ერთი საცეცი, მაგრამ მისი სხვა საცეცები საქართველოს სხვა ტერიტორიებს შემოეხვა. იქ აშენებენ ახალ ბერლინის კედელს, სადაც ამონტაჟებენ დიდ პროჟექტორებს. ეს პროჟექტორები გზას კი არ უნათებენ ადამიანებს, არამედ აბრმავებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რკინის ფარდის იქით, ცხვინვალში საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტი, ხოლო 20 პროცენტზე ნაკლები, აფხზეთში დარჩა.

"დადგება დრო, ჩვენ ყველანი ერთად შევკრიბავთ ამ პროჟექტორებს და ჯართში ჩავაბარებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)