საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
დღეს პირველად ვხვდებით ერთმანეთს, მას შემდეგ, რაც ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი მეგობარი ვანო ხუხუნაიშვილი აღარ არის.
ჩემთვის ეს ძალზე მძიმე განცდაა. მე და ვანო მრავალი წელი ვმეგობრობდით, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი თქვენგანს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა მასთან.
კარგად მახსოვს ჩვენი ერთობლივი მივლინებები სტრასბურგში, როდესაც ის რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენდა. იგი სანიმუშო და ღირსეული იყო როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობაში და ძალიან ბევრს მუშაობდა საქართველოს საკეთილდღეოდ.
მან არ არ იცოდა არც ერთი უცხო ენა, რუსულის გარდა, მაგრამ ყველასთან პოულობდა საერთო ენას და ყველა ვითარებაში ახერხებდა საქართველოს ინტერესების დაცვას. მით უმეტეს, რომ რადიკალურად დაპირისპირებული ოპოზიცია იყო. დროდადრო მენატრება კიდეც მისი მსგავსი ოპოზიცია, რადგან ვანოს საკუთარ გამარჯვებად საქართველოს გაძლიერება და მისი კეთილდღეობა მიაჩნდა.
ვანო ხუხუნაიშვილი ნამდვილად არ თვლიდა, რომ თუკი ვინმე პარტიზანივით იმოქმედებდა და მთავრობის საზიანოდ ყველაფერს მოსპობდა, ამით გააძლიერებდა და გაამთლიანებდა ქვეყანას.
ვარდების რევოლუციის დროს ჩვენ გავაერთიანეთ ძალები და შედეგად, დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივი მმართველობის შემოღებისა და განვითარების საქმეში.
რეალურად, დემოკრატიის დამკვიდრების მხრივ, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ვანო იყო ადამიანი, რომელიც დღე და ღამე მუხლჩაუხრელად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე მუშაობდა. მას არ უყვარდა ტელევიზიით გამოჩენა, რაც იშვიათია პოლიტიკოსებში. მან ასევე საოცრად დიდი დამსახურება აქვს შიდა დემოკრატიული ქსელის ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო კონტაქტების თვალსაზრისით.
თქვენ იცით, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა ვანო ხუხუნაიშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - პომანდორსკის ჯვრის ორდენი მიანიჭა, ჩვენ დავაჯილდოვეთ წმინდა გიორგის ორდენით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე მაინც მგონია, რომ მთავარია ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით - სტიპენდია, რომლის წყალობით თერჯოლიდან წამოსული სტუდენტები პოლონეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ სწავლას. კარგი საქმე არ უნდა დაიკარგოს და კარგ საქმეს გაგრძელება უნდა ჰქონდეს.
ყველაფერი რაც დაჩება, ჩვენს შემდეგ ვიღაცამ უნდა გააგრძელოს. ყველაზე დიდი პატივის მიგება სწორედ ეს არის და არა ორდენების გადაცემა და ლამაზი სიტყვების წარმოთქმა.
ვფიქრობ, ამას ყველა ერთად გავაკეთებთ. ეს არის ერთი და ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.
მინდა კიდევ ერთხელ მივაგო პატივი ვანო ხუხუნაიშვილის ხსოვნას და მადლობა გითხრათ თქვენ, მის კოლეგებსა და თანამებრძოლებს.
დღეს საშუალება მქონდა მცხეთაში ის ტურისტული ობიექტები მენახა, რომლებიც იქ კეთდება.
წარმოუდგენელი აღმშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
იმ ხალხს, ვისაც არაფრის დანახვა არ სურს, ვისაც თვალებზე აპკი აქვს გადაკრული და ყველაფერს ე.წ. პიარად მიიჩნევს, იმათთვის არაფერს არ ვაკეთებ, თუმცა ისინიც აუცილებლად ისიამოვნებენ. მიუხედავად ამისა, იტყვიან: ევალებოდათ და გააკეთესო.
მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენს გარშემო არც ერთი ქვეყანა ამას არ აკეთებს. ჩვენ ყველა ძალიან ბევრს დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში და დიდი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც მთავრობები ძალზე იშვიათად აკეთებენ რამეს ხალხისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ მიზნად ისახავს მაქსიმალური ფასეულობების შექმნას კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ვახსენე თერჯოლა და ზურაბ ბუცხრიკიძე დამიდასტურებს რამხელა ბულვარი და როგორი ცენტრი გაკეთდა თერჯოლაში იმისათვის, რომ ხალხმა ისეირნოს. არა უბრალოდ იმიტომ, რომ ხალხმა ფული დახარჯოს, კომერციული ობიექტები შეიქმნას, არამედ იმისათვის, რომ ხალხმა ისეირნოს.
თქვენ ნახეთ როგორი ბულვარი კეთდება ბათუმში. თავის დროზე ბეირუთში პრემიერ-მინისტრი ჰარირი ცნობილი გახდა იმით, რომ რამდენიმე კილომეტრიანი ბულვარი გააკეთა ბეირუთში.
ბათუმში ყველაზე გრძელი ბულვარი კავაკეთეთ ევროპის მასშტაბით. ეს ბულვარი კიდევ ერთი კილომეტრით დაგრძელდება და, დაახლოებით, 11 კილომეტრიანი გახდება.
ახლა ვაკეთებთ საქართველოსა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ფართო და გრძელ პროსპექტს, სადაც ხალხისთვის ძალიან ბევრი რამ იქნება. ამას ვაკეთებთ ხალხის სიამოვნებისთვის, განურჩევლად იმისა ვის აქვს შესაძლებლობა და ფული და ვის არა.
ვინო პატრიციომ, რომელიც ბათუმში 50-სართულიან შენობას აშენებს, მითხრა: "მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა ამდენს არ აკეთებს საზოგადოებითვის, რამდენსაც თქვენ."
თბილისში რიყეზე კეთდება ძალიან ლამაზი პარკი ხალხისთვის, ანაკლიასა და განმუხურში კეთდება ულამაზესი დასასვენებელი ადგილები, ბულვარი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იქნება... ამას რომ ვამბობ, ზოგიერთები დაგვცინიან, მაგრამ იმათზე მეტი მაქვს ნანახი და საკუთარ სიტყვებზე პასუხს ვაგებ - მართლაც ერთ-ერთი ულამაზესი იქნება მსოფლიოში, თუ ყველაზე ლამაზი არა.
დღეს ვიყავით მცხეთაში და მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილზე, სადაც ადრე ჭაობი იყო, სახელმწიფო აკეთებს მოედანს, პრაქტიკულად, ღია მუზეუმს, რომელიც ყველა მხრიდან გამოჩნდება. მოედნის შუაგულში აღიმართება არმაზის სვეტის ზუსტი ასლი, ხოლო გარშემო გათხრებით მოპოვებული სამუზეუმო ექსპონატები განლაგდება. მტკვარში კეთდება აუზი გარშემო პლაჟით...
ამას გარდა, ბათუმში ვაკეთებთ ოქროს ქვიშის პლაჟებს, ასევე ანაკლიაშიც. ანაკლიის კურორტი უკეთესი იქნება ვიდრე ურეკი, კინდღი, ლიძავა. ეს პლაჟებიც ხალხისთვის კეთდება, მაგრამ მტკვრის აუზის სახით, რომელიც თბილისთან ახლოს იქნება, თბილისელებისთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილი გახდება. მას არა მხოლოდ დასასვენებელი, არამედ კულტურული მნიშვნელობაც ექნება.
პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არმაზისა და ვანის გათხრები არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად ვნახავ. ყველაფერი უნდა მივიტანოთ იმ ადგილებამდე, სადაც ხალხი შეძლებს ნახვას.
მაისში გაიხსნება ცისფერი გალერეა, რომლის ერთი დარბაზი მთლიანად დაეთმობა საგანძურს, მათ შორის, ერთი დარბაზი ახალაღმოჩენილი ნივთების გამოსაფენად იქნება განკუთვნილი.
იმას გარდა, რომ გზები, სკოლები, საავადმყოფოები შენდება, კეთდება ბევრი მსგავსი რამ, რათა საქართველოში, უპირველესად, საკუთარი მოქალაქეები გრძნობდნენ თავს კომფორტულად.
რამდენიმე დღის წინათ ვნახე რონალდ რასმუსის წიგნის მიხედვით ომის თემაზე გაკეთებული ტელეგადაცემა და გაოგნებული ვარ, იმდენად ზუსტად არის აღწერილი ომის დროს აქ განვითარებული მოვლენები.
ბევრი რამ ირკვევა ისეთი, რა მეც არ ვიცოდი - რა ხდებოდა ამერიკულ მხარეს. მაგალითად, ამერიკაში მიმდინარეობდა სერიოზული დავა იმის თაობაზე, დაებომბათ თუ არა როკის გვირაბი. ამის მომხრე იყო ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის გარკვეული ნაწილი. ახლა უფრო ნათლად ჩანს, რას გადაგვარჩინა საქართველოს სიმტკიცემ. გადავრჩით ასევე იმით, რომ ხელი არ მოვაწერეთ 6-პუნქტიანი შეთანხმების იმ კაპიტულანტურ მე-6 პუნქტს, რომლითაც საკუთარი ხელით უნდა მოგვეხდინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კოსოვიზაცია.
ყოველივე ეს რონალდ რასმუსენი წიგნში ძალზე კარგადაა აღწერილი და ასევე ზუსტადაა აღწერილი ზემოაღნიშნულ ტელეგადაცამაში.
თქვენ იცით, რა ამბავია ატეხილი უკრაინაში და, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ამ ქვეყანას.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კონტაქტი გვაქვს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის შტაბთან და ორივე კანდიდატის შტაბში გვყავს მეგობრები. საბოლოოდ, რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში საქართველო რჩება მის მეგობრად. ჩვენს ინტერესებში მხოლოდ ისაა, რომ უკრაინა იყოს ძლიერი, შემდგარი და ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფო.
უბრალოდ მინდა ვნახოთ ციფრები, გავაანალიზოთ რა მოხდა უკრაინაში და რატომ შეექმნა მას პრობლემები.
ეს ახლახან აღმოვაჩინე და სულ სხვა წარმოდგენა მქონდა როგორი იყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ჩვენთან და უკრაინაში.
2004 წელს, როდესაც მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი, უკრაინაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ორჯერ მეტი იყო ვიდრე ჩვენთან. საქართველოს ჰქონდა, დაახლოებით, 890 დოლარის ერთიანი პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. დღეს საქართველოს აქვს 2930, უკრაინას აქვს 2700. მე ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენ ვიყავით ორჯერ უფრო ღარიბი ვიდრე უკრაინა, ახლა კი გავასწარით მას და გავედით წინ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავმდიდრდით და გასაკეთებელი აღარაფერი გვაქვს, თუმცა, უდავოდ, მნიშვნელოვანი წინსვლაა.
ყოველივე მოხდა იმის გამო, რომ უკრაინის სამთავრობო გუნდში ვერ მოხერხდა ერთობის შენარჩუნება, ეს ძალზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. მთელი ეს წლები, პრაქტიკულად, გავიდა არა მხოლოდ მუდმივ ქიშპობასა და დაპირპირებაში სამთავრობო გუნდს შორის, არამედ, მუდმივ რიგგარეშე არჩევნებში, კრიზისებში, ქუჩის აქციებსა და არეულობებში.
კორუფციათან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში - იმ პერიოდში ჩვენ 77 პოზიციით წავიწიეთ წინ, ხოლო უკრაინა, სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზე იმყოფება.
ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით, საქართველო 2005 წელს 112-ე ადგილს იკავებდა და 97-ე ადგილზე მყოფი უკრაინა გვისწრებდა, ხოლო ახლა, ამ მხრივ, მსოფლიო ბანკის რეიტინგით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, ხოლო მსოფლიოს მაშტაბით - მე-11 ადგილზე; რუსეთი 120-ე ადგილს იკავებს, ხოლო უკრაინა - 142-ე ადგილს.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 99 პოზიციით აიწია მსოფლიოს მასშტაბით და 32-ე პოზიციას ვინარჩუნებთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით - მეორე ადგილზე ვიმყოფებით, უკრაინა - 133-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი 134-ე ადგილზე.
გადასახადების თვალსაზრისით, საქართველო მე-4 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი გადასახადებია, ხოლო უკრაინაში ბევრად უარესი ვითარებაა...
აქედან მთავარი დასკვნა არის ის, რომ რევოლუცია არა უბრალოდ ქუჩაში გამოსვლა და დროშების ქნევაა, არამედ მტკივნეული, რადიკალური რეფორმები, ეროვნული ერთიანობა და კონსესუსი მთავარი საკითხების ირგვლივ.
ის, რომ ორი სხვადასხვა ქვეყანა - ძალიან ახლობელი და მეგობრული - სხვადასხვა გზით წავიდა (არ მინდა დავაბრალო ცალკე აღებულ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, რადგან მართლაც არავის ბრალი არ არის) ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში პოლიტიკურმა ძალებმა ვერ მოახერხეს კონსესუსის მიღწევა მთავარ საკითხებში და მთელი პოლიტიკური კაპიტალი ურთიერთდაპირისპირებაზე, ქიშპობასა და ერთმანეთის ჩაძირვაზე დაიხარჯა. სწორედ ამის "გამოწერა" უნდა საქართველოსთვის ზოგიერთ რადიკალურ ოპონენტს ჩვენი ქვეყნის შიგნით და მათთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოს გარეთ.
არადა, სად უკრაინის პოზიციები და სად ჩვენი - როცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, სად მათი გეოგრაფია - სტრატეგიულად განლაგებული უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა და სად ჩვენი - თავს დაგვტრიალებს ეს უზარმაზარი ნეგატიურად განწყობილი ძალა.
ჩვენი ამოსავალი წერტილი და ჩვენი გზა ამ კურსის შენარჩუნებაა, ასევე საქართველოს განსაკუთრებულობის შენარჩუნება და ვინც არ უნდა „იწკავ-წავოს" და „იყიყინოს" (სხვა ტერმინებს ვერ გამოვიყენებ) ამ გზის გაგრძელება და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაა.
რეფორმების ბოლომდე მიყვანის, ამ საკითხების შეუქცევადობის, კორუფციის ბოლომდე აღმოფხვრისა და შემდგომი დემოკრატიზაციის გარდა საქართველოს ალტერნატივა არ გააჩნია.
მუდმივად უნდა გვეჭიროს პულსზე ხელი, რათა არც ერთ საქმეში უკან არ დავიხიოთ; რათა უკან არ შებრუნდეს არც ერთი პროგრესული მონაპოვარი. ეს არის ის, რასაც შეუძლია საქართველო საბოლოოდ ჩამოაყალიბოს ამ რეგიონის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად.
მინდა ყველას შევახსენო - საქართველო თითოეული ამ მონაცემით უკვე დიდი ხანია რაც ყოფილი საბჭოთა ქვეყანა აღარ არის.
ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ამ კრიტერიუმებითა და მაჩვენებლებით მეასე და უფრო ცუდ პოზიციაზეა.
ამ მონაცემებით საქართველო ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს შორისაა, თუმცა არა ცხოვრების დონით, მაგრამ თუ ჭკუით ვიქნებით და საკუთარი ხელით არ გამოვიჭრით ყელს, გვაქვს შანსი, რომ მათსავით ვიცხოვროთ.
რეფორმების თვალსაზრისით, ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ამ პროგრესის ნიმუშს ქმნის.
გუშინ ჩავერთე უკრაინის მთავარი არხის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემაში, რომელსაც ყველა პარტიის, მათ შორის, რეგიონების პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენი წარმატების ფორმულას ყველამ ერთხმად მეკითხებოდა. ჩვენი წარმატების ამბავი იქ დიდი ხანია გავრცელდა - ბევრი უკრაინელი სტუმარი ამას საკუთარი თვალით ხედავდა ჩვენს ქვეყანაში ყოფნისას, თუმცა ზაფხულსა და შემოდგომით უფრო მეტს ნახავენ ჩვენი განვითარების მხრივ. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც შესახვევიდან მთავარ ავტობანზე უნდა გადავიდეთ. აი, მაშინ კი ყოველდღიურად გახდება შესამჩნევი რამდენად გაუმჯობესდება ვითარება ჩვენს ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული მოკავშირის სამწუხარო მაგალითია ის, რომ კომპრომისები რეფორმებთან დაკავშირებით და მთავარი საკითხების თაობაზე ეროვნული ერთიანობის დარღვევა მომაკვდინებელი აღმოჩნდება თუკი დროულად ვერ მოახერხებს ამ პრობლემების დაძლევას, კონსესუსის მიღწევასა და წინ წასვლას.
ეს ჩვენთვის არის „აცრა", რათა არასოდეს არ დაგვემართოს მსგავსი რამ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური