სიახლეები
11.03.2010
მიხეილ სააკაშვილმა ლა-სკალას ქართველი სოლისტი ანიტა რაჭველიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლა-სკალას ქართველი სოლისტი ანიტა რაჭველიშვილი პრეზიდენტის სასახლეში ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას კონსერვატორიისა და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ანიტა რაჭველიშვილი 25 წლის ასაკში მსოფლიო ოპერის სუპერვარსკვლავია. "ჩვენ პოლიტიკურ ორომტრიალში მნიშვნელოვანია მოვნახოთ დრო, რომ დავაფასოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მქონდა სიამოვნება, ლასკალაში საკუთარი თვალით მენახა ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი.ეს არის არა უბრალოდ ხელოვნების მარადიული ფასეულობის ზეიმი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის - ადამიანის მიერ შრომით და ნიჭიერებით ყველაფრის მიღწევა ცხოვრებაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანიტა რაჭველიშვილი არაპრივილეგირებული ოჯახიდანაა და სწორედ ასეთი ოჯახები ქმნიან მატერიალურ დოვლათს და წინ მიჰყავთ ქვეყანა. მისი შეფასებით, შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება ნებისმიერი მთავრობის პირობებსა და ნებისმიერ ვითარებაში.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ბოლო წლებში ფიქსირდება ქართული მუსიკალური ნიჭის უპრეცედენტო აღმასვლა. მისი შეფასებით, საქართველოს არასოდეს ჰყოლია ამდენი ოპერის ვარსკვლავი, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ წარმატებული ქართველი ბალეტის მოცეკვავეები. "საქართველოს ღირსების წარმოჩენისათვის მსურს ანიტას გადავცე ღირსების ორდენი"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური