Google+

სიახლეები

13.03.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გადაცემაში ”სპეციალური რეპორტაჟი” განცხადება გააკეთა

ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელმა იმიტირებულმა გადაცემამ საქართველოს პრეზიდენტის აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ გადაცემის განხილვისას განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედში" საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მივიდა. მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ გადაცემაში მოყვანილი სიუჟეტი იყო იმიტაცია და მსგავსი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება.

"მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც გარკვეულწილად აღვშფოთდი გამოშვების პირველივე კადრების დანახვისთანავე. პირადად მე, ანონსად გასული მიმართვა იმის თაობაზე, რომ გამოშვებაში გასული ფაქტები იყო იმიტაცია, არ მომისმენია. აქ მე საქართველოს პრეზიდენტმა გამომგზავნა, რათა გადმომეცა თქვენთვის, რომ როდესაც მსგავსი გადაცემა მაშინ მზადდება, როცა მართლაც არსებობს ასეთი საფრთხეები, წინასწარი მოკლე გაფრთხილების გარდა, მუდმივი გამაფრთხილებელი წარწერა აუცილებელად უნდა ყოფილიყო გადაცემის მსვლელობის მთელ პერიოდში.

ვიზიარებ იმას, რომ გარკვეულწილად ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ვითარებაში, ისეთ რთულ მდგომარეობაში, რომ პროვოკაციები მოსალოდნელია. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, შემიძლია თამამად ვთქვა ის, რომ პროვოკაციების საფრთხის მიუხედავად, ისეთი რეალური საფრთხე, როგორიც ნაჩვენები იყო გადაცემაში, რომელიც 20-25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უსასრულოდ მომეჩვენა, საქართველოს წინაშე დღეს არ დგას. შესაძლოა, მართლაც იყვნენ საქართველოში ერთი მუჭა ადამიანები, რომელთა ტვინში "იხარშება" მსგავსი იდეა და სცენარი, მაგრამ 2008 წელს ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა სწორედ ქართველი ხალხის ერთიანობამ, არსებულმა სულისკვეთებამ და იმ ხალხის განწყობამ, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. ეთერში გასული ფრაზა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ერთი ნაწილის მტრის მხარეს გადასვლას, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მტკივნეულია თითოეული ქართველი ჯარისკაცისთვის. მეც ჟურნალისტი ვარ, დიდი ხნის განმავლობაში ამ ტელევიზიის ნაწილი ვიყავი და ვფიქრობ, იმ ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ან იცავდა საქართველოს ღირსებას, ჩვენ, ჟურნალისტებს ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან სწორედ მათ დაიცვეს და გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა.

მესმის ჟურნალისტების განწყობის, მესმის, რომ შესაძლებელია გაკეთდეს მსგავსი გადაცემა, მაგრამ ამან ხალხზე არ უნდა იმოქმედოს, ისედაც აღელვებულ მოსახლეობაზე ცეცხლზე ნავთი დასხმის ეფექტი არ უნდა მოახდინოს. ეს ძალზე ფაქიზად გასაკეთებელი თემაა.

რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ჟურნალისტური თავისუფლება, თქვენი საქმის კეთების სრული თავისუფლება, მაგრამ გარკვეული სტანდარტები აუცილებლად უნდა იყოს დაცული", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მოგვიანებით, მანანა მანჯგალაძემ კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" წინ შეკრებილ ჟურნალისტებთანაც გააკეთა და აღნიშნა:

"ტელეკომპანია "იმედში" ჩემი მოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა. გადაცემის მსვლელობის პირველივე წუთებში დამირეკა პრეზიდენტმა და მითხრა, სასწრაფოდ მოვსულიყავი განცხადების გასაკეთებლად. საქართველოს პრეზიდენტი ძალიან შეშფოთებული და აღშფოთებული იყო იმის გამო, რაც ეთერში გავიდა. გადაცემის წინ გაკეთებული მოკლე გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ეს არის იმიტაცია და არა რეალობა, არ ამართლებს მომხდარს. უწინარეს ყოვლისა, გასათვალისწინებელი იყო ხალხის და, უპირველესად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულება. სწორედ პრეზიდენტის დავალებით ჩავერთე გადაცემაში, რათა მისი მოსაზრება გამეცნო საზოგადოებისთვის.

ასევე მინდა ვთქვა, რომ "იმედში" მომუშავე ჟურნალისტები ჩემი კოლეგები არიან და ვიცი, რომ მათ პასუხისმგებლობის საკმაოდ დიდი გრძნობა აქვთ. მათ, ალბათ, სურდათ ეჩვენებინათ, რომ ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი იმისა, რაც შეიძლება მოხდეს. თუმცა ეს მათ არ ამართლებს, რადგან იმიტაციის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა მუდმივად უნდა გასდევდეს მსგავს გადაცემას".

მანანა მანჯგალაძემ იმედი გამოთქვა იმის თაობაზეც, რომ ტელეკომპანია "იმედი" დღეს თუ არა ხვალ განმარტებებს თავად გააკეთებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)