სიახლეები
15.03.2010
საქართველოს პრეზიდენტის შეფასება ტელეკომპანია ”იმედის” 13 მარტის იმიტირებულ ”ქრონიკასთან” დაკავშირებით
ტელეკომპანია იმედის 13 მარტის გადაცემა, რომელმაც გამოიწვია გასაგები და ძლიერი ემოციები საზოგადოებაში და შეიცავდა უსაგნო და უმიზნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობის ელემენტებს, პრეზიდენტის აზრით, ამ სახითა და შინაარსით იყო არაფრის მომტანი და მავნეც ჩვენი საზოგადოებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი ძალის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჯერაც მუშავდება სხვადასხვა აგრესიული გეგმები, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, საზოგადოების კონსოლიდაციის დონე და საერთაშორისო საზოგადოების განწყობა ძალიან არარეალურად აქცევს ამ გემების ფართომასშტაბიანი განხორციელების შესაძლებლობას.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ტელევიზია თავისუფალია საზოგადოებას მიაწოდოს საკუთარი თუნდაც პროვოკაციული პოზიცია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს სტანდარტების მკაცრი დაცვით, ამ შემთხვევაში მაყურებელი უკეთესად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული.
პრეზიდენტი, ზოგადად, მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ბევრად უფრო ფაქიზად და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას. შაბათის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საჭიროა ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, დაიცავს მედიის მიერ თავისუფალი აზრის გამოხატვის პრინციპს, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცავს საზოგადოებას უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტებისაგან.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური