Google+

სიახლეები

04.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი:

ნატო-ს გენერალური მდივანი სპეციალურად მოვიწვიე კახეთში, რადგან კახეთი ის რეგიონია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ჩვენი ტრადიციული სავაჭრო პარტნიორის მიერ გამოცხადებული ემბარგოს გამო.

ემბარგოს დაწესება მიზნად ისახავდა კახეთის, და აქედან გამომდინარე, საქართველოს წელში გატეხვას; კახეთში საპროტესტო აქციების მოწყობას, და აქედან გამომდინარე, საქართველოში სიტუაციის არევას; კახელებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, და აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველაზე უფრო მგრძნობიარე წერტილში დარტყმა, რაც ზუგრში დანის ჩარტყმის ტოლფასია.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორ შერიცვალა კახეთი ემბარგოს შემდეგ!

უდავოა, რომ კახეთში ჯერ კიდევ არის ეკონომიკური სირთულეები, ყურძნის ფასმა შედარებით იკლო, მაგრამ კახეთში ახალი ქარხნები, სკოლები, საავადმყოფოები, თეატრები და გზები შენდება, დაიწყო ქალაქებისა და რაიონული ცენტრების აღდგენა, კახეთი წელში იმართება და მის მაგალითზე მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველოსა და მის ხალხს აქვს ღირსება!

საქართველო და კახეთი არასდროს არ აყვება დაწვრილმანებული, მდაბიო ადამიანების კაპრიზებს!

ჩვენ მშვიდობიანი, პასუხისმგებლობის მქონე, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა ვართ და ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიულ პრინციპებს ნებისმიერ გაჭირვებაზე, დროებით სირთულეებზე, ემბარგოსა და შევიწროებაზე მაღლა ვაყენებთ.

მინდა ჩვენს მეგობარსა და სტუმარს მივესალმო.

მსურს ვთქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და შეიარაღებული ძალების რეფორმირება კიდევ უფრო ეფექტიანად და ჩქარი ტემპით გაგრძელდება.

ეს ჩვენი დაპირებაა, რომელიც უწინარეს ყოვლისა, ქართველ ხალხს, ხოლო შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობას მივეცით.

მსურს კიდევ ერთხელ ,მივესალმო ნატო-ს გენერალურ მდივანს და ვთხოვო მას რამდენიმე სიტყვით მოგვმართოს.

ნატო-ს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი:

ბატონო პრეზიდენტო,

დიდ მადლობას მოგახსენებთ დღეს აქ შესანიშნავი მიღებისათვის.

გულითადად ვესალმები მთელ ქართველ ქალხს, რომელიც დღეს აქ შეიკრიბა, ტელევიზიით გვადევნებს თვალს ან გვისმენს რადიოს საშუალებით.

მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით.

მსურს ამ ხალხს ვუთხრა, რომ მე ჩამოვედი როგორც საქართველოს მეგობარი და როგორც ნატოს გენერალური მდივანი.

ჩვენ გუშინვე დავიწყეთ გულწრფელი საუბარი როგორც მეგობრებმა და პარტნიორებმა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტს შევხვდი, დღეს დილით ვიყავი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წარვსდექი დამსწრე საზოგადოების წინაშე.

მივესალმები საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებთ იმ საკითხზე, რომ საქართველოში აუცილებელი რეფორმები კვლავ უნდა გაგრძელდეს; მხედველობაში მაქვს ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში იმისათვის ხორციელდება, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.

ნატოს სტანდარტებზე საუბრისას, უდავოა, რომ რეფორმების პროცესმა უნდა მოიცვას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მისი დამოუკიდებლობა.

ნატოს მოკავშირეები დაინტერესებული არიან და ყურადღებით მიადევნებენ თვალს საქართველოში 2008 წლის არჩევნების მიმდინარეობას. ისინი ყურადღებას თავდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებზეც ამახვილებენ.

მაგრამ დღეს მე აქ ვარ, რაც იმას მიუთითებს, რომ რეფორმების გზაზე საქართველო მყარად დგას და ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

პატივცემულო პრეზიდენტო, პატივცემულო საზოგადოებავ, მსურს კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ნატოს ნომერ პრიველი პრინციპი არის ის, რომ ჩვენი კარი იყო და არის ღია.

მეორე - გზა ნატოსაკენ დამოკიდებულია მიღწევებზე - ყველა ქვეყანამ რაღაც უნდა შეასრულოს, განახორციელოს რეფორმები და გვაჩვენოს, რომ მოუახლოვდა ჩვენს სტანდარტებსა და ეტაპს, რომლის შემდეგაც ჩვენს სტრუქტურაში გაერთიანებაზე შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი.

მესამე - მიუხედავად იმისა დიდია სახელმწიფო თუ პატარა, არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ არსებობს ვეტო.

ჩვენ 26 მეკავშირე გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის შეფერხების საშუალება არც ერთ ქვეყანას არ მიეცემა.

ნატოს კარი ღიაა და ამ სტრუქტურაში გაწევრიანება ქვეყნის მიღწევებზეა დამოკიდებული.

მე აქ არსებული ვითარების შესაფასებლად ჩამოვედი.

შემიძლია ვთქვა, რომ რეფორმების თვალსაზრისით საქართველომ ბევრი გააკეთა და ამის პრაქტიკულ მაგალითს დღეს ჩვენ ვხედავთ - ის კი, რასაც ვხედავთ, უკვე ნამდვილად უდიდესი მიღწევაა.

შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი პირველი ჩამოსვლიდან (2004 წლის დამლევს) დღემდე საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია - მე ვხედავ, რომ აქ ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, საქართველო ეკონომიკურად აყვავდა, ნატოსკენ მისწრაფება კი სწორედ ამ მიღწევებზეა დამოკიდებული.

აქედან გამომდინარე უნდა დავინახოთ, რომ საქართველო მიაღწევს საკუთარ ამბიციებს და შესაბამისად, ამ ქვეყანას დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.

პატივცემულო პრეზიდენტო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა დამხვედრს სტუმართმოყვარეობისათვის.

კარგია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა.

სააგენტო "როიტერი" - კავკასიის ბიურო - მაკა ანთიძე:

პატივცემულო გენერალურო მდივანო, გუშინ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა როიტერთან საუბრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება, თუკი ის რუსეთთან ანტაგონისტურ დამოკიდებულებასა და მის გაღიზიანებას განაგრძობს. თქვენ აღნიშნეთ, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას უფლება არა აქვს ვეტო დაადოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რუსეთის სპექტრი საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის. და მეორე კითხვა უკავშირდება იმ ინფორმაციას, რომელიც ამ წლის დამლევს ნატო-ს რადარების სისტემაში საქართველოს ჩართვას შეეხება. მაინტერესებს, იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას და მოხდება თუ არა ეს?

იააპ დე ჰოოპ სხეფერი:

ნება მომეცით პირველ შეკითხვაზე გიპასუხოთ. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საქართველომ აჩვენა თუ რამდენად მიისწრაფვის ის ნატოსკენ. ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. ამის ალტერნატივა არ არსებობს. ყველა პრობლემა მშვიდობის გზით უნდა მოგვარდეს და სამხედრო ძალის მეშვეობით საკითხის გადაწყვეტა გამორიცხულია. მე უკვე ვთქვი, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოების პროცესს. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს არც საქართველოსთან დაკავშირებით არ მოხდება. ბევრი რამ საქართველოს გადაწყვეტია და მან თავად უნდა აირჩიოს საგარეო პოლიტიკის კურსი. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ნატო პატივს სცემს მის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს რა სურს. ამ პროცესიდან გამომდინარე, ნებისმიერ ეტაპთან დაკავშირებით ჩვენი 26 მოკავშირე გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს პროცესი, როგორც ჩვენ ვამბობთ, უკვე მიმდინარეობს და მე, როგორც გენერალურ მდივანს, პირადად შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას 26 მოკავშირე მიიღებს. ეს გადაწყვეტილება დამყარებული იქნება იმ წარმატებებზე, რომლებსაც თქვენი ქვეყანა მიაღწევს. თუმცა, რა საკვირველია, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე იყო შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საჰაერო სურათი შექმნილიყო და შესაბამისად, ინფორმაციასაც ერთმანეთსაც გავუზიარებთ. აქ რაიმე სიახალეზე და განსაკუთრებულზე ლაპარაკი არ არის. ყველაფერი გახსნილია ყველა სახელმწიფოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის.

მიხეილ სააკაშვილი:

უბრალოდ მსურს დავამატო პირველ კითხვასთან დაკავშირებით. იცით, რომ რამდენიმე დღის წინათ მარსელში არაფორმალური, თუმცა ძალზე თბილი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლას სარკოზისთან, მანამდე კი მე სახელმწიფოს ერთ-ერთი ის მეთაური ვიყავი, რომელიც საფრანგეთში მიიწვიეს ნიკოლა სარკოზის ინაუგურაციის შემდეგ. მსურს დავადასტურო და ალბათ ამას სარკოზიც დაადასტურებს, რომ საფრანგეთის პოზიცია საქართველოს მიმართ ყველა, და მათ შორის, ამ საკითხშიც საკმაოდ კონკრეტულია - საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს. ეს გამოხატული იყო ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. ეს ჩემი პირადი ინფორმაციაა და ამას იმ შეხვედრებიდან გამომდინარე ვამბობ, რომლებიც საფრანგეთის ლიდერებთან გვქონდა.

ტელეკომპანია "მზე" - ლელა წიკლაური

შეკითხვა ბატონ სხეფერთან მაქვს. მინდა შეფასებები გააკეთოთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინათ მოხდა ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ ეს შეეხება ზემო აფხაზეთს. კოდორის ხეობასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე პერსონალს თავს დაესხა აფხაზების შეიარაღებული ბანდა, რომელსაც რუსი ოფიცერი, სმშვიდობო ძალების წარმომადგენელი მეთაურობდა. ეს დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როდესაც დამნაშავეები სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და მიიჩნევთ თუ არა, რომ კონფლიქტის ზონებს რუსი სამშვიდობოები უნდა აკონტროლებდნენ.

იააპ დე ჰოოპ სხეფერი:

არავითარი შეფასების გაკეთებას არ ვაპირებ. თქვენ იცით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე გაერო და ეუთო მუშაობენ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ სერიოზულ პრობლემებში რაიმე როლი შევასრულოთ. ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა. ვიცი ამ ინციდენტის შესახებ, მაგრამ არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საქართველო საერთაშორისო არენაზე უნდა წარსდგეს თავისი ამაყი ხმით. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ კონფლიქტების მოგვარება სამხედრო მოქმედების გზით დაუშვებელია. ნატოს არ სურს, რომ ამ სერიოზული პრობლემის გადაჭრისას წინა ხაზზე გამოვიდეს.

მიხეილ სააკაშვილი:

რუსეთის ოფიციალური განცხადებით, ამ სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაური იყო ანტიტერორისტული ინსტრუქტორი. რუსეთში ტერორიზმის მხრივ საკმარისი პრობლემაა საიმისოდ, რომ ამ სენს ჩვენ დაუკითხავად არ ებრძოდეს საქართველოს ტყეებში. არც ერთი ადამიანის სიკვდილი არ მახარებს და ვწუხვარ, რომ ეს ახალგაზრდა რუსი პოდპოლკოვნიკი საქართველოს პოლიციის შენაერთთან შეტაკების დროს დაიღუპა. ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ და ანალოგიური შემთხვევვები საქართველოში აღარ განმეორდეს.

BBC - მარტინ კოლინზი

გენერალურო მდივანო, შეუძლია ნატოს წევრი გახდეს ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ ორი სეპარატისტული რეგიონი აქვს და ეს კონფლიქტები ჯერაც არ არის მოგვარებული?

იააპ დე ჰოოპ სხეფერი:

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიმეორო ის, რაზეც მანამდე ვილაპარაკე. აუცილებელია, რომ ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს. ასევე აუცილებელია, რომ მოლაპარაკების პოლიტიკური პროცესი გაიმართოს. საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებით, ნატოს მეკავშირეები გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არ ვიცი როდის. 26 მოკავშირე მაგიდის გარშემო დასხდება და გადაწყვეტილებას 26-ვე მიიღებს. მე უნდა ვთქვა, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)