Google+

სიახლეები

02.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენაკში თავდაცვის სამინისტროს მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სიტყვით გამოვიდა

მოგესალმებით ყველას!

ძალიან ამაღელვებელი და უჩვეულოა ჩემთვისაც კი, ვნახო ჩვენი საზოგადოების ამდენი ფორმიანი წევრი ასე მწყობრად დაწყობილი, ასე დისციპლინირებული, კარგად ჩაცმული და მოტივირებული.

ეს ამაღელვებელია როგორც ჩემთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის, ხოლო ნერვების მომშლელი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთათვის - მათთვის, ვინც ჩვენი ქვეყნისათვის სცენარები დიდი ხნის წინ დაწერა; მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ქართველების საქმე პოლიტიკა არ არის, ქართველებმა მხოლოდ სუფრასთან უნდა იქეიფონ, სხვები გაართონ, სულიკო რამდენიმე ენაზე იმღერონ, მაგრამ საკუთარ ქვეყანაზე არ უნდა იფიქრონ, ხოლო ჩვენი ქვეყნის ბედს თავად გადაწყვეტენ.

ამ აზრს ისინი ხშირად ავითარებდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

1950-იან წლებში საბჭოთა ჯარიდან ყველა ქართველი ოფიცერი გააძევეს, რათა საქართველოს სამხედროები არ ჰყოლოდა.

იმ ჯარშიც კი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯარი არ იყო, პირველი სამამულო ომი ნაპოლეონთან რუსებმა ქართველი ოფიცრების დახმარებით მოიგეს - მასში გენერალი ბაგრატიონი მონაწილეობდა.

კავკასიის ომი რუსებმა ქართველების დახმარებით მოიგეს, რომელშიც ორბელიანი, ჭავჭავაძე და უამრავი ქართველი ოფიცერი მონაწილეობდა, ისინი შამილის ძალიან გაბედულ და თავზეხელაღებულ რაზმებს ებრძოდნენ.

არა მხოლოდ რუსულ ჯარში, არამედ პოლონეთის დამოუკიდებლობის წინა ხაზზეც იყვნენ ქართველი ოფიცრები.

პოლონეთის გენერალური შტაბის გენერალური მდივანი ქართველი იყო.

გენერალ შალიკაშვილის მამა პოლონეთში ბოლშევიკების წაინააღმდეგ მებრძოლი იყო, მაშინ პრეზიდენტი პილსუტსკის არმიამ ბოლშევიკები ქართველი ოფიცრების აქტიური მონაწილეობით დაამარცხა.

პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის იგივე ქართველმა ოფიცრებმა იბრძოლეს 1921 წელს, ხოლო 1944 წელს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ იგივე ოფიცრებმა ვარშავაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყეს.

ვარშავის აჯანყების მუზეუმში პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრების მონუმენტი მუზეუმის ეზოში ცალკე დგას.

პოლონეთის ერთ-ერთი გენერლის შვილი შალიკაშვილი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარის სამხედრო ხელმძღვანელი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებს სისხლში აქვთ ჯარში სამსახური და საკუთარი ქვეყნის დაცვა.

დღეს გვაქვს შანსი, ჩვენი ქვეყანა ყველამ ერთად დავიცვათ.

დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, უარვყოთ და ჩვენი ქვეყნის მოწინაღმდეგეებს თვალსადახელშუა წავუშალოთ ცნება, რომ ქართველი საკუთარი ქვეყნის დაცვისათვის და ბრძოლის ველზე არ ვარგა, რომ ქართველი ერი მხოლოდ კულტურული ფენომენია.

მათ ყველანაირი ნაღმი დაგვიდეს, ყველანარი განსაცდელი შეგვიქმნეს, თუმცა, მათდა გასაკვირად, საქართველო კი არ იშლება, არამედ ერთ მუშტად იკვრება და ძლიერდება.

ჩვენ უკვე სხვა ქვეყანა ვართ.

ჩვენ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ბავშვს უყვარს დროშა, იცის საკუთარი ჰიმნის სიტყვები, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ არის.

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სახელმწიფოებრიობის განცდა არსებობს.

ჩვენს ქვეყანაში, სადაც რეზერვისტთა მოძრაობის ყველაზე მაღალი გამოვლინებაა.

ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით მოძრაობას, რომელიც ხელს არ შეუშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

ჩვენ, ისრაელის მსგავსად, ისეთ არმიას ვერ შევქმნით, სადაც მთელი მოსახლეობა ორი წელი იმსახურებს ჯარში და სხვას ყველაფერს თავს დაანებებს.

ჩვენ საკუთარი ეკონომიკა უნდა განვავითაროთ.

თითოეულმა თქვენგანმა წარმატებას უნდა მიაღწიოს ბიზნესში, ხელოვნებაში, სახელმწიფოს მართვაში, იურისპრუდენციაში, ათასგვარ სხვა პროფესიაში, ამიტომ ჩვენ თქვენ ვერ გამოგიყვანთ ეკონომიკიდან და მხოლოდ შეიარაღებულ ჯარში ვერ გამყოფებთ.

საქართველოს განვითარება, წინსვლა და აღმშენებლობა სჭირდება, მაგრამ თუ საჭირო გახდება, იარაღის ხელში დაჭერა თითოეულმა ქართველმა უნდა შეძლოს.

ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მოგერიება არის მთავარი გზავნილი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთათვის.

ჩვენ ძალიან დიდი გზა განვლეთ.

2004 წელს საჩხერის რეზერვისტთა ბანაკში გამოსვლები მოეწყო - ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ ჯარისკაცებს არ მისცეს სიგარეტი, დანაპირები თანხა.

როდესაც ეს ვნახე, მივხვდი, რომ ჯარში ის ხალხი უნდა გაგვეწვია, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა.

დღეს უკვე ათეულობით ათსმა ადამიანმა გაიარა რეზერვისტთა სამსახური.

რეზერვისთთა ბანაკებში წასასვლელად ახლა უკვე მთელი ქვეყანაა მზადა.

ახლა უკვე მთელი ქვეყანაა მზად იმისათვის, რომ საქართველოს ჰყავდეს ასიათასკაციანი აღჭურვილი სარეზერვო ძალა.

ბევრს კამათობენ იმის თაობაზე, საკმარისია თუ არა 18 დღე რეზერვისტთა ბანაკში გასატარებლად. სავსებით საკმარისია!

რუსეთის საბჭოთა ჯარში, სადაც მე ორი წელი ვიმსახურე, ერთ თვეში ამზადებდნენ ჯარისკაცს.

გარწმუნებთ, ჩვენ 18 დღეში გაცილებით მეტი ცოდნის მიცემა შეგვიძლია, ვიდრე იქ ერთ თვეში.

საბჭოთა ჯარში ძირითად დროს ანდომებდნენ დალაგებას, სხვადასხვა საქმიანობას, უაზრო სწავლებებს, ხშირ შემთხვევაში არასამხედრო სამუშაოებს.

მე ორი წელი ვიმსახურე რუსეთის ელიტურ ჯარში, მაგრამ შარშან რეზერვისთა ამ სამსახურში გაცილებით უკეთ ვისწავლე იარაღის გამოყენება, სანგრების გათხრა და საველე პირობებისადმი მორგება.

ამისათვის ეს თვრამეტი დღე საკმარისია.

ეს 18 დღე აუცილებელია თითოეული ქართველისათვის.

ჩვენ სხვა ქვეყანა გავხდით, სადაც ადამიანებმა სიხარულშიც და გაჭირვებაშიც მთავარ საკითხებზე შეთანხმება და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა ისწავლეს.

გუშინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დაიკრძალა. ვფიქრობდი, ჩვენი სირცხვილი იყო ის ფაქტი, რომ არ ვიცოდით სად იყო ჩვენი პირველი პრეზიდენტის საფლავი.

პირველი დღიდან გავეცი განკარგულება, რომ მოგვეძებნა საფლავი, საქართველოს პრეზიდენტი ჩამოგვესვენებინა და საკუთარი მიწისათვის მიგვებარებინა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თანამოქალაქე, რომელიც ასეთ ტრაგედიაში აღმოჩნდებოდა.

ამ დღეებში ჩვენთვის მთავარი იყო ერთი რამ - ზვიად გამსახურდიას ჰყავდა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში არცერთ ადამიანს არ ამოუღია ხმა.

რამდენად დიდი ღირსება და თავშეკავება გამოავლინა ჩვენმა საზოგადოებამ, რამდენად დიდი პატივისცემა გამოავლინა საკუთარი ქვეყნისადმი, სიმბოლოებისა და სახელმწიფოებრიობისადმი.

სწორედ ეს არის სხვა საქართველო, რომელმაც ყველგან იცის ზომიერების და ერთიანობის გამოჩენა.

ეს უკვე სხვა საქართველოა!

ეს არის ის საქართველო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტალურ ღირებულებებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, ზომიერებისა და ერთიანობის გამოჩენა იცის.

ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა ძალიან ბევრს უჭირს.

მე ვგრძნობ-ხოლმე როდის ვდგამთ სწორ ნაბიჯებს.

ჩვენ თავს მოგვახვიეს კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და ცხინვალის გარშემო.

იქ მცხოვრები ხალხი ჩვენი ოსური მოსახლეობაა - ოსები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში.

მე-19 საუკუნეში, როდესაც საქართველოს უკანასკნელი დედოფალი იმპერიის არმიის წარმომადგენლებმა დააპატიმრეს და დარიალის ხეობით გაჰყავდათ (მის გადარჩენის იმედი აღარავის ჰქონდა), დარიალის ხეობის რაზმი, რომელიც მთლიანად ადგილობრივი ოსებისგან შედგებოდა, თავს დაესხა ბევრად უფრო მრავალრიცხოვან პეტერბურგიდან გამოგზავნილ რაზმს და საქართველოს დედოფლის გამოსახსნელად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, თუმცა არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.

საქართველოს ანექსიის შემდეგ ეს იყო საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გადარჩენის უკანასკნელი მცდელობა.

ქართლში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეწინავე რაზმი ოსებისგან შედგებოდა.

ჩვენ თავს გვახვევენ აზრს, რომ, თურმე, ოსებს დამოუკიდებელ საქართველოში არ ეცხოვრებათ და არ დაედგომებათ და ამას ამბობს ვინმე მაროზოვი, ვინმე ბარაკევიჩი, ვინმე იარავოი, ვინმე ივანოვი, რომლებსაც ამ ტერიტორიასთან არავითარი კავშირი არა აქვთ.

დღეს აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ოსური მოსახლეობის წარმომადგენლებმა ხმამაღლა განაცხადეს იმის შესახებ, რომ მათ მშვიდობა და ყოველგვარი უბედურების უკან მოტოვება სურთ, რათა საკუთარი შვილები ნორმალურ ქვეყანაში გაზარდონ.

ეს არის ის ხალხი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს იარაღით ხელში ებრძოდა, მაგრამ სწორედ ისინი ამბობენ, რომ მათ საკუთარ ისტორიულ გარემოში დაბრუნება საკუთარი ღირსების, უფლებებისა და სტატუსის გათვალისწინებით სურს.

ამან საოცარი გაღიზიანება და ბოღმა გამოიწვია მათში (თუმცა სახტადაც დაოტოვა ისინი), ვინც საქართველოს დაქუცმაცების სცენარი წინასწარ დაწერა, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ რადგან თბილისში დასაყრდენი აღარ ჰყავთ, რაღაც ტერიტორია მაინც უნდა ჰქონდეთ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საქართველოს ძირის გამოთხრა და აფეთქება.

უნდა ნახოთ, როგორი ისტერიული განცხადებები გააკეთა ერთ-ერთმა უწყებამ მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ - მივიღოთ კანონი დროებითი ადმინისტრაციული ერთეული შექმნის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიმუშავებთ ავტონომიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.

როგორი სიძულვილი და როგორი ისტერია გამოიწვია ამ ფაქტმა!

როდესაც მე წავიკითხე ეს ისტერიული კომენტარები, მაშინ მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ვადგავართ.

ამ გზაზე სვლას კი ბოლომდე გავაგრძელებთ მათი გულის გასახეთქად, მათი გეგმებისა და სქემების საწინააღმდეგოდ.

საქართველო მათ სქემებში აღარ ჩაჯდება!

მათ წარმოდგენაში ერთიანი საქართველო ძალზე საშიშია.

იმ საქართველოს დაჩოქება, რომელიც არ იყოფა კუთხეებად და ეთნიკურ ჯგუფებად, იმ საქართველო დაჩოქება, რომელიც დგას ერთად, საკუთარი ღირსების, საკუთარი მომავლისა და სიმბოლოების დასაცავად, უკვე შეუძლებელია!

კარგად მახსოვს 1993 წელი, როდესაც შემოიჭრნენ, აიღეს და დაანგრიეს ჩვენთვის წმიდათაწმიდა ქალაქი სოხუმი, მაშინ მსოფლიო პრესა სავსე იყო ასეთი სათაურებით - "სოხუმი დაეცა - საქართველო დგას მუხლებზე!"

მაშინ სტუდენტი ვიყავი და საზღვარგარეთ ვსწავლობდი.

გაზეთებიდან ეს სტატიები ამოვჭერი და საერთო საცხოვრებლის ოთახში, ხოლო შემდეგ პარლამენტარობის დროს ჩემი კაბინეტის კედლებზე მქონდა გაკრული.

მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი - საქართველოს ვეღარავინ ვერასდროს ვეღარ დააყენებს მუხლებზე და ასეთ სტატიებს ვერავინ ვეღარასდროს ვერ გამოაქვეყნებს-თქო.

ჩვენ მუხლებიდან წამოდგომა იმისათვის კი არ გვჭირდება და იმისათვის კი არ ვიმართებით წელში, რომ სხვა დავაჩოქოთ, ან ეთნიკური აფხაზები დავამციროთ.

მოხაჯირობის დროს ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზები გადაერჩინა - უცვლიდნენ მათ გვარებს, აქრისტიანებდნენ, შეყავდათ საეკლესიო დავთრებში...

ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აფხაზები არ გაესახლებინათ.

ჩვენი მიზანი არ არისმათი დამცირება.

აფხაზეთის მოსახლეობა თითქმის 600 ათასი კაცი იყო, დღეს კი იქ 100 ათას ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს.

იქიდან გამოაძევეს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები, არამედ ეთნიკური ბერძნები, რომელთა ევაკუაცია, თავის დროზე, საბერძნეთის სამხედრო ფლოტმა განახორციელა; ესტონელები, რომლებიც კვირების განმავლობაში სპეციალური რეისებით გაჰყავდათ ესტონეტში; ათობით ათასი ქართველი ებრაელი, რომლებიც დღეს ისრაელში არიან, მაგრამ ილტვიან აფხაზეთში დასაბრუნებისკენ; უკრაინელები - უკრაინელმა მფრინავებმა მაშინ ქართველებიც გაიყვანეს იმ ტერიტორიიდან და უკრაინელებიც.

თქვენ იცით, როდესაც შარშან საქართველოს წინააღმდეგ ემბარგო დააწესეს, აფხაზმა ესტონელებმა, ქართველმა ესტონელებმა ესტონეთის დედაქალაქში და მთელ ევროპაში საპროტესტო აქციები მოაწყვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

ეს ხალხი გაყარეს საქართველოდან 1993 წელს და დღემდე ისინი ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდებით იბრძვიან საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟისთვის და ქართველ ხალხ უხდიან მადლობას.

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი.

აფხაზეთში უნდა დაბრუნდნენ არა მხოლოდ ქართველები, რადგან ეს არ არის ქართულ-აფხაზური პრობლემა, აფხაზეთში უნდა დაბრუნდნენ აფხაზი ესტონელები, რომლებიც სოხუმსა და სხვა ადგილებში ცხოვრობდნენ; ქართველი ებრაელები ისრაელიდან, რომლებიც ისრაელში ყოფნისას ვნახე - მათ ფულიც აქვთ და ბინებიც, მათი შვილები კარგ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, მაგრამ სოხუმში დაბრუნება ყველას სურს და მათთან თელავივში, აშდოთში გამართული შეხვედრებისას დავპირდი, რომ დავაბრუნებდი; აფხაზეთში უნდა დაბრუნდნენ ბერძნები, უკრაინელები, რუსები; დაბოლოს, აფხაზეთში უნდა დაბრუნდნენ აფხაზები, რადგან იქიდან აფხაზთა დიდი ნაწილიც გაძევებულია, მათი უფლებები - შელახული, ხოლო საკუთრება - ჩამორთმეული.

ჩვენ მზად ვართ, რომ ყოველივე ეს მშვიდობიანად განვახორციელოთ.

ჩვენ მზად ვართ, რომ ეს სამშვიდობო გეგმების ფარგლებში განვახორციელოთ, მაგრამ თუკი ვინმეს, ღმერთმა არ ქნას, ხელი წაუცდება საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცებაზე და გარედან ტერიტორიის ჩამოჭრის რაიმე სახის მცდელობა ექნება, ქართველი ხალხი ამას აღიქვამს, როგორც აბსოლუტურ სიგიჟესა და აგრესიას.

ყველანაირი აგრესიულ ქმედების შემთხვევაში კი, მზად ვიქნებით, რომ პასუხი ჩვენი სიმტკიცითა და ერთიანობით გავცეთ.

ეს არის ჩვენი მთავარი არსი.

ჩვენ შიდა პრობლემებს მშვიდობიანად ვწყვეტთ, მაგრამ ვერავინ ვერ მოგვახვევს თავს ტერიტორიების დაქუცმაცებას, იალტის ახალ გარიგებებს, მიუნჰენის გარიგებებს, ზოგადად, ახალ გარიგებებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ბედი აქ კი არ გადაწყდება, არამედ რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში, ან მოლაპარაკების რომელიმე მაგიდასთან.

ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერა გვაქვს, საქართველო აღარ არის გაურკვეველი ადგილი რუკაზე, როგორც ეს 1992 წელს იყო, ჩვენი პრობლემები ყველასთვის ახლობელია და იმედი გვაქვს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ობიექტურად გააგრძელებს ამ საკითხისადმი მიდგომას.

მე მიმაჩნია, რომ მთლიანობაში ყველაფერი ისე მიდის როგორც დასახული გვქონდა, მაგრამ ღმერთმა არავის არ გადაადგმევინოს ნაბიჯები უფსკრულისკენ!

ამ შემთხვევაში მათ სხვა საქართველოსთან, სხვა მოტივაციისა და წელში გამართულ ხალხთან ექნებათ საქმე - არა იმ ხალხთან, რომელსაც 1992-93 წლებში ბანაკებად იყო დაყოფილი და სამოქალაქო ომს ეწეოდა; არა იმ საქართველოსთან, სადაც ხიდები აფეთქებული იყო, არა პიკეტებად დაყოფილ საქართველოსთან, სადაც მთავრობა იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ჯარი მოემარაგებინა, ქურდობით იყო დაკავებული.

ეს ეხლა სხვა საქართველოა - საქართველო, სადაც რეზერვში სამსახურის მსურველთა რიგი დგას.

ჩემი წყაროებით ვიცი, რომ აქ ერთი ბიჭი მსახურობს, რომელიც სამედიცინო შემოწმებისას კომისიამ სამჯერ დაიწუნა, თუმცა მეოთხე მცდელობისას უარი აღარ უთხრეს და დღეს თქვენს გვერდითაა.

ეს ბიჭი და მასთან ერთად თქვენც ყველაფერს შეძლებთ და ყველაფერს გააკეთებთ.

მოტივაცია ადრეც გვქონდა, მაგრამ მომზადება, აღჭურვა გვაკლდა და რაც მთავარია, არ გვქონდა სახელმწიფო.

დღეს ჩვენ გვყავს ასობით ახალი ოფიცერი, რომელმაც უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრა და ახლა შეიარაღებულ ძალებში სურს მსახური.

მათ იციან ტექნიკის გამოყენება, შეუძლიათ აზროვნება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ სიტუაციაში საკუთარი შიდა მრწამსით მიიღებენ გადაწყვეტილებას და ყველა ეს ოფიცერი მაღალი ხელფასის გარდა, მიიღებს ბინას ქართული სახელმწიფოსგან.

საუკეთესო ხალხმა ჩააბარა ოფიცერთა კურსებზე და პირველივე გამოცდაზე ერთ ადგილზე 7-8 ადამიანი იყო.

ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ ხელფასი საკონტრაქტო ჯარში.

ჩვენ ვაპირებთ უკეთესი ნაწილები ავაშენოთ; ჩვენ ვაპირებთ უკეთესად აღვჭურვოთ ჩვენი ჯარი.

შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ტემპი მკვეთრად იზრდება.

ჩვენ მაქსიმალურად თანამედროვე შეიარაღებულ ძალებს შევქმნმით, მაგრამ მთავარი არის არა ტექნიკა - თვითმფრინავებისა და ტანკების რაოდენობა (თუმცა ესეც ძალზე მნიშვნელოვანია), არამედ თქვენი განწყობა, მომზადება, მოტივაცია და ცოდნა იმისა, თუ რა გვაქვს დასაცავი და რას არ დავუთმობთ არავის არასდროს.

ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ამოძრავებს.

მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, პედაგოგებს.

თქვენ ხედავთ, რომ აქ ნამდვილად არ არის ცუდი პირობები.

ვიმეორებ, საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი და ჩვენი სამხედრო ნაწილები როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ძველი საბჭოთადროინდელისგან.

ეს მართლაც საუკეთესო ევროპული სტანდარტების ჯარია ადამიანების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს სტანდარტები უკეთესი მოტივაციით.

ჩვენი სურვილია, რომ მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ, მაგრამ გაბედულობა და პატრიოტიზმი ჩვენი ოჯახებისგან და წინაპრების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ.

ამას ჩვენ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვასწავლის.

ის, რომ თქვენ აქ ხართ, ამ პატრიოტიზმისა და თქვენი ოჯახებიდან მომდინარე განსაკუთრებული მხარდაჭერისა და აღზრდის შედეგია.

საქართველოში ახალი საბრძოლო რეზერვის გაჩენა მინდა მივულოცო საქართველოს და მოგილოცოთ თქვენ!

ეს არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების, არამედ ჩვენი მომავლის რეზერვია.

საქართველოში გაჩნდა ახალი უკომპლექსო თაობა, რომელსაც ხელმოცარული ადამიანებისა და სხვა თაობების ზოგიერთი სკეპტიკოსისგან განსხვავებით, სჯერა, რომ საქართველოს ვეღარავინ დააჩოქებს.

მჯერა და ვიცი, რომ ეს ასე იქნება!

ვერავინ ვერასდროს ვეღარ გაიფიქრებს, იტყვის და დაწერს - საქართველო ისევ მუხლებზე დგას.

ეს ასე აღარ არის და აღარც არასდროს იქნება!

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)