Google+

სიახლეები

06.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა ”ბათფარმა” გახსნა

მოგესალმებით და გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მიხარია, რომ დღეს კიდევ ერთ საწარმოს - ფარმაცევტულ ქარხანას „ბათფარმას" ვხსნით.

ბუთუმში საოცრად შრომისმოყვარე და უპრეტენზიო ხალხი ცხოვრობს.

მრავალი წლის განმავლობაში ეს მუყაითობა, მოკრძალება, შინაგანი წესიერება ათასგვარი ჯურის ცუდმა ადამიანმა ცუდი მიზნებისთვის გამოიყენა: იმისათვის, რომ დაეჩაგრა ეს ხალხი, გაეძარცვა ეს მხარე - საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი და მიწასთან გაესწორებინა ყველაფერი.

იცით რა იყო მთავარი ინვესტიცია აჭარაში პირველი წლებში? - ნანგრევების გაწმენდა და ამ ადგილას სამშენებლო მოედნის გაკეთება.

აქ არ ყოფილა ომი, მაგრამ ყველაფერი ისეთ მდგომარეობაში დაგვხვდა, თითქოს აჭარაზე ერთ-ერთმა ახალმა მსოფლიო კონფლიქტმა გადაიარა.

მინდა ვთქვა, რომ ეს ქარხანა ერთი ახალი იმედის ნაპერწკალია, მაგრამ ეს არ არის დაპირება.

ხშირად უთქვამთ, პრეზიდენტმა რეგიონები შემოიარა და მორიგი დაპირებები დაარიგაო.

ეს ქარხანა უკვე შესრულებული დაპირებაა.

ადრე, როდესაც აქ ყველა ერთად იმედით მოვდიოდით, გპირდებოდით, ახლა ჩვენ ჩამოვდივართ იმისათვის, რომ შევასრულოთ დაპირება.

თქვენ და უპირველესად, საკუთარ თავს ახალი დაპირებები მოგცეთ.

ამ ქარხნის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ გავდივართ არა მხოლოდ ტრადიციულად ქართულ ბაზარზე, არამედ ტრადიციულ ბაზრებზე შუააზიაში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ახლო აღმოსავლეთში - დარწმუნებული ვარ არსებობს სერიოზული პოტენციალი.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ქარხანა იყენებს აჭარის სამკურნალო მცენარეებს. სამეგრელოში და დანარჩენ საქართველოში უამრავი სამკურნალო მცენარე არსებობს.

ყველაზე დიდი გმირი ჩემთვის დღეს არის ქალბატონი სვეტლანა ამაშუკელი, რომელმაც 1961 წელს ლენინგრადში ფარმაცევტული სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ განაწილებით მოხვდა ბათუმში წლინახევრით ადრე ჩემს დაბადებამდე და მას შემდეგ ამ ქარხანაში მუშაობდა.

როდესაც ყველაფერი დაინგრა, მას ფორმალურად ერქვა ქარხნის თანამშრომელი, თუმცა აქ პრაქტიკულად, აღარაფერი კეთდებოდა.

ის ფაქტი, რომ 1990 წელს გაჩერებული ქარხანა ამ დღეებში ამუშავდა, მართლაც ბედნიერების მომენტია; ის, რომ ქალბატონი სვეტლანა ნამდვილ სამუშაოს დაუბრუნდა და მას ფორმალურად გაფორმებული თანამშრომელი აღარ ჰქვია, მისი და ჩვენი ნამდვილი გამარჯვებაა. ეს არის ის, რომ ჩვენ შევძელით, რომ დედაჩემის თობას, დაპირება ავუსრულეთ - ჩვენ ყველა ერთად ვიცხოვრებთ უკეთესად. აღვადგენთ იმას რაც გვქონდა და ბევრად უფრო წინ წავალთ. ამ ქარხანაში 700-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო წლის დამლევს 1000 და მეტი ადამიანი იმუშავებს - ამ ტერიტორიაზე სხვა საწარმოებიც იხსნება.

ლევან ვარშალომიძეს კიდევ უფრო დიდი ქარხანის გახსნას ვავალებ.

დღეს ჩვენ ბათუმი დავათვალიერეთ, სადაც ყველაფერი შეცვლილია. ნინო ბურჯანაძე განაწყენებული ყვებოდა, როგორ მოისმინა ტელევიზიით მისი ერთ-ერთი კოლეგის გამონათქვამს იმის თაობაზე, რომ თითქოს ბათუმში არაფერი შეცვლილა.

პირადად მე გამიჭირდებოდა ნინოს თანამდებობაზე მუშაობა - აფერუმ შენს მოთმინებას.

საქართველოში არის მშვენიერი ოფთალმოლოგიური კლინიკა, სადაც მხედველობის დეფექტებს კურნავენ და ზოგ შემთხვევაში ბრმებსაც უხელენ თვალს. თითქმის არ არის შემთხვევები, რომ ამ კლინიკაში ვერ განკურნონ, მაგრამ იმ ადამიანს ვისაც ჰგონია, რომ ბათუმში ბოლო სამი წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა, ვერც ეს კლინიკა უშველის.

მარტო დღეს, ბათუმის ცენტრში რამდენიმე ათეული ახალი ბიზნესი გავხსენით. ეს არის : ასმილიონიანი ინვესტიციები სასტუმროებში, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულთა რიცხვი ბევრად უფრო გაიზრდება, მთელს აჭარაში მოხდება სამშენებლო მასალების მობილიზაცია, კვალიფიციური მუშახელი დაგვჭირდება, რისთვისაც სასწრაფოდ ქობულეთშიც და სხვა სასწავლებლებში უნდა მომზადდეს კვალიფიციური მშენებლები, ფარმაცევტები, კომპიუტერის სპეციალისტები და სხვა პროფესიის ადამიანები. უამრავი ადამიანი დასაქმდება სერვისის სექტორში, რადგან იმ სასტუმროებში, რომელთა მშენებლობასაც დღეს ჩავუყარეთ საფუძველი ათასზე მეტი ადამიანი მოემსახურება თითოს. ეს ათასი დასაქმებული ოჯახია.

დღეს ჩვენ გავხსენით მობილური კავშირგაბმულობის ახალი ქსელი...

ქალბატონ სვეტლანასთან საუბრისას გავიგე, რომ მისი ოჯახის წევრების უმეტესობა მუშაობს, მაგრამ ერთია, როდესაც მშობელი შვილის კმაყოფაზეა და მეორეა ის, რომ საკუთარი თავის რჩენა თავად გძალუძს.

ეს არის ადამიანის ღირსებისა და პატივის საქმე. ამას კი ძალიან ვაფასებ.

დედაჩემი 6-7 ადგილზე მუშაობს და ეს არის ბედნიერება, რომ ადამიანს მუშაობის საშუალება აქვს.

უბედურებაა ის, რომ ადამიანს მუშაობის საშუალება არა აქვს და ეს მე ძალიან კარგად ვიცი.

კარგად ვიცი ისიც, რომ მთავარი დამცირება სწორედ ეს არის და ჩვენ ამ დამცირებას ასეთი საწარმოებისა და სხვა ობიექტების გახსნით ყველანი ერთად გადავლახავთ.

საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ათეული ახალი საწარმო გავხსენით და მსურს ყველას შეგახსენოთ, რომ საწარმოები არა მხოლოდ არჩევნებისთვის იხსნება.

ჩვენ არ ვცხოვრობთ არჩევნების წინა პერიოდებით, ჩვენ ვცხოვრობთ ყოველ დღე.

ის დღე, როდესაც რაღაც არ კეთდება და არ შენდება, დაკარგულია.

ოთხი დღის წინათ ვიყავი ბოლოს ბათუმში (შემოვიარე სამეგრელო, გურია და აქაც ვიყავი) ამ ოთხ დღეშია შეცვლილი ძალიან ბევრი რამ ქალაქის ცენტრში.

ნახეთ როგორი ყვავილები დარგეს აჭარელმა მებაღეებმა?

ზუგდიდში დადიანების სასახლის აღდგენას, რისთვისაც ჰოლანდიიდან და საფრანგეთიდან მებაღეები ჩამოვიყვანეთ, როგორც თავის დროზე დადიანებმა, რათა აღვადგინოთ და გააკეთონ ძალიან ლამაზი პარკი დადიანების სასახლის ეზოში, რაშიც ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ.

თუმცა როდესაც ვნახე რა შეუძლიათ აჭარელ მებაღეებს, ძალიან ვინანე, რომ უცხოელი სპეციალისტები მოვიწვიე. აჭარელებს ბევრად უკეთესის კეთება შეუძლიათ.

ეს არის მთავარი - ჩვენ ვისწავლოთ კეთება, ჩვენ ავაშენოთ, შევქმნათ, ვაჩვენოთ დანარჩენ მსოფლიოს მაგალითი.

ჩვენ შევქმნათ ჩვენი სტანდარტი, რომელსაც სხვა გადაიღებს და მუდმივად ჩვენ არ ვიყოთ ვიღაცის ჩამოყვანასა და მათგან სწავლაზე დამოკიდებული.

ყველასგან უნდა ვისწავლოთ, მაგრამ შემდეგ ჩვენვე უნდა შეგვეძლოს სხვისთვის სწავლება.

გამოცდილების მიღება კი მუდმივად გვჭირდება.

მე მსურს ინვესტორებს მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ამ ქარხნის ამუშავების შესახებ ყურმოკვრით მაქვს გაგებული, მაგრამ თქვენ თავად არასდროს არ მოსულხართ ჩემთან და არც მე დავინტერესებულვარ დეტალებით.

მთავარი სიამოვნება არის ის, რომ ის ბიზნესები, რომლებიც დღეს გაიხსნა მათ შესახებ ხშირად შემთხვევით ვიგებთ. ისინი იმის გამო კი არ იხსნება, რომ ჩვენ ვახსნევინებთ და ვაკეთებინებთ, არამედ იმის გამო, რომ არაფერში არ ვერევით, არ ვინტერესდებით, ხელს არ ვუშლით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საერთოდ არ დასჭირდეთ ჩვენთან მოსვლა. აი ეს არის თავისუფლება.

მახსოვს, როდესაც წელიწადში ერთხელ ჩამოსვლის ნებას დაგვრთავდნენ, ჩამოვყავდით დეპუტატები და გვაჩვენებდნენ აღორძინება-1, აღორძინება-2, სად არის დღეს ის ცარიელი კედლები არც ერთი აღარ მუშაობს, რადგან ყველაფერი თვალის ასახვევად კეთდებოდა და არც ერთი არ იყო ეკონომიკური პროექტი.

ყველა ის ობიექტი, რომელიც დღეს შენდება თუ იხსნება, თავისუფალი ეკონომიკის ნიმუშია - ვერც ხელფასს დავუწესებთ, ვერც პირობებს დავაძალებთ, ვერც ტექნოლოგიებს ვერ შევთავაზებთ, რადგან ყოველივე ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია თქვენი წარმატების გამო, სიხარული გამოვხატოთ.

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ხალხი, ვინც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს წილში უჯდებოდა, საბაჟოზე არ ატარებდა, ხარკს უწესებდა და უბრალოდ ყოველდღიურად ამცირებდა და გვერდზე სწევდა, მოგაშორეთ.

როგორც კი ეს ხორცმეტები მოგაშორეთ, ყველამ სულით და გულით გაიხარა და საქმეც კეთდება.

ეს არის განსხვავება თავისუფლებასა და შეზღუდვას შორის.

მთავარი, რაც აჭარაში შეიცვალა არის არა ის, რომ ლამაზი ბუჩქები და შადრევნები გაკეთდა, რესტორანი გაიხსნა, ათეულობით სამკერვალო ობიექტი და ქარხანა გაკეტდა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არამედ ის, რომ არათავისუფალი კუთხიდან და მთლიანად ქვეყნიდან ჩვენ თავისუფლების პირობებში გადავედით.

თავისუფლება კი, ყველა ერისთვის დიდი გამოცდაა.

ქალბატონი სვეტლანა და მისი მეგობრები, ასევე ყველა, ვინც ეს გააკეთა, ამ გამოცდას დიდი წარმატებით აბარებს.

მინდა მოგილოცოთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.

წინა ერთი კვირის განმავლობაში გადაუღებლივ წვიმდა, თუმცა როგორც კი ამინდი დაგვჭირდა, გამოიდარა. ესეც ხომ რაღაცის ნიშანია?

მინდა, რომ სულ ასეთ ნათელ და ბედნიერ ხასიათზე ვიყოთ ყველა.

დიდი მადლობა იმ ბედნიერებითვის, რომელიც მომანიჭეთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)