Google+

სიახლეები

03.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

მოგესალმებით ყველას!

აქ გვყავს მოსწავლე, რომელმაც მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი, ასევე გვყავს ერთი ვერცხლის მედალოსანი, 4 ბრინჯაოს მედალოსანი და რაც მთავარია, საქართველოს ძალიან კარგი ახალგაზრდობა და ნიჭიერი ხალხი ჰყავს.

გიორგი ნადირაძეს, გიორგი არაბიძეს, ირაკლი ჩიტაიას, გიორგი ლეკვეიშვილს, აკაკი მამაგეიშვილს, დავით თვალჭრელიძესა და რატი გელაშვილს, ასევე მათ მასწავლებლებს მინდა მივულოცო ეს დიდი წარმატება.

კარგი ისაა, რომ გეოგრაფია მოიცავს მთელ საქართველოს - თქვენს შორის არიან თბილისელები, ქუთაისის ორი აღსაზრდელი.

მთელი საქართველო, მათ შორის პერიფერიები, აქტიურად ერთვება სწავლისა და განათლების ფერხულში.

ეს მხოლოდ იმიტომაა შესაძლებელი, რომ საქართველოში ადამიანებისა და მათი ნიჭის დაფასება დაიწყო.

დღეს ადამიანის დაფასებისათვის მთავარი კრიტერიუმი შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება და დამსახურებაა და არა კავშირები, ოჯახური წარმომავლობა, ფული ან სხვა რაიმე.

ამას წინათ მიყვებოდნენ, რომ რამდენიმე ძალზე მდიდარი ოჯახის ვერც ერთი შვილი ბოლო ეროვნული გამოცდის ჩაბარების შემდეგ ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში.

პირველ ეროვნულ გამოცდაზე პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა ონის რაიონიდან, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ელექტროენერგია და არც სხვა საშუალებები მოსწავლეთათვის მიზნის მისაღწევად.

აი, ეს არის სამართალი და ახალი ქართული საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელშიც თქვენნაირ ახალგაზრდებს ეხსნებათ გზა და ეძლევათ საშუალება.

თითოეულ თქვენგანს მინდა გითხრათ, რომ პირადად მე, ამას ვერასოდეს ვერ მივაღწევდი - ბავშვობისას ბევრ ოლიმპიადაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით.

მსოფლიო ოლიმპიადაზე გამარჯვება ჩემთვისაც და ბევრი ქართველი გამარჯვებულისთვის მიუწვდომელი ოცნება იყო.

დიდი მადლობა, რომ თქვენ ეს შეძელით, ეს იყო მიღწევა თქვენთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვისაც.

მსურს მადლობა მოვახსენო თქვენს მასწავლებლებს.

მთავარი ადამიანები ჩემთვის ჩემი მასწავლებლებლები იყვნენ და დარწმუნებული ვარ რომ ეს თქვენთვისაც ასეა.

მსურს ჩემი გადაწყვეტილება გამოგიცხადოთ - თითოეული მათგანი: გიორგი ბარელაძე, ზაზა გამეზარდაშვილი, ლერი გოგოლაძე ივანე კვიტაშვილი ივანე მანდარია, გენადი მარგველაშვილი, ემზარ ოთხოზორია, გურამ ქოთოლაშვილი, მაია წილოსანი და ბაჩუკი ხიზანეიშვილი საზოგადოებრივი დამსახურებისათვის საქართველოს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი - ღირსების ორდენებით ჯილდოვდებიან.

ასევე მინდა გითხრათ, რომ თითოეულ თქვენგანს ენიშნება საპრეზიდენტო სტიპენდია.

კერძოდ, რატი გელაშვილს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თვეში 800 ლარი ექნება, გიორგი არაბიძეს - 500 ლარი, ხოლო დანარჩენებს - 400-400 ლარი.

ეს სტიპენდია მათ დაფასების ნიშნად და ასევე შემდგომი ხელშეწყობისათვის ენიშნებათ, რათა უკეთესად ისწავლონ და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიონ სამშობლოს საკეთილდღეოდ.

რაც შეეხება პედაგოგებს, იმ წარმატებისათვის, რომელსაც მათ მოსწავლეებთან მუშაობის შედეგად მიაღწიეს, თითოეულ მათგანს ერთი წლის განმავლობაში დამატებითი საპრეზიდენტო სტიპენდია 500-500 ლარი ენიშნებათ.

ოლიმპიური მოძრაობა ფართოდ უნდა გავშალოთ.

სხვათა შორის, ოლიმპიური დაფინანსება 10-ჯერ გავზარდეთ და თანხამ მილიონ სამასი ათას ლარს გადააჭარბა.

ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჩემი სურვილია, რომ საქართველოში ყველა მოსწავლეს მუდმივად ჰქონდეს საკუთარი თავის გამოვლენისა და ერთმანეთთან შეჯიბრის საშუალება.

ჩვენ ყველას თანაბარი შესაძლებლობა უნდა მივცეთ, მაგრამ ძალით არავინ არ უნდა გავათანაბროთ.

მხოლოდ შრომისმოყვარე და ნიჭიერ ბავშვებს უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება, რათა მეტად იყვნენ დაფასებული.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველაფრისათვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)