Google+

სიახლეები

04.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა

მოგესალმებით!

რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს და მათთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს აშუქებდნენ.

ეს ფაქტი ძალზე შემაშფოთებელი და უსიამოვნოა და დიდი ხნის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი.

როგორ შეიძლებოდა ეს დაგვმართოდა?

მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს ვკითხო - როგორ გაგიძვრათ და როგორ აღმოჩნდა დღეს რუსეთის ფედერაციაში ეს ჩიხლაძე ე.წ. ვოლკი?

გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების უფროსზე; ადამიანი, რომელმაც საქართველოს თავდაცვის შესყიდვების შესახებ ყველა საიდუმლო ინფორმაცია იცის, აღმოჩნდა პირდაპირ მოსკოვში.

რაღად გვინდა დაზვერვა, თუ მთავარი ინფორმაციის "ცენტრი" ჩადის პირდაპირ რუსეთში?

მათ უკვე ყველაფერი იციან, რაც აქამდე ხდებოდა. თავდაცვის სფერო გვაქვს გახსნილი, ვგულისხმობ ტაქტიკურ და ოპერატიულ გზებს.

როგორ უნდა მივსულიყავით იმ მდგომარეობამდე, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელიც ყველანაირ ინფორმაციას ფლობდა, კრიმინალური წრეებიდან იყო მოსული და "ვოლკი" ერქვა.

ამ შემთხვევაში ეს არავის მიმართ არ არის კონკრეტული საყვედური, თითოეული ჩვენგანისთვის ეს მძიმე გაკვეთილია.

ამ დღეებში ყველა უნდა დაფიქრდეს რას აკეთებს, მეტიც, ვინც რა არ უნდა აკეთოს, ჩვენ გვაქვს თავისუფლება.

დააკვირდით რა ვაქჰანალიაა ერთ-ერთი სახელმწიფოს მასმედიის საშუალებებში - ისინიც კარგად მიხვდნენ, და მგონი ქარველებისთვისაც სრულიად ნათელია - ისტორიის ყველა ეპიზოდში, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საქართველოს აღმოუჩნდებოდა-ხოლმე ხალხი, რომლებიც საქართველოს მტრის ინტერესს სამშობლოზე მაღლა აყენებდა.

დღეს ქვეყანას სხვა მთავრობა ჰყავს და სხვა მოტივაცია აქვს; ეს სრულიად სხვა საქართველოა და ჩვენც სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ - ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი საქმე.

თუ ვინმეს კიდევ გყავთ სამინიტროებში "ვოლკები", "მგლები", "ტურები" და მართლაც ცხოველები, გთხოვთ გადაამოწმოთ!

ამას ჩვენც გადავამოწმებთ!

მე მივიღე გადაწყვეტილება შევქმნა პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული ჯგუფი, რომელიც ანგარიშვალდებული მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლმენტის თავმჯდომარესთან იქნება.

ეს ჯგუფი არ დაექვემდებარება არც შინაგან საქმეთა სამინიტროს, არც პროკურატურას, არც კონტროლის პალატას და არც რომელიმე სხვა უწყებას, მაგრამ სახელმწიფოს პირველ პირების დაქვემდებარებაში იქნება.

მისი მთავარი ფუნქცია თითოეული თქვნგანის, მათ შორის თქვენი ოჯახებისა და ახლობლების შემოწმება და კონტროლი იქნება.

ჩვენ ისეთი გაკვეთილი მივიღეთ, რომ ახლა ალტერნატივა არ გაგვაჩნია.

ზოგადად, ანტიკორუფციულ ბრძოლაში წარმატებას მივაღწიეთ, მაგალიტად, დავიჭირეთ უამრავი მებაჟე, რომელთაც აიღეს ოცი, ოცდაათი ლარი, თუმცა ცხვირწინ მინიმუმ ორმოცდაათი მილიონი აგვწაპნეს და შესაძლოა მეტიც.

თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ შანტაჟით ბანანის რესპუბლიკას შეგვაქმნევინებს, არაფერი არ გამოუვა.

ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი, მთელი მსოფლიო სავსეა კორუმპირებული მთავრობებით, მინისტრებით და პოლიტიკური სპექტრით.

ჩვენ ქვეყანას ყველაზე რთული სასტარტო პირობები და გადასალახი ამოცანები ჰქონდა.

თქვენ იცით რა ფასად დავძლიეთ კორუფცია და მოვედით აქამდე.

მე ვიყავი საბერძნეთში, სადაც ქართულ დიასპორას შევხვდი; მათგან ბევრი საინტერესო ამბავი გავიგე საბაჟო სისტემასთან დაკავშირებით.

თქვენთვის სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ბათუმის საბაჟოზე ჯერ კიდევ ინტენსიურად იღებენ ფულს.

ეს განსაკურებით ღამით ხდება - დაუბანელ, გაუპარსავ და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს ავტობუსების მძღოლები გვერდზე გაყავთ და ფულის გადახდას სთხოვენ...

ჩვენ აქ იმისათვის ვართ, რომ სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის ურთიერთობა გავამარტივოთ.

ამიტომ, მე ვთხოვ ყველა სამინისტროს ხელმძღვანელს ჩავიხედოთ ჩვენს სტრუქტურების საქმიანობაში, რათა ხალხის წვალება აღარ დავუშვათ და ამას ბოლო მოვუღოთ.

ხალხის წვალება, პრაქტიკულად, კორუფციის მაჩვენებელია; სადაც ბიუროკრატიაა, იქ კორუფციაცაა.

ძალიან მომწონს ის, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შეშასთან დაკაშირებით გააკეთა.

ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს - რაღაც უნდა ვაკონტროლოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხმა გასათბობად შეშა ლეგალური გზით მოიპოვოს, ფაშისტური რეჟიმის დამყარება აუცილებელი არ არის.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფულის საკეთებელი ხვრელი უნდა გავხსნათ, ამიტომ ყველა პროცედურა უნდა გავამარტივოთ.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 12, 5 პროცენტია, ქვეყნის მოსახლეობისთვის, თითოეული ოჯახისათვის არაფერი არ იცვლება.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმის თაობაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია გაიზარდა, რაც თავისთავად უდავოა, იმ მრავალი ოჯახისთვის, რომელიც უშუალოდ არ არის ჩართული ბიზნესში და არც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, ყოველივე ეს ძალიან მტკივნეულია.

ეს განსაკუთრებით უმუშევრებისათვის და სოციალურად დაუცველი ფენისათვის არის ძალიან მძიმე, ასევე იმ სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანებისათვის, სადაც ხელფასი ძალიან დაბალია - მაგალითად პედაგოგებისათვის.

ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებელი იზრდება, სახელმწიფოში შემოდის თანხა, მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი და ამით მისთვის ბევრი რამ იცვლება.

ამის თაობაზე მთავრობას ბევრჯერ მივუთითე.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ იცვლება - გზები იგება, სკოლები რემონტდება, მერია კარგ ავტობუსებს ყიდულობს და ყოველივე ეს ძალიან კარგია, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ამ ავტობუსებით მგზავრობისთვის მოსახლეობას ორჯერ მეტის გადახდა უწევს, მარტო გზებით, გარემონტებული სკოლებითა და საავადმყოფოებით ადამიანი ვერ იცხოვრებს.

ამიტომ, მუდმივად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კომპენსაცია მოვახდინოთ თანაც ისე, რომ ეკონომიკის განვითარება არ შეფერხდეს.

ფასების ზრდასთან - განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიისა და ფქვილის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, მე გთავაზობთ, რომ ხალხის ყველაზე უფრო დაუცველ კატეგორიებს - პენსიონრებსა და პედაგოგებს, ერთჯერადად მივცეთ საკომპენსაციო პაკეტი - ორმოცდაათი ლარი დენის გადასახადისათვის და ორმოცდაათი ლარი გაზის გადასახადისათვის.

მომავალ წელს ვიფიქროთ შემდგომ კომპენსაციებზე.

რეგიონებში, სადაც არ არის ბუნებრივი გაზი, მოსახლეობას ელექტროენერგიისა და ფქვილის საკომპენსაციო თანხა უნდა გადავუხადოთ ან უნდა დავარიგოთ ფქვილი და გაზსა და დენზე ვაუჩერები მივცეთ.

პრინციპში, კმაყოფილი ვარ უმუშევრობის დაძლევის პროგრამით, მართალია ბევრი ხარვეზი იყო, მაგრამ ათობით ათასმა ადამიანმა სამსახური იშოვა, ხოლო უფრო მეტმა - საკუთარი ფუნქცია.

იყო დარღვევებიც, ბოროტადაც გამოიყენეს თანამდებობა, ბევრი საყვედურიც მიიღო თქვენმა წინამორბედმა ჭიპაშვილმა, მაგრამ ამ შეცდომებზე ჩვენ უნდა ვისწავლოთ.

გთავაზობთ, რომ მომავალში დასაქმების ახალი პროგრამა შევიმუშაოთ, რომლის მიხედვითაც ხალხს მინიმალურ ხელფასს 5-6 თვის განმავლობაში გადავუხდით.

ამ პროგრამამ ასი ათასი ადამიანი უნდა დაასაქმოს.

წინა პროგრამა, დაახლოებით, ორმოცდაათი ათას ადამიანზე იყო გათვლილი.

ეს ძალზე რთული პროცესია, რომელიც ეტაპობრივად უნდა განვახორციელოთ, რათა შეცდომები თავიდან ავიცილოთ.

გთავაზობთ, რომ პროგრამაში მონაწილეების რეგისტრაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დავიწყოთ, შევადგინოთ გრაფიკი, შევარჩიოთ ოპტიმალური საშუალება, რათა შემოდგომიდან ხალხმა დროებით დასაქმების პროგრამით ხელახლა დაიწყოს მუშაობა.

განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ განათლების სამინისტრომ ხელახალი მომზადების ცენტრები შექმნა.

შეიქმნა რამდენიმე ძალიან კარგი ცენტრი, რაც ზღვაში წვეთია, ათჯერ მეტი გვჭირდება და ამ ცენტრების რაოდენობა უნდა გავზარდოთ.

ჩვენ უნდა მოვამზადოთ ახალი პედაგოგები და მთავრია, რომ ამ პროგრამაში ყველა ასაკის ადამიანები მოხვდნენ.

გუშინ მოვინახულე აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი კონსტრუქციით მშენებარე ჩქარი მატარებლის სადგური.

მშენებლობაზე მუშაობდენენ ორმოცდაათი წელს გადაცილებული ადამიანები და უნდა ნახოთ, როგორი შემართებით შრომობენ ისინი.

ჩვენ მათ სიახლის გათავისებაში უნდა დავეხმაროთ.

ბათუმში ფარმაცევტული ქარხნის გახსნისას იმყოფებოდა ქალბატონი, რომლის პროფესიონალიზმი, ინვესტორის თქმით, საწარმოს ღირებულების ნახევრის ტოლფასია.

ტყიბულის მაღაროებში 40-60 წლის ინჟინრები მუშაობენ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაშიც უამრავი ასეთი სეპციალისტია.

მსგავსი პროფესიონალები უნდა გამოვიყენოთ მათივე დარგებში ახალი სპეღიალისტები მოვამზადოთ და ახალი ტექნოლოგიები შევასწავლოთ.

სიღნაღში, სადაც დღეს ვიყავი, სახელმწიფო ფული რომ არ ჩადებულიყო, არ შევიდოდა კერძო სექტორი, რომელმაც ამ ტერიტორიაზე ასე მძლავრად მოიკიდა ფეხი. იგივეს ვაკეთებთ ქუთაისსა და ბათუმშიც.

თუ სახელმწიფომ რაღაც არ დაიწყო, კერძო სექტორიც არ აგყვება.

ჩვენ ყველაფერში ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს და არავის არ მივცემთ უფლებას მას საქმიანობაში ხელი შეუშალოს.

ჩვენ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავედით.

საქართველო უნდა გადავიდეს წარმოების მასობრივ სტადიაზე.

"სოფლის მეურნეობის გადამამუშავებული ასი საწარმო" ჩვენი უმთავრესი პროგრამაა.

ამ და უამრავი სხვა საწარმოს გახსნას, სახელმწიფოს მხრიდან მასიური ხელშეწყობა სჭირდება.

დღეს ჩვენ ვაცხადებთ ჩვენი ეკონომიკური კურსის ახალ ეტაპს - ინვეტიციები უნდა ჩაიდოს დასაქმებაში, ხალხის ხელახალ მომზადებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, იმ ხალხისათვის კი, ვის შემოსავალსაც ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა არ დატყობია, დაცვის დამატებითი ბერკეტების უნდა შევქმნათ.

მთავრობას ვთხოვ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გააძლიეროს.

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელებისათვის 100 მილიონია საჭირო, რომელიც დაუყონებლივ უნდა გამოვყოთ.

მასწავლებელების ვაუჩერები პირველი იანვრიდან იქნება.

თუ ადამიანი მუშაობს, მას ამის საშუალება უნდა მივცეთ, ხოლო პენსიაზე გასვლისას, იგი ღირსეულად და დაფასებულად უნდა გავაცილოთ.

ვისაც პენსია ხუთასი ლარი აქვს, მაგალითად პარლამენტის წევრს, 100-ლარიანი შეღავათი მასზე არ გავრცელდება.

ამ შეღავათით ის ხალხი ისარგებლებს, რომელთა პენსია ჩვეულებრივი, ან ას ლარზე ნაკლებია.

მდიდრებს ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ მათ დამატებით ფულს ვერ მივცემთ.

ვფიქრობ, მდიდრები უნდა დაეხმარონ მათ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს საქართველოში.

აი, ეს არის მნიშვნელოვანი.

მსურს ასევე განვაცხადო, რომ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი წარმატებული იყო.

მართალია, ზოგიერთ ადამიანს ეს აღიზიანებს, მაგრამ როდესაც ისინი ღიზიანდებიან, ჩვენ ძალიან კარგ ხასიათზე ვართ - საკუთარი თავი ამ ბოროტ აზრში დავიჭირე.

თუ საქართველოს არაკეთილმოსურნეები ნერვიულობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან კარგ გზაა ადგას.

ჩემი ფუნქცია მათი დაწყნარება არ არის - ჩემი ფუნქციაა, რომ კიდევ უფრო ინერვიულონ.

ჩვენი ამოცანაა სვლა ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისკენ, ასევე ევროატლანტიკურ და სხვა დემოკრატიულ სტუქტურებში ინტეგრაციისკენ.

ჩვენ უნდა დავაჩქაროთ დაწყებული დემოკრატიული რეფორმები.

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი იყო.

თუმცა ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი და ამ საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურადაა ჩაბმული.

მთლიანობაში ეს ჩვენი საშინაო დავალებაა.

მტრის ჯინზე და ჩვენი ხალხის გასახარად საერთაშორისო ინტეგრაციის სრულიად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ.

ხელები დაიკაპიწეთ და მოცემული დავალებები სანიმუშოდ შეასრულეთ.

კრიტიკა ისმის ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების მისამართით.

მინდა გავაფრთხილო ის ხალხი, ვისთვისაც შარშან სახელმწიფო კრედიტი გამოვყავით და ჩვენი პრინციპები დავარღვიეთ - მათთვის ეს ფული არ გვიჩუქებია, ახლა შევარდნაძის დრო არ არის. ისინი ან ყურძენს გადაამუშავებენ, ან ამ ფულს უკან მოვატანინებთ.

ჩვენთან თაღლითობა არ გამოვა.

მინდა ეს ხალხი უმკაცრესად გააფრთხილოთ.

მესმის, რომ დიდი მოსავალი ნაკლებ ფასებს ნიშნავს.

მადლობა მინდა ვუთხრა ხალხს, ვინც ასე კარგად მუშაობს რთველზე. ხარვეზები ჯერ კიდევ იქნება, თუმცა მათ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მოსავალი არ განადგურდეს.

საქართველოს არაკეთილმოსურნეები ყველაზე მეტად ჩასაფრებული არიან რთველის პერიოდს უსაფრდებიან.

რა თქმა უნდა, ერთუჯრედიანი შიდა მოღალუტუკებიც, დარაზმულები არიან, მაგრამ ქართველი ხალხი ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

საქმიან ვითარებაში რთველი ბოლომდე უნდა მივიყანოთ, ჩვენ კი, რაც შეგვიძლია, ყველანაირად დაგეხმარებით.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)