Google+

სიახლეები

01.11.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისი სამიტი 2007: ”ვაშენოთ ევროპის აღმოსავლეთი” გახსნა

მოგესალმებით ყველას!

მივესალმები როგორც ქართველ მონაწილეებს, ისე ჩვენს სტუმრებს!

დღეს აქ ჩამოსულია წამყვან პოლიტოლოგთა, ჟურნალისტთა სახელმწიფო მოღვაწეთა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირთა დიდი ჯგუფი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები და სამინისტროს სხვა მუშაკები.

ძალიან დიდი ხანია თბილისში ამდენად დიდი მნიშვნელობისა და წარმომადგენლობის კონფერენცია არ გამართულა.

მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოდან გარე სამყაროში სულ უფრო მეტი სიმართლე გადის, საქართველოს შესახებ სულ უფრო მეტი სტერეოტიპი იმსხვრევა, სულ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ჩნდება და საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მიმართ მეტი კეთილგანწყობა იგრძნობა.

საქართველო რომელიც 3-4 წლის წინათ არშემდგარი სახელმწიფო იყო, დღეს აღიარებულია როგორც წარმატებული დემოკრატიული სწრაფი განვითარებისა და ინსტიტუციური რეფორმების მოდელი და ნიმუში.

გუშინ ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველო ბიზნეს-კლიმატის თვალსაზრისით წარადგინა.

ისე, როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა ჟან ლემიერმა საქართველოზე ილაპარაკა, მე ვერასდროს ვერ ვისაუბრებ; ვისაც ეს გამოსვლა აინტერესებს, მის სიტყვას შეუძლია პირადად გაეცნოს.

ამავე დროს, თქვენ იცით, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მორიგი ინციდენტი მოხდა, რომელიც ამ რეგიონში რუსეთის სამშვიდობოების საეჭვო საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

გუშინწინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს სამშენებლო მასალების დამამზადებელ ძალზე დიდ ქარხანას ვხსნიდი, სადაც ორი ათასამდე ადამიანია დასაქმებული; ამავე დღეს ვაპირებდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამავალი რკინიგზის სადგურის გახსნას (ამ მხრივაც საქართველო ძალზე თანამედროვე ქვეყანა ხდება, თქვენ ნახეთ ჩვენი აეროპორტი).

ამ დროს შემატყობინეს, რომ ჩვენი პოლიციის პოსტზე, რომელიც განმუხურის დევნილთა და ახალგაზრდულ მშვიდობიან ბანაკს იცავს, რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო.

ვიდრე განმუხურის ბანაკი გაიხსნებოდა, ეს ტერიტორია მთლიანად იყო ტერორიზებული.

იქ ზუგდიდის და გალის რაიონის საკმაოდ ბევრი სოფელია, სადაც მუდმივად ხდებოდა ადამიანთა გატაცების ფაქტები, ბანდიტიზმი, მკვლელობები, რასაც რუსეთის სამშვიდობოები აკონტროლებდნენ.

ამ რეგიონში შარშანწინ ღამით ჩავედი და შევხვდი რამდენიმე დაშინებულ ადგილობრივ მოსახლეს, რომლებიც ყველაფერს შიშის თვალით უყურებდნენ.

სწორედ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ იქ ახალგაზრდული ბანაკი გაგვეხსნა და ზღვისპირა ზოლი გამოგვეყენებინა.

ამ ბანაკის გახსნის დღიდან, წელს პირველი ზაფხული იყო, როცა ამ ტერიტორიაზე არც ერთი ინცინდენტი არ მომხდარა.

მე ვიყავი ოჯახებში, რომელთა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ თხილის მოსავლით წელიწადში 13-14 ათასი დოლარია, ეს კი იმის ხარჯზე ხდება, რომ ამ რეგიონში აღარ არის ყაჩაღობა, გაიხსნა გადამამუშავებელი ქარხნები და ეკონომიკა ამუშავდა.

ყოველივე ამის ფონზე, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ გაერო-მ გამოაქვეყნა განცხადება ამ ტერიტორიიდან ბანაკის სხვა ადგილზე გადატანის თაობაზე, რადგან, თურმე, ეს ფაქტი აფხაზებს გააღიზიანებდა და პროვოკაციის მოწყობის საფუძველი გახდებოდა; თანაც გაერო-მ ეს განცხადება ისე გააკეთა, რომ ამ ბანაკში თავისი ერთი წარმომადგენელიც კი გამოუგზავნია და მისი ნახვით მეგობართა ჯგუფის წევრი არც ერთი ელჩი არ დაინტერესებულა.

ვფიქრობ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მარცხის კლასიკური ნიმუში არა მხოლოდ პრობლემა გადაწყვიტის, არამედ ზოგადად პრობლემაში გარკვევის თვალსაზრისითაც.

ეს იყო სრულიად მიუღებელი რეკომენდაცია, რომელიც მორალისგან ძალიან შორს იყო. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ მდივანთან ხმამაღლა განვაცხადე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამაზე რეაგირება მოახდინეს და გაერო-ს შემდეგ მოხსენებებში ამ ფაქტზე საუბარი აღარ ყოფილა.

ჩვენ დიპლომატიურ მიზანს მივაღწიეთ!

ვფიქრობ, საჭიროა, რომ ამ საკითხებს ზედაპირულად არ უნდა მიუდგნენ.

აფხაზეთიდან თითქმის 500 ათასი ადამიანი გამოაძევეს.

თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველო ოდესმე შეეგუება ამ ფაქტს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ეს დანაშაული ვინმეს შერჩება და უკანონობას შევეგუებით, მწარედ ცდება.

ბანაკის სეზონი მაისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება, რადგან ოქტომერში იქ საკმაოდ ცივა. როგორც კი ახალგაზრდებმა ბანაკი დატოვეს, რუსეთი სამშვიდობოებმა დრო იხელთეს და დაცარიელებულ ბანკაზე თავდასხმა განახორციელეს. ჩვენ რომ ამას შევგუებოდით, იგივე განმეორდებოდა მთელი სამეგრელოსა და გალის მასშტაბით.

სწორედ ამიტომ აღარ წავედი სადგურის გასახსნელად და შექმნილი ვითარების გასაცნობად ადგილზე პირდაპირ გავფრინდი ვერტმფერინით.

ჩასვლისას იქ რამდენიმე მძიმედ ნაცემი და ხელ-ფეხშეკრული ქართველი პოლიციელი ვნახეთ.

იქ მრავლად იყვნენ ჟურნალისტები, მათ შორის, ადგილობრივი ტელეკომპანია "ოდიში"-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი ემა გოგოხია, რომელმაც ე.წ. რუსეთის სამშვიდობოებს ხელჩართული ბრძოლის შედეგად გამოგლიჯა ვიდეოკამერა.

თავდაპირველად ვერც კი მივხვდი მათი მოქმედების მიზეზს თუ რატომ წაართვეს მას კამერა - ჩვენთან ერთად იყვნენ საქართველოს სხვა ტელევიზიების წარმომადგენლები და მომხდარს ისინიც აფიქსირებდენენ.

ამას მოგვიანებით მივხვდი, მას შემდეგ, რაც ვნახე ფირი, რომელზეც ნათლადაა ნაჩვენები, თუ მოქმედებენ რუსები აფხაზეთში და როგორ მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში.

1992 წელს, როდესაც რუსეთის ავიაცია ბომბავდა აფხაზეთს, მაშინდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრი გენერალი გრაჩოვი გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ ქართველებმა საკუთარი თვითმფრინავი გადაღებეს და საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად თავად დაბომბეს აფხაზეთი.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირი ყურადღება ვერ მივიპყარით -მსოფლიომ გადაყლაპა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ბარბაროსული ეთნიკური წმენდა.

მარტში დაბომბეს ზემო აფზეთი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რატომღაც, ჯიუტად უწოდბენ კოდორის ხეობას.

ვფიქრობ, სახელმწიფოს გადასაწყვეტია რა უწოდოს საკუთარ ტერიტორიებს, ასეთი ტერმინოლოგიით თქვენთან ლაპარაკზე ჩვენ უარს ვაცხადებთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ეს ევროკავშირისა და გაეროს ვუთხრა: ზემო აფხაზეთში კოდორის ხეობის გარდა შედის ჭუბერის უღელტეხილი, ჩხალთისა და რამდენიმე სხვა ხეობა.

სწორედ ეს არის ზემო აფხაზეთი და არა კოდორის ხეობა.

როდესაც ზემო აფხაზეთი ხელახლა დაგვიბომბეს, რომ არა ჩვენი რამოდენიმე მეგობარი ობიექტური ჟურნალისტი, ამ ფაქტის გახმაურება არ მოხერხდებოდა.

აგვისტოში საქართველოს ცენტრში, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში ისროლეს რაკეტა, მაშინ ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვალა.

ამისათვის მინდა მადლობა ვუთხრა ამერიკას, შვედეთს, ბრიტანეთს, პოლონეთს, ჩვენ ბალტიისპირელ მეგობრებს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოში თავიანთი ექსპერტები სწრაფად გამოაგზავნეს და სწორი დასკვნები დაწერეს.

ჩვენ საკმაოდ სწრაფად შევქმენით საერთაშორისო კოალიცია

თუმცა მაშინაც გამოჩნდა ხალხი, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპულ ქვეყნებშიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ შესაძლოა რუსები არ ცდებოდნენ და რაკეტა იქ ქართველებმა საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად თავად ჩაფლეს.

ეს იმ ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც ექსპერტების გამოგზავნაზე უარი განაცხადეს, რადგან მათი გამოგზავნის შემთხვევაში დღესავით ნათელი გახდებოდა, რომ ამ რაკეტას ქართველები ვერანაირად ვერ ჩაფლავდნენ.

ასეთი რამ წარმოუდგენელია.

ამ ჟურნალისტის - ემა გოგოხიას სამოქალაქო საქციელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფირზე ნათლადაა აღწერილი ის, რომ მეორე დღეს რუსების მიერ თითქოს ღორის ჭირთან საბრძოლველ ოპერაციად გასაღებული ფაქტი, სხვა არაფერი იყო თუ არა ჩვეულებრივი პროვოკაციული, ბანდიტური თავდასხმა.

ამით მათ სურდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას მორიგჯერ გასჩენოდა უმწეობისა და უიმედობის განცდა, შეშინებოდა იმის, რომ ჩვენ ისევ მოგვერევიან, გადაგვივლიან და ყოველთვის იმას გააკეთებენ, რაც მათ სურთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშო, რომ იქ ჯავშანტექნიკით აღჭურვილი, დაახლოებით, 110-120 რუსი ჯარისკაცი იყო.

საგულისხმოა ისიც, რომ მათი უმრავლესობა აფხაზეთში საგანგებოდ ჩეჩნეთიდან ჩამოიყვანეს, კერძოდ, კადიროვის რაზმიდან.

მე მივედი ჩეჩნებთან, მათ ხელი ჩამოვართვი, გავესაუბრე, ვუთხარი, რომ მათან გასაყოფი არაფერი არ გვაქვს და სახლში მშვიდობიანი დაბრუნება ვუსურვე.

მინდა გითხრათ, რომ სამშვიდობო მისიის განსახორციელებლად ჩეჩნების ჩამოყვანა, უკიდურესად საეჭვო და პროვოკაციული ქმედებაა.

1992 წელს, მაშინდელმა ფე-ეს-ბემ საქართველოში შამილ ბასაევის მეთაურობით ათასობით ჩეჩენი ჩამოიყვანა, ხოლო რა აკეთეს შემდეგ მათ რუსეთში, ეს ყველამ კარგად იცის.

როგორ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომების განმეორება? საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, როგორიც 1992-93 წლებში იყო. 2003 წელს ჩვენი ბიუჯეტი 350 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს კი 4 მილიარდ დოლარზე მეტია და კიდევ იზრდება.

წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-15 პროცენტს მიაღწევს.

საქართველოს ყველა საშუალება აქვს, რომ მსგავსი თარეში საკუთარ ტერიტორიაზე აღკვეთოს და მომავალშიც აღარ დაუშვას.

მსურს ეს ყველამ კარგად გაითვალისწინოს!

ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ და სახელმწიფოებრიობის ასპროცენტიანი ნიშნები გვაქვს.

ამის განხორციელებას მუდმივად ვაპირებთ, რაც რუს მეთაურს საკმაოდ კარგად განვუმარტე.

ამჯერად იქ იმისათვის ჩავედი, რომ მსოფლიოსთვის სიმართლის თქმის საშუალება მქონოდა.

გარწმუნებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი პოლიციელი კარგად არის მომზადებული და ეკიპირებული იმისათვის, რომ თავადვე აღკვეთოს მსგავსი პროვოკაციები - ამ მიმართულებით მათი ზუსტი ინსტრუქციები აქვთ მიცემული.

ამიტომ მინდა ყველამ გავიაზროთ, რომ ჩვენ მართლაც ძალიან სარიკსო, მაგრამ განვითარების მართლაც საინტერესო ეტაპზე ვართ.

ბევრწილად, ევროპის შემდგომი ბედი დღეს საქართველოსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყდება; რუსეთის შემდგომი ბედიც, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ვიტყვი, ალბათ დიდწილად საქართველოში წყდება.

საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, რომ ერთად, ხელჩაკიდებულებმა გადავჭრათ ეს საკითხები და ბევრად უკეთესი მომავლისკენ ერთობლივად წავიდეთ წინ.

ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ყველა ეს საკითხი მშვიდობიანად, თუმცა აუცილებლად გადაწყდეს.

ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ჩვენს განვითარებას არაფერი დაუდგეს წინ, მაგრამ თუ საკმაოდ ბევრ საკითხს არ მოვაგვარებთ, შესაძლოა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის განვითარებას შეექმნას გარკვეული პრობლემები.

არ მინდა ვინმემ თქვას, რომ საქართველო მუდმივად პროვოკაციულად იქცევა.

მინდა გკითხოთ - როგორ მოქცეოდა თქვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე თქვენს ტერიტორიზე რომ დათარეშობდნენ გასამხედროებული ფორმირებები, რომლებსაც, რატომღაც, რეგულარული სამხედრო ჯარის წარმომადგენლები ეწოდებათ?

- ვფიქრობ ეს მიუღებულია და გამოსავალს ყველა ერთად გამოვნახავთ.

უფრო კონკრეტულ საუბარს ხვალ გავაგრძელებთ სიღნაღში - ქალაქში, რომელიც ექვს თვეში პრაქიტიკურლა ახლიდან ავაშენეთ.

ეს ნათელი ნიმუშია იმისა, თუ რა შეუძლია ახალ საქართველოს.

თქვენ ამ ქალაქში ჩახვალთ ახალი გაკეთებული გზით და სიახლეებსაც საკუთარი თვალით ნახავთ.

სიტყვას გადავცემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპის საკითხებში დენიელ ფრიდს, რომელსაც წარმოგიდგენთ, როგორც ჩვენს და პირადად ჩემს ძველ მეგობარს, ჩვენს მრჩეველს და ყოველთვის საინტერესო აზრის მომწოდებელს.

მსურს მას მივულოცო აშშ სახელმწიფო იერარქიაში, სამოქალაქო სამსახურში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა - სახელმწიფო დეპარტამენტში უფროსი მრჩევლის ტიტული, რომელიც მას ამას წინათ მიანიჭეს.

ვფიქრობ, უცხოელ სახელმწიფო მოღვაწეებს შორის, რომლებთანაც პირადად მე ურთიერთობა მქონია, იშვიათია, ისეთი გამოცდილების, პიროვნული თვისებების მქონე და თბილი ადამიანი, როგორიც ბატონი დენიელ ფრიდია.

მინდა მას ყველა ერთად მივესალმოთ!

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)