Google+

სიახლეები

05.11.2007
საქართველოს პრეძიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან დავით აფრასიძესთან

დავით აფრასიძე: მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო. მადლობას მოგახსენებთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. ნოემბრის მოვლენები საკმაოდ დინამიკურად ვითარდება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით; მაგრამ რადგან საზოგადოებისთვის საშინაო პოლიტიკა უფრო ახლობელია, მოდით, ჩვენი საუბარი საშინაო პოლიტიკით დავიწყოთ. როგორ შეაფასებთ იმ პროცესებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში, კერძოდ, თბილისში ხდება?

მიხეილ სააკაშვილი: დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ადამიანის, პოლიტიკური ძალის, სოციალური ფენისა და ყოველგვარი ინტერესის მქონე მოქალაქეების მიერ საკუთარი კმაყოფილების ან, განსაკუთრებით, უკმაყოფილების გამოხატვა, თუკი ისინი ამას საჭიროდ მიიჩნევენ, იმ დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაშენებთ. თუმცა ეს პროცესი კანონის ფარგლებში და დემოკრატიული საზოგადოების შესაბამის ნორმებში უნდა ჯდებოდეს.

ბუნებრივია, როდესაც ხალხი ქუჩის აქციებს, დემონსტრაციებს აწყობს და პროტესტს გამოხატავს, ეს მათი არა მხოლოდ კონსტიტუციური უფლებაა, არამედ - ჯანსაღი, ნორმალური დემოკრატიული ორგანიზმის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილიც.

მე ყურადღებით ვუსმენ ყველაფერს, რასაც ადამიანები ამბობენ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ხელისუფლება, ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლებაა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ყველა ცალკეული ადამიანის, თუნდაც ყველა პოლიტიკური პარტიის წინაშე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე ამ პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ.

მეორე საკითხია თუ რა ტექნოლოგიებით მოქმედებს, რა მიზნები და ამოცანებია იმ პოლიტიკური ძალების ერთი ნაწილის წინაშე დასახული, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს და მას გეგმავს.

დავით აფრასიძე: ალბათ იმ მიზეზებზეც ვისაუბრებთ თუ რამ გამოიწვია ყოველივე ეს?

მიხეილ სააკაშვილი: მიზეზებსაც შევეხებით, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, მაგრამ ჯერ ტექნოლოგიებზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, საკმაოდ კონკრეტულ ტექნოლოგიებზეა ლაპარაკი. პრატიკულად, შეტევა ჯერ საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლებაზე წამოვიდა. ჩაირთო ნამდვილი სიცრუის ფაბრიკა. ეს ზუსტად იმ ხალხის მიერ არის გაკეთებული, რომელიც ამას რუსეთში 1990-იან წლებში, ელცინის სუსტი და კორუმპირებული ხელისუფლების დროს აკეთებდა რუსული ტექნოლოგიების მეშვეობით. სწორედ ასეთი ხალხი ჩამოვიდა, პრეზიდენტ შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების დროს და ზუსტად ისეთივე ინფრასტრუქტურა ააწყო. ეს მანქანა დაგვხვდა ჩვენ აწყობილი, ეს მანქანა დღეს მთელი ძალით ჩაირთო, მთელი თავისი თავისი სიცრუით. ეს მანქანა მარტივი ტექნოლოგიით მუშაობს - ბევრი ტყუილი ილაპარაკო, ადამიანს ბევრი ტალახი ესროლო, თანაც რაც უფრო ჯოჯოხეთური ტყუილია, მით უფრო ხშირად უნდა გაიმეორო, ამით დააავადო და დაასუსტო საზოგადოების ორგანიზმი, რომლის ხელში ჩაგდება და ზემოქმედება ბევრად უფრო ადვილია. აი, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც პირველ ეტაპზე ამოქმედდა.

შემდეგ ხდება ვარდების რევოლუციის იმიტაცია, ძალიან უნიჭო, თუმცა ერთი-ერთზე გამეორებული.

ვარდების რევოლუცია არა მარტო ბოლო წლების, არამედ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მართლაც ისტორიული და ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბევრი ფაქტორის გამო ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა. საქართველო იყო უიმედოდ განწირული ქვეყანა, რომელზეც ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, მათ შორის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს; ჩვენს ქვეყანაში უიმედობა სუფევდა და მას მსოფლიოში განუვითარებლობისა და კორუმპირებულობის ერთ-ერთ მთავარ ეტალონად ითვლებოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს საქართველო ყველამ ერთად გადავაქციეთ აბსოლუტურად ახალ, სანიმუშო ქვეყნად განვითარების ტემპისა და მიღწეული წარმატებების მიხედვით. დღევანდელ აქციებს კონკრეტული მოტივაცია აქვს - შეიქმნას განცდა და ვირტუალური რეალობა იმისა, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობას კი არ შეუდგა წყალი, როგორც ეს მათ უნდათ წარმოაჩინონ, არამედ მთლიანად საქართველო შეირყა და დასუსტდა. შემთხვევით არ ხდება, რომ რუსეთის, 140-მილიონიანი ქვეყნის ტელევიზია პირდაპირი ეთერით აშუქებს თბილისში გამართულ მიტინგებს - თითქოს მსოფლიოში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. დავფიქრდეთ, რატომ ხდება ეს? საქართველო მათთვის მარტო თბილისი და აქ ჩვენი პოლიტიკური რეალობა კი არა, სულ სხვა ტიპის დემოკრატიული განვითარების სიმბოლოა, რომელიც იმპერიის მუქარის, ასევე წინააღმდეგობის შესაქმნელად სხვადასხვა ხერხის გამოყენების მიუხედავად, შეიძლება პოსტ საბჭოთა სივრცეში მისაბაძი გახდეს. მინდა ვთქვა, რომ მე არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, არამედ მეამბოხე ერის პრეზიდენტი ვარ. მე იმ ერის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც მთელი მსოფლიოს დასანახად ყველას უთხრა: რაც არ უნდა დაგვაშანტაჟონ, ემბარგო გამოგვიცხადონ და სასუნთქი გზები გადაგვიკეტონ ჩვენსას გავიტანთ, ბოლომდე მივალთ და გასაკეთებელს გავაკეთებთ იმ დიდი ძალების დაპირისპირების მიუხედავად, რომლებიც დღეს გვიპირისპირდებიან. ბუნებრივია, მსგავსი გამოწვევის პასუხად, თუმცა ჩვენ არავინ არ გამოგვიწვევია - ეს მათ მიიღეს გამოწვევად, აღიქვეს სასიკვდილო საფრთხედ და დიდ პრობლემად - გადაწყვიტეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ანალოგიური ამბოხი არსად აღარ განმეორებულიყო. ამიტომაცაა, რომ ამ მიტინგებს არა ქართველებისა და რუსებისათვის, არამედ უკრაინელებისათვის, ყაზახებისათვის, სომხებისათვის აზერბაიჯანელებისათვის უზბეკებისათვის აშუქებენ. ამით ყველას ეუბნებიან: "ესეც თქვენი საქართველო - ხომ გეგონათ, რომ თავზე გადაგვახტნენ; რომ ის მაგარი და წარმატებული ქვეყანაა. ნურას უკაცრავად! შეხედეთ რა დღეში არიან და როგორი არეულობა აქვთ ქვეყანაში". სწორედ ესეს არის მათი სრულიად კონკრეტული გეგმა. იმის არ დანახვა, რომ ყოველივე ეს მოწყობილია და მათ ზურგს უკან აგენტები არინ, შეუძლებელია. ეს არის რეალობა. თუ ადამიანს თვალები და ყურები აქვს, აუცილებლად დაინახავს და გაიგებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ამ წლების განმავლობაში მქონოდა ჯადოსნური ჯოხი და ხელის ერთი აქნევით მთელი ქვეყანა ჰონკონგად, სინგაპურად ან ჰოლანდიის რომელიმე ყველაზე განვითარებულ რეგიონად გადამექცია, მაგრამ ეს არსად არ მომხდარა და, სამწუხაროდ, არც საქართველოში მოხდება.

მოდით ვთქვათ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. მახსენდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ნათქვამი სამების ტაძრის მშენებლობის თაობაზე. იგი ამბობდა, რომ ტაძრის საძირკვლის ამოყვანას ორ წელზე მეტი დრო დასჭირდა და ამ პერიოდის განმავლობაში ყველას უიმედობის განცდა დაეუფლა, მაგრამ შემდეგ ტაძარი მთელი ბრწყინვალებით ამოვიდა. ჩემთვის ეს გასაგები გრძნობაა. საქართველოში დღეს უამრავი ობიექტი შენდება. მე მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივარ, გადმოვდივარ მანქანიდან და ვუყურებ არის თუ არა ამოყვანილი ამ შენობების საძირკვლები. ამას განზოგადებელი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს სახელმწიფო სწრაფი ტემპებით შენდება, თუმცა მისი მშენებლობა ნულიდან კი არა, მიწისქვეშეთიდან დავიწყეთ. ჩვენ დიდ უფრსკულში ვიყავით, იქიდან ამოსვლას კი დრო, ენერგია, ძალისხმევა და რწმენა სჭირდება.

დავით აფრასიძე: ბატონო პრეზიდლენტო თქვენ ახსენეთ, რომ საძირკვლის ამოსაყვანად დიდი დროა საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რეფორმებს თავისი სოციალური ფასი აქვს. რა აწუხებს დღეს მოსახლეობას? ეს არის უამრავი პრობლემა - ფასების ზრდა, სოციალური პრობლემები. როდის იგრძნობს ხალხი, რომ ეს შენობა ამოყვანილია და მასში ცხოვრება შეუძლია.

მიხეილ სააკაშვილი: ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უმუშევრობის პრობლემაა. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მარტო წარმოებაში სამასი ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. რამდენიმე დღის წინათ გავხსენი ახალი სამშენებლო ქარხანა, სადაც ორი ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსთავსა და საქართველოს სამრეწველო გიგანტებში, რომელთა ნაწილის საბოლოო აღდგენა მომავალ წელს დასრულდება, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდა. ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანა იმაზე დიდი მოცულობით ამუშავდა, ვიდრე საბჭოთა დროს მუშაობდა. ჭიათურასა და ტყიბულში, რომლებიც ყოველთვის იყო ჩემი დიდი ტკივილი, ნახევარზე მეტი მაღაროები უკვე ფუნქციონირებს. ტყიბულში იყო ჩაძირული მაღაროები, რომელთა ამუშავებისა და გაწმენდის იმედიც კი არ არსებობდა. დღეს კი ისინი მუშაობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში უმაღლესი კლასის გადამამუშავებული საწარმოები შევქმენით. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მარნეულში, სადაც რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი წარმოიშვა. საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. ეს არის იმის 15 პროცენტზე ნაკლები, რაც შესაქმნელია. უმუშევრობა საქართველოში უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება.

მეორე პრობლემა - ფასების ზრდა: საქართველოს ყველაფერი თავისი, ბუნებრივია, არა აქვს. ნავთობზე კატასტროფულად მოიმატა ფასმა მსოფლიოში, ე.ი. ისევე როგორც ყველგან, ბენზინის ფასი საქართველოშიც გაიზარდა. შესაბამისად, ფასები აიწია გადაზიდვებზე და აქედან გამომდინარე, გაძვირდა პროდუქტებიც. პურზე ფასი გაიზარდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ამას გარდა, გაძვირდა ბავშვთა კვების პროდუქტები და კიდევ ბევრი სხვა რამ, რამაც ქართულ ბაზარზე, უდავოდ, უარყოფითად იმოქმედა. ჩვენთვის გამოსავალი ერთია - არავის არ გავაზრდევინოთ ფასები ხელოვნურად, მივცეთ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, რათა მსოფლიოში ფასების ზრდის პროცესების მიუხედავად, გამოკვების პრობლემა საბოლოოდ მოიხსნას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემური საკითხია.

ჩვენ ვამბობთ - იქმნება სამუშაო ადგილები. მე კარგად ვიცი, რომ თუ რომელიმე რაიონში ადამიანი სამოცდაათ წელს გადაცილებული ბიბლიოთეკარია, ბიბლიოთეკა კი აღარ ფუნქციონირებს ან ხელფასი დაბალია, ჩვენს მიერ გახსნილი ბევრი ახალი ტექნიკური სკოლა, სადაც ვამზადებთ მშენებლებს, სასტუმროს ადმინისტრატორებს, სერვისისა და სხვა დარგების სპეციალისტებს, ამ ადამიანებისათვის არაფერს არ ცვლის. მან უკვე გარკვეულ ასაკს მიაღწია, ის ამ სკოლებში ვეღარ მიდის და, ბუნებრივია, ერთგვარი უპერსპექტივობისა და დაუცველობის განცდა ჩნდება.

სახელმწფო აპარატში მთელი რიგი ცვლილებების თაობაზე ლაპარაკი, ვარდების რევოლუციით მოტანილ ცვლილებებთან შედარებით, ცოტაოდენ სასაცილოა. ვარდების რევოლუცია ეპოქალური მოვლენაა, მან შექმნა ნამდვილი საოცრება.

ოთხი წლის წინათ, ჩემი და ჩემი ახლობლების ჩათვლითაც კი, არავის ეგონა, რომ საქართველო ასე სწრაფად განვითარდებოდა.

ვარდების რევოლუცის შედეგად:

  • საქართველოს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არ ჰქონდა დენი, გაჩნდა ელექტროენერგია და გამოვიმუშავებთ არა მხოლოდ ჩვენ სამყოფ ელექტროენერგიას, არამედ მის ექსპორტს ვაწარმოებთ რუსეთში;
  • საქართველოში იყო საშინელი კორუფცია, რომელიც უკვე აღარ არის. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, თუ ვინმე არის კორუმპირებული, როგორი გავლენიანი და ძლიერიც არ უნდა იყოს, როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს, პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით აგებს;
  • საქართველოში არ იყო თანამედროვე მედიცინა. ას ახალ საავადმყოფოს ვაშენებთ - ამას წინათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეზერვისტის სანახავად ვიყავი და ვნახე რა საწაული შეიქმნა იქ. ქუთაისში ყოფნისას იქაურ საავადმყოფოში აფხაზეთის სპეცნაზის უფროსს ორდენი გადავეცი. იცით რა მაგარი საავადმყოფოა ქუთაისში? საქართველოში ასეთი კიდევ 98 საავადმყოფო იქნება და რაც მთავარია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საავადმყოფოებში მკურნალობის საშუალება საქართველოს ყველაზე დაუცველ ადამიანებსაც ჰქონდეთ;
  • საქართველოში დაიწყო და კვლავაც გრძელდება ძველი სკოლების რეკონსტრუქციისა და ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი. ვარდების რევოლუციამდე ყველა სკოლა დანგრეული იყო, ხოლო მასწავლებლებს არ ჰქონდათ ხელფასები. ამას წინათ ვიყავი ტირძნისში და ვნახე ახლადაშენებული სკოლა, რომლის მსგავსი ჰოლანდიაშიც არ მინახავს. 2009 წელს ყველა სკოლა იქნება ისეთივე ან იმაზე უკეთესი, როგორიცაა დანიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში. მომავალი წლიდან ვზრდით პედაგოგთა ხელფასებს, რომელიც შემდგომში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ მართლაც სერიოზული წინსვლა გვაქვს და ყველაზე დიდი კრიტიკოსიც კი, თუ მართლა სინდის-ნამუსგარეცხილი არ არის, ამას აღიარებს; თუმცა მეორე მხრივ, ლაპარაკია კონკრეტული ადამიანების ბედზე.

პოლიციის ორგანოებიდან ორმოცი ათასი პოლიციელი დავითხოვეთ, რითაც პოლიციას ღირსება და პატივისცემა დავუბრუნეთ. რა თქმა უნდა, არიან კონკრეტული დაზარალებული ადამიანებიც, რომელთაგან ნაწილი ამ სახელმწფო აპარატიდან, შესაძლოა, უსამართლოდაც გაათავისუფლეს, მაგრამ მაშინ, როდესაც ესოდენ დიდი ცვლილებები ხდება, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები გვამოძრავებდეს, მსგავსი გამონაკლისი შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველთვის არის. ეს მიმდინარე პროცესია. ამ ქვეყნაში ყველა იმ კორექტივის შესატანად და ყველა იმ სირთულის გადასალახად, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, ერთადერთი გზა რეფორმების თანმიმდევრული გაგრძელება, ეკონომიკური განვითარება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძროლაა. როდესაც კრიმინალურ სამყაროზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო კანონიერი ქურდების მიერ მართული ქვეყანა იყო. სიცრუის მანქანა, ახლა ჩვენს წინააღმდეგაა ჩართული. თავად არ ამბობდნენ, რომ სტალინმა ვერ გაანადგურა ქურდები და ესენიც ვერ გაანადგურებენო? - ყოფა ვუტირეთ. ერთი კიდევ სადმე წამოყონ თავი და ნახონ რა მოუვათ! ისინი არა მხოლოდ გავუშვით საქართველოდან, არამედ ყველაფერი, რაც მათ საქართველოში ჰქონდათ, ჩამოვართვით. თუ კიდევ რამეს აღმოვუჩენთ, იმასაც ჩამოვართმევთ.

ჩვენ არ გვქონდა შეიარაღებული ძალები - არა მხოლოდ არ გვქონდა, არამედ სხვადასხვა იმპერიებმა საუკუნეების განმავლობაში დაგვიმონეს კიდეც. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ კარგი ვართ ცეკვა-თამაშის დროს, სადღეგრძელოების თქმაში, სუფრების გაშლისას, მოსწონთ ჩვენი ნამღერი სულიკო, მაგრამ ნურას უკაცრავად, თურმე შეიარაღებული ძალები ჩვენ არ უნდა შევქმნათ. მათ მოსწონთ ჩვენი გენერლები - გენერალმა ბაგრატიონმა ნახევარი ევროპა აიღო; მამლუქები, რომელთა უმეტესობა ქართველები იყვნენ, მთელ ახლო აღმოსავლეთს და არაბულ სამყაროს აკონტროლებდნენ; მე-19 საუკუნეში ერაყის უდიდესი მმართველი ქართველი იყო; პოლონეთი ქართველებმა გაათავისუფლეს; საფრანგეთის "უცხოური ლეგიონი"-ს მეთაური პოლკოვნიკი ამილახვარი 20-ე საუკუნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეომარი იყო. ჩვენ გვეუბნებოდნენ, ქართვეელებს კი აქვს ეს ნიჭი, მაგრამ შეიარაღებული ძალები არ უნდა შექმნან. თუმცა, მათ ჯინზე და, რა თქმა უნდა, ჩვენს სასიკეთოდ, ნამდვილი შეიარაღებული ძალები შევქმენით. დღესაც გვეუბნებიან: რაში გჭირდებათ კიდევ ერთი ბრიგადა, რისთვის გინდათ მეტი რამის ყიდვა? ეს იმათთვისაა აუცილებელი, ვის გამოც მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ჰყავდა. ამიტომ მე ვერ გავიქილიკებ თავს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან - ამას წინათ მოვისმინე ტელევიზიით ერთ-ერთი მათგანი ამბობდა: "ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდაც ხისანი", ამდენ იარაღს ვისთვის ვყიდულობთო?" ხის აბჯრით ახლა თავად იარონ, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში დავდიოდით ასე. საქართველოს ექნება ისეთი აბჯარი და იარაღი, ეყოლება ისეთი შეიარაღებული ძალები, როგორიც საჭიროა მისი ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და მომავლის უზრუნველსაყოფად და დასაცავად.

ჩვენ არ გვქონდა ინფრასტრუქტურა. 15 წლის განმავლობაში საერთოდ არაფერი არ აშენებულა, ყველაფერი მხოლოდ ინგრეოდა. ჩვენ კი წელს და მომავალ წელს ავაშენებთ უფრო მეტ გზას, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში აშენდა. ეს შეუქცევადი პროცესი არ არის. ნურავის ჰგონია, რომ ყოველივე თავისით კეთდება. ეს ყველაფერი მთელი ჩვენი ხალხის, ამ სახელმწიფო აპარატისა და ჩვენთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანების მუხლჩაუხრელი შრომის ნაყოფია, ჩვენი 16 საათიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში ხელდაკაპიწებული შრომის და იდეალისტების მუშაობის შედეგი. რასაკვირველია, ყოლველთვის აღმოჩნდება ისეთი ხალხი, რომელიც იმედს ვერ ამართლებს და ამ შემთხვევაში არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. არიან ადამიანები ვინც თავიდან კარგად მოგვეჩვენა, მაგრამ შემდეგ სრული კატასტროფა აღმოჩნდა. თუმცა, ჩემთვის მოულოდნელად, ჩვენ გარემოცვაში მყოფ ადამიანთა შორის ბევრად მეტი წესიერი, მოტივირებული და კარგად მომართული ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დროთა განმავლობაში დიდი გამოცდილება მიიღეს. ჩვენმა არაკეთილმოსურნემ მშვენივრად იცის, რომ შეუქცევადი არაფერი არ არის. მას ისტერიული სურვილი აქვს დაბრუნდეს უიმედობასა და უშუქობაში - ტელვიზიით აშუქებ, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის, სატელევიზიო უიმედობას ადვილად დააღწევ თავს, სხვა არხზე გადართავ სხვა არხზე და რამეს ოპოვნი დასაიმედებელს, ბოლო-ბოლო ქუჩაში გამოხვალ და რაიმეს ნახავ საიმედოს, მაგრამ ნამდვილ უიმედობაში დაბრუნება ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას უშუქობაში, ქაოსში, ტყვიების ზუზუნში, ქურდებისა და მამალაძეების თარეშში. მსგავსი ხალხი ამ დღეებში ისევ გამოჩნდა და დავინახე, რომ წლების განმავლობაში ჩაწეული თავები ისევ წამოწიეს. მათ იფიქრეს, რომ ხელის მოსათბობად და გამორჩენის სანახავად კარგი დრო მოვიდა. ვფიქრობ, ეს ხალხი ძალიან ცდება. ბოლო წლების განმავლობაში მათ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, ვერ მიხვდნენ, რომ ეს ის საქართველო აღარ არის, რომელსაც შეიძლება ხელი კრა და ისევ იმ უფრსკულში გადააგდო, საიდანაც როგორც იქნა ამოვიდა.

დავით აფრასიძე: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საუბრობდით განვითარებული მოვლენების მიზნებსა და მიზეზებზე. ფაქტი ასეთია - პარლამენტის წინ ხალხი სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნებით შეიკრიბა. მოდით უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამ მოთხოვნებზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესრულებადია მათი მოთხოვნები?

მიხეილ სააკაშვილი: როდესაც ადამიანები ხედავენ აქციას, საზოგადოების ერთ ნაწილს განგაშის გრძნობა უჩნდება. უჩვეულო ეს არ არის საფრანგეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, თუნდაც უკრაინაში, ეს არ იწვევს დიდ ემოციასა და შიშს - იქ ადამიანი გამოდის, საკუთარ აზრს გამოთქვამს და სახლში მიდის. საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების, სამოქალაქო ომების, არეულობების, ქაოსის გამოცდილება აქვს. ადამიანებს ახსოვთ, რომ ყოველივე ეს ქუჩის მანიფესტაციით იწყებოდა. მე კარგად მესმის, ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის, ვინც ნერვიულობს, მაგრამ მინდა ყველა დავაწყნარო - საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც 1990-91 წელს, 1993-94 წელს და როგორიც თუნდაც 2001 წელს იყო. საქართველო მაშინ მხოლოდ ქვეყანა იყო, დღეს კი არის ქვეყანა, სახელმწიფო, საზოგადოება, თავისი საერთაშორიო პოზიციებით, მყარი მოტივირებული აპარატით, სტრატეგიული ამოცანებითა და ზუსტი კურსით. ჩვენ ვიცით საით მივდივართ, რა უნდა გავაკეთოთ მშვიდი ფუნქციონირებისა და ცხოვრებისთვის. ამ მხრივ, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ დეჟა-ვუს განცდა და შიში იმისა, რომ ერთხელ ნანახი ისევ განმეორდება და რაიმე ცუდად დამთავრდება. ეს ერთი.

მეორე - მოდი ვნახოთ რა ლოზუნგები და მოწოდებები ისმოდა, აღარაფერს ვამბობ ფორმაზე. გამოხატვის ეს ფორმა იმ ხალხის პოლიტიკური კულტურის დონეზე მიუითებს, ვინც ყოველივე ამას ტელევიზიით ლაპარაკობს, ჩვენთან კი არის ტელევიზიები, რომლებიც სიამოვნებით უთმობენ ამას დიდ დროს, მეორეს მხრივ, დემოკრატიის ხიბლი სწორედ ისაა, რომ ამ დროს არაფერი არ იმალება - ჭკვიან ადამინიც კარგად ჩანს და ბრიყვიც კარგად წარმოჩინდება. საზოგადოება, რომელიც ძალიან ბრძენია, ამის შედეგად თავის დასკვნებს აკეთებს. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიის უსიამოვნო ასპექტი, მაგრამ ამავე დროს, დიდი სიძლიერე, რასაც ყველა თაობის ადამიანი უნდა შეეგუოს. მთავარია, საზოგადოებამ ეს მშვიდად, წყნარად მიიღოს და დასკვნები გამოიტანოს.

რაც შეეხება კონკრეტულ საბაბს, ეს მხოლოდ საბაბია და ამის უკან კონკრეტული საბაბი არ არსებობს. არის კონკრეტული ოლიგარქიული რუსული ძალა, რომელიც ასევე კონკრეტულ ქვეყანასთან და მის პოლიტიკურ წრეებთან კოორდინირებს. მისი ფუნქციაა, დეკემბერში რუსეთის არჩევნების წინ საქართველოში ვითარება როგორმე აირიოს, ამისათვის გაძლიერდეს გარკვეული პოზიციები და ქართული ჭირი, რომელიც მათ წარმოუდგენიათ, მოიშორონ. მოტივაცია არის ეს. ამას გარდა, არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული მოთხოვნები და კონკტრეული გაჭირვება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ყველა მთავრობისათვის არის მთავარი საზრუნავი. ამას გარდა სხვადასხვა ე.წ პოლიტიკური ძალები, ზოგიერთი მათგანი მთლად პოლიტიკური ძალაც არ არის, გაურკვეველ საბაბებს ეკიდებიან. მათი მოთხოვნაა გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების გამართვა, იყო ლოზუნგები "არ გვინდა საპრეზიდენტო სისიტემა" ან "გვინდა კონსტიტუციური მონარქიული სისტემა". მინდა განვმარტო თუ რატომ დაინიშნა არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სწორედ იმ დროს. ეს მოხდა შარშან, რუსეთის მიერ ემბარგოს გამოცხადების შემდეგ. ჩვენ დღესაც ემბარგოს პირობებში ვცხოვრობთ, ჩვენ კი ეს ისე შევირგეთ, თითოქოს დიდი არაფერი არ მომხდარა. მსოფლიოს ქვეყნების 90 პროცენტი ასეთ ემბარგოს ვერ გაუძლებდა, საქართველომ კი არა მარტო გაუძლო, არამედ ძირითადი სიძნელეები გადალახა კიდეც. ემბარგოს შემდეგ პირდაპირი კონფრონტაციის რეალური საფრთხე იყო დიდ რუსეთსა და ტერიტორიით პატარა, თუმცა ჩვენთვის ძალიან დიდ საქართველოს შორის. ეს იყო 2006 წლის ზამთრის პერიოდში. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკისათვის საქართველოს შიდა პროცესები იმდენად მნიშვნელოვანია, ცალკეული პოლიტიკოსები და მათ შორის ის, ვინც იქ გადაწყვეტილებას იღებს იმდენად ფოკუსირებული და კონცენტრირებულია ეს პროცესები საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენოს, რომ თუ სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის მარტში გაიმართებოდა, რაც წინასაარჩევნო კამპანიების პარალელურ რეჟიმში წარმართვას ნიშნავს, დიდი რისკის მატარებელი იქნებოდა.

დავით აფრასიძე: გამოდის, რომ საქართველოში ვითარების არევას რუსეთის ხელისუფლება საკუთარი შიდა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებდა...

მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, დღესავით ნათელია თუ რა თამაში მიმდინარეობს. კარგად ნახეთ რა ხდება რუსეთის ტელევიზიებზე - ჩვენი მიტინგები მათ ტელეარხებზე მთელი დღის განმავლობაში პირდაპირი ეთერით შუქდება. თითქოს მსოფლიოში მეტი საერთოდ არაფერი არ ხდება. ეს არაფერზე არ მიუთითებს? არის ერთი ქართული და და ოთხი რუსული არხი, რომელიც მიტინგის პირდაპირ ტრანსლიაციას ახდენს. ამას გარდა იანვარ-თებერვალში წყდება კოსოვოს საკითხი, ეს არის სერბეთის ტერიტორია, რომლის დამოუკიდებლობას ამერიკელები და სხვა ევროპელი მოკავშირეები ალბათ აღიარებენ. ეს ხდება რუსეთის არჩევნების წინ. რუსეთმა ნათლად თქვა: "თუ თქვენ კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებთ, მე აფხაზეთის დამოუკიდებლობას ვაღიარებ".

რა სიტუაციაში ვვარდებოდით ჩვენ?

- საქართველოსა და რუსეთში არჩევნები ერთდროულად გაიმართებოდა, ამის პარალელეურდ დაიწყებოდა კოსოვოს საკითხის განხილვა, რაც აფხაზეთში დიდი კონფრონტაციის განახლების აბსოლუტურად რეალურ საფრთხეს ქმნიდა. გეგონება, ყოველივე ეს პირდაპირ დაიგეგმა ისე, რომ საქართველო უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. ამ სიტუაციაში, როდესაც მე და ნინო ბურჯანაძე დავსხედით და ვიფიქრეთ თუ როგორ შეგვეძლო შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მოგვეძებნა, გადავწყვიტეთ კომპრომისზე წასვლა. საქართველოს პრეზიდენტის ვადა 2009 წლის აპრილში იწურება, მსოფლიოში, გულახდილად რომ ვთქვათ, პრეზიდენტებს საკუთარი ვადის შემცირება, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, არ უყვართ, ყოველ შემთვევაში, მსგავსი პრეცენდენტი მე, თითქმის, არ გამიგია; პირიქით, მე ბევრი პრეზიდენტი ვიცი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, რომელიც სხვადასხვა მეთოდით უსაშველოდ იგრძელებს თავის უფლებამოსილებას. ჩვენ ვთქვით, რომ პრეზიდენტის ვადა 6-თვით შევამციროთ, ხოლო პარლამენტის ვადა 8-9 თვე გავზარდოთ და ჩავატაროთ ერთობლივი არჩევნები. სანაცვლოდ, პარლამენტის რაოდენობა 150 კაცამდე მცირდება, რასაც მსოფლიოში არცერთი პარალამენტი არ აკეთებს. პარლამენტის გაჯანსაღებით მხრივ გაკეთდა სასარგებლო რეფორმა, ქვეყნის სტაბილიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და პრეზიდენტის ვადა შემცირდა. ვფიქრობ, რომ ამიერიდან საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად უნდა გაიმართოს და თუ საქართველოს მოსახლეობას ეს პრეზიდენტი და ეს საპარლამენტო უმრავლესობა არ მოუნდება, ყველას გადაირჩევს და აირჩევს ახალს, მაგრამ მანამდე იმუშავებენ ერთად; არ მოუნდება შემდეგი პრეზიდენტი და პარლამენტი, მათაც გადაირჩევს და აირჩევს ახალს, თუმცა მათი მუშაობაც იქნება ერთობლივი, რადგან, ძალა ერთობაშია, ხოლო დაქსაქსული, პატარა ქვეყანა, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, კარგად ვერ ფუნქციონირებს.

აი, ეს იყო ჩვენი მოტივაცია.

როდესაც პარლამენტში ეს ცვლილება მივიღეთ, მაშინ ყველამ ყველაფერი კარგად გაიგო. ახლა, როდესაც საბაბის მოძებნა გახდა საჭირო, უცნაური სუბიექტების მხრიდან ტელევიზიით ბევრი ტყუილი ითქვა. ამანაც რომ აღარ იმუშავა, მერე მარტო ტყუილების იმედად ვეღარ იქნებოდნენ, საბაბი სწორედ რიგგარეშე არჩევნები გახდა და ძველი ვადების დაბრუნება მოითხოვეს. (თუმცა ხალხს ის არ უთხრეს, რომ ძველი ვადების დაბრუნების შემთხვევაში საპრეზიდენტო ვადა 2009 წლამდე გაგრძელდება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ.) ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება და სხვათა შორის ეს მშვენივრად იცის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ქართული პოლიტიკის ყველა მოქმედმა პირმა. მინდა გითხრათ, რომ შარშან, როცა ეს გავაკეთეთ, ამ მოტივების თაობაზე ბევრი არ გვილაპარაკია და საზოგადოებისთვის ეს არ აგვიხსნია, რაც ალბათ ჩვენი ბრალია. ამის ახსნა ამდენად დაწვრილებით იმის გამო არ გვინდოდა, რომ არ გვსურდა რუსეთში ისევ მთელი ამბავი ატეხილიყო - ქარველები რაღაცას აპირებენ, ცხინვალში შეიჭრებიან, აფხაზეთში ომი დაიწყება და ა. შ. ახლა ვალდებული ვარ ეს ვთქვა, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით არ დარჩეს ორი აზრი იმის თაობაზე თუ რატომ გადაიწია არჩევნების საკონსტიტუციო ვადა და რა ინტერესები იდგა ამ ნაბიჯის უკან.

ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი პირველი საპრეზიდენტო ვადა მკვეთრად შეამცირა. იმ მომენტში ამაში პარლამენტმაც დამიჭირა მხარი.

დავით აფრასიძე: ბატონო პრეზიდენტო, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აქციებს მართავს, სხვა მოხოვნებიც აქვთ. ლაპარაკია იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გაჯანსაღდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ ხედავენ იმის გარანტიას, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი: რაც მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ, ამ ქვეყანაში ექვსი არჩევნები ჩატარდა. ყველამ იცის, რომ ეს არჩევნები ჩატარდა პატიოსნად, გამჭვირვალედ, სერიოზული დარღვევებისა და მით უმეტეს ყოველგვარი გაყალბების გარეშე. რა თქმა უნდა, არ არსებობს იდეალური საარჩევნო სისტემა.პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან არის ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კოდექსისა და სისტემის სრულყოფაზე მუდმივად მუშაობს, რაშიც მათ ყველანაირად მხარს ვუჭერთ და ვუწყობთ ხელს. ეს ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და ყველა იმ დაინტერესებულ ადამიანს, ვინც საქართველოში საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს, უფლება აქვს ამ ჯგუფში მივიდეს და მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს. უფრო მეტიც, ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ჩვენ მზად ვართ, რომ საარჩვენო კანონმდებლობის დახვეწა გავაგრძელოთ. სხვათა შორის, ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევა ჩვენი მხრიდან დათმობა კი არ იყო, არამედ იყო მცდელობა, რომ საზოგადოებაში არსებული ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო ინტეგრირებული პოლიტიკურ პროცესებში და ყველას გამოეხატა საკუთარი აზრი. მაშინ, როცა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ამდენად პატარა ქვეყანა ვართ, კანონის ფარგლებში დემოკრატიულად გამოხატული ყველაზე პატარა ჯგუფის აზრიც კი, ძალზე მნიშვნელოვანია და ამის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს. ვფიქრობ, პარლამენტში, ამ მხრივ, ძალიან კარგი პარტნიორები გვყავს და ამ კანონმდებლობის დახვეწაზე შეთანხმებულად ვმუშაობთ.

დავით აფრასიძე: ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ლოგიკა, მაგრამ მიჩნდება შეკითხვა - რუსეთის მრიდან საფრთხეები 2008 წლის შემოდგომისთვის მოხსნილი გვექნება?

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე საქართველო არ გადაწყვეტს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, საერთაშორიოსო და შიდა საფრთხეები მანამ გვექნება. რამდენიმე დღის წინათ განმუხურში მოხდა ამაზრზენი ინცინდენტი. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე ახალგაზრდული ბანაკი მოვაწყვეთ, ყველამ ამოისუნთქა. მე რომ დამეშვა ის ფაქტი, რომ რუსეთის სამშვიდობებს ეს ბანკი აეღოთ და კიდევ ერთხელ აერიათ ვითარება, ჩათვალეთ, რომ გალის რაიონის ეს ნაწილი ხელახლა გვექნებოდა დაკარგული და მთელი აფხაზეთი მიმართ უიმედობა დაისადგურებდა. მე და თბილისის მერი გიგი უგულავა ერთი ობიექტდან მეორეს გასახსნელად მივდიოდით, როდესაც ვანო მერაბიშვილმა დაგვირეკა და განმუხურის ინციდენტის შესახებ გვამცნო. ჩემს საპატიო მოვალეობად ჩავთვალე, გავფრენილიყავი შემთხვევის ადგილზე. არ მესმის, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ყოველივე ამაში სხვა არსი დაინახო და არ გაგიხარდეს გაქცეული ყაჩაღების დანახვა, იმ ყაჩაღებისა, რომლებიც ამდენი საუკუნის განმავლობაში გვაშინებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არასდროს არ გაიქცეოდენენ და ყოველთვის დაგვამარცხებდენენ. შეიძლება ამაზე ქილიკი? ხომ არსებობს რაღაც, რამაც უნდა გაგვაერთიანოს? დავანებოთ თავი ქილიკს, რადგან მიმაჩნია, რომ ამით ისაა დაკავებული, ვინც საზოგადოების აზრს არ წარმოადგენს. თუმცა როდესაც საქართველო დგება ეგზისტენციალური საკითხების წინაშე, საზოგადოება ყოველთვის ერთიანია. ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ მოიხსნება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში გვაქვს შანსი იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დიდი ნაწილი მოვაგვაროთ. ეს ვიცით ჩვენ და, სამწუხაროდ, იციან ჩვენმა მოწინააღმდეგეებმაც. ნახეთ, როგორ განვითარდა სანაკოევისა და ცხინვალის ისტორია ბოლო თვეების განმავლობაში. რაც ახლა ხდება არის მცდელობა იმისა, რომ უკან დაატრიალონ ის, რაც უკვე მოპოვებული გვაქვს. ეს არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ყურადღება გადაიტანონ, ეს არის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი.

მინდა შევახსენო ყველას რუსეთის ფედერაციაში, საკუთარ ტერიტორიაზე არჩევნების გამო დაიწყო ორი ომი ჩეჩნეთში. მე კარგად მინდა გავათვითცნობიეროთ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო რუსეთის შემდეგი არჩევნების ციკლის განმავლობში - დეკემბერსა და მარტში და ასევე გარდამავალ პერიოდშიც. აპრილში დაგეგმილია ნატო-ს სამიტი ბუხარესტში, რომელზეც არის რეალისტური შანსი, საქართველომ გადადგას რეალური ნაბიჯი ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. ეს რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების დოქტრინის - არ დაუშვას საქართველოს მიახლოება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან - მთავარი ქვაკუთხედია. ყოველივე ამის ფონზე, რასაკვირველია, ახლა ბევრად უფრო სარისკო ზონაში ვიმყოფებით. სწორედ ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება სიმშვიდე, კონსოლიდაცია და შემდგომი აღმშენებლობა. აი, რატომ ვსხნი ყოველდღე რომელიღაც ობიექტს! ეს, უდავოდ, მსიამოვნებს, მაგრამ ეს ასევე იმის სიმბოლოა, რომ ნებისმიერი ხრიკის მოწყობის შემთხვევაშიც კი, საქართველო არ ჩამოვა იმ ლიანდაგიდან, რომელზეც შედგა. ეს არის ჩემი გზავნილი, მოკითხვა ჩემი უცხოელი მეგობრების, განსაკურებით კი, ერთ-ერთი მეგობრის მიმართ. ჩვენ. რისკები რჩება, თუმცა ჩვენ, როგორც შარშან, ემბარგოს შემდეგ, კახელი გლეხის, ციტრუსის მწარმოებელის, ბიზნესის წარმომადგენელთა სიმშვიდით, საქართველოში წამოსული ახალი ინვესტიციებით ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ქვეყანაში რყევების შექმნა ძალზე მარტივია მაშინ, როდესაც პარლამენტი დაქსაქსულია, ხელისუფლება ერთმანეზეა გადაკიდებული, ჯარი არ ვარგა, პოლიცია ბუჩქებიდან შეშინებული იყურება და საზოგადოების პატივიცემა არა აქვს. ნახეთ როგორი კონსოლიდირებულია პარალმენტის აბსოლუტური უმრავლესობა და როგორი კონსოლიდირებულია სახელმწიფო აპარატი. ამის შემხედვარე, ჩვენი არაკეთილმოსურნე მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ სიძნელეები ბევრია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი ქვიშაში ჩავრგოთ. პრობლემები გვაქვს და თანაც როგორი - სოციალური! ყოველი ადამიანის არსებობისათვის ბრძოლა ყოველდღიურად გრძელდება. ის, რომ ჩვენ სიღარიბის მაჩვენებელი 55 პროცენტიდან შევამცირეთ 28 პროცენტამდე იმას არ ნიშნავს, რომ დარჩენილ 28 პროცენტს არც უჭირს და არც ულხინს. ასე, რომ ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით უნდა ვაკეთოთ და მომავალშიც ასე გავაგრძელოთ.

დავით აფრასიძე: თქვენ საუბრობდით სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობის ლოზუნგი, ხშირად, სამართლიანი საასმართლოს უფლების მოთხოვნაა.

მიხეილ სააკაშვილი: როდესაც ვლაპარაკობთ სამართლიანობასა და სიმართლის გამარჯვების აუცილებლობაზე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემთვის არ არის უფრო მეტი მამოძრავებელი ძალა, უფრო მეტი მოტივაცია და მაღალი მიზანი, რითაც მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და როგორც უბრალო ადამიანი ვსუნთქავ, ვიდრე სამართლიანობისა და სიმართლის საბოლოო გამარჯვებაა ჩვენს ქვეყანაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ ადამიანს მივანიჭო სამართლიანობის ზეიმისა და გამარჯვების განცდა. ჩემთვის სამართლიანობის განცდა არის ის, რომ კარგად მომზადებული ამბროლაურელი, გლდანელი თუ ვაკელი ბავშვი აუცილებლად მოხვდება უმაღლეს სასწავლებელში იმის მიუხედავად მისი კონკურეტის მამა მდიდარი და გავლენიანია თუ არა. ჩემთვის სამართლიანობის განცდაა ის, რომ პოლიცია დამნაშავეს დაიჭერს და უდანაშაულოს დაიცავს. ჩემთვის სამართლიანობის განცდა არის ის, რომ ნიჭიერებამ გზა აუცილებლად იპოვოს. ამიტომ, საქართველოში სასამართლოზე საუბრისას, მინდა იცოდეთ: ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწფიო ინსტიტუტების ყველა დონეზე, მათ შორის, ქართულ სასამართლოში, სამართლიანობამ 100-პროცენტიანი გამარჯვება მოიპოვოს და ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს. მოდით ვთქვათ, რაც ისმის ტელვიიზიით ამ დღეებში: "საქართველოში არის ძალადობა, ჩვენი ქვეყანა ქურდებისა და ბანდების მიერ არის მართული, სინამდვილეს არ შეესაბამება. ძალისმიერი დანაშაული საქართველოში შევამცირეთ ორჯერ. თბილისში რომ მანქანებს, პრაქტიკულად, აღარ იპარავენ, გგონიათ იმის ბრალია, რომ ქურდებს ხასიათი შეეცვალათ? თუ ეს სამართალდამცვევი სისტემების ყოველდღიური, დაძაბული და თავგანწირული შრომის შედეგია? საქართველოში ძალადობა შემცირდა. საქართველო გახდა მშვიდობიანი საზოგადოება.

ასევე ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესიას ებრძვიან და ერჩიან. ყველაფერი შეიძლება თქვა, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში აღდგა 250 ეკლესია და უნიკალური ფრესკები. მახსოვს, როგორ ითხოვდა 5 ათასი ლარს 2000 წელს ანანურის მოძღვარი ეკლესიის გადასახურად. ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ამ ეკლესიას მოვუარეთ. ამას წინათ ქუთაისში ვიყავი და განვაცხადე, რომ გელათის სამონასტრო ნაწილს აღვადგენ და ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ფიცს სწორედ გელათში დავდებ. არასოდეს არ ყოფილა ქვეყანაში ისეთი სულიერი აღორძინება, როგორც დღეს. ყოველივე იმის ფონზე, რაც საქართველოს გარეთ და შიგნით ხდება, დავადასტურებ, რომ ქართველი ხალხი ბრძენი, კონსოლიდირებული, გამოზომილი, საღი აზრის მატარებელია და დიალოგისათვის არის მზად.

საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ამოქმედებულია ნამდვილი სიცრუის მანქანა. იყო მცდელობა იმისა, რომ შეექმნათ შიდა სისტემის მორყევის ჯერ ილუზია და შემდეგ რეალობა. ეს იყო ადრე, რაც ასლან აბაშიძემ გააკეთა. მან საქართველოს შიგნით წინააღმდეგობისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების სიცრუის მანქანა შექმნა. ჩვენ ეს ერთხელ უკვე დავასრულეთ და ვერავინ ახლიდან ამას ვერავინ ვეღარ დაიწყებს.

ახლა საქართველოში შავბნელი, ფულიანი, თავზეხელაღებული ძალის ამოქმედების მცდელობაა, ძალის, რომელიც არ არის გამსჭვალული საქართველოს სიყვარულით და რომელიც პირდაპირაა მიბმული საქართველოს გარე ფაქტორებთან. აი, ამ ძალის მცდელობაა მოვიდეს და თავხედურად მოგვთხოვოს - გამიყავით საქართველოს ხელისუფლება, ჩამსვით საქართველოს ხელისუფლების ვერტიკალში, მე მკითხეთ ის, თუ როგორ უნდა იმართოს საქართველო - ამას ჩვენ არ დავუშვებთ. საქართველოს ხელსუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას მართავს დეკმორატიული არჩევნების შედეგად არჩეული დემოკრატიული ხელისულება - პრეზიდენტი, პარლამენტი და ადგილობრივი ხელისუფლება. ყველა სხვა მცდელობა რომ ეს პროცესი ტყუილებით, შანტაჟით, დიდი ფულით, გარიგებითა და არეულობით უკან შეაბრუნონ, განწირულია. საქართველოში დღეს, საქართველოს უახლესი ისტორიისგან განსხვავებით, კონსოლიდირებული, ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომლებსაც ღირსება გათვითცნობიერებული აქვთ. ამ ხალხს ასლან აბაშიძისნაირი რუსული ოლიგარქიული, შანტაჟისა და ტყუილების ენით ვერ დაელაპარაკები, ვერ ელაპარაკებოდნენ აქამდე და ვერც მომავალში შეძლებენ ამას. საქართველოში ქართველი ხალხის ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ. ქარველი ხალხის, საქართველოს ეკონომიკისა და ამ ქვეყნის მომავლის ხარჯზე შავბნელ და უარყოფით ძალებთან არავითარ დათმობაზე არ წავალთ - ეს არასოდეს არ მოხდება.

დავით აფრასიძე: ბატონო პრეზიდენტო, როგორ განვითარდება მოვლენები? დაბოლოს, როდის გაიმართება არჩევნები ამ ქვეყანაში?

მიხეილ სააკაშვილი: არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში. 2008 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთად გაიმართება. ეს არის სტაბილურობისა და ძალის გამოხატულება. საქართველოში ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციითა და კანონით, ქვეყნის ინტერესებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე. ყველანაირი რყევა, ულტიმატუმი და სატელევიზიო შანტაჟი, დიდი ფულის დახარჯვით საქართველოს პროცესების ჩვეული გრაფიკიდან ამოგდება, არავის არ გამოუვა. ეს არის მორიგი დიდი გაკვეთილი.

საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. ზოგიერთი შიდა და გარე ძალის გააფთრებული წინაამღდგობის მიუხედავად, ვინც და როგორც არ უნდა გვაქილიკოს, ჩვენ ამ საკითხს გადავწყვეტთ. ეს არის ჩვენი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა. ეკონომიკური შესაძლებლობის შემდგომი შექმნა უმუშევრობის საკითხის გადაწყვეტის წინაპირობაა. ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ პროგრამას, რომელიც საშუალებას მოგვცემს დამსაქმებელსა და დასასაქმებელს ერთმანეთი ვაპოვნინოთ. ეხლა ხალხის დასაქმების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე შარშან გვქონდა. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი შეცდომა, რომელიც გამოსასწორებელია, მთავარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. შემდეგი წლის განმვალობაში, შესაძლოა, ეს პროგრამა, მინიმუმ, 100 ათასმა ადამიანმა გაიაროს. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდამ საქართველოს ძლიერი დარტყმა მიაყენა, ჩვენ ყველა ოჯახს დავურიგეთ ელექტროენერგიის ვაუჩერები, რეგიონებში დავარიგეთ ფქვილი. მსურს, საქართველოში ზამთარი გადავიტანოთ ისე, რომ მშიერი და შეციებული ადამიანი არსად აღარ იყოს. ეს არის პრინციპული საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოს ამის ფული არა აქვს. მომავალ წელს იზრდება არა მხოლოდ მასწავლებელთა ხელფასები, არამედ სხვა პროფესიის მქონე ადამიანთა ხელფასებიც. ასევე, გაზაფხულზე პენსია გაიზრდება 50 ლარამდე. თუ ადამიანს სხვა შემოსავალი არა აქვს, რასაკვირველია, 50 ლარად ვერ იცხოვრებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ცალკე პროგრამა, განსაკუთრებით დაუცველთათვის, რომელთა შემწეობებიც მკვეთრად გაიზრდება.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ფული სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას, სტაბილურობას, სიმშვიდესა და კორუფციის აღმოფხვრას მოაქვს. ჩვენი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელია 14 პროცენტი, რაც შემთხვევითი არ არის, ეს დიდი ძალისხმევის შედეგია. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ გზების დაგება, საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობა თავისით ხდება. ქვეყანა თვალსა და ხელს შორის იცვლება, მნიშვნელოვანი ცვლილებელი ყოველ სამ თვეში ხდება - ყველაფერი ეს ციდან კი არა, თავდადებული, დღე და ღამე მშრომელი მთავრობისა და პარლამენტის მუდმივი ძალისხმევის შედეგია. ამ ხალხს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ეს მონაპოვარი შესანარჩუნებელი და გასავითარებელი აქვს. ეს უნდა შევინარჩუნოთ და სწარფად განვავითაროთ, რადგან ბევრი სიძნელეებისა და დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწევს. ჩვენ იმდენი გავაკეთეთ, იმდენს გავუძელით, ისეთი სირთულეებიდან შევძელით თავის დაღწევა, რომ ახლა მხოლოდ ზევით და წინ უნდა ვიაროთ. ახლა ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურის ყველაზე ლამაზი ნაწილის ამოყვანა დაიწყო, რომელშიც ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის, იქნება ღირსეული ადგილი, ფუნქცია და განცდა იმისა, რომ ერთი დიდი პასუხისმგებლობის, ერთობის და მომავალი დიდი გამარჯვების სათავე ვართ.

საჭიროდ არ მიმაჩნია, რომ მუდვმივად ვილაპარაკო იმ პრობლემებზე და გაჭირვებაზე, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ბევრი ქართული ოჯახის წინაშე მდგარი პრობლემების, გაჭირვებისა და სიძნელეების თაობაზე, მუდმივად ვფიქრობ. საბოლოოდ, ქვეყნის განვითარება იზომება არა მხოლოდ ეკონომიკური ციფრებითა და რეიტინგით, არამედ - თითოეული ქართული ოჯახის წარმატებით და განვითარებით. ეს ჩემთვის, როგორც ადამიანისათვის, მით უმეტეს პრეზიდენტისათვის ძალიან პრინციპული საკითხია.

ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არა მარტო ჩვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგი იყო, არამედ უპირველეს ყოვლისა თითოეული ადამიანის, მევენახის, მეჩაიეს, მასწავლებლის, სახელმწიფო აპარტის თანამშრომლისა და ბიზნესმენის დამსახურებაა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ვცხოვრობთი იმ ბიზნესმენების გადასახადების წყალობით, რომლებსაც ისინი რეგულარულად იხდიან. ყველაფერი, რასაც დღემდე მივაღწიეთ და რასაც მომავალში მივაღწევთ თითოეული ამ სუბიექტის მოქმედების ერთობლივი შედეგია. მთავარ საკითხებზე - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და მის გაერთიანებაზე საუბრისას, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მთავრობა ამისათვის ყველაფერს გააკეთებს და თუ საჭირო გახდა ამ საკითხის მოგვარებას თავსაც შეაკლავს. მთავრობა კი ამას ვერ გააკეთებს თუ ჩვენ ყველამ ერთად არ გავაკეთეთ და არ ვირწმუნეთ. ვფიქრობ, ჩვენ გვწამს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ეს ბოლომდე უნდა განვახორციელოთ.

დავით აფრასიძე: დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. წარმატებებს გისურვებთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)