საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა
მოგესალმებით!
მინდა გავიგო საბოლოო ინფორმაცია, რა მდგომარეობა გვაქვს სხვადასხვა ადგილებზე.
კახა ლომაია:
მდგომარეობას ცხინვალში მთლიანად აკონტროლებენ სამთავრობო შენაერთები, ისევე როგორც, ცხინვალის ირგვლივ ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს. ჩვენი შენაერთები მთელი ღამის განმავლობაში და დღეს დილით იგერიებდნენ ჯავიდან რუსული შენაერთების მიერ გახსნილი ცეცხლს და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუსეთის სამხედრო ნაწილებს, რომლეთა ბაზა ჯავაში მდებარეობს.
დღის პირველ ნახევარში ჩამოგდებულია კიდევ ოთხი რუსეთის ბომბდამშენი, შესაბამისად, ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენების საერთო რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
მიხეილ სააკაშვილი:
1992-93 წლებში მხოლოდ ერთი ბომბდამშენის ჩამოგდება მოახერხა ქართულმა ძალებმა.
კახა ლომაია:
ყველა ეს ფაქტი დაფიქსირებულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ვიდეოსისტემით და, ბუნებრივია, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ეს ჩანაწერი იქნება დემონსტრირებული. ნაპოვნია ერთ-ერთი პილოტის გვამი, ეს დადასტურებული ფაქტია.
მიხეილ სააკაშვილი:
მე მითხრეს, რომ ერთი პილოტი ტყვედ აიყვანილი. ამაზე თუ ვიცით რაიმე?
კახა ლომაია:
ამ ფაქტის გადამოწმებას ვცდილობთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს დილით, 10:30 საათზე ჩამოაგდეს ის ბომბდამშენი, რომელზეც თქვენ საუბრობთ და მისი პილოტის შეპყრობის შესახებ ჩვენც გვქონდა ინფორმაცია. რამდენიმე წუთის წინ, რუსეთის გენერალურმა შტაბმა სამხედრო ბომბდამშენების საქართველოში ჩამოგდების შესახებ აღიარა. გუშინდლამდე უარყოფდნენ დაბომბვის ფაქტებს, მაგრამ დრეს მათ შეუძლიათ რეალობის აღიარება.
მიხეილ სააკაშვილი:
ეს დიდი პროგრესია, რადგან გუშინ და გუშინწინ საერთოდ უარყოფდნენ ბომბდამშენების ჩამოგდების ფაქტებს, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ-ხოლმე. ისინი ამბობდნენ, რომ ქართული მხარე თვითმფრინავებს ღებავდა და შემდეგ საკუთარ თვითმფრინავებს ბომბავდა. დრევანდელი აღიარება იმას ნიშნავს, რომ რუსეთს "გლასნოსტის" და პატიოსნების "შეტევა" დაემართა და მრავალი წლის შემდეგ პირველად აღიარა, რომ მათი თვითმფრინავები დაიბომბა.
კახა ლომაია:
რაც შეეხება, მათ საავიაციო იერიშებს, ისინი უტევენ ქვეყნის სხვადასხვა წერტილებს, მათი ძირითადი სამიზნე არის ისეთი ადგილები, როგორიცაა ფოთის პორტი, სენაკის ინფრასტრუქტურა, მარნეულის აეროდრომი, რომელიც კონფლიქტის ზონიდან და აგრესიის თეატრიდან ძალიან შორს მდებარეობს. ეს ადასტურებს იმას, რომ მათ აქვთ არა სამხედრო მიზანი, არამედ - პოლიტიკური. მათ სურთ ხალხის სიმტკიცის გატეხვა და ერთსულოვნების დარღვევა. ბუნებრივია, ავიადარტყმების შედეგად, როგორც ფოთში, ისე სენაკში და სხვა ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილებში, არის მატერიალური ზარალი, გვყავს დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც.
მიხეილ სააკაშვილი:
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის პროპაგანდისტული საშუალებების მიერ იმის თაობაზე, რომ ოსეთში დაღუპულთა რაოდენობა სცილდება 1500 კაცს, რაც არის სრული სისულელე.
ეს სპეციალურად კეთდება იმის დასასაბუთებლად, რომ ქართულმა სამთავრობო ძალებმა დახოცეს ბევრი ადამიანი, რაც არის აბსოლუტური სიცრუე.
ჩვენ ძალებს ბოევიკების გარდა, პრაქტიკულად, არავინ არ მოუკლავს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ცხინვალში ჩვენზე შემოტევისას საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, პრაქტიკულად, არ ყოფილა.
მინდა, რომ ეს ძალზე ნათლად იყოს გარკვეული და დადასტურებული.
სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი არის იმ ადგილებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს და სადაც ვრცელდება ინტენსიური დაბომბვა.
თითოეული ადამიანის დაღუპვა დიდი უბედურებაა, მაგრამ საბედნიეროდ, იმ ადგილებშიც ლაპარაკია არა იმ რაოდენობაზე, რომელსაც რუსეთის მხარე ავრცელებს.
ისინი ამბობენ, რომ ცხინვალს თავად აკონტროლებენ და ამავდროულად, ბოლო დღის განმავლობაში ცხინვალი დაბომბვით დაანგრიეს.
საინტერესოა, თუ კი ამ ტერიტორიას ისინი ანკონტროლებენ, რატომ ბომბავენ?
გუშინ მთელი დღის განმავლობაში უყვებოდნენ საკუთარ აუდიტორიას, რომ ცხინვალიდან ქართველები გაიქცნენ, დილით შედიან "გმირული" რუსული ძალები და ცხინვალს დაბომბვით ანადგურებენ.
საინტერესოა, ვის ბომბავენ, თუ თვითონ არიან იქ?
ცხინვალის ჩრდილოეთ მისადგომებთან ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენები ჯერ-ჯერობით წარმატებით ართმევენ ამ ამოცანას თავს.
ამას გარდა, მინდა ძალიან ნათლად გვესმოდეს ერთი რამ.
ჯერ ერთი, დღეს ხელს ვაწერ ბრძანებას და პარლამენტში შევდივარ ინიციატივით საომარი მდგომარეობის შემოღების თაობაზე.
საქართველო იმყოფება რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებული საყოველთაო სამხედრო აგრესიის პირობებში.
ეს აგრესია ხორციელდება არა მარტო ცხინვალის რეგიონის, არამედ აფხაზეთის მიმართულებით, ეს აგრესია ხორციელდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, საჰაერო ძალების მიერ და ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების სახით.
ეს აგრესია ბევრად უფრო ფართოა და, ხაზგასმით აღვნიშნავ, არავითარ კავშირში არ არის სამხრეთ ოსეთთან.
ეს დიდი ხნის წინათ დაგეგმილი და მომზადებული ოპერაციაა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენს საზღვრებთან ხდებოდა რუსეთის ძალების კონცენტრაცია, რუსეთი ყველანაირ პროვოკაციას მიმართავდა და საბაბს ეძებდა, რომ ეს ძალები შემოსულიყო.
ეს არის ძალიან მკრთალად შენიღბული საერთაშორისო უკანონო აგრესია და ქვეყნის დანგრევის მცდელობა.
საავიაციო დარტყმების მთავარი გათვლა დღეს არის ერთი - საქართველოს საზოგადოებრიობაში დაითესოს საყოველთაო პანიკა და შიგნიდან გატეხონ ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოება.
უპირველეს ყოვლისა, მინდა საქართველოს პარლამენტს ვთხოვო, იმუშაოს მუდმივ რეჟიმში, მინდა ყველა სამთავრობო უწყებას ვთხოვო, იმუშაოს ჩვეული რეჟიმით საგანგებო და საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ყველა უნდა იყოს სამუშაო ადგილზე.
განსაკუთრებით კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ ასევე ყველა ეკონომიკურ საკითხს უნდა მივხედოთ სათანადო დონეზე.
მინდა ვთქვა, რომ გუშინ ფინანსთა სამინისტრომ კარგად აკრიფა გადასახადები, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო და საბაჟო სტრუქტურები მუშაობს კარგად.
უნდა განვახორციელოთ ქვეყნის სასიცოცხლო უზრუნველყოფა და მომარაგება, ამაზე ჩვენ დიდი ხნის წინ გვაქვს ნამუშევარი.
ჩვენს ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევის ავტორებს სურთ დაინახონ პანიკა ქართულ საზოგადოებრიობაში.
გუშინ აღფრთოვანებული ვიყავი ხალხის აქციებით - ხალხმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა, თბილისი ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა და ტრასაზეც კი, რა თქმა უნდა საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, მოძრაობა არ შეფერხებულა.
ერთი მხრივ, საზოგადოება არის მობილიზებული და ეს აღარ არის 90-იანი წლების საქართველო - მაშინ, როდესაც აქ, თბილისის ცენტრში ომი იყო, თბილისიდან ერთი საათის სავალზე ხალხი ზარ-ზეიმით ცხოვრობდა.
მეორე მხრივ, ამ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება მტრის ჯინაზე.
ხალხი უნდა იყოს მშვიდად და უნდა იყოს ინფორმირებული.
აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ინფორმაციის მიწოდება, ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, მით უმეტეს, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით ნამდვილი საომარი პროპაგანდა და დეზინფორმაციის კლასიკური საბჭოთა, კომუნისტური ტიპის კამპანია მიმდინარეობს.
ბომბავენ ინტერნეტს და ხორციელდება შეტევა საქართველოს საიტებზე ისევე, როგორც ეს ხორციელდებოდა ესტონეთსა და ლიტვაში.
ამ პირობებში ჩვენ უნდა მივცეთ ინფორმაცია ჩვენ საინფორმაციო საშუალებებს, ტელე და რადიოსადგურებს, რომლებიც, თავის მხრივ, მას საზოგადოებას მოაწვდიან.
რუსეთისგან განვსხვავდებით იმით, რომ რუსეთში კრემლი აკონტროლებს მთელ ინფორმაციას და ეწევა საკუთარ პროპაგანდას, ჩვენ ჩვენი საზოგადოებისგან დასამალი არაფერი გვაქვს, სიმართლე უნდა ვუთხრათ ყველას იმის თაობაზე, რაც ხდება.
ხდება ის, რომ საქართველოს ეომებიან, მაგრამ საქართველომ უნდა გაუძლოს.
ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ყველა ჩვენს მეგობართან, გაეროში უკვე უშიშროების საბჭოს ორი სხდომა ჩატარდა, გუშინ ტელეფონით ვესაუბრე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ამ საქმეში ჩართულია პრეზიდენტი სარკოზი, რამდენიმე წუთში უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ ბუშს, გუშინ რამდენჯერმე ველაპარაკე სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს, მრავალ პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს.
თუმცა მსოფლიოსგან ასევე სათანადო რეაგირებას ველით.
ეს არ არის გამოწვევა საქართველოს მიმართ.
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვიწყია ცხინვალში და, პირდაპირ ვთქვათ, ამ დღეებში აფხაზეთისკენ, ფაქტობრივად, არც გაგვიხედავს.
დღეს უკვე დაიწყო აგრესია და ინტერვენცია აფხაზეთში.
ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი ავადმყოფური, იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი პოლიტიკოსების მიერ გადადგმული წინასწარგანზრახული ნაბიჯები.
თავისუფლებისმოყვარე ერის დამარცხება, თუკი ამ ერის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობა ოდნავ მაინც ორგანიზებულია, ჩვენ კი კარგად ვართ ორგანიზებული, არის შეუძლებელი.
ჩვენ ვართ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა და ის, ვინ ჩვენ გვებრძვის, ებრძვის თავისუფლებასა და დემოკრატიას.
კარგი ორგანიზების შემთხვევაში დემოკრატია და თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს - ეს არის ასეთი ტიპის პროვოკაციებსა და ომზე, მსგავს მოქმედებებსა და აგრესიაზე ჩვენი პასუხის პირველი პრინციპი.
ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა და ღმერთია მოწმე, რომ ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება აგვეცილებინა თავიდან, არ ვპასუხობდით უამრავ პროვოკაციას, საერთოდ, სხვა მიმართულებით ვმოქმედებდით - მარცხენა ლოყაში გვირტყამდნენ, მარცხენას ვუშვერდით, მარცხენაში გვირტყამდნენ, ისევ ვჩუმდებოდით და ხმას არ ვიღებდით.
ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ დადგა იმის დრო, ყველა მხრიდან გვიბათქუნონ.
ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - საქართველოში წყდება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ
მომავალი მსოფლიო წესრიგის ბედი.
მთელი მსოფლიო სულგანაბული უყურებს ჩვენს ქვეყანას.
პირველ დღეს კარგად მომზადებულმა რუსულმა მანქანამ სცადა, რომ შეექმნათ ქვეყნის შიგნით, სამხრეთ ოსეთში შეტაკების და შიდა დაპირისპირების ილუზია, მაგრამ ახლა ყველა ხვდება რასთანაც აქვს საქმე.
როგორც ჩანს ამ ხალხმა ვერაფერი ვერ ისწავლა ბოლო 100 წლის განმავლობაში.
გული მწყდება და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ არარეფორმირებულ პოლიტიკურ მანქანასთან და გადაწყვეტილებების მიმღებებთან გვაქვს საქმე.
ახლა ყველანი უნდა ვიყოთ სამუშაო ადგილებზე, უნდა ვიყოთ მობილიზებული და ორგანიზებული და ყველას უნდა ვაჩვენოთ რას ნიშნავს ორგანიზებული, მშვიდი, მობილიზებული, თავისუფალი, ამაყი ქვეყანა და საზოგადოება.
კახა ლომაია:
რუსეთის აგრესორთან გუშინ და დღეს ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლის შედეგად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა ათი ერთეული რუსეთის მძიმე ჯავშანტექნიკა.
მიხეილ სააკაშვილი:
მე ვიცი, რომ ათიც გავანადგურეთ და ოცდაათიც, მართლაც, ათი თვითმფრინავია ჩამოგდებული და ყველაფერი გადაღებულია.
ახლა ვარკვევ სად არის და როგორ არის დაპატიმრებული მფრინავი, ერთი დაღუპულია.
როდესაც გარდაცვლილებზე ვლაპარაკობ, უნდა გავიხსენოთ ყველა უდანაშაულო ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შედეგად დაიღუპა, ასევე ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
მე, როგორც უბრალო ადამიანმა და როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, მინდა მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო.
ამ ხალხის თავგანწირვამ უნდა გადაარჩინოს ქვეყანა და მათ თავგანწირვაზე უნდა იდგეს შემდეგი თაობები.
ახლა ჩვენს თავგანწირვაზეა დამოკიდებული როგორი ქვეყანა იქნება საქართველო ასი და ორასი წლის შემდეგ.
ძმებო, მაგრად დავდგეთ და ყველაფერი კარგად იქნება!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური