საქართველოს პრეზიდენტი: ''დემონსტრირება მოვახდინოთ იმის, რისიც ეშინია მტერს - ჩვენი ერთიანობის!''
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩვენს ისტორიაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე.
საქართველოს ემუქრება განადგურება, საქართველოს დამოუკიდებლობას პირდაპირ დაემუქრნენ გაქრობით, ზუსტად ისევე როგორც მოხდა 1921 წელს.
1921 წელს მაშინდელმა ბოლშევიკურმა რუსეთმა იმ პრეტექსტით, რომ ერთ-ერთი რეგიონის ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავდა, რომელსაც, თითქოს, განადგურებით ემუქრებოდა საქართველოს მთავრობა, შემოიყვანა ჯარები და აიღო თბილისი.
დღეს რუსეთის ხელისუფლება ცდილობს საქართველოს დაბრუნებას 1921-ში.
როდესაც რუსეთმა დაგვიპყრო ჩვენ შევინარჩუნეთ ფორმალური დამოუკიდებლობა სამი წლის გამავლობაში და შემდგომ კი ისიც გააგვიუქმა და მიგვიერთა, როგორც საბჭოთა ჯკავშირის ნაწილი.
ყველა კარგად დაფიქრდეს, თბილისის ცენტრში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის მუზეუმი, სადაც ყველაფერი ძალიან კარგად და ზუსტად არის აღწერილი.
რუსეთმა არ შეცვალა თავისი მოქმედებების სტილი.
როდესაც რუსეთი თვლიდა, რომ იგივეს თავი არ ქონდა, 17 წელი მოგვცა დამოუკიდებლობა, მაგრამ როდესაც რუსეთმა ჩათვალა, რომ ცოტა გაძლიერდა, პირველი, ვისაც მიადგა იყო კავკასია და საქართველო.
დღეს რუსეთს ძალა ერჩის და ცდილობს საბჭოთა კავშირი და მისი ისტორიული სივრცე აღადგინოს.
საქართველო მთავარი დარტყმის ობიექტად მრავალი მიზეზის გამო აირჩია.
რატომ სააქართველო? იმიტომ, რომ საქართველო აის ყველაზე წარმატებული ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ჩვენთან ყველაზე დაბალია კორუფციის დონე მთელს პოსტსაბჭოთა კავშირის მასშტაბით და დსთ-ს სივრცეზე.
ჩვენთან არის ფუნქციონირებადი სახელმწიფო.
აი, ახლაც კი, როდესაც ყოველივე ეს ხდება, სახელმწიფო განაგრძობს ფუნქციონირებას.
ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა თავისუფლების დემონსტრირება, რადგან ქართველის ბუნებაა იყოს თავისუფალი და არ დანებდეს უცხოელ დამპყრობელს.
ამით საქართველო განსაკუთრებული ღირსების მატარებელი ერია.
იმ ხალხს, ვისი ტანკებიც ჩვენს ტერიტორიაზე დგას, ღირსება ყველაზე მეტად ეზიზღება მსოფლიოში და როცა სხვა ადამიანის ღირსებაა დემონსტრირებული, როცა მას მონურად არ ულოკავენ ჩექმის ძირს.
დღეს რუსული ჩექმა ისევ დააბიჯებს ჩვენი ქვეყნის მრავალტანჯულ მიწაზე.
ამ დღეებში ჩვენ დაგვეღუპა ხალხი - შეიარაღებული ძალების ათეულობით მებრძოლი და ათეულობით მშვიდობიანი მცხოვრები.
ჩვენ გვყავს დევნილები, რადგან ბრძოლის არეებიდან გამოვიდა ხალხი.
მე გაძლევთ განკარგულებას ამ დევნილებთან დაკავშირებით: ერთი დევნილი არ იყოს დაუპურებული, ყველა სკოლა, ყველა სახელმწიფო დაწესებულება გაუხსენით.
ჩვენ აღარ ვართ 1993 წლის საქართველო, ჩვენ შეგვწევს ძალა რომ ყველა ამ ადამიანს ვუმკურნალოთ, ვუშველოთ, მოვუაროთ, მოვეპყროთ ადამიანურად და შემდეგ დავაბრუნოთ სახლებში.
ამ ხალხმა დიდი გაჭირვება და სიმწარე ნახა ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ მინდა დღეს დავუბრუნდე ჩემო თანამემამულეებო, მთავარ საკითხს.
რა არის დღეს საქართველოს მოწინააღმდეგის მთავარ ამოცანა?
დღეს საქართველოს მოწინააღმდეგის მთავარი ამოცანაა, საქართველომ აღარ გააგრძელოს არსებობა როგორც თავისუფალმა, დემოკრატიულმა და წარმატებულმა ქვეყანამ.
მისი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველომ აღარ გააგრძელოს არსებობა როგორც სახელმწიფომ და ქვეყანამ, არამედ იყოს რაღაც ახალი სივრცე - იმპერიული სივრცის შემადგენელი ნაწილი შემდგომი ასწლეულების განმავლობაში.
1921 წელს ჩვენ დაგვიპყრეს და 70 წელი ვიყავით ტალახში, მართალი გითხრათ, მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობისათვის ვიბრძოდით ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც მცირე ხანში ისევ დაგვიპირებდნენ დამონებას; ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოწინააღმდეგე მოადგებოდა საქართველოს შუაგულს და გადაჭრიდა საქართველოს მომარაგების მთავარ ხაზებს.
ჩვენ ვმუშაობთ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაგრამ მინდა პირდაპირ გითხრათ ჯერჯერობით მათაგან ვიღებთ მხოლოდ სიტყვებს, დაპირებებს, მორალურ მხარდაჭერას, ვიწყებთ ჰუმანიტარული ტვირთის მიღებას, მაგრამ ჩვენ გვინდა ბევრად უფრო მეტი - შეაჩერონ აბსოლუტურად თავაშვებული, თავზეხელაღებული, გაბრუებული ბარბაროსი აგრესორი, რომელიც საქართველოს მიწა-წყალზე შემოვიდა.
როგორც 1921 წელს არ გააჩერეს ის, ისე არ, ან ვერ გააჩერეს 2008 წელს.
რა არის დღეს ამ აგრესორის მთავარი მიზანი? ამ აგრესორის მთავარი მიზანია მოახდინოს საქართველოს ეკონომიკური პარალიზება.
საქართველოს გზებზე მოძრაობა შეფერხებულია, თუმცა გადაადგილება არც ომის დროს არ შემწყდარა და არც ახლა.
აგრესორის მიზანია საქართველოში და, განსაკუთრებით, დედაქალაქში სამოქალაქო დაპირისპირება, პანიკა და ქაოსი გამოიწვიოს, დაგვაბრუნოს 90-იან წლებში და ამის შედეგად, ქართული სახელმწიფო მარტივ მამრავლებად დაშალოს.
მან მშვენივრად იცის, რომ საქართველოს ძალიან კარგი საერთაშორისო პოზოციები აქვს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ. აზრი კი მობილიზებულია ხალხში მაგრამ კონკრეტული ქმედებების განსახორციელებლად, მაგრამ მისი მთავარი ამოცანა არის საქართველო დაიშალოს და მაშინ, პრაქტიკულად, ბოლო დაბრკოლება მოიხსნება საქართველოს ოფიციალურად ნაწილ-ნაწილ მისათვისებლად.
ჩემო თანამემამულეებო!
მინდა შეგახსენოთ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ საქართველოს თავისუფლებისათვის ერთიანობისათვის, იდენტურობის შენარჩუნებისა და დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის 2000 წლიანი გამოცდილება აქვს.
საქართველო არის მარადიული ცნება.
ჩემთვის საქართველო არის ბევრად მეტი ვიდრე ერთი პრეზიდენტი, ერთი მთავრობა, ერთი თაობა, საქართველო მარადიულია, ეს არის ქვეყანა, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე თითოეული ჩვენგანი.
დღეს ჩვენი მარადიული საქართველო ისევ მძიმე მდგომარეობაში დააყენა დაუნდობელმა მძვინვარე ძალამ.
დღეს საქართველოს ძალიან მნიშვნელონვანი ნაწილი არის ოკუპირებული.
მინდა გთხოვოთ, ნუ განვახორციელებთ მტრის მთავარ გეგმას, არ დავუშვათ არეულობა და ქაოსი, არ დავუშვათ პოლიტიკური დაპირისპირება და ერთმანეთთან ანგარიშსწორება.
ამ დღეებში წყდება ჩვენი ბედი - ან შევინარჩუნებთ სახელმწიფოებრიობას ან გავქრებით, როგორც თანამედროვე სახელმწიფო მსოფლიო რუკაზე.
ნურავინ ნუ აჰყვება ცდუნებას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს დღევანდელი მდგომარეობა.
თუ საქმე ისე წავიდა როგორც რუსეთს უნდა, საქართველოში მოგებული არავინ არ დარჩება, საქრთველო უბრალოდ აღარ იარსებებს და მაშინ გასაყოფიც აღარაფერი გვექნება - ჩვენ აღარ ვიქნებით სახელმწიფო.
საქართველოს ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და მომავალ თაობებს დავუტოვოთ ამაყი ქართული სახელმწიფო.
ამიტომ, მსურს ყველამ ერთად ვუთხრათ კარზე მომდგარ მტერს - ჩვენ არასდროს დაგნებდებით, არასდროს დავიჩოქებთ, არასდროს არ ვიტყვით უარს თავისუფლებასა და ნათელ მომავალზე.
დაჩოქილ მდგომარეობაში უკვე ვიყავით და აღარ დავუშვებთ ვინმემ ისევ დაგვამციროს, გაგვაუბედუროს და ტალახში ამოგვსვაროს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ფეხზე წამოდგა, მაგრამ ისევ დაგვიპირეს დამონება, რადგან ამ რეგიონში გავხდით ყველაზე თავისუფალი, დემოკრატიული, წარმატებული ქვეყანა, რომლის ხალხში ისევ გაიღვიძა სიამაყემ, ღირსების გრძნობამ.
ეს მათთვის სრულიად მიუღებელია და მხოლოდ მონურ მორჩილებაში, მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქართველო და მომსახურე პერსონალად ქცეული მრავალეთნიკური ქართველი ერი უნდათ, რომელსაც არ ექნება არც თავისუფლებისმოყვარეობის, არც სახელმწიფოებრიობის და არც ღირსების გრძნობა.
ჩემო დებო და ძმებო!
მას შემდეგ, რაც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ხელახლა დავაჯგუფებთ, ჩვენ, საქართველოს მთავრობა მათთან ერთად დავიცავთ და გავაგრძელებთ საქართველოსთვის ბრძოლას.
ამავე დროს, მსურს თითოეულ თქვენგანს ვთხოვო, ყველამ ვიკისროთ პასუხისმგებლობა, ნუ დავიღუპავთ თავს და ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს.
უახლოესი კვირებისა და დღეების განმავლობაში ერთ მუშტად შევიკრათ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გავარღვიოთ ის ბლოკადა, რომელშიც მოაქციეს ჩვენი ქვეყანა.
დღეს საქართველო არის ბლოკირებული ზღვიდან, მისი ერთი რეგიონი გათიშულია მეორისგან, დღეს საქართველოს უპირებენ წელში გაწყვეტას და თავის მოგლეჯვას.
ამიტომ, სახელმწიფო აპარატმა, როგორც არასდროს ოგანიზებულად უნდა იმუშაოს, რადგან თუ სახელმწიფო აპარატი დაიშალა საქართველოც დაიშლება.
ამიტომ, შეიარაღებულმა ძალებმა უნდა იბრძოლონ ბოლო წუთამდე, რადგან როგორც კი ისინი ვეღარ გაწევენ წინააღმდეგობას, საქართველო დაიშლება.
თუმცა უმთავრესია ის, რომ ხალხი არ გატყდეს, თქვენი სულისკვეთება არ შესუსტდეს, რადგან თუ ერთი საზოგადოების მცირე ნაწილი მაინც გატყდა, საქართველო დაიშლება.
ამ შემთხვევაში აღარ გვექნება არც ხვალინდელი დღე და არც მომავალი.
მინდა, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ ამ აგრესიის წინაშე, როგორც არ უნდა ვკამათობდეთ და როგორც არ უნდა არ მოგვწონდეს ერთმანეთი აბსოლუტურად ერთიანი ვართ.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად ამირჩიეს, არასდროს არ მომიწოდებია თქვენთვის მიტინგზე გამოსვლა.
დღეს +კი გთხოვთ, რომ ხვალ, დღის სამ საათზე ყველა შევიკრიბოთ საქართველოს პარლამენტის წინ და დავანახოთ ჩვენს მტერს, რომ საქართველო ერთიანია, საქართველო არ დაიჩოქებს და საქართველო არასდროს დანებდება.
ჩვენ არ დავნებდებით ბარბაროსებს, ჩვენ არ დავნებდებით მოძალადეებს, ჩვენ არ დავნებდებით უზნეო ცინიკურ მატყუარა ხალხს.
ჩვენ არ დავნებდებით იმ ხალხს, ვინც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში პერმანენტულად გვამცირებდა და განგვიხილავდა ხელის მოსამსახურეებად.
ჩვენ ვართ თანამედროვე, ევროპული, დემოკრატიული, თავისუფლებისმოყვარე, მრავალათასწლიანი ერი.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ გმირების ერი.
გმირი და თავისუფალი ერი კი არასდროს არ გადაიქცევა მონად და ხელის მოსამსახურედ.
მინდა შემოგვხედოს აგრესორმა თვალებში და მინდა ვუთხრა მას: თქვენ გყავთ ათასობით ტანკი, თქვენ გაქვთ უამრავი თქვითმფრინავი და ტყვია-წამალი, რომლებიც დღისით და ღამით ატერორებენ ჩემს ქვეყანას, თქვენ გაქვთ ნავთობი და გაზი და შეგიძლიათ ამით აშანტჟოთ მთელი მსოფლიო, მაგრამ თქვენ არ გაქვთ მთავარი რამ - არ იცით სხვა ადამიანის თავისუფლების ფასი, რადგან თავად არ ხართ თავისუფლებისმოყვარე.
იმ ხალხმა, რომელმაც აგრესია წამოიწყო, არც თავისუფლების ფასი იცის და არც ღირსება აქვს.
მინდა ქალმა და კაცმა, დიდმა და პატარამ, ოპოზიციამ და მთავრობამ - მთელმა ქართველმა ერმა, რომელსაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიო უყურებს, ხვალ იმის დემონსტრირება მოახდინოს, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ჩვენს მტერს - ჩვენი ერთიანობის.
თუ ამას მოვახერხებთ, ძალიან გაჭირდება მტრის გეგმების შემდგომი განხორციელება.
მინდა გვესმოდეს, დღეს გადამწყვეტი მომენტია იმისათვის, რომ საქართველო შედგეს და საქართველო წინ წავიდეს.
წინა წლებში ჩვენ მივიღეთ ძალზე მწარე გამოცდილება და ბევრი უბედურება ვნახეთ.
თუკი შევინარჩუნებთ ერთობას, ამ ქვეყანას ძალიან სწრაფად დავაყენებთ ფეხზე, მაგრამ თუ არა, თუკი ახლა დავიშლებით, წყვდიადსა და უკუნში დავბრუნდებით.
მაშინ კი მსოფლიოში არავის აღარ დააინტერესებს ჩვენი ბედი.
ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილებისა და შვილთაშვილების მომავლისთვის არჩევანის გაკეთება მოგვიწევს.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
დავდგეთ ერთად - ძალა ერთობაშია!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური