Google+

სიახლეები

05.05.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხების გამო საგანგებო განცხადება გააკეთა

მინდა მოგმართოთ მუხროვანის სამხედრო ნაწილში არეულობის გამმოწვევის მცდელობასთან დაკავშირებით.

როგორც იცით უახლოეს დღეებში საქართველოში ნატო-ს სწავლება იგეგმება, ხოლო 6-8 მაისს პრაღაში გაიმართება ევროკაშირის სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირთან აფორმებს აღმოსავლური პარტნიორობის ხელშეკრულებას.

პირველი მოვლენა არის მნიშვნელოვანი, თუმცა სიმბოლური, რადგან რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე დგამდა ამ ნაბიჯს; მეორე მოვლენას აქვს ძალზე სერიოზული პოლიტიკური და, მე ვიტყოდი, ისტორიული მნიშვნელობა, რადგან საქართველო პირველად ამყარებს ინსტიტუციურ კავშირს ევროკავშირთან - ჩვენს ბუნებრივ პარტნიორთან, ჩვენი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მომავლის არეალთან.

ამ ვითარებაში, როგორც, ალბათ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ადევნებდით თვალს, ჩვენი ქვეყნის მიმართ უამრავი რიტორიკული მუქარა და კონკრეტული პროვოკაცია განხორციელდა.

თქვენ იცით, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაასამმაგა სამხედრო ძალის რაოდენობა და საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, პრაქტიკულად, მთელი შავი ზღვის ფლოტი განალაგა.

ეს, რა თქმა უნდა, იყო უკიდურესად პროვოკაციული და საშიში ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა დედაქალაქის შუაგულში მასობრივი არეულობების, რაიმე სახის ძალადობის განხორციელებას, რათა შემდეგ სცენარი საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ განვითარებულიყო. ბუნებრივია, რომ ეს მიმართული იყო საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ.

მაგრამ თქვენ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კარგად ნახეთ, როგორი თავშეკავება გამოიჩინა საქართველოს მთავრობამ. ჩვენ უკიდურესად რბილად და ყოველგვარი ემოციის გარეშე გამოვაცხადეთ მზადყოფნა მაქსიმალურად გახსნილი დიალოგისთვის, მათ შორის იმისათვის, რომ არავითარი საბაბი არ მიგვეცა საქართველოს მტრისთვის.

ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც არ მოიქცეოდა და არ მოითმენდა ევროპის უმეტესი ქვეყნები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოსავალი ყოველთვის, ყველა ვითარებიდან არის დიალოგი. ჩვენ არ დავუშვით რაიმე სახის პროვოკაცია არც თბილისში და არც საქართველოს სხვა ადგილებში.

ამისათვის მინდა ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას მადლობა გადავუხადო და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა თანამშრომლობის თაობაზე.

მეორე მხრივ, თქვენ ასევე ნახეთ ისტერიული მუქარები, რომლებიც გაისმოდა ჩვენი ოკუპანტი ძალის, რუსეთის პოლიტიკოსების, სამხედროებისა და უმაღლესი ხელმძღვანელების მხრიდან.

ისინი ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ ნატოს სწავლებებს საქართველოში და რომ მათ ამისათვის აქვთ საკმარისი ბერკეტი.

ბოლო დღეების განმავლობაში ყველა საერთაშორისო ნორმის უხეშად დარღვევისა და ფეხქვეშ გათელვით მათ გაზარდეს კონტიგენტი, განალაგეს ე.წ. მესაზღვრეები და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვითარება დაეძაბათ.

ამ ფონზე, ყოფილი გვარდიელებისა და ყოფილი სამხედროების ერთმა ჯგუფმა, რომელთა კავშირი ერთი ქვეყნის სპეცაგენტურასთან ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია სცადა მუხროვანის სამხედრო ნაწილში არეულობების გამოწვევა.

სამხედრო ნაწილში აერულობა არ არის ადვილი საქმე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველგვარი არეულობა, სადაც არის იარაღიანი ხალხი, არის ხელის აღმართვა საქართველოს დემოკრატიულ სისტემაზე, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებაზე, საქართველოს კონსტიტუციაზე, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, ყველა სამხედრო ნაწილი ექვემდებარება კანონიერად არჩეულ სამოქალაქო ხელისუფლებას. ყოველგვარი ექსცესების შექმნა, ემუქრება თითოეული ჩვენი მოქალაქის მომავალს.

ჩვენ ამას განვიხილავთ სერიოზულ საფრთხედ და გამოწვევად.

ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ეს არის იზოლირებული ინციდენტი, რადგან ეს არც ერთ სხვა სამხედრო ნაწილს არ გადასდებია. სხვა სამხედრო ნაწილებში ამჟამად გამოცხადებულია განგაში და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს.

მთლიანად ქვეყანაში წესრიგი და სიწყნარეა და ამ ეტაპზე საფრთხე არ არის.

ეს არეულობის ინსპირანცია არ არის დაკავშირებული სოციალურ პირობებთან. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ჯარს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ ქვეყანაში. ჩვენს ოფიცრებს აქვთ განსაკუთრებული დაფასება ქართული საზოგადოების მხრივ. ეს არ არის შევარდნაძისდროინდელი, ფეხშიშველი, მშიერი, არადისციპლინებული ჯარი.

ვერავინ ვეღარ დააბრუნებს საქართველოს 90-იანი წლების არეულობაში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავს შეიარაღებული ფორმირებები, გასამხედროებული ბანდიტები, რომლებიც დადიოდნენ თბილისსა და სხვა ქალაქებში და უხეშად არღვედნენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ჩვენი ქვეყნის დოვლათს.

ძალიან ბევრი წელი დასჭირდა საქართველოს, რომ ეს მდგომარეობა შეცვლილიყო. მათ თარეშსა და პარპაშს ბოლო მოუღო ვარდების რევოლუციამ. ის ხალხი, ვინც ახლა არეულობის ორგანიზებას ცდილობს, ძირითადად, არის ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯარიდან დათხოვილი ხალხი, რომელთაც ყოველივე ამის უკან, 90-იან წლებში დაბრუნება სურს. საბოლოოდ, ისინი მოქმედებენ უცხო ძალასთან კოორდინაციით, მის დახმარებაზე სრული გათვლით.

მინდა კატეგორიულად მივმართო და გავაფრთხილო რუსეთის ფედერაცია, საქართველოს შიგნით სიტუაციის დაძაბვის და ესკალაციის ყოველვარი მცდელობა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ზონებში, კრახით დასრულდება.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიებზე დამატებითი ფორმირებებია მობილიზებული, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია დაიძაბა და შავი ზღვის ფლოტმა დაიწყო ახალი მოძრაობა. ყოველივე ეს ატარებს ძალიან პროვოკაციულ ხასიათს.

დაჟინებით ვთხოვ და მოვითხოვ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, თავი შეიკავოს მსგავსი პროვოკაციული მანევრებისგან, თავი შეიკავოს ყოველგვარი პროვოკაციისაგან, რადგან საქრათველოში ეს პროვოკაციები აღარ გავა და ქართველი ხალხი ამას არ წამოეგება. ეს მათთვის ძალიან მარტივად უნდა იყოს გასაგები.

პირადად გავეცი პოლიციის და შესაბამისი ძალების მოქმედების განკარგულება.

პოლიციის შენაერთები მთლიანად მობილიზებულია, ბუნტის და არეულობის მცდლობის ინიციატორები კი - იზოლირებული.

ჩემი დავალებით, მათთან დილიდან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს.

იქ იყო სახმელეთო ჯარების სარდალი თელია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ახალაია. ამჟამად იქ იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

პირადად ვესაუბრე ამ არეულობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომელსაც ვუთხარი, რომ ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას გამოვიდნენ, დაგვნებდნენ, დანებდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, განიარაღდნენ და ეს მხედველობაში იქნება მიღებული, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ ილუზია ნურავის ნურაფრის ნუ ექნება.

როდესაც მტერი დგას საქართველოს შიგნით, დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით, როდესაც ჩვენზე დამიზნებულია უამრავი რაოდენობის არტილერია, როდესაც შავი ზღვის ფლოტი დათარეშობს ჩვენს ნაპირებთან, როდესაც ყოველდღიურად ისმის მუქარა და პროვოკაციული განცხადებები, საქართველოში რაიმე სახის გრძელვადიან არეულობას ვერ დავუშვებთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ეს იქნება დემოკრატიის გულში ჩაცემული მახვილი, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ძალიან საშიში აქტი.

ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ ძალიან სერიოზულად და ჩემი დავალებით, მათ აქვთ მიცემული დრო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდნენ და ვიმეორებ, რომ ეს გათვალისწინებული იქნება როგორც შემამსუბუქებელი გარემოება.

ვიცი, რომ იქ მყოფთაგან ძალიან ბევრი საკუთარი ნების წინააღმდეგ მონაწილეობს, ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ ქმედებას.

ქართული დემოკრატიის, საქართველოს მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად, ქართული სახელმწიფო და ყველა შესაბამისი ორგანო მზად არის მიიღოს ყველაზე გადამჭრელი ზომები, რათა აღიკვეთოს კონსტიტუციური წესრიგის, ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების შერყევისა და ძირის გამოთხრის ნებისმიერი მცდელობა.

საქართველო აღარ არის ხუთი წლის წინანდელ სიტუაციაში. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვაპირებთ ვიმოქმედოთ, როგორც სახელმწიფო.

ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვ იყვნენ მშვიდად, ვთხოვ გაგებით შეხვდნენ იმ მოქმედებას, რომელსაც განახორციელებდა საქართველოს სახელმწიფო ამ სიტუაციაში და რომელსაც განახორციელებდა ნებისმიერი ქართველი მმართველი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.

ჩვენი ისტორია სავსეა ღალატის, მსგავსი არეულობების, აჯანყებების, სხვადასხვა გარე ძალებზე მუშაობის და ციხის შიგნიდან გატყდომის მცდელობის მაგალითებით.

ამჯერად, ციხეს შიგნიდან ვერავინ ვერ გატეხს, ჩვენ მოვიქცევით სრული პასუხისმგებლობით.

პირადად მე, როგოც პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, პასუხისმგებელი ვარ ქვეყნის ისტორიის, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისა და თავისუფლების, ასევე ჩვენი დემოკრატიული სისტემის წინაშე.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)