საქართველოს პრეზიდენტმა სამინისტროების მიერ წარმოდგენილი სტენდები თელავში დაათვალიერა
მოგესალმებით.
თქვენ იცით, რომ ყოველთვის განსაკუთრებული რიდით ჩამოვდივარ თელავში და არ მიყვარს ხელცარიელი ჩამოსვლა.
მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თელაველებმა კარგად დაგვიჭირეს მხარი, საპარლამენტო არჩევნებზე გასული წლის მაისში.
აირჩიეს ბატონი გია დეპუტატად და ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო დიდი მხარდაჭერა.
წინასაარჩევნოდჩვენ დაგპირდით გომბორის გზის აშენებას. დღეს ჩამოვედი არა მარტო იმისათვის, რომ ამ გზის მშენებლობა დავიწყოთ, არამედ იმისათვის, რომ პირველი 10 კილომეტრი გავხსნა.
მომავალი რთველისთვის, რამაზ ნილოლეიშვილმა კარგად იცის და ყოველთვის უფრო ადრე აკეთებს ვიდრე ვალდებულებას იღებს, თბილისელები თელავში და თელაველები თბილისში 50 წუთში საუკეთესო გზით ჩამოვლენ. ერთი სიტყვით ჩემი დაპირება სრულდება და თელავი პრაქტიკულად ხდება თბილისის გარეუბანი.
ჩვენ წელსაც ბევრი ფული გამოვყავით, რათა კახელების პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ და გზა საჭიროა იმისათვის, რომ შემდგომ წლებში ბევრად უფრო კარგად ჩატარდეს რთველი, ბევრად მეტი პროდუქტი გავყიდოთ და რაც მთავარია ბევრად მეტი ტურისტი მიიღოს ამ ქალაქმა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ისე მდიდრულად ცხოვრობდეს ხალხი, როგორც ამას კახეთი და კახელები იმსახურებენ.
დღეს იმისათვის ჩამოვედი, რომ მოგმართოთ თქვენ და დანარჩენ საქართველოს.
გუშინ ტელევიზიით გახმაურდა ფაქტი, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში გადმოვიდა მეთერთმეტე ადგილზე.
ჩვენს გარშემო არის ისეთი ქვეყნები, რომლებთან შედარებაც კი სასაცილო იქნებოდა. ეს ქვეყნებია ჰონ-კონგი, სინგაპური, ამერიკა, ინგლისი, ნორვეგია, დანია, ავსტრალია, კანადა და ა.შ. ახლა ჩვენზე ბევრად ქვემოთ არის იტალია, ჰოლანდია, იაპონია, აღარფერს ვამბობ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე. თუ არ ვცდები, რუსეთი 125-ე ადგილზეა, სხვები კი შემდეგ ადგილებს იკავებენ.
ამას სატრაბახოდ არ ვამბობ. მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ არც თქვენ და არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ ცხოვრობს ავსტრალიელივით, ან ამერიკელივით ან შვეიცარიელივით, მაგრამ მთავრობას შეუძლია გარკვეული საქმეების კეთება, ხოლო დანარჩენი ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.
უპირველესად, მთავრობას შეუძლია ხელი არ შეუშალოს ბიზნესს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ტელევიზორიით იმ ხალხმა, რომელსაც ეხერხება ბევრი ლაპარაკი და არა საქმე, ვისი ლოზუნგიც ჩვენი ლოზუნგის "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" საპირისპიროა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ საქართველოში საქმე გართულდა, უფრო ძნელია ბიზნესის კეთება, ფაქტი სახეზეა. ესეც ხომ საქართველოს მთავრობის რეიტინგი არ არის, ესეც ხომ ჩვენი ე.წ. პიარი არ არის, ესეც ხომ პროპაგანდა არ არის - ეს არის მხოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სუბიექტურად ზომავს იმ შესაძლებლობებს რომელიც საქართველოს აქვს.
მათ მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში დღეს 10 ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთება უფრო ადვილია, ვიდრე საქართველოში და არის კიდევ 190 ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება უფრო ძნელია.
ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ შეძლო მთავარი დაპირების განხორციელება, რომელიც მოგცათ ვარდების რევოლიციამ. მთავრეობამ შეძლო შესაძლებლობების, პერსპექტივისა და მომავლის იმედის გაჩენა ჩვენი ხალხისათვის, რომ ვიცხოვროთ უკეთესად.
ახლა ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული რამდენად გამოვიყენებთ ამ შანსს. დღეს საქართველოში ძალიან ადვილი მშენებლობის, ბიზნესის დაწყება და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბანკმა რეიტინგით უფრო მაღალ დონეზე გადაგვიყვანა, კრედიტის მიღებაც უახლოეს მომავალში უფრო ადვილი გახდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ გვიჩნდება შანსი ვიცხოვროთ უკეთესად თუ ვივარგებთ და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შანსი გამოვიყენოთ და ხალხს საკუთარი რეალიზაციის შანსი მიეცეს.
ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ხალხი და ჩვენ ამ რეიტინგს იმით კი არ მივაღწიეთ რომ მთავრობა ტელევიზიით ლაპარაკობდა, მე პირადად ამას მივღწიე იმით, რომ ძალიან ბევრი მტერი გავიჩინე.
ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც გაზაფხულზე თბილისის ცენტრში იდგა, გარდა გაჭირვებული პენსიონრებისა, რომლებიც ერთი წუთითაც არ გახსენებიათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ბევრს ლაპარაკობდნენ, ძალიან ძვირფასი მანქანებით დადიოდნენ, იანვარში უძვირფასესი ქურქებით და ბრილიანტებით ბრწყინავდნენ. მათ ქურქები და მანქანები დაუმსახურებლად აქვთ მოპოვებული. მოპოვებული აქვთ იმით, რომ საბაჟოს უფროსები, საგადასახადოს უფროსები იყვნენ;
მოპოვებული იმის ხარჯზე რომ გამგებლის თანამდებობა იყიდა და მერე მიწების გაყიდვით 10-ჯერ მეტი თანხა ამოიღო.
რა თქმა უნდა მას არ უყვარს სააკაშვილი, არ უყვარს ტყეშელაშვილი, არ უყვარს გილაური, ბაქრაძე, მერაბიშვილი, არ უყვარს ბაჩო ახალაია, რომელმაც ქურდები, როგორც კლასი, გაანადგურა.
მე გავიჩინე ბევრი მტერი და ეს გავაკეთე არა სიხარულით, მაგრამ შეგნებულად. შეიძლება აწყენინო 10 ათას ადამიანს, რომელიც დანარჩენ 5 მილიონს პრობლემას უქმნის, მაგრამ მთავრია, დანარჩენ საზოგადოებას ჰქონდეს შანსი, რათა საკუთარი შრომით მიაღწიოს შედეგს და არა იმით რომ ვიღაცის ნათესავია, მეგობარია ან უკეთესად ეხერხება ქრთამის მიღება, ან უკეთესად ეხერხება პარლამენტში მოხვედრა და ტელევიზიით ბევრი ლაპარაკი.
ახლა საქართველოს წინ იშლება ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩვენ ურმის დონეზე ვიყავით ბიზნესის თვალსაზრისით და 137-ეადგილზე ვიყავით, დაახლოებით იქ სადაც დღეს არის რუსეთი. დღეს რუსეთია ურმის მდგომარეობაში, რადგან ყველაფრისთვის ქრთამის გადახდაა საჭირო, პოლიციელს შეუძლია ბიზნესი წაგართვას, საკუთრების უფლება დაცული არ არის და ყოველ ნაბიჯზე კორუფციას და ძალადობას ვხვდებით.
შემდეგ ჩვენ დავიწყეთ რეფორმები და ჩემოვედით 37-ე ადგილზე - გავხდით ზაპოროჟეცი. 37-ე ადგილი ცუდი არ არის, მაგრამ ძნელი სამართავია და ცუდად დადის (პირველი ავარია 4 წლის ასაკში ზაპოროჟეცით მომივიდა, როდესაც მამაჩემის მანქანას ხელის მუხრუჭი ჩავუწიე).
შემდეგ კიდევ ვიშრომეთ, კიდევ ვიმუშავეთ, 17-ე ადგილზე გადავედით და გადავჯექით ვოლგაში. ვოლგა უფრო ძლიერი მაქანაა, უფრო სწრაფად დადის, მაგრამ ჰიდრავლიკა არა აქვს, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ამაზე მაგარი მანქანა არ იყო - რაიკომის მდივნები დადიოდნენ ვოლგებით (ვოლგით ერთხელ თელავის გზაზეც მომივიდა ავარია).
შემდეგ კიდევ გავისარჯეთ, გადავჯექით ნორმალურ თანამედროვე მანქანაში - ოპელში და ვიყავით 15-ე ადგილზე.
დაბოლოს, ყველას ერთად გვაქვს შანსი, რომ გადავჯდეთ ახალ, მერსედესის კაბრიოლეტში და ეს არის 11-ე ადგილი.
პირველ ხუთეულში რომ შევალთ და აუცილებლად შევალთ, სინგაპურსა და ჰონ-კონგზე უკეთეს მდგომარეობაში შეიძლება არა, მაგრამ შეიძლება ამერიკასაც გავუსწროთ. ვიმეორებ, შესაძლებლობების თვალსაზრისით, იმისათვის, რომ გავმდიდრდეთ, ათწლეულები შეიძლება დაგვჭირდეს.
როდესაც ყველას გავუსწრებთ გადავჯდებით პორშეში და ფერარიში - მე ამ მანქანებზე არასდროს არ ვჯდარვარ და არ ვიცი როგორ დადის.
ამიტომ, ეს არც ცირკია და არც რაიმეს დემონსტრაცია - ეს საშუალებაა იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ, რომელმაც მძიმე შრომით, ერთ გუნდად შეკვრით, ქვეყნის მომავლის რწმენით და პირადი ინტერესების, შუღლის, გამორჩენის უგულვებელყოფის ხარჯზე, მოახერხა ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი გარემოს შექმნა ბიზნესისთვის.
ახლა უკვე შეუძლია შექმნას უკეთესი, უფრო კომფორტული და მდიდრული ცხოვრება ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის.
ამას ყველა ერთად შევძლევთ ჩემო მეგობრებო!
ყველა ერთად მოვახერხებთ უკეთეს ცხოვრებაში გადასვლას.
მინდა ყველა ბიზნესმენს ვუთხრა, შესაძლოა უფრო შეჩვეული ხართ საქმის ძველებურად კეთებას - ვოლგით, ზაპოროჟეცით და შესაძლოა ურმით მოძრაობას, მაგრამ ურმით შორს ვერ წახვალთ. უნდა შევძლოთ ახალი შესაძლებლობების გამოყენება და უნდა ვისწავლოთ კაბრიოლეტის მართვა. ამაზე კარგი სამართავი მანქანა კი არ არის - ამაზე უკეთესი საშუალება ბიზნესისთვის არ არსებობს.
მოვუწოდებ საქართველოს ბიზნესწარმომადგენლებს დაეუფლონ ამ მანქანის მართვის ტექნოლოგიას, ჩაგვისხდეს მანქანაში და უფრო მდიდარ და უფრო წარმატებულ მომავალში.
დღეს მე ამ მანქანით ვაპირებ გომბორის გზის ევროპული სტანდარტებით გაკეთებული პირველი 10 კილომეტრის გახსნას.
დიდი მადლობა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური