საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა
უნდა ვთქვა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რომელიც ითვალისწინებს ყველა დევნილის უპირობო დაბრუნების უფლებას.
ეს არის რეზოლუცია, რომელიც გმობს ძალისმიერი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელებას ე.ი. ფაქტობრივად, ეთნიკურ წმენდასა და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას.
ეს არის რეზოლუცია, რომელიც იცავს საკუთრების უფლებას, ყველაზე მთავარს, რაც რუსეთმა შარშან თავისი მოქმედებით შელახა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც გაერომ მიიღო ყოველივე ამის მხარდასაჭერად რუსეთ-საქართველოს გასული წლის აგვისტოში ომის ცხელი ფაზის დაწყების შემდეგ.
მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის უბრალო რეზოლუცია, რადგან მას წინ დიდი ბრძოლა უძღოდა.
მარტო ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა შანტაჟის, ზემოქმედების, მოქრთამვის ყველანაირი ფორმა, რაც კი გააჩნდა და რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან. ზოგიერთ ქვეყნებს ის პირდებოდა ფინანსურ დახმარებას, ზოგს აშინებდა, დააშინეს კიდეც რამდენიმე თანამდებობის პირი, რომლებსაც უნდა წაეყვანა ეს სხდომები და რომლებსაც უნდა განეხილა საპროცედურო საკითხები.
დღეს დილას რუსეთმა 19 შესწორების შეტანა სცადა რაზოლუციის პროექტში და მიმართა ყველა ხრიკს, რათა ჩაეგდო მისი მიღება. რუსეთმა ჯერ პროცედურული საკითხი დააყენა, რომ საერთოდ საერთოდ აღნიშნული პროექტი არ განხილულიყო და ამის წინააღმდეგ 64-მა სახელმწიფომ მისცა ხმა.
ეს უპრეცენდენტოდ დიდი ქვეორუმია რუსეთის წამოყენებული საკითხების წინააღმდეგ.
ამის შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა დღის წესრიგიდან მოეხსნა თავისი შესწორებები და რეზოლუცია 48 ხმით, შარშანდელთან შედარებით, სამნახევარჯერ მეტი ხმით მიიღეს.
მიუხედავად რუსეთის დიდი ზემოქმედებისა, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების კულუარებში მსჯელობისა ბუნებრივი გაზის ფასთან დაკავშირებით, ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, ამჯერად, მთელი შემადგენლობით, მთლიანად ევროპის კავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი დევნილების უპირობო დაბრუნების უფლებას, დაგმო ძალისმიერი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელება საქართველოს ტერიტორიებზე და რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.
ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ დღეს რუსეთი ცდილობს, რომ კონსტრუქციული სახით შეირგოს ის, რაც რისი "გადასანსვლაც" მოახერხა.
ეს არ მოხდება.
21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას, ოკუპაციას და ანექსიის მცდელობას არც საქართველო შეეგუება და არც რომელიმე დემოკრატიული, საღად მოაზროვნე საერთაშორისო ძალა და ქვეყანა.
ჩადენილია ეთნიკური წმენდა და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
მას შემდეგ რაც გააკეთეს, ნურავის შეექმნება ილუზია, რომ საქართველოს დარჩენილ ნაწილთან ექნება ნორმალური ურთიერთობა და ნორმალური მოლაპარაკებები.
მსგავსი რიტორიკით ლაპარაკობდა ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიის ანექსიის შემდეგ.
ჩვენს ქვეყანაში ისინი ვერასდროს ვერ იპოვნიან დასაყრდენ ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი მცდელობა აქვთ და დიდ ფულსაც ხარჯავენ.
ჩვენ არასდროს არ დავთმობთ ჩვენს უმთავრეს უფლებას - ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ამას არ დათმობს საქართველოს არც დღევანდელი დღევანდელი მთავრობა და არც რომელიმე პასუხისმგებლობით აღსავსე პოლიტიკური ძალა.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში მკვეთრად წავიწიეთ წინ. ამას დიდი ბრძოლის ფასად მივაღწიეთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ყველა ბერკეტი ამოქმედებულია - დაწყებული ენერგეტიკიდან დამთავრებული პიარ-საშუალებებით, რომლებიც მათ გააჩნიათ და კორუფციული მეთოდებით, რომლებსაც ისინი იყენებენ, დღეს მათ იწვნიეს დიპლომატიური მარცხი.
ეს დიპლომატიური მარცხი რუსეთის დღევანდელი მთავრობისთვის უცნაურიცაა და სამარცხვინოც, რადგან დღევანდელი რეზოლუციის თანახმად, ადამიანები, რომლებიც გამოაძევეს და წაართვეს ქონება, უნდა დაბრუნდნენ უკან.
ეს ადამიანის ელემენტარული უფლებაა.
მსურს ვუთხრა ყველას, ვისაც კიდევ შერჩა სენტიმეტალური განწყობა რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის მიმართ - მაშინ, როდესაც ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა ასეთ საკითხს არ უჭერს მხარს, რა თემაზე ვილაპარაკოთ მათთან, აგრესიულ, სამხედრო -პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან?
ჩვენი თავისუფლება ძალიან ძვირფასი რამაა მთელი რეგიონისათვის, ჩვენი თავისუფლება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეებისათვის და ჩვენი ძლიერება და ფეხზე მყარად დგომა საბოლოოდ დაამარცხებს ჩვენზე ბევრად დიდ, გაუმართავ აგრესიას და აგრესიის განმახორციელებელ სუბიექტებს, უპირველესად სამართლებრივი, ხოლო შემდეგ მორალური და ყველა სხვა თვალსაზრისით.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი მისიის ძალზე წარმატებული მუშაობა ნიუ იორკში, ჩვენ არასდროს არ გვქონია ამ დონის დიპლომატია. გაუმჯობესების საშუალება ყოველთვის არის ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად.
ამ მიმართულებით ჩვენ ბევრად მეტი მუშაობა და ბევრად მეტი ძალისხმევის გამოჩენა გვმართებს, რათა, საბოლოოდ, ყველაფერი საქართველოს დეოკუპაციით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საკუთარი სახლებიდან გამოძევებული ჩვენი ნახევარი მილიონი თანამემამულის მოქალაქეობრივი და ქონებრივი უფლებების აღდგენით დამთავრდეს.
დიდი მადლობა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური