Google+

სიახლეები

01.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბერძენ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა, ბერძენ კოლეგას კაროლოს პოპულიასს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ქვეყნის ლიდერებმა ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე გაიმართა ქართული და ბერძნული სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობის შეხვედრა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმა და კაროლოს პოპულიასმა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა ისურვა, რომ ქართველები და ბერძნები სოხუმში ერთად დაბრუნდნენ. საქართველოსა და საბერძნეთის პირველი პირები შეთანხმდნენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის, ასევე სავაჭრო ურთიერთობის გააქტიურების თაობაზე. უკვე გადაწყდა, რომ გაიმართება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმი როგორც საბერძნეთში, ისე საქართველოში. ამას გარდა საბერძნეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოს სპეციალური სტიპენდიები, რომელთა საშუალებითაც სწავლის გაგრძელებას ისინი საბერძნეთში შეძლებენ. კაროლოს პოპულიასმა საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ეს მეგობრობა პოლიტიკურ თანამშრომლობაში გადაიზარდა. საბერძნეთის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

"საქართველოში იტალიურ-ქართული, ესტონურ-ქართული, უკრაინულ-ქართული ღვინის საწარმოები ფუნქციონირებს, მაგრამ პირველი ერთობლივი ღვინის საწარმო, რომელიც საქართველოში კაცობრიობის ისტორიაში შეიქმნა, ქართულ-ბერძნული იყო. ჩვენ ყველა საკითხს თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით ვწყვეტთ. დღეს საბერძნეთში როგორც ეთნიკური ქართველების, ისე საქართველოს ბერძნული წარმომავლობის მოქალაქეების ძალიან დიდი ჯგუფი ცხოვრობს. ამ ხალხს ჩვენ საკუთარ მოქალაქეებად მივიჩნევთ იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. საბერძნეთის საზღვაო ფლოტმა საქართველოში შემოჭრილი ინტერნაციონალისტური ძალისა და სეპარატისტების ცეცხლქვეშ, ალმოდებული სოხუმიდან ათი ათასობით ეთნიკური ბერძენი და ეთნიკური ქართველი გამოიყვანა. დღეს სოხუმში ომამდელი მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეათედი ცხოვრობს და ჩვენი სურვილია, რომ იქ ყველა დაბრუნდეს, მათ შორის ბერძნები. მე ვიცი რამდენად დიდი ნოსტალგია აქვთ მათ საქართველოს, აფხაზეთისა და სოხუმის მიმართ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში საარჩევნო პროცესს ესწრებოდა, დაახლოებით, 200 ქართველი მეთვალყურე, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებენ. იულია ტიმოშენკოსა და ვიკტორ იუშჩენკოსთან სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფართო დემოკრატიული კოალიცია შექმნის რეალური შანსი აქვს.

"უკრაინას უნიკალური შანსი აქვს ფართო დემოკრატიული კოალიცია შექმნას, რაც, პრაქტიკულად სრულიად ახალ რეალობას ქმნის უკრაინისთვის, მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, ევროპისთვის. მე მოვუწოდებ მთელ დემოკრატიულ სამყაროს აქტიური მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს, რომელმაც ურთულეს დემოკრატიულ გამოცდას გაუძლო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის პარლამენტის პრეზიდენტთან დიმიტრის სიუფასსთან და ოპოზიციის ლიდერთან ჯორჯ პაპანდრეუსთან.

ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ დიასპორას შეხვდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)