Google+

სიახლეები

21.01.2013
მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას 8 წლიანი მმართველობის გამოცდილებასა და გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზეც ისაუბრა, რამაც მისივე შეფასებით დააჩქარა ქვეყნის ევროატლანტიკური ტრანსფორმაციის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს უმთავრესი მიზანი, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციაა.
გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალმა ხელისუფლებამ მიღწეული წარმატებები განაგრძოს და იზრუნოს ქვეყნის წინსვლისთვის, რათა საქართველო არასდროს დაბრუნდეს წარსულში. მანვე განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია გაგრძელდეს დაწყებული დემოკრატიული რეფორმები და ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მედიისა და სასამართლო თავისუფლება. მისივე თქმით, მიუღებელია ის ზეწოლა რაც საქართველოში ოპოზიციაზე, თავისუფალ მედიაზე, თვითმმართველობებსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მიესალმება ახალი მთავრობის სურვილს გაგრძელდეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუმცა მისი თქმით, ამ სურვილს შესაბამისი ქმედებებიც უნდა მოჰყვეს. თავის გამოსვლაში ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სომხეთთან კარგი ურთიერთობების მიუხედავად, საგარეო კურსის თვალსაზრისით საქართველოს ნატოსთან დაკავშირებით მკვეთრად გამოკვეთილი პოზიცია გააჩნია, რაც ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაში გამოიხატება.
მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გამოცხადებული მხარდაჭერისათვის. 
სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა დელეგატების შეკითხვებს უპასუხა. ინტერესის მთავარი თემა კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველო -რუსეთის ურთიერთობები იყო.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)