Google+

სიახლეები

13.02.2013
საქართველოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო

უპირველესად, მინდა ყველას მოგესალმოთ,

ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალზე მნიშვნელოვანი ფორუმი. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქართველომ დატოვა დსთ. ეს ჩვენთვის, გარკვეულწილად, იყო ალტერნატიული ფორუმი. ასევე, ეს, ალბათ, იყო ევროპის პასუხი იმ ვითარების მიმართ, რომელიც ამ რეგიონში შეიქმნა.

ის ქვეყნები, რომელთაც ადრე ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს სივრცეზე, საბაჟო კავშირის ან სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებების დონეზე, ევროპული ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ. 

ჩვენ თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ ეს პარტნიორობა კონკრეტულ შინაარსს შეიძენდა,  ჩაირთვებოდა კონრეტული ორმხრივი ურთიერთობა და ასეც მოხდა.

მიხარია, რომ აქ ბევრი მნიშვნელოვანი დელეგაციაა წარმოდგენილი.

მივესალმები ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს.

მინდა, ბელარუსი განსაკუთრებით გამოვყო, რადგან ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ არ ვართ დსთ-ის წევრები, თუმცა ჩვენ დსთ-ის ბევრ აქტიურ, მათ შორის, საბაჟო კავშირის წევრთან გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა.  

ჩვენ ძალიან ვემადლიერებით ბელარუსს, რადგან ეს ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაში  პატივისცემით მოეპყრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე,  როგორც აქ წარმოდგენილი თითოეული ქვეყანა.

რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ბელარუსის გრძელვადიანად ჩართვა სხვადასხვა ევროპულ ფორმატებში არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

ასევე მივესალმებით, აქ წარმოდგენილ მეგობრებს მოლდოვიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე ვიმყოფებით და სხვადასხვა სურვილებით მივდივართ ევროპული ინტეგრაციისკენ.

როგორც მესმის, მოლდოვას აქვს საშუალება, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ დონეზე განიხილება, რომ ვილნიუსის სამიტიდან წელსვე მიიღოს ევროპული პერსპექტივის განცხადება.

გასულ წელს იყო ვარაუდი - თეორიულად იყო შანსი, რომ საქართველოს მოლოდოვასთან ერთად მიეღო განცხადება ევროპული პერსპექტივის თაობაზე.

ახლა ამაზე ნაკლებად საუბრობენ, არადა თავადაც ზუსტად ასე ვვარაუდობდი ჩემი პრეზიდენტობის დასრულებას - საქართველომ სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს მიიღო ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ აუცილებლად გავხდებით ნატო-ს წევრი და ვფიქრობდი, რომ საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, ასევე მივიღებდით გარკვეული სახის ჩანაწერს, რომ გავხდებოდით ევროკავშირის წევრიც.  

იმედია, უახლოეს პერსპექტივაში ეს ბოლომდე არ არის დაკარგული.

ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხელშეკრულებაზე ასოცირებული წევრობის შესახებ და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს ეს ხელშეკრულება. ჩვენ და პირადად მე, მზად ვარ საქართველოს მთავრობას ამ საქმეში ყველანაირად დავეხმარო.

თქვენ იცით, რომ არის ბევრი გარემოება, რომელიც, შესაძლოა, პრობლემური იყოს, მათ შორის, საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები. ეს სულაც არ მახარებს, რადგან საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია.

ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გამოვხატოთ ევროკომისარ ფულეს და ყველა იმ ევროპელი პარტნიორის მიმართ, რომელიც გვეხმარება ამ საქმეში. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადამწყვეტი პერიოდია იმისთვის, შეძლებს თუ არა საქართველო მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.

ევროკომისარ მალმსტრომის ვიზიტი საქართველოში რამდენჯერმე გადაიდო და იმედია, იგი მალე ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მას ველოდებოდით ოქტომბერში, შემდეგ ნოემბერსა და  დეკემბერში.

იმედი მაქვს, ამ პერიოდში ეს აღარ გადაიდება, რადგან ევროპაში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, ჩვენ ვმუშაობთ ასოცირებული წევრობისა და  თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე და ვიმედოვნებთ, რომ წელს ყველა გარემოებების გათვალისწინებით,  შევძლებთ შიდა პრობლემების გადალახვას და ამ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას.

ამავდროულად, მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული საკითხები, რომლებიც უკავშირდება მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატს და, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროსაც.  

ამ დღეებში ბევრი დავაა სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ტრანსპორტირება მაქსიმალურად ფართოდ იყოს გავრცელებული და გაძლიერებული ყველა მიმართულებით.  

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის რეგიონში, ყველა მიმართულებით მოძრაობდეს ტვირთები, ყველა მიმართულებით მგზავრობდეს ხალხი, გადაადგილდებოდეს სერვისები...

უნდა გვესმოდეს, რომ, ერთი მხრივ, ძალიან კარგი, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სომხეთის რესპუბლიკასთან და მადლობელი ვარ სომხეთის, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში. ძალიან რთულ ვითარებაში სომხეთმა სერიოზული სოლიდარობა გამოხატა საქართველოს მიმართ და არ შემიძლია ეს არ დავაფასო.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სომხურ ტვირთებს ემოძრავა საქართველოს ტერიტორიის გავლით. მათ შორის, გავხსენით პუნქტი ლარსზე, ფოთის პორტი მუშაობს სრული  დატვირთვით... მაგრამ დღეს აფხაზეთიდან მომავალი რკინიგზის საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგა.

არ მინდა, რომ მეზობელ, მეგობარ სომხეთს რაიმე პრობლემა შეექმნას ტვირთებთან დაკავშირებით. უბრალოდ მინდა იცოდნენ, რა არის ჩემი პოზიცია ამ რკინიგზის თაობაზე.

უპირველეს ყოვლისა, ვიცით, რომ რუსეთი ფლობს სომხეთის რკინიგზას - РЖД (რუსეთის რკინიგზა). როდესაც მათ იყიდეს სომხეთის რკინიგზა და უკანონოდ მიითვისეს ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზაც, მაშინვე გამიჩნდა შეკითხვა (ამ ეტპზე, ჩვენ არ ვლაპარაკობდით ამ რკინიგზის გახსნაზე): რა გეგმა ჰქონდა ასეთი რუსეთს, რაში სჭირდებოდა სომხეთის რკინიგზა თუ არ ჰქონდა გახსნილი საქართველოს სარკინიგზო გზა?  

ეტყობა მოსკოვში უფრო შორსმიმავალი და მზაკვრული გეგმა ჰქონდათ შემუშავებული, ვიდრე ეს მე წარმომედგინა.

 მათ ჰქონდათ თავიანთი გათვლები, რომლებიც საქართველოს არჩევნებთან იყო დაკავშირებული. მათ, ალბათ, ჰყავდათ საკუთარი ფავორიტი და ჰქონდათ კონკრეტული ვალდებულებები მიღებული - სხვაგვარად მე ვერ ვხსნი, რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდათ საკუთრებაში ჰქონოდათ სომხეთის რკინიგზა და აფხაზეთის მიტაცებული რკინიგზა ერთდროულად იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

ამის შემდეგ, დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ეს რკინიგზა უნდა გაიხსნას...

ამავე დროს, გაკეთდა განცხადებები, რომლებიც პრობლემას უქმნის ყარსი-ახალქალაქის სტრატეგიულ პროექტს.

ჩვენი შეთავაზება იყო სხვა - ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამეგრელოში, საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში, ოკუპირებულ ზოლთან ახლოს, უნდა აშენებულიყო ახალი, დიდი პორტი ლაზიკა, რომელიც კანიონით, კონსტანცას შემდეგ მეორეა შავ ზღვაზე.

იქ არის ძალიან კარგი პირობები დიდი პანამექსის ტიპის გემების განტვირთვისთვის. ჩვენ 18 თვეში გვექნებოდა ეს პორტი. სამწუხაროდ, ახლა მისი მშენებლობა შეჩერებულია.

ეს პორტი ასევე გამოდგებოდა სომხური ტვირთების გადაზიდვისთვის ნებისმიერი მიმართულებით, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სომხურმა ტვირთებმა იმოძრაოს.

მეორე მხრივ, ლაზიკის პორტი თავისთავად მიიზიდავდა აფხაზეთს.

რას მივიღებთ დღეს თუ ჩვენ გავხსნით აფხაზეთის რკინიგზას ისე, რომ არ არის გარკვეული საბაჟო რეჟიმი, არ არის გარკვეული ხალხის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა?

თუ, მაგალითად, ადამიანი შეძლებს ჩაჯდეს თბილისში და სოხუმის სადგურზე უპრობლემოდ გადმოვიდეს, მაშინ შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ დღეს ამის არანაირი შანსი არ ჩანს.

მაშინ, უბრალოდ, მივიღებთ იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ეთნიკური წმენდის ტერიტორიაზე რუსეთს მივცემთ ინვესტიციებისა და ფულის მოზიდვის საშუალებას საქართველოს დაუკითხავად.

ეს იქნება კავკასიაში ექსპანსიის ინსტრუმენტი, როგორც ეს 2008 წელს ვნახეთ, როდესაც მათ აღნიშნული რკინიგზა აღადგინეს.

საქართველო ამით ვერაფერს მიიღებს, პირიქით, ასმაგად გაურთულდება აფხაზეთის რეინტეგრაციის საკითხი და შეექმნება სხვა ტიპის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები.

მე მგონია, რომ ეს არის ჩიხისკენ მიმავალი, არასწორი გზა და არ შეესაბამება არც ერთი კავკასიური ქვეყნის ინტერესს, არც ერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ინტერესს და მხოლოდ ერთი ქვეყნის საკმაოდ მოკლევადიან, აგრესიულ ინტერესებს შეესაბამება.

მეორე მხრივ, თუ ლაზიკის პორტი განვითარდა, ეს კარგი იქნება სომხეთისთვის, ასევე კარგი იქნება იმისთვის, რომ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობა მიებას ამას და ჩვენ შევძლოთ მათთვის პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი არაოკუპირებულ ნაწილში შევქმნათ იმ პოლიტიკით, რომელსაც აქამდე ვატარებდით. ეს კი იყო გახსნილობის, თავისუფლად გადაადგილების, ამ ხალხისთვის ეკონომიკური და სოციალური საშუალების გაჩენის, მათი ინტეგრაციისა და ერთიან ქართულ სივრცეში მათი შემოერთების პოლიტიკა.

რა თქმა უნდა, მესმის ის პრობლემები, რომელიც ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთანაა დაკავშირებული, რაც სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს შეეხება.

საბოლოოდ, გარედან რომ არ ჩარეულიყო ვინმე, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებდით ბევრი რამის გაკეთებას ისე, რომ ყველა კავკასიური სახელმწიფო ყოფილიყო კმაყოფილი და არც ერთი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესი არ დაზარალებულიყო. 

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ის არის ჩვენი ქვეყნისა და ევროპის დამაკავშირებელი, ჩვენთვის ეს არის თბილისი-ლონდონის რკინიგზა, აზერბაიჯანელებისთვის - ბაქო -ლონდონის რკინიგზა.

ეს არის ყველაზე სწრაფი, ეფექტიანი და თანამედროვე კავშირი ევროპასთან, ჩვენი ფანჯარა ევროპაში.

ის რკინიგზა, რომელიც ახლა აფხაზეთის გავლით უნდა დაუკავშირდეს რუსეთის ფედერაციას  იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სახელმწიფო საზღვრებს, სტატუსიც გაურკვეველია და ტექნიკური საშუალებებიც ძალიან ჩამორჩენილია, არის მოჩვენებითი გამოსავალი ნებისმიერი ჩვენგანისთვის და არაფერს არ გვაძლევს.

აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს.

ამ განხილვაში არა მხოლოდ ჩვენ და აზერბაიჯანი, არამედ სომხებიც უნდა იყვნენ ჩართული, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია სომხეთის ინტერესები და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ნაჩქარები გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის.

არ ვიცი, ასე რომ ჩქარობენ რა ვალდებულებები აქვთ ნაკისრი ზოგიერთების წინაშე, მაგრამ ალბათ აიღეს გარკვეული ვალდებულებები, რადგან სხვაგვარად ვერ ვხსნი, რად უნდოდათ სომხეთისა და აფხაზეთის რკინიგზის მითვისება, თუკი წინასწარ არ იყვნენ მოლაპარკებული. ჩემს მთავრობასთან რომ არ ყოფილან მოლაპარკებული, ეს ნამდვილად ვიცი.

ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად დასაფიქრებელი თემაა.

ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ახალი კომუნიკაცია კარგია, მაგრამ ეს ის ვარიანტი არ არის, როდესაც არ გვმართებს დაფიქრება. აქ ბევრი პირობაა, ბევრი სხვადასხვა საფრთხე და ჩადებული ნაღმი, რომელთა უგულვებელყოფა დამღუპველი იქნება ჩვენთვის და არც ჩვენს პარტნიორებს მოუტანს რაიმეს კარგს.

საბოლოოდ, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ამ თანამშრომლობის მიმართ ინტერესი. ვფიქრობ, ეს მართლაც ისტორიული შესაძებლობაა ყველა ჩვენგანისთვის.

საქართველოს პარლამენტში ახლა განიხილება პროექტი კონსტიტუციაში შესწორების შეტანის შესახებ, როგორც ეს თავის დროს ხორვატიის კონსტიტუციაში, ესტონეთისა  და ლიტვის კონსტიიტუციაში შეიტანეს. ეს ცვლილება შეეხება იმას, რომ საქართველო არ შევიდეს არც ერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ იმ ხალხს, ვინც ამ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაშია.

კარგად მესმის ბელარუსის, ვინაიდან ბელარუსი ეკონომიკურად მჭიდროდ არის ინტეგირებული ძველ კომპლექსში, მაგრამ საქართველო აღარ არის ინტეგრირებული ამ სივრცეში და ბევრად უფრო ინტეგრირებულია ევროპულ კომპლექსში.

ამიტომ საქართველოსთვის აღნიშნულ გაერთიანებებში ყოფნა არა მხოლოდ ეკონომიკურად არ არის რაიმეს მომცემი, არამედ პოლიტიკური ზემოქმედების იარაღია.

არის ქვეყნები, რომელთათვისაც ის მისაღები ფორმატია და ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ. ეს არ გვაფერხებს, რომ ჩვენ მათთანაც განვავითაროთ ურთიერთობა, ვინც იმყოფება ან აპირებს ყოფნას სხვადასხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში, საბაჟო კავშირში, ევრაზიულ კავშირში ან დსთ-ში. თავისთავად, საქართველოსთვის ამ ქვეყნებთან ურთიერთობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კურსი არის დასავლეთი და ევროპა.

საქართველომ იმ სტრატეგიული ურთიერთობით, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან ჩამოაყალიბა, მოახერხა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება; ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის საშუალებით, ვახერებთ სატრანსპორტო თავისუფლების მიღწევას; ვაშენებთ ახალ ავტობანებს, რაც სერიოზული ეკონომიკური ბერკეტია...

რა თქმა უნდა, ამ მხრივ, საქართველო ბევრად უფრო მტკიცედ უკავშირდება ევროპას.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვიქნებით ძალიან საიმედო პარტნიეროები ევროკავშირისთვის აქ - საკუთარ თავს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ევროკავშირის წევრს მომავალში და დარწმუნებული ვარ, სულ უფრო მეტი ევროპელი აღგვიქვამს ასეთ ქვეყნად.  

8 წლის წინათ საქართველო ამ ოცნებასთან ახლოსაც არ იყო, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ მართლაც დავმკვიდრდით ამ რუკაზე. უფრო მეტიც, მადლობელი ვართ, რომ თქვენთან ერთად, პიონერები ვართ ევროპისკენ გზის გაკვლევის თვალსაზრისით.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისარ ფულეს როლი. მე, როგორც პრეზიდენტი ჩემს  დარჩენილ ვადაში და როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ კიდევ მრავალი წელი იმუშავებს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, საქართველოს დღევანდელი მთავრობის აბსოლიტური უმეტესობაც მოწადინებული იქნება, ამ მიმართულებით მუშაობა გააგრძელოს.

ჩვენ, როგორც ერს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ეს ყველა გამოკვლევაში და საზოგადოებრივ აზრის ნებისმიერ ფორუმზე ჩანს.

მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ ნაყოფიერ საქმიანობაში.

მიხარია, რომ იდეამ, რომელსაც კომისარმა ფულემ და თითოეულმა ჩვენგანმა ჩავუყარეთ საფუძველი აღმოსავლეთ პარტნიორობის სახით, მართლაც შეისხა ფრთები და კონკრეტული აზრი შეიძინა.

მიხარია, რომ მონაწილეთა რაოდენობა გაფართოვდა და სულ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იდეა თავიდანვე ეფექტიანი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით თითოეულ მონაწილეს აქ, პრეზიდენტის სასახლეში. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)