Google+

სიახლეები

04.11.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გია ხევიაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად წარადგინა

მოგესალმებით!

მსურს მოკლე განცხადება გავაკეთო იმ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს ჩამოვყალიბდით.

ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განვიხილეთ.

ჩვენ გვსურს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მანდატი გაფართოვდეს და ის განსახლებისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა სამინისტრო გახდეს.

ეს განპირობებულია იმით, რომ დღესდღეობით, რეალურად, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

მსოფლიოში, დაახლოებით, 10 მილიონი, შესაძლოა მეტი ქართველიც არის და მათი უმრავლესობა საქართველოს მეზობელ, თუ შორეულ ქვეყნებში ცხოვრობს.

ამ მიმართულებით, აქამდე მწყობრი სამთავრობო პოლიტიკა შექმნილი სრულად არ იყო, თუმცა ამის შესახებ, გარკვეული პრინციპების დონეზე გაცხადებული გვქონდა.

შარშან ჩვენ ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტი შემოვიღეთ.

ათასობით ჩვენმა თანამემამულემ ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ამგვარი შესაძლებლობა ასობით ათას ადამიანს მიეცეს.

ჩვენ გვინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ფართო კულტურული კავშირები დამყარდეს.

პირადად მე, ამით მუდმივად ვარ დაკავებული.

ამას წინათ, ფესტივალი "ჩვენებურები" გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი, სხვა ბევრ ნიჭიერ ადამიანთან ერთად, დედაჩემიც იყო.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან სულიერი და სამართლებრივი კავშირი დავამყაროთ, აღვადგინოთ და განვამტკიცოთ.

ეს ქართული სახელმწიფოს ისტორიული ამოცანაა.

ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შიგნით მიგრაციული პროცესების სწორი რეგულირებაა საჭირო.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაჩქაროთ მაღალმთიანი აჭარიდან, დამეწყრილი ზონებიდან ხალხის სხვადასხვა ადგილებში გასახლება.

მეორე, გია ხევიაშვილს ვავალებ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ, ბევრად უფრო დეტალურად აღვწეროთ თითოეული ეთნიკური ქართველისა და სხვა მოქალაქეების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მიტოვებული ქონება.

ქალაქ ცხინვალიდან ყველა ეროვნების მოქალაქეები გამოყარეს (ამჟამად ჩვენ რესტიტუციის კანონს განვიხილავთ).

ასევე აფხაზეთში - სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, ოჩამჩირეში, გულირიფშსა და გალში ქართველისა და სხვა ეროვნების ადგილობრივი მცხოვრების მიერ დაცლილი ყველა ბინა უნდა იყოს აღწერილი, დოკუმენტირებული, ფოტოგრაფირებული და ქართული სახელმწიფოს მიერ მათი კანონიერი მფლობელებისათვის დაბრუნებული.

მსურს ამ ქონების ყველა შესაძლო შემსყიდველი გავაფრთხილო: ეს ქონება არავის შეერგება, რადგან მანამდე, სანამ ამ ქვეყანაში თუნდაც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი იქნება, ამ ქონებას არასოდეს არავის არ ვაჩუქებთ.

უკანონოდ მოპოვებული არასოდეს დაკანონდება!

ამისათვის ჩვენ ბევრად მეტი მასალები, დოკუმენტები გვჭირდება, კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ და ყველაფერი დეტალურად აღვწეროთ, რათა ამ ქონების უკანონო გასხვისება აღვკვეთოთ და ის კანონიერ მფლობელებს დავუბრუნოთ.

ამ ადამიანებს შორის არა მარტო ეთნიკური ქართველები, არამედ უკრაინელები, ესტონელები, ეთნიკური აფხაზები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან.

ჩვენ ამ ქონების დასაბრუნებლად უნდა მოვემზადოთ, რისთვისაც წინასწარ დიდი სამუშაოები უნდა შევასრულოთ.

ეს ჩემი დავალებაა ახალი მინისტრის მიმართ.

უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ სამინისტროს მანდატი გავაფართოვეთ და ამგვარად, ქალბატონის ეთერ ასტემიროვას სხვა თანამდებობაზე გადასვლა სწორედ ამ გარემოებებით არის განპირობებული.

ამ სამინისტროში ახალი, სპეციფიკური სამუშაო სხვა გამოცდილების მქონე ადამიანის (სასურველია პოლიტიკური წრიდან) ყოფნას მოითხოვს, რადგან ამ უწყების ხელმძღვანელობა პოლიტიკური ფუნქციაა.

ქალბატონ ეთერ ასტემიროვას გაწეული სამუშაოსათვის მსურს დიდი მადლობა მოვახსენო.

მიმაჩნია, რომ მისი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, მის პროფესიონალიზმს საქართველოს სახელმწიფო სამსახურში ღირსეულად გამოვიყენებთ, რადგან ჩვენ არც ერთი კომპეტენტური კადრი დასაკარგი არ გვყავს.

კიდევ ერთხელ მსურს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება გია ხევიაშვილს, მიმაჩნია, რომ დიდი სამუშაო ელის, თუმცა მას ყველაფერში დავეხმარებით.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ვარდების რევოლუციის 2 წლისთავისთვის ჩვენი საერთო ოცნების ასრულებას - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას ვაპირებთ.

ეს გადაწყვეტილება 1997 წელს ჩვენ ერთად მივიღეთ.

მაშინ გია ხევიაშვილი ამის დიდი ენთუზიასტი იყო.

ეს იქნება სიმბოლური ჟესტი იმისა, რომ ჩვენი გმირი ქართველები, ისევე, როგორც ცოცხალი თანამემამულეები, საქართველოში უნდა დავაბრუნოთ.

ამ მხრივ, შარშან რამდენიმე ქვეყანაში წარმატებული ვიზიტები გვქონდა.

არასოდეს დამავიწყდება შეხვედრები ჩვენს თანამემამულეებთან ფერეიდანში, ისრაელში, თურქეთში, ბალტიის ქვეყნებში...

ახლა ამას სისტემატიზაცია და მწყობრში მოყვანა სჭირდება.

ეს არის ის, რაც საქართველოში, პრაქტიკულად, ახალი სამინისტროს შექმნას, ახალი მინისტრის წარდგენას შეეხება.

ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის კურსი უცვლელი, სტაბილური რჩება.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ მოვალეობებს საუცხოოდ ართმევს თავს.

ჩვენ ეფექტიანი, ერთიანი, კომპეტენტური, ძლიერი მინისტრთა კაბინეტი გვაქვს.

ამ კაბინეტისა დ პრემიერ-მინისტრის მუშაობით ძალზე კმაყოფილი ვარ, პრემიერ-მინისტრის საქმიანობა კი სულ უფრო მეტ ქებას იმსახურებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)