საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ფორუმზე ”ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა, დემოკრატია და ტრანსფორმაცია”
უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებიან ესტონეთის, რუმინეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ისევე, როგორც სხვა სტუმრები - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ლეგენდარული ზორან ჯინჯიჩის მეუღლე, რომელიც სერბეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს და ასევე ბევრი გამოჩენილი პოლიტოლოგი.
მათი უმრავლესობა თქვენს წინაშე სიტყვით გამოვიდა.
ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი კონფერენციაა.
გუშინ ვნახე, თუ როგორ იზეიმა ჩვენმა მეგობარმა, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინის რევოლუციის ერთი წლისთავი და პირადად ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელი იყო.
ჩვენი რევოლუციის ისტორია წარსულის ისტორიაა, მაგრამ ამავდროულად ეს გამბედაობის, სიმამაცის, იმედისა და მომავლის ისტორიაა.
მინდა გავიხსენოთ, თუ როგორი იყო საქართველო და მთლიანად ეს რეგიონი ორი წლის წინათ.
იმ პერიოდში ეს სრულიად მივიწყებული და კორუმპირებული, არშემდგარი სახელმწიფოების რეგიონი იყო და ეს არა მარტო საქართველოს, არამედ ამ რეგიონის ყველა ქვეყანას ეხებოდა.
ევროპა სრულიად სხვა პლანეტაზე იყო.
აქ უკიდურესი სიღარიბე სუფევდა და ხალხს ამ სიღარიბის გადალახვის ყოველგვარი იმედი დაკარგული ჰქონდა.
დღეს აქ დევიდ ლინჩმა კარგად თქვა, რომ მთავარი მითები, რომელიც ამ რეგიონს უკავშირდებოდა იყო ის, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოს წარმოადგენდა, კავკასიური საზოგადოებები კლანურ საზოგადოებებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც სახელმწიფოდ ვერასდროს ჩამოყალიბდებოდნენ. მათი მართვა შეუძლებელი იქნებოდა და საერთოდ, ამ რეგიონში თანამედროვე სახელმწიფო არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
ვარდების რევოლუციამ, შემდეგ კი, უკრაინის რევოლუციამ ეს მითი მთლიანად დაამსხვრია.
გეოპოლიტიკაში და ზოგადად, ევროპის ისტორიაში ეს ნამდვილი ტექტონური ძვრებია.
ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, რეგიონისთვის ეს ორი წელი მიღწევებისა და მოლოდინის გამართლების წლებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მოლოდინის გამართლება შეუძლებელია.
როდესაც წარმატებებზე ვლაპარაკობთ, მინდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არ არის.
პიროვნულ გმირობასა და სიმამაცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მსურს რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ, თუ რატომ არის ეს ყველაზე მთავარი.
ეს არ იყო მხოლოდ ლიდერების გამბედაობა, ეს იყო სრულიად უბრალო და უცნობი ადამიანების სიმამაცე, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე გამოჩნდნენ, შემდეგ კი, შესაძლოა ყველას დაავიწყდა.
ვარდების რევოლუცია ძალადობის გამოუვლინებლობის კლასიკური მაგალითია.
იმ პერიოდში ძალადობას ყველა ელოდა, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს მმართველმა რეჟიმმა, საქართველოს წინა პრეზიდენტმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა; გასცა ბრძანება, რომ პოლიციას ძალა გამოეყენებინა; გასცა ბრძანება, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან თბილისისკენ მომავალი ხალხი ნებისმიერი მეთოდით და, მათ შორის, ძალის გამოყენებით შეეჩერებინა.
შედეგად, პოლიციამ ცეცხლი გახსნა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, პოლიციამ ცეცხლი გახსნა ქართლში და სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლებას სრულიად მიტოვებული ჰქონდა და ის კრიმინალებს, ყაჩაღებსა და გასამხედროებულ ფორმირებებს "გადააბარა".
იქ ადგილობრივ ბანდიტებს დაევალათ, რომ პროტესტის ნებისმიერი გამოვლინება სისხლის ფასად ჩაეხშოთ და ეს მიმართული იყო, როგორც რევოლუციის ლიდერების (თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც კი იყო ორგანიზებული და მართლაც სასწაულით გადავრჩით), ისე ხალხის წინააღმდეგ.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დადგა მომენტი, როდესაც დაშინებამ და ტერორმა ვეღარ გაჭრა - "მანქანა", რომელიც ძალის გამოყენებისთვის იყო მომართული, იმდენად გაუმართავი და დაჟანგული იყო, რომ თავისი ბოლომდე ვერ გაიტანა, თუმცა ამის მცდელობა ჰქონდათ.
ზუგდიდში განვითარებული მოვლენების დროს, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ქალბატონმა მანანა სტურუამ დიდი სიმამაცე გამოიჩინა, შეიარაღებულ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოხსნა, რაც მას, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
მინდა დღეს მას ქართული სახელმწიფოს სახელით ღირსების ორდენი გადავცე.
როდესაც გამბედაობაზე ვლაპარაკობთ, მსურს მოგახსენოთ, რომ ქალბატონი მანანა საზოგადოების წინაშე დღეს პირველად გამოჩნდა.
მანამდე არავინ იცოდა მისი სახელიც კი და პირადად მე ნანახიც არ მყავდა.
მისი საქციელი მოქალაქის გმირობის ნიმუში იყო.
მან იმ "მანქანის" წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც მანამდე დაუსჯელად მოქმედებდა და დარწმუნებული იყო, რომ ძალის გამოყენების პირობებში მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი, ახალგაზრდა ადამიანი ამ "მანქანას" დაუპირისპირდა.
ქვეყანას და რეგიონს, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, ძალიან დიდი მომავალი აქვს.
როდესაც მომავალზე ვლაპარაკობთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მომავალი აქ მყოფი ხალხია; ჩვენი მომავალი ერთმანეთთან ყოფნაშია; ჩვენი მომავალი არის ესტონეთი, რომელიც, სულ რაღაც 14 წლის წინათ ჩვენნაირი საბჭოთა ქვეყანა იყო, მაგრამ დღეს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების დონით ყველაზე წარმატებული მოდელია არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წარმატებული სახელმწიფოა.
ესტონეთი არის სახელმწიფო, სადაც ყველაზე კარგად განვითარებული მაღალი ტექნოლოგიებია, რითიც ის კონკურენციას იაპონიას, ბევრ სხვა აზიურ და სკანდინავიურ ქვეყნებს თანაბარ დონეზე უწევს.
ესტონეთი არის ქვეყანა, რომელსაც სტაბილური პოლიტიკური სისტემა აქვს.
სხვათა შორის, ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც დამოუკიდებელი ესტონეთის პირველმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ესტონეთის მთავრობას აგონებს, რომელიც ესტონეთში დამოუკიდებლობის შემდეგ მოვიდა.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ არნოლდ რუუტელი, რომელიც ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერი იყო და დღემდე ამ ქვეყნის პრეზიდენტია, დღეს საქართველოში, ჩვენს გვერდით იმყოფება და ეს შემთხვევითი არ არის.
მსურს რუმინეთზე ვისაუბრო.
თუ ჩვენ განვითარების ჩვენთვის ყველაზე ახლობელ და მნიშვნელოვან მოდელზე ვლაპარაკობთ და ვკითხულობთ, თუ საიდან მოდის ენერგია, ეს რუმინეთის სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველოს დიდი ისტორიული კავშირი აქვს.
ეს უძველესი პოლიტიკური და სავაჭრო კავშირებით, ასევე რუმინეთის დიდი განმანათლებლის - ანთიმოზ ივერიელის, დიდი ქართველი პატრიოტის რუმინეთში მოღვაწეობით იწყება.
რუმინეთი საქართველოსთვის, როგორც ისტორიულად, ასევე ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი წლებიდან უდიდესი ინტერესის საგანი იყო.
გაიხსენეთ როგორ კომენტირებს აკეთებდნენ საქართველოში რუმინეთის საშინაო პოლიტიკაზე, როგორ ვადარებდით ერთმანეთს ჩვენს და რუმინელ მოღვაწეებს ამ წლების განმავლობაში.
მინდა გავიხსენო ისიც, რომ რუმინეთი პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
ეს 1991 წლის შემოდგომაზე მოხდა და საქართველო ამას არასოდეს დაივიწყებს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც ჩვენთვის განვითარებისა და წინსვლის ნათელი მაგალითია.
რუმინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ამ ორგანიზაციაში ჩვენ მათი დახმარებით ვაპირებთ შესვლას, რადგან, ამ შემთხვევაში, რუმინეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს - შავ ზღვაზე ის ჩრდილო-ატლანტიკური სტრუქტურების ლიდერია.
უსაფრთხოების პოლიტიკურ სფეროში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, ეს ქვეყანა ჩვენთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.
რუმინეთი ის ქვეყანაა, რომელმაც იქიდან დაიწყო, სადაც დღეს საქართველო იმყოფება.
რუმინეთს დღესდღეობით ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ძალზე ენერგიული, ნოვატორი და საინტერესო ადამიანია და მიმაჩნია, რომ საკუთარი ქვეყნისადმი პრეზიდენტ ბასესკუს მიდგომა რუმინეთის განვითარების დაჩქარების თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი მაგალითია.
რუმინეთის ევროკავშირში ყოფნა პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ შავი ზღვა ევროპის შიდა ზღვა გახდეს, როგორც, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვა.
ეს იდეაც პრეზიდენტ ბასესკუს ეკუთვნის და ეს იდეოლოგია მან ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა.
პირადად მე, მადლიერი ვარ მისი, რადგან იგი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს სათავეში სრულიად გაცნობიერებულად ჩაუდგა და ამისათვის მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო.
რა თქმა უნდა, უკრაინასაც უნდა შევეხო.
უკრაინის რევოლუცია პირადად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
უკრაინელი ხალხი ძალიან მიყვარს და ამ ხალხის წინაშე თავს მოვალედ ვგრძნობ, მაგრამ გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხალხი ჩვენი მოძმე ერია.
საბჭოთა კავშირის დროს ერთმანეთის სიყვარულს გვაძალებდნენ, მაგრამ იძულებით ჭეშმარიტ სიყვარულზე ლაპარაკიც არ შეიძლება.
თავისუფლების პირობებში დამყარებული ურთიერთობა და ამ პირობებში გაჩენილი სიყვარული უნიკალური მოვლენაა, რომელიც ცოტა ერს თუ რგებია წილად.
როდესაც უკრაინის რევოლუციის დროს განვითარებულ მოვლენებს ვადევნებდი თვალყურს, ისეთივე განცდა მქონდა, როგორიც ფეხბურთელს ეუფლება საყვარელი გუნდის მატჩის დროს - თავადაც რომ უნდა მოედანზე გასვლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არა აქვს.
იმ პერიოდში თითოეული ჩვენგანი ძალიან ნერვიულობდა.
იმ დღეებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტი მოვიწვიე და ვკითხე, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.
პასუხად, მათ მომიგეს, რომ საქართველოს ამბები არ იციან, თუმცა კარგად იციან რა ხდება უკრაინაში.
იმ დღეებში და იმ წუთებში მთელი საქართველო უკრაინის გულშემატკივარი იყო და სწორედ ამით ცხოვრობდა.
ჩვენ ერთმანეთს რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების გამოცდილებას ვუზიარებთ.
უკრაინის თითოეული გამარჯვება საქართველოსა და მთლიანად რეგიონის გამარჯვებაა, რადგან ჩვენი საერთო მომავალი არა მარტო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, არამედ წარმატებული, დემოკრატიული განვითარების მოდელია და სწორედ ეს არის მთავარი.
დემოკრატიის წარმატება კანონის უზანაესობის გარეშე შეუძლებელია.
ჩვენი მთავარი მონაპოვარი მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, კანონის უზენაესობის დამკვიდრების დასაწყისი (რადგან წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი), სიტყვის თავისუფლება და ხალხის მიერ საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღებაა.
ეს ჩვენი, ხალხის მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყანაა.
ეს არის არა რომელიმე მთავრობის, არა პრეზიდენტის, არა რომელიმე პარტიის, არამედ სახალხო მმართველობაში მყოფი ქვეყანა და ქვეყნები.
საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ხალხმა იკისრა და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მთავარი მონაპოვარია.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას დიდი მომავალი გვაქვს, არსებული კონფლიქტები კი, მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
მადლობელი ვარ უკრაინისა და რუმინეთის, რასაც ისინი რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად აკეთებენ.
ჩვენ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული გეგმა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად ამ გეგმის განხორციელებას შევძლებთ.
1 დეკემბერს კიევში ვიკრიბებით, რათა "დემოკრატიული არჩევნის" კონფერენცია შედგეს და ეს კარპატებისა და ბორჯომის დეკლარაციების გაგრძელება იქნება.
დაახლოებით, ერთი წლის წინათ კარპატებში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა დაიწყო.
ბორჯომის დეკლარაციამ კიევის კონფერენციისთვის ფორმატი შექმნა, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
შემდეგ ბუქარესტში ვიზიტს ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ რუმინეთი ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ერთი რამ სრულიად ნათელია - დემოკრატიის დამყარების უნივერსალური მეთოდი არ არსებობს.
მთელი წლის განმავლობაში პრეზიდენტი კუჩმა ამბობდა, რომ უკრაინა საქართველო არ არის, თუმცა უკრაინაშიც ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩვენს ქვეყანაში.
პრეზიდენტმა აკაევმა ვარდების რევოლუციის თაობაზე წიგნი დაწერა, რომელშიც კარგი არაფერი უთქვამს ჩვენზე - ყირგიზეთშიც იგივე განმეორდა.
ერთი რამ სრულიად ნათელია რევოლუციის მოდელი არ არსებობს, თუმცა ფერი, რომელიც უკრაინამ აირჩია, რუმინეთის მსგავსი იყო და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც იგივე ფერი დომინირებს.
იმ დემოკრატიული ტალღის შემდეგ, რომელიც რუმინეთში იყო და რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთმა დაიწყო, ჩვენს ქვეყნებსაც გადმოედო და აღარავის - არც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და არც მთელს მსოფლიოში, აღარ შეუძლია თქვას, რომ ჩვენს ხალხს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ რა იარაღითაც არ უნდა გვებრძოლონ, რა თავზეხელაღებულებიც არ უნდა იყვნენ და რა ძალაც არ უნდა გამოიყენონ, არის მომენტი, რომლის იქით ხალხი მაინც ყველაფერს საკუთარ ხელში აიღებს.
ეს ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღის მთავარი გაკვეთილია.
ზოგი ამას უფრო მეტი რეფორმირებით პასუხობს, ზოგი კი, მეტი რეპრესიებით.
საბოლოოდ, შედეგი ყველასათვის ერთია - მეტი თავისუფლება, სასურველია ნაკლებ ფასად და ადამიანთა ნაკლები ტანჯვის პირობებში.
თუმცა თავისუფლების ამ ტალღას ალტერნატივა არა აქვს.
ნამდვილი სახელმწიფოებრიობა მხოლოდ თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობებში იქმნება.
დემოკრატიის, თავისუფლების, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების, ინსტიტუტების გაძლიერება, მოქალაქეთა მიერ საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღების პირობებში, საქართველოს ბოლო ორი წლის გამოცდილებაა.
ამ საზეიმო დღეს კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს სტუმრებს მივესალმო და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო, რადგან წმინდა გიორგი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა - სწორედ ეს მოხდა ორი წლის წინათ საქართველოში და ერთი წლის წინათ კიევში.
დიდი მადლობა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური