Google+

სიახლეები

23.11.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა

მინდა მოგესალმოთ და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო მთლიანად ჩემს ერს, ჩემს ძვირფას თანამემამულეებს!

მრავალ გიორგობას დავესწროთ ბედნიერად, დიდი და ახალ-ახალი გამარჯვებებით, ჩემო ძვირფასებო!

ორი წლის წინათ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ყველას მიერ დავიწყებული საქართველო, დასაცინად განწირული ქვეყანა, რომლის მომავლის ბევრ ჩვენს თანამემამულესაც არ სჯეროდა, მთელი მსოფლიოსთვის (ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ) მისაბაძ მაგალითად გვექცია.

ის, რაც ჩვენ ზუგდიდსა და თელავში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და მის კედლებში დავიწყეთ, გადაედო უკრაინას (აქ იმყოფება ჩემი მეგობარი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც ტყუილის თქმის საშუალებას არ მომცემს) და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არაბულ სამყაროს, სხვა კონტინენტებს, აფრიკას, ლათინურ ამერიკას და ყველამ გაიგო სად მდებარეობს საქართველო.

საქართველო თავისი გამბედაობით, დიდსულოვნებით, სიყვარულით, საკუთარი თავმოყვარეობითა და ღირსებით მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი გახდა.

ჩვენი ერი განსაკუთრებული ერია, ჩვენი თავისუფლება განსაკუთრებულია.

ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველოდება.

თავისუფლება - რომელიც მოვიპოვეთ, თავისუფლება - გამოვხატოთ საკუთარი აზრი, თავისუფლება - სწორად ავირჩიოთ ჩვენი წარმომადგენლები, თავისუფლება, რომ ჩვენი მიწის ბატონ-პატრონები თავად ვიყოთ - მოთმინებას მოითხოვს.

ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ ეს ერთი მეასედია იმისა, რაც უნდა გავაკეთოთ.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

საქმე, რომელიც ჩვენ, თქვენთან ერთად დავიწყეთ, ამ ბავშვების, ყველა ჩვენგანის გასაგრძელებელია.

ეს საქმე იმისათვის უნდა გავაგრძელოთ, რომ საქართველო საბოლოოდ გადარჩეს და საბოლოოდ მოიპოვოს თავისუფლება, რომელიც ჩვენ განსაკუთრებით გვეკუთვნის.

მე მინდა ჩვენს ქვეყანას და მთელ თავისუფალ სამყაროს ეს დიდი დღესასწაული კიდევ ერთხელ მივულოცო.

გუშინ ჩვენ ერთად მივულოცეთ უკრაინას რევოლუციის წლისთავი და პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თქვა, რომ უკრაინის რევოლუცია საქართველოს რევოლუციის გაგრძელება იყო.

ჩვენი თავისუფლება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო.

ჩვენი ძმები, ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი ცხინვალი გათავისუფლებას კვლავაც მოითხოვს.

თავისუფლებისა და დემოკრატიის ტალღა, რომელიც თბილისში წამოვიწყეთ, გიორგობის მეორე დღესასწაულზე ბათუმში გაგრძელდა, მთელ საქართველოში გაგრძელდება.

ევროპის გათავისუფლების ტალღა, რომელიც ჩვენს მეგობრებთან ერთად დავიწყეთ, აუცილებლად გაიმარჯვებს.

დღეს ჩვენ ისევე გვიყურებს მთელი მსოფლიო და ევროპა, როგორც არაერთხელ.

ჩვენ ბევრი რამ გვაქვს წინ.

ძალიან დიდი ძალისხმევა და მუხლჩაუხრელი შრომა გვჭირდება იმისათვის, რომ უკან არ დავიხიოთ, რომ ის ბოროტი ძალები დავამარცხოთ, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას ჩვენთან და ჩვენს გარშემო უპირისპირდება, რათა საბოლოოდ გავიმარჯვოთ და საბოლოოდ მივაღწიოთ თავისუფლებას.

გილოცავთ გიორგობას, ვარდების რევოლუციის ორი წლისთავს.

მინდა კიდევ ერთხელ მოგეფეროთ ყველას.

რევოლუციის დროს მე, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ერთად ვიდექით, მაგრამ რევოლუციის, ამ მოვლენების ნამდვილი გმირები თქვენ ხართ, ის ადამიანები, რომლებმაც ყოველივე ეს შექმენით.

მინდა ქედი მოვიხარო მრავალეროვანი საქართველოს წინაშე.

ჩვენ საბოლოოდ, მთელი მსოფლიოს დასანახად, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

გილოცავთ 23 ნოემბერს, გიორგობას, გამარჯვებას და რევოლუციის დღეს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)