Google+

სიახლეები

09.12.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლის გახსნაზე

მოგესალმებით!

დღეს ისტორიული დღეა

მინდა ყველას მოგილოცოთ ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლის გახსნა.

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ეს სკოლა ზურაბ ჟვანიას სახელს ატარებს. პოსტ საბჭოთა ეპოქიდან გამოსვლასა და საქართველოს, როგორც სრულფასოვანი და მისაბაძი ქვეყნის ჩამოყალიბებაში ზურაბ ჟვანიას დიდი როლი მიუძღვის იგი ჩვენი ეპოქის გამოჩენილი მოღვაწე იყო, ამას ისტორია შეაფასებს.

ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის ფაქტი, რომ მან ქართულ პოლიტიკაში პოსტ-ნომენკლატურული თაობა მოიყვანა, მოიყვანა ის ხალხი, რომელსაც არცერთ დროს არცერთ მთავრობაში არ უმსახურია, მაგრამ თავისი შეგნებით და მენტალიტეტით მიხვდა იმას, რომ ჩვენ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა გვჭირდება.

1994 წელს, ზურაბ ჟვანია ნიუ-იორკში ჩემთან და სანდრასთან სტუმრად ჩამოვიდა. ჩვენ მაშინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ბევრს ვსაუბრობდით, თუმცა იმედი გვქონდა, რომ ქვეყანა ქაოსური და დამცირებული მდგომარეობიდან გამოვიდოდა, რომ საქართველოს კარგი მომავალი ექნებოდა.

ის რაც საქართველოში ახლა ხდება, ჩვენი პირველი საუბრების გაგრძელება და განვითარებაა.

მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვხსნით ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციულ სკოლას.

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, რომლის იდენტურობა არის ის, რომ იგი სხვადახსვა ეროვნების მქონე ადამიანებისაგან შედგება. ეს არის ქვეყანა, რომელიც რელიგიური ტოლერანტურობით გამოირჩევა. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა.

ჩვენი სახელმწიფო ეკუთვნის ყველას, ვინც აქ ცხოვრობს მისი აღმშენებლობისათვის ყველამ უნდა იზრუნოს.

ამ მხრივ, ეს სკოლა მრავალმნიშვნელოვანია.

ჩვენ პირველად ვაძლევთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას ამ ადამიანებს, რათა დაეუფლონ ქართულ ენას, შეისწავლონ ადმინისტრაციული კოდექსი, ვინაიდან ეს ადამიანები შემდეგში სახელმწიფო აპარატში სხვადასხვა დონეზე დაინიშნებიან.

ჩვენ ახალ სახელმწიფო აპარატს ვაყალიბებეთ.

ამ ხალხმა ახალი ქართული საზელმწიფო უნდა შექმნას, ეს ისტორიული მომენტია.

არ შემიძლია არ აღვნიშნო განათლების სფეროში კახა ლომაიას მეთაურობით დაწყებული რეფორმები. ეს არა მარტო საქართველოს ისტორიული რეფორმა, არამედ მთელი პოსტ საბჭოთა სივრცისათვის უპრეცენდეტო წარმატებაა.

რამოდენიმე ხნის უკან ქუთაისში კინოთეატრი გავხსენით, სადაც ბევრი გახარებული ბავშვის სახე ვნახე. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

საბჭოთა კავშირის შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი თავისი საერთო საცხოვრებლით არ შექმნილა.

დღეს აქ ვნახეთ ევროპული დონის საერთო საცხოვრებელი, ისეთივე, როგორშიც მე სტრასბურგსა და ამერიკაში მიცხოვრია.

ჩვენ თანამედროვე ცხოვრების ატრიბუტებს ვიბრუნებთ, რითაც მე ვამაყობ.

მე ვამაყობ იმით, რომ ვიწყებთ სკოლების გარემონტების პროგრამას. მომავალ წელს ქუთაისში ნახევარი სკოლები ევროპულ დონეზე გარემონტდება.

მე მინდა ისეთი სკოლები, სადაც სასადილო , სველი წერტილები, სპორტული დარბაზები, განათლების დონე და კომპიუტერიზაცია იქნება ისეთივე, როგორიც ევროპული დონის სკოლებშია.

თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, ეს უნდა გავაკეთოთ. მთავარი პრობლება ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობაა.

მომავალი წლიდან საქართველოში კაპიტალურ მშენებლობებში 500-700 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. თუ ჩვენ რეალურად შევხედავთ, ქვეყანაში საკმარისი პროფესიონალი მუშახელი არ მოიძებნება. დღეს საქართველოში გზებს თურქები და გერმანელები აგებენ.

ჩვენ პროფტექნიკური სასწავლებლები უნდა აღვადგინოთ.

წინა მთავრობის დროს პროფტექნიკური სასწავლებლები საერთაშორისო დონის აკადემიად გადაკეთდა. ქვეყანაში ამ სასწავლებლებმა არსი დაკარგეს, რის გამოც პროფესიონალები ვეღარ მივიღეთ.

ჩვენ შევქმნით 10 და მეტ პროფტექნიკურ სასწავლებელს, სადაც ადამიანებს მოვამზადებთ და პროფესიას მივცემთ. ამ პროფტექნიკურ სასწავლებლებში სტუდენტებს ექნებათ სტიპენდია და მომზადდებიან იმ პროფესიებში, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს. ფოთში, აგარაში, აჭარაში ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ პროცესის გასაგრძელებლად ჩვენ შრომის ბაზარი უნდა მოვამზადოთ.

საქართველოში სრულიად ახალი ტიპის სამოქალაქო სამსახური შეიქმნა. ჩვენ ამ სამსახურის ეფექტურობის სამი პრინციპი გვაქვს. კომპეტენტურობა,კორუფციასთან ბრძოლა და იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ.

საქართველოში სამოქალაქო სამსახური ამ სამ პრინციპზე დგას, როგორც კი რომელიმე პრინციპი დაირღვევა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაირღვევა.

ჩვენ არ გვაქვს დიდი რაოდენობით ნავთობი, რომ მხართეძოზე წამოვწვეთ, ჩვენ გვაქვს შინაგანი ორგანიზებულობა და სიძლიერე. ხშირად კამათობენ, კადრების ცვლილებაზე, თუ ადამიანი თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას, გადავიყვანთ სხვა სამსახურში, ჩვენ ოპტიმალური შედეგი უნდა მივიღოთ.

თუმცა კადრებში სტაბილურობაც უნდა იყოს. ბიუჯეტის მიღებასთან ერთად, კადრები შემცირდება, შემდეგ მოხდება დასტაბილურება. სამოქალაქო სამსახურში კადრები უნდა იყოს განსაკუთრებით პატარა, რათა ჩვენს საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვეს. ამ მხრივ უკან დახევას არ ვაპირებთ.

ჩვენ გვინდა სტაბილური კადრები, როცა ახალი მინისტრი მოდის, ძირითადი ბირთვი უნდა დარჩეს უცვლელი, სამი პრინციპი ყველამ უნდა დააკმაყოფილოს.

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, ყველა საუბრობდა, რომ შევარდნაძის ჩინოვნიკებზე ვიძიეთ შური. ყველას კარგად ახსოვს კლასიკური ისტორია ვაკე-საბურთალოს გამგებლის შესახებ, დღეს სად არის ეს გამგებელი, ყველამ იცის. ეს ჩვენი ხელისუფლების სიძლიერეა. ასევე ყველას ახსოვს პარლამენტის წევრები, რომლებსაც დანაშაულზე პასუხი ვაგებინეთ.

ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს მთავრობა კორუმპირებულია, ეს მუდმივი კონტროლისა და წნეხის პირობებეშია შესაძლებელი.

დღეს ყველა მონდომებულია და ხვდება იმას, რომ სხვანაირად შეიძლება მართვა. ხალხი კი არ არის მსახური სამოქალაქო სამსახურის , არამედ სამოქალაქო სამსახურს აქვს პატივი და ღირსება რომ ემსახუროს ხალხს. ჩვენ ქვეყნის სამსახურში ათასობით წესიერი მოსამსახურე გვჭირდება. სხვანაირად პროფესია არაფერს არ ნიშნავს.

ჩვენი მლანძღველი კარიერისტების ხროვას გონია, რომ პრეზიდენტობა ფუფუნებაა. პრეზიდენტობა ჩვეულებრივი პროფესია. იმ დღეს, როცა შედეგი არ მაქვს ცუდი დღეა და ცუდ ხასიათზე ვარ. თუ ადამიანი შედეგებზე ორიენტირებული არ არის, მისი ფასი კაპიკია გინდა პრეზიდენტი იყოს, გინდა გაეროს გენერალური მდივანი და გინდა ავტოსადგომის მეპატრონე. ეს ყველა მმართველის პრინციპია.

დღეს მე ვარ გახარებული, იმით, რომ ორის თვის წინ დანაპირები სკოლა გავხსენით. ჩვენ ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ.

თქვენ ხართ ბედნიერი თაობა. აქ სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანები არიან. მე კონკურსის წარმატებით ჩატარებით კმაყოფილი ვარ. თითოეული თქვენთაგანი დიდი სიფრთხილითაა შერჩეული. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ თითოეული თქვენთანაგი ახალ ქართულ სახელმწიფოში თანამდებობის პირი გახდება. ისეთ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც დავით აღმაშენებელმა შექმნა და რომლის ხელახლა შექმნისათვის ჩვენ ვზრუნავთ. თქვენ იმუშავებთ ისეთქვეყანაში, სადაც ყველა ერთად ააშენებს ქართულ სახელმწიფოს, სადაც ყველას წინსვლისათვის თანაბარი პირობა და შანსი ექნება.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლის გახსნას.

ეს დღე საქართველოსა და თქვენს ისტორიაში ჩაიწერება.

მე მჯერა, რომ ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ნათელი და სწორი მომავალი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)