Google+

სიახლეები

18.01.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

ჩვენი შეკრების მიზანი საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამების შესრულების დაწყების განხილვაა.

ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პროგრამა „პატრიოტი", სადაც წელს ორჯერ მეტი ადამიანი იქნება ჩართული, ვიდრე შარშან, ასევე პროგრამა, რომელიც სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ეხება.

მე გამოვყოფდი ორ პროგრამას - ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და განათლების პროგრამა საქართველოში, ამაში პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნაც შედის.

რაც შეეხება საავადმყოფოების და პოლიკლინიკების რეაბილიტაციას, ჩვენი ამოცანაა მთლიანად დანგრეული საქართველოს ჯანდაცვა, რომელიც დღეს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, 2008 წელს ევროპული დონის ჯანდაცვის სისტემად ვაქციოთ, ეს რეალურად შესაძლებელია.

წელს რამდენიმე ათეული ჯანდაცვის ობიექტის რეაბილიტაცია უნდა დავიწყოთ.

მთელ შავიზღვისპირეთში თანამედროვე პოლიკლინიკები არ არსებობს, სადაც პირველადი დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია, ასევე კარგად მომზადებული სპეციალისტების ნაკლებობაცაა.

ჩვენ გვჭირდება ახალი საავადმყოფოები გორში, ზუგდიდში.

ჩვენ გთავაზობთ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის დაწყებას. არ შეიძლება ქალაქის ცენტრში რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ის დღეს იმყოფება.

საქართველოში სრულფასოვანი კლინიკა არ გვაქვს, ჩვენ ასეთი კლინიკის რეაბილიტაციას დავიწყებთ.

წელს დავიწყებთ ტუბერკულოზისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობას, რომელსაც მომავალ წელს დავასრულებთ.

დავიწყებთ ასევე ონკოლოგიური ცენტრის რეაბილიტაციას, ამ სფეროში ჩვენ გვაქვს სამოციანი წლების აპარატურა, ეს ეხება ასევე ონკოგემატოლოგიას, სადაც ჩვენი კლინიკა თანამედროვე სტანდარტებს არ პასუხობს, რაც ფუნდამენტალურ გადახედვას საჭიროებს.

მეორე საკითხი - ეს არის სკოლების რემონტი.

საქართველოში ათას სამასი სკოლა საჭიროებს რემონტს, ამ სკოლებიდან სამასს ესაჭიროება დაუყონებლივი რემონტი.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ზედაპირული რემონტი აღარ დაგვაკმაყოფილებს, საჭიროა ამ დაწესებულების ფუნდამენტალური რემონტი.

საქართველოში სკოლები ინვენტარით, თანამედროვე გათბობის სიტემით და კომპიუტერებით უნდა აღვჭურვოთ.

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოში არ დარჩება სკოლა, რომელიც თანამედროვე დონის არ იქნება.

მე ვთავაზობ განათლების სამინისტროს - მოახდინოს წინასწარი იდენტიფიცირება სარემონტო სკოლების თაობაზე.

ამის შესახებ სკოლები სამი-ოთხი თვით ადრე შეიტყობენ, რათა სასწავლო პროგრამა ისე იქნეს გადაჯგუფებული, რომ ოთხი თვით ადრე შეგვეძლოს მათი დათხოვნა.

ერთხელ და სამუდამოდ საქართველო უნდა გამოვიდეს ჩამორჩენილი, უღარიბესი ქვეყნის მდგომარეობიდან.

განათლება ყველაზე პრესტიჟული სფეროა.

განათლებასა და ჯანდაცვაში საქართველო ნორმალური დონის ქვეყნების მდგომარეობაში უნდა იყოს, ამისათვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.

მშობლებისათვის სიურპრიზი არ უნდა იყოს 1 ივლისის ნაცვლად, მათი შვილები 1 მაისს რომ დაბრუნდნენ სახლებში და პირველი სექტემბრიდან თანამედროვედ აღჭურვილ სკოლებში წავიდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი არველაძეს ამ პრობლემების კოორდინაციის კუთხით, კონტროლს ვავალებ.

განათლების სამინისტროს პროგრამა „ირმის ნახტომი", რომელიც სკოლებში კომპიუტერიზაციას ეხება, მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ საჭიროა მობილიზაცია და დროის შერჩევა.

2009 წლისათვის, საქართეველოს პრეზიდენტის პირველი ვადის ამოწურვისას, საქართველოში ეს ორი სფერო უმაღლეს დონეზე განვითარებული უნდა იყოს.

საავადმყოფოების რეაბილიტაციასთან და საუკეთესო აპარატურასთან ერთად, პერსონალის სათანადო მომზადებას დიდი ყურადღება მიექცევა. ეს არის პერსონალის ოპტიმიზაცია, ჩვენ კარგი კადრების დეფიციტი გვაქვს, დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად მათი გადამზადება მოხდება.

პირველი ივლისიდან ღარიბების დაზღვევას დავიწყებთ, ამ სისტემას სერიოზულად უნდა გადავხედოთ.

არის სხვადასხვა საკითხები - მუნიციპალური განვითარების პროგრამა.

თბილისი იწყებს ამხანაგობების შექმნას. ხალხი თავის კორპუსებს სახელმწიფიოს დახმარებით თვითონ უნდა უვლიდეს. ამხანაგობების ინიციატივა კარგია, თუმცა გამონაკლისი აქაც უნდა იყოს, არის ოჯახები, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, პრივატიზაციის თანხების ერთი ნაწილი ასეთი ოჯახების წილის შესატანად გადაირიცხება. როცა თბილისში გაიყიდება დიდი შენობები, ამ შენობის შემოსავლის ნაწილით ღარიბებს დავეხმარებით. ჩვენ უნდა გავყიდოთ ასეთი შენობები, რითაც ღარიბების სახლების გადახურვას და ლიფტების შეკეთებას შევძლებთ. დიდი ობიექტების გაყიდვის შემდეგ, დავაფიქსირებთ კონკრეტულად რამდენი ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდა. ასეთი მიდგომის პირობებში ეს პროგრამები შესრულდება კერძო ინიციატივების დახმარებით.

მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)